საქმე № №ას-1635-2023 27 მარტი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ო.მ.ი.მ.ს.თ.“ (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ....“, ფ.მ–ი, დ.თ–ი, ე.თ–ი, ბ.თ–ი, მ.თ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2015 წლის 20 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს მოპასუხე შპს ,,კ....- ისთვის’’ უნდა მიეწოდებინა: 1. ერთი ცალი ვიბრაციული მკვებავი და ლაყუჩა სამტვრევი - ფასი 80 000 აშშ დოლარი: 2. ორი ცალი ვიბრაციული საცერი - ფასი 35 000 აშშ დოლარი; 3. ერთი ცალი ჰორიზონტალური სამტვრევი - ფასი 60 000 აშშ დოლარი: 4. ერთი ცალი ვერტიკალური სამტვრევი. - ფასი 60 000 აშშ დოლარი: 5. ერთი ცალი დასაწყობების ბუნკერი - ფასი 10 000 აშშ დოლარი; 6. ერთი ცალი ორმაგი კლასიფიკატორი - ფასი 14000 აშშ დოლარი; 7. 198 მეტრი ლენტი - ფასი 79200 აშშ დოლარი: 8. ერთი ცალი სამართავი კაბინა და კონტროლის პანელი - ფასი 23000 აშშ დოლარი; 9. მონტაჟის ღირებულება - 15000 აშშ დოლარი; 10. სათადარიგო ნაწილები და აღჭურვილობა - 50300 აშშ დოლარი. [ხელშეკრულება შპს ,,კ....’’-ის მხრიდან ხელმოწერილია ფ.მ–ის და ო.თ–ის მიერ, ხოლო შპს ,,ო.მ–ის’’ მხრიდან ხელშეკრულება ხელმოწერილია მ.ს–ის მიერ.
2. ზემოთ მოხმობილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ო.მ.ი.მ.ს.თ–იმ’’ შპს ,,კ....’’-ს მიაწოდა შემდეგი ნივთები: - 2015 წლის 27 ივლისს - 1 ცალი ქვის სამტვრევი ვიბრაციული მკვებავი და ვიბრაციული საცერი (115 000 აშშ დოლარის ღირებულების); - 2015 წლის 28 ივლისს - 1 ცალი ჰორიზონტალური სამტვრევის 12 მეტრი კონვეირული ლენტი, 1 ცალი ვერტიკალური სამტვრევი (124 800 აშშ დოლარის ღირებულების); - 2015 წლის 11 სექტემბერს - 1 ცალი ვიბრაციული საცრელი დანადგარის და 350 მეტრი კონვეირის ლენტის რეზინი (53 200 აშშ დოლარის ღირებულების); - 2015 წლის 9 ოქტომბერს - 144 მ. კონვეირის ლენტი (ფასით 57 600 აშშ დოლარის ღირებულების); - 2015 წლის 16 ოქტომბერს - 1 ცალი ორმაგი კლასიფიკატორი, 1 ცალი ბუნკერი, 1 ცალი სამართავი კაბინა, 144. მ. კონვეირის ლენტი, 1 კომპლექტი სათადარიგო ნაწილები (110 900 აშშ დოლარის ღირებულების); - 2016 წლის 27 აპრილს - 1 კომპლექტი სათადარიგო ნაწილები (7 300 აშშ დოლარის ღირებულების); - 2016 წლის 20 მაისს - 1 ცალი 9 მკონვეირის ლენტი, 1 ცალი 25 მ3 ბუნკერი, 1 ცალი სათადარიგო ნაწილები (11 200 აშშ დოლარის ღირებულების); - 2016 წლის 14 ივნისს - 336 ცალი სამტვრევი და საფქვავი დანადგარის სათადარიგო ნაწილები ( 8.400 აშშ დოლარის ღირებულების); - 2016 წლის 09 აგვისტოს - 1 ცალი ჭანკჭიკი, 2 ცალი კონვეირის ლენტის სამუხრუჭე სისტემა, 1 ცალი ვერტიკალური სამტვრევის ფითილი, 200 ცალი საცრის ხამუთი, 6 ცალი 22/2450 ღვედი, 6 ცალი 17/2200 ღვედი, 8 ცალი 22/6100 ღვედი, 8 ცალი 22/6600 ღვედი, 12 ცალი SPC 5100 LW ღვედი; 6 ცალი 22/2700 ღვედი და 1 ცალი ცხაური (5 006 აშშ დოლარის ღირებულების); - 2016 წლის 23 აგვისტოს - 1 ცალი 6000X6000 ორმაგი კლასიფიკატორი (13.000 აშშ დოლარის ღირებულების); - 2016 წლის 04 ოქტომბერს - 1336 კგ ლითონის სვეტები, 350 კგ საჭრელი პირები, 1 ცალი სამტვრევის ბალიში, 343 კგ ქვის სამტვრევი ჯავშანი., 1 ცალი ღვედის ძრავი, 1 ცალი შედუღების პისტოლეტი, 5 ცალი ვერტიკალური სამტვრევის ალმასის პირები, 5 ცალი ვერტიკალური სამტვრევის ჯავშანი, 8 ცალი ღვედი, 20 ცალი საკისარი, 40 ცალი დამჭერი და რეზინი, 17 მეტრი კონვეირის ლენტის რეზინი და 2 ცალი საცრის მავთული (ფასით 5 031,30 აშშ დოლარის ღირებულების); - 2017 წლის 20 იანვარს - 1 ცალი ვერტიკალური ქვის სამტვრევი როტორი და 5606 კგ. ჰორიზონტალური სამტვრევის კლასიფიკატორი (23 363,40 აშშ დოლარის ღირებულების).
3. შპს ,,ო.მ.ი.მ.ს.თ.– მ” შპს ,,კ....”-ის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთების მიწოდების ვალდებულება შეასრულა სრულად.
4. დანადგარების მონტაჟი განხორციელდა გამყიდველის მიერ, მის მიერვე წარმოდგენილი სპეციალისტების მეშვეობით. ხელშეკრულების შესრულების პროცესს ხელმძღვანელობდა გამყიდველის წარმომადგენელი მ.ს–ი პირადად.
5. ფ.მ–მა 2015 წლის 23 ივლისს და 22 სექტემბერს შპს ,,ო.მ.ი.მ.ს.თ–ის” დირექტორს, ჯ.ო–ს პირად ანგარიშზე ჩაურიცხა 9 960 აშშ დოლარი ორჯერ.
6. შპს „კ....“-მა შპს ,,ო.მ.ი.მ.ს.თ–ს“ კომპანიის ანგარიშზე სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით ჩაურიცხა 21.10.2015 წელს 30 000 აშშ დოლარი, ხოლო 13.11.2015 წელს 45 000 აშშ დოლარი.
7. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
7.1. მოპასუხე შპს ,,კ....“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 439 800,7 აშშ დოლარის გადახდა. შპს ,,კ....“ -თან ერთად 439 800,7 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისროთ ფ.მ–ს, დ.თ–ს, ე.თ–ს, ბ.თ–ს, მ.თ–ს.
7.2. მოპასუხე შპს ,,კ....“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 439 800,7 აშშ დოლარის გადახდა.
7.3. შპს ,,კ....“ -თან ერთად 439 800,7 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისროთ ფ.მ–სა და დ.თ–ს, ე.თ–ს, ბ.თ–ს, მ.თ–ს.
7.4. მოსარჩელე შპს ,,ო.მ.ი.მ.ს.თ–მა’’ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე – შპს „ო.მ.ი.მ.ს.თ–ის“ დირექტორს და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ჯ.ო–ი.
7.5. 20.07.2015 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მას მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა 1. ერთი ცალი ვიბრაციული მკვებავი და ლაყუჩა სამტვრევი - ფასი 80 000 აშშ დოლარი: 2. ორი ცალი ვიბრაციული საცერი - ფასი 35 000 აშშ დოლარი; 3. ერთი ცალი ჰორიზონტალური სამტვრევი - ფასი 60 000 აშშ დოლარი: 4. ერთი ცალი ვერტიკალური სამტვრევი. - ფასი 60 000 აშშ დოლარი: 5. ერთი ცალი დასაწყობების ბუნკერი - ფასი 10 000 აშშ დოლარი; 6. ერთი ცალი ორმაგი კლასიფიკატორი - ფასი 14 000 აშშ დოლარი; 7. 198 მეტრი ლენტი - ფასი 79 200 აშშ დოლარი: 8. ერთი ცალი სამართავი კაბინა და კონტროლის პანელი - ფასი 23 000 აშშ დოლარი; 9. მონტაჟის ღირებულება _ 15 000 აშშ დოლარი; 10. სათადარიგო ნაწილები და აღჭურვილობა - 50 300 აშშ დოლარი. იმავე ხელშეკრულების ბოლო პუნქტით განისაზღვრა, რომ შპს „კ....“-ის პარტნიორები გამყიდველის მიმართ წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებელნი არიან, როგორც სოლიდარული თავდებები”. აქ აღვნიშნავთ რომ. ხელშეკრულებას. ხელს აწერს დირექტორი ფ.მ–ი, რომელიც ასევე. არის 50% -იანი წილის მესაკუთრე და მეორე პარტნიორი ო.თ–ი, რომელიც ასევე არის 50 %-იანი წილის მესაკუთრე.
7.6. ხელშეკრულებაში დასახელებული საქონლის მოსარჩელის მიერ მიწოდება დასტურდება ანგარიშ- ფაქტურებით, კერძოდ: 1) 27.07.2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 1 ცალი ქვის სამტვრევი ვიბრაციული მკვებავის და ვიბრაციული საცერის, ფასით 115 000 აშშ დოლარი ; 2) 28.07.2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 1 ცალი ჰორიზონტალური სამტვრევის 12 მეტრი კონვეირული ლენტის, 1 ცალი ვერტიკალური სამტვრევის ფასით 124 800 აშშ დოლარი; 3) 11.09.2015 წლის N512245 ანგარიშ- ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 1 ცალი ვიბრაციული საცრელი დანადგარის და 350 მეტრი კონვეირის ლენტის რეზინის, ფასით 53 200 აშშ დოლარი; 4) 09.10.2015 წლის N889589 ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 144 მ. კონვეირის ლენტის, ფასით 57 600 აშშ დოლარი; 5) 16.10.2015 წლის N889616 ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 1 ცალი ორმაგი კლასიფიკატორის, 1 ცალი ბუნკერის, 1 ცალი სამართავი კაბინის, 144. მ. კონვეირის ლენტის, 1 კომპლექტი სათადარიგო ნაწილების, ფასით 110 900 აშშ დოლარი.
7.7. 27.04.1016 წლის N58590301 ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 1 კომპლექტი სათადარიგო ნაწილების. ფასით 7 300 აშშ დოლარი; 7) 20.05.2016 წლის N-8902373 ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 1 ცალი 9 მ. კონვეირის ლენტის. 1 ცალი 25 მეტრი კუბში ბუნკერის, 1 ცალი სათადარიგო ნაწილების, ფასით 11 200 აშშ დოლარი, 8) 14.06.2016 წლის N8904148 ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 336 ცალი სამტვრევი და საფქვავი დანადგარის სათადარიგო ნაწილების, ფასით 8.400 აშშ დოლარი; 9) 09.08.1016 წლის N827589 ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 1 ცალი ჭანკჭიკის. 2 ცალი კონვეირის ლენტის სამუხრუჭე სისტემის, 1 ცალი ვერტიკალური სამტვრევის ფითილის, 200 ცალი საცრის ხამუთის, 6 ცალი 22/2450 ღვედის, 6 ცალი 17/2200 ღვედის, 8 ცალი 22/6100 ღვედის, 8 ცალი 22/6600 ღვედის, 12 ცალი 5100 ღვედის; 6 ცალი 22/2700 ღვედის და 1 ცალი ცხაურის ფასით 5 006 აშშ დოლარი.
7.8. 23.08.2016 წლის N827624 ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 1 ცალი 6000X6000 ორმაგი კლასიფიკატორის, ფასით 13.000 აშშ დოლარი, 11) 14.10.2016 წლის N827717 ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 1336 კგ ლითონის სვეტების. 350. კგ საჭრელი. პირების. 1 ცალი სამტვრევის ბალიშის, 343 კგ. ქვის სამტვრევის ჯავშანის. 1 ცალი ღვედის ძრავის, 1 ცალი შედუღების პისტოლეტის, 5 ცალი ვერტიკალური სამტვრევის ალმასის პირების. 5 ცალი ვერტიკალური სამტვრევის ჯავშანის, 8 ცალი ღვედის, 20 ცალი საკისარის, 40 ცალი დამჭერის და რეზინის, 17 მეტრი კონვეირის ლენტის რეზინის და 2 ცალი საცრის მავთულის, ფასით 5 031,30 აშშ დოლარი; 12) 20.01.2017 წლის N827958 ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 1 ცალი ვერტიკალური ქვის სამტვრევი როტორის და 5606 კგ. ჰორიზონტალური სამტვრევის კლასიფიკატორის ფასით 23 363,40 აშშ დოლარი, მიწოდება. რაც შეეხება დაფარულ თანხებს, მოპასუხეს მოსარჩელე ორგანიზაციისათვის გადახდილი აქვს –1) 23.07.2015 წელს – 9960 აშშ დოლარი; 2) 22.09.2015 წელს 9960 აშშ დოლარი, რომლებიც ფ.მ–ს გადარიცხული აქვს უშუალოდ ჯ.ო–ისთვის; 3) 21.10.2015 წელს – 30 000 აშშ დოლარი; 4) 13.11.2015 წელს – 45 000 აშშ დოლარი, რომლებიც შპს „კ....“-ის სახელითაა გადარიცხული მოსარჩელე ორგანიზაციისათვის სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით.
7.9. რადგან მოპასუხემ ნაწილ-ნაწილ წარმოადგინა ინფორმაცია, მოსარჩელე მხარემ მოახდინა მოთხოვნის კორექტირება, პირველად 24.10.2018 წელს, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი განცხადებით, როდესაც მოითხოვა მოპასუხეებისათვის 459 800.7 აშშ დოლარის დაკისრება (გადახდილი 75 000 ის გათვალისწინებით), შემდეგ 10.04.2019 წლის სხდომაზე, როცა მოთხოვნა, შეამცირა 19 920 აშშ დოლარით (9960X2), რის შედეგადაც სასარჩელო მოთხოვნა განისაზღვრა 439 800,7 აშშ დოლარით.
7.10. 20.07.2015 წლის ხელშეკრულებით შას „კ....-ის“ პარტნიორები ფ.მ–ი და ო.თ–ი მოსარჩელის მიმართ წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებელნი არიან როგორც სოლიდარული თავდებები, ხელშეკრულებას ხელს აწერს ორივე მათგანი.
8. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხე შპს ,,კ–ი 2015“-მა, ო.თ–მა (უფლებამონაცვლე დ.თ–ი, ე.თ–ი ბ.თ–ი, მ.თ–ი) და ფ.მ–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
9. ო.თ–ის შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა:
9.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ო.მ.ი.მ.ს.თ–სა და შპს,,კ....“-ს შორის 20 ივლისს გაფორმებული შეთავაზების წერილის/ ხელშეკრულების მე-17 პუნქტი (შპს,,კ....“-ის პარტნიორები შპს ,,ო.მ.ი.მ.ს.თ–ის“ მიმართ წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებელნი არიან, როგორც სოლიდარული თავდებები).
9.2. შპს „ო.მ.ი.მ.ს.თ.“-მა (პირვანდელ სარჩელში მოსარჩელე/შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) 2018 წლის 08 აგვისტოს ახალციხის რაიონულ სასამართლოში აღძრა სამოქალაქო სარჩელი (პირვანდელი სარჩელი საქმე 2/644-18) მოპასუხეების: შპს ,,კ....“-ის და მისი 50%-50% წილის მფლობელი პარტნიორების - ფ.მ–ისა და ო.თ–ის მიმართ, რომლის დავის საგანია თანხის დაკისრება.
9.3. ხსენებული სარჩელი (პირვანდელი სარჩელი) აღძრულია და სასარჩელო მოთხოვნა დაყენებულია შპს „ო.მ.ი.მ.ს.თ.“-სა და შპს „კ....“-ს შორის 2015 წლის 20 ივლისს გაფორმებული შეთავაზების წერილიდან/ხელშეკრულებიდან გამომდინარე. შპს „კ....“-ის 50% წილის მფლობელი პარტნიორის ო.თ–ის (პირვანდელი სარჩელში ერთ-ერთი მოპასუხე/შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წაყენებულია და საქმეში ერთ-ერთ მოპასუხედ ჩართულია შ.პ.ს. „ო.მ.ი.მ.ს.თ.“-სა და შ.პ.ს. „კ....“-ს შორის 2015 წლის 20 ივლისს გაფორმებული შეთავაზების წერილის/ხელშეკრულების მე-17 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, შ.პ.ს. „კ....“-ის პარტნიორები შ.პ.ს. „ო.მ.ი.მ.ს.თ.“-ის მიმართ წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებელნი არიან, როგორც სოლიდარული თავდებები..“.
9.4. შეგებებული სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ გარიგება (შ.პ.ს. „ო.მ.ი.მ.ს.თ.“-სა და შ.პ.ს. „კ....“-ს შორის 20 ივლისს გაფორმებული შეთავაზების წერილი/ხელშეკრულება), რომლის ფარგლებში ო.თ–ი მიჩნეულ იქნა სოლიდარულ თავმდებად მე-17 პუნქტის ნაწილში არის ბათილი შესაბამისად, ბათილ გარიგებაზე დაყრდნობით ო.თ–ის მიმართ, როგორც სოლიდარული თავმდების მიმართ არ შეიძლება წაყენებული იქნეს სასარჩელო მოთხოვნა - თანხის დაკისრება. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების (გარიგების ნაწილის - მე-17 პუნქტის 'ბათილად ცნობის) შემთხვევაში ნაწილობრივ გამოირიცხება პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა რითაც ო.თ–ი შეძლებს თავი დაიცვას პირვანდელი სარჩელისაგან რომლის თანახმად, მოსარჩელე - შპს „ო.მ.ი.მ.ს.თ.“-ი მე-2 სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს, რომ შპს „კ....“-თან ერთად 385 940 აშშ დოლარის (შემდგომში დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით - 439 880,07 აშშ დოლარის) გადახდა სოლიდარულად დაეკისროთ ფ.მ–სა და ო.თ–ს.
9.5. შპს „ო.მ.ი.მ.ს.თ.“-სა და შპს „კ....“-ს შორის 2015 წლის 20 ივლისს გაფორმებული შეთავაზების წერილი/ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ო.თ–ი მიჩნეულ იქნა სოლიდარულ თავმდებად მე-17 პუნქტის ნაწილში არის ბათილი და მას ვერ ექნება იურიდიული ძალა ვინაიდან, იგი დადებულია კანონით დადგენილი აუცილებელი ფორმის დაუცველად. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის (თავდებობის ფორმა) პირველი ნაწილის თანახმად, „. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება." პირვანდელ სარჩელში/საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ო.თ–ის, როგორც თავდების წერილობითი განცხადება.
9.6. შ.პ.ს. „ო.მ.ი.მ.ს.თ.“-სა და შ.პ.ს. ,კ....“-ს შორის 2015 წლის 20 ივლისს გაფორმებული შეთავაზების წერილს/ხელშეკრულება, რომლის მე-17 პუნქტის ფარგლებში ო.თ–ი მიჩნეულ იქნა სოლიდარულ თავდებად, ვერ ჩაითვლება თავდებობის დოკუმენტად (ხელშეკრულებად) ვინაიდან, მასში არ არის მითითებული ო.თ–ის, როგორც თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა. ამასთან, შ.პ.ს, ,,ო.მ.ი.მ.ს.თ.“-სა და შ.პ.ს. „კ....“-ს შორის 2015 წლის 20 ივლის გაფორმებული შეთავაზების წერილი/ხელშეკრულება თავისი ფორმითა და შინაარსით წარმოადგენს შეთავაზების წერილს და არა თავდებობის დოკუმენტს (ხელშეკრულებას) ამდენად: 1. იგი ვერ ჩაითვლება თავდებობის დოკუმენტად ხელშეკრულებად); 2. მე-17 პუნქტი ბათილია როგორც ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.
10. მოპასუხის შპს „ო.მ.ი.მ.ს.თ.ის“ შესაგებელი
10.1. 20.07.2015 წლის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, 10.04.2019 წლის და 24.04.2019-ის პროცესზე მეორე სოლიდარულმა თავდებმა ფ.მ–მა დაადასტურა, რომ ხელმოწერები შედგა ო.თ–ის ოფისში, რომ ორივე მათგანი არის სოლიდარული თავდები, რასაც არ დაეთანხმა ო.თ–ი და აღძრა შუამდგომლობა მისი ხელმოწერის ნამდვილობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ჩატარებაზე. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ექსპერტიზა ჩატარდა და 04.07.2019 წლის N004634319 დასკვნით გაირკვა, რომ ხელმოწერა ხელშეკრულების ორ ეგზემპლარზე შესრულებულია ო.თ–ის მიერ. ამის შემდეგ, გამოეცალა რა ერთი საფუძველი, გაახსენდა, რომ თურმე ხელშეკრულება, მისი თქმით ფასის შეთავაზება, არ შეესაბამება კანონს და სასამართლომ იგი სოლიდარული თავდებობის ნაწილში ბათილად უნდა ცნოს. ბუნებრივია, ისმის კითხვა: თუ ხელშეკრულებადაც არ თვლის წარდგენილ დოკუმენტს და მიიჩნევს მხოლოდ შეთავაზებად, შეთავაზების ბათილად ცნობას რა საფუძვლით ითხოვს.
10.2. მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა 20.07.2015 წელს, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეგებებული სარჩელის ავტორს თავდებობის ბათილობასთან დაკავშირებით გაშვებული აქვს სარჩელის წარდგენის 3 წლიანი ვადა.
11. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ო.მ.ი.მ.ს.თ–ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ო.თ–ის (უფლებამონაცვლეები დ.თ–ი; ე.თ–ი; ბ.თ–ი, მ.თ–ი) შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
14. მოსარჩელის საკასაციო მოთხოვნა
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
14.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მისი წარმომადგენელი შესრულების მიღებაზე იყო მ.ს–ი, რადგან ასეთი ფაქტობრივი გარემოება არც ერთი საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება. ასევე, სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, რადგან მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი ეს ფაქტი სწორედ მას უნდა დაედასტურებინა და მისი უარყოფის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს არ უნდა დაკისრებოდა. კასატორების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ.ს–ი 2011-2016 წლებში მუშაობდა მარკეტინგის სპეციალისტად საწარმოში და არ ჰქონდა ფულის მიღება-გაცემის უფლებამოსილება. ასევე, თანხების მიღების დროები არ ემთხვევა სუნგურის მარკეტინგის სპეციალისტად მუშაობის პერიოდს. თავად მ.ს–იც აცხადებს სასამართლო პროცესზე, რომ არ არსებობს რამე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.
14.3. საქმეში წარმოდგენილია გასავლის ორდერები, რომლებიც არ არის თანხის მიღების საბუთი, მაშინ, როდესაც თანხის მიღების საბუთად შესაძლოა მივიჩნიოთ შემოსავლის ორდერი, რაც არ ყოფილა წარმოდგენილი.
ფაქტობრივი გარემოებებითა და მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ მხარეებმა შეცვალეს ვალდებულება, რომ თანხა უნდა შეიძლებოდა ჩარიცხულიყო სხვა წესითაც, ასევე, თუ კი კომპანიის დამფუძნებელმა მიიღო თანხა, ეს ვერ განიმარტება ზოგად წესად, ამიტომ არ ჩაითვლება დავალიანების ნაწილის შესრულებად. ასევე, მესამე პირის მიმართ რამე ვალდებულების შესრულება ვერ იქნება განმრატებული როგორც კომპანიის მიმართ დავალიანების გადახდის ფაქტი.
14.4. მოწინააღმდეგე მხარეს არა დავალიანების არსებობისა და მისი ოდენობის ფაქტები გაუხდია სადავოდ, არამედ მოპასუხემ შეასრულა თუ არა ფულადი ვალდებულება. შედავება განხორციელდა სუნგურის წარმოჩენით, რომელმაც დაადასტურა, რომ მან მიიღო მოპასუხისგან თანხა, რაც დაუსაბუთებელია, რადგან არსაიდან დასტურდება, რომ აღნიშნული პიროვნება უფლებამოსილი იყო მოსარჩელისგან მიეღო ფულადი შესრულება.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთების განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
23. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოსთვის საკვლევ საკითხებს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის/ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მყიდველმა რამდენად ჯეროვნად შეძლო ფასის გადახდა და არაჯეროვანი შესრულების არსებობის შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელია თანხის სრულად ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება მათ შორის თავდებობის პირობის არსებობის შემთხვევაში.
24. სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი, 629-ე მუხლის პირველი და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის სისტემური ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ ორმხრივმავალდებულებელ გარიგებებში, ხელშეკრულების ორივე მხარე გვევლინება ერთ შემთხვევაში კრედიტორად, მეორე შემთხვევაში კი მოვალედ, ხოლო ვალდებულების შესრულება იქნება ის ნასყიდობის თუ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი, უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რასაც წმინდა სახელშეკრულებო გაგებით, თუ როგორი ხელშეკრულებაა ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ორივე შემთხვევა გულისხმობს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების იმპერატივს.
25. ჯეროვანი შესრულება თავის თავში მოიაზრებს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ კლასიკურ შემთხვევას, როდესაც მხარეები მიაღწევენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მთავარ მიზანს - ორივე მხარის მიერ თავიანთი ვალდებულების სრულ და დროულ შესრულებას. აღნიშნული საკითხი რეგულირებულია სსკ-ის 427-ე მუხლში, რომლის მიხედვით, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
26. ვალდებულების სრულად და დროულად შესრულებისთვის, ერთი მხრივ, საჭიროა მოვალის მოქმედება - შეასრულოს ვალდებულება, ხოლო, მეორე მხრივ, - კრედიტორის მოქმედება - დაიკმაყოფილოს მოთხოვნა შესრულების მიღებით. მოცემული დავის ფარგლებში, სწორედ შესრულების მიღების საკითხი წარმოადგენს სადავო მნიშნველობის მქონე შემთხვევას, რადგან თავად ამ საკითხის სადავოობა მხარეებს შორის განაპირობა წარმომადგენლობითი ინსტიტუტის გაურკვევლობამ.
27. სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა. განსახილველი ნორმა ითვალისწინებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ გარიგების დადების მატერიალურ სამართლებრივ შესაძლებლობას და განსაზღვრავს გარიგებით დამდგარი იურიდიული შედეგის ადრესატს. სსკ-ის 108-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილებაში ცვლილებები და მისი გაუქმება უნდა ეცნობოს მესამე პირებს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისას ეს ცვლილებები და უფლებამოსილების გაუქმება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მესამე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას ამის შესახებ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ.
28. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სსკ-ს 891.1 მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
29. განსახილველი დავის ფარგლებში დადგენილია, რომ გამყიდველი/მენარდე საწარმოს წარმომადგენლი სადავო ხელშეკრულების დადებისას იყო მ.ს–ი, ხელშეკრულება ხელმოწერილია სწორედ აღნიშნული პირის მიერ, ასევე, მოლაპარაკების წარმოებისას კონკრეტული პირი წარმოადგენდა მოსარჩელე კომპანიას, შესაბამისად, მოპასუხე მხარისთვის ასეთი სახის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობა ქმნის იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მ.ს–ი ნამდვილად მოსარჩელის წარმომადგენელი იყო და უფლებამოსილება ჰქონდა მიეღო ვალდებულების შესრულება.
30. ქვედა ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებაზე ხელს აწერს მ.ს–ი, როგორც შპს ,,ო.მ.ი.ს.თ–ის’’ წარმომადგენლი. მისი განმარტებით, გააჩნდა უფლებამოსილება მოსარჩელის სახელით დაედო ხელშეკრულებები, ასევე ჰქონდა უფლებამოსილება მიეღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის ანაზღაურებაც. მ.ს–მა ასევე განმარტა, რომ კომპანიის დირექტორთან ბოლო პერიოდში წარმოშობილი დაპირისპირების გამო ამ უკანასკნელმა ჩამოართვა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
31. მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს მითითებას მ.ს–ის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე. სწორედ მ.ს–მა ჩამოუტანა ხელშეკრულების სხვადასხა ობიექტი და შეთანხმებაც სწორედ მ.ს–თან მოხდა, აქედან გამომდინარე, მ.ს–ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდებოდა და იგი წარმოადგენდა შესრულების მიღებაზე უფლებამოსილ პირს. აღნიშნულის მიუხედავად, მართალია, თავად ორგანიზაციის წარმომადგენელი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მ.ს–ი ნამდვილად იყო მისი წარმომადგენელი, თუმცა მისი მოსაზრებით, თანხის მიღებაზე არ იყო უფლებამოსილი.
32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ.ს–ს ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რის მიმართაც მოპასუხე მხარეს გააჩნდა კეთილსინდისიერი ნდობა, რის გამოც უხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, მოპასუხე კეთილსინდისიერად ფიქრობდა, რომ ვალდებულების შესრულება ხდებოდა მოსარჩელის, ესე იგი კრედიტორის წარმომადგენლის წინაშე მოთხოვნის დაკმაყოფილების გზით. მ.ს–ი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მითითებული იყო მოსარჩელის წარმომადგენლად და ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერით გამოვლინდა მოსარჩელის ნება გარიგების დადების შესახებ. ხელშეკრულების დადებამდე კი ეს პიროვნება წამოადგენდა მოსარჩელე მხარეს მოლაპარაკებებში. ამასთან, მ.ს–სა და მოსარჩელე მხარეს შორის გაფორმებული მინდობილობით ცალსახად დასტურდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. აღნიშნულს ადასტურებს კიდეც მოწმის სახით დაკითხული მ.ს–ი, რომელიც აღნიშნავს, რომ ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიღების უფლებამოსილება.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ.ს–ის მიერ მოსარჩელის ვალდებულების ნაწილის შესრულება, როგორც წარმომადგენელმა დაიწყო უშუალოდ თვითონ, ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და მოპასუხის მხრიდან შესრულების საპასუხოდ ასრულდებდა მოსარჩელის მხარეს არსებულ ვალდებულებებსაც, რაც მოპასუხე მხარეს წარმოუშობდა კეთილსინდისიერ ნდობას, განსაკუთრებით ხანგრძლივ სამეწარმეო ურთიერთობაში ყოფნისას, როდესაც სავალდებულოა რისკების მაქსიმალური დაზღვევის მიზნით მხარეებს შორის ყველა, განსაკუთრებით კი ვალდებულების შესრულების მიღების საკითხი კონკრეტულად იქნეს გაწერილი. ხოლო თუ კი ასეთი შეთანხმება სახეზე არ არის, მოვალეს წარმოეშობა პრეზუმფციული ვარაუდი, რომ კრედიტორის წარმომადგენელი შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირიცაა, სხვაგვარად სამეწარმეო სუბიექტი შეძლებდა მარტივად, სხვა ხერხებით პრობლემის გადამოწმებას და მის მოგვარებას, თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვალდებულების შესრულების მომენტისთვის მოპასუხე მხარეს ასეთი სახის კითხვაც კი არ გასჩენია, რადგან კეთილსინდისიერად და ობიექტურად მიიჩნევდა ვალდებულების შესრულების მიღების უფლებამოსილებაში არ არსებობდა რამე სახის უზუსტობა. დადგენილია, რომ მ.ს–მა შპს ,,კ....’’-ს გადასცა შესაბამისი სახის ბეჭდით დამოწმებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოპასუხეს საკუთარი ვალდებულებების შესრულება დაუდასტურა კრედიტორის (მოსარჩელის) წარმომადგენელმა შესაბამისი ოფიციალურად გაცემული მტკიცებულებით, რაც დამატებით ამყარებს მოპასუხის ვარაუდს ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შესახებ. სხვა მხრივ, ვალდებულების მიღების პრობლემურობა, ამ გაგებით, არა თუ მოპასუხე მხარის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, არამედ მოსარჩელის ვალდებულებას შიდაორგანიზაციული მოწესრიგებით შეძლოს სწორად განსაზღვროს თუ როგორ უნდა მოხდეს საკუთარი კრედიტორული მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მათი მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის იარსებებს ვალდებულების მიღების მიმართ მოვალის რისკი, რომ მის მიერ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებული ვალდებულება არ იქნეს ასეთად აღიარებული.
34. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს უკუდასკვნას, რომლის თანახმად, თუ ჩავთვლით დადასტურებულად იმ გარემოებას, რომ შპს ,,ო.მ.ი.მ.ს.თ–ის’’ წარმომადგენელს არ წარმოადგენდა მ.ს–ი, რომელიც არ მოქმედებდა მისი სახელით და რომელსაც უფლება არ ჰქონდა მიეღო რაიმე შესრულება, მაშინ სახეზე გვექნება ის გარემოება, რომ მხარეებს წარმოადგენდნენ არა შპს ,,ო.მ.ი.მ.ს.თ–ი’’ და შპს ,,კ....’’-ს, არამედ შპს ,,ო.მ.ი.მ.ს.თ–ი’’ და მ.ს–ი, ხოლო მეორეს მხრივ შპს ,,კ– ი’’, ო.თ–ი და ფ.მ–ი და მ.ს–ი, რადგან როგორც ხელშეკრულებების დადება, ასევე საქონლის მიწოდება შპს ,,ო.მ.ი.მ.ს.თ–ის’’ მიერ განხორციელდა მ.ს–ის მეშვეობით, რაც დასტურდება წარმოდგენილი დოკუმენტებით და თვით მხარეთა განმარტებებით.
35. საქმის მასალებით დადგენლია, რომ შპს „კ–ის“ დავალიანება შპს „ო.მ.ი.მ.ს.თ–ის’’ მიმართ 439 800.7 აშშ დოლარის ნაწილში მოპასუხე მხარის მიერ შესრულებულია სრულად და უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრებასთან მიმართებით. კერძოდ, შპს ,,კ....“-ის მიერ 2015 წლის 20 ოქტომბრის სალაროს გასავლის ორდერით მ.ს–ზე გაიცა 154 921 ლარი. ასევე, შპს ,,ო.მ.ი.მ.ს.თ–ის’’ მიერ გაცემული 2015 წლის 15 სექტემბრიდან - 2017 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდის გასავლის ორდერებით დგინდება, რომ შპს ,,კ....“-ის მიერ ანაზღაურდა 420 000 აშშ დოლარი. ასევე დასტურდება, რომ ფ.მ–მა 2015 წლის 23 ივლისს და 22 სექტემბერს შპს ,,ო.მ.ი.მ.ს.თ–ის” დირექტორს ჯ.ო–ს პირად ანგარიშზე ჩაურიცხა 9 960 აშშ დოლარი ორჯერ, რაც მოსარჩელის ხელმძღვანელმა მიიღო, როგორც ვალდებულების შესრულება. აქედან ჩანს, რომ მხარეთა შორის არ იყო კონკრეტულად და მკაცრად გაწერილი ვალდებულების შესრულების წესი, რომ ვალდებულება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა შესრულებულად თუ კი მოვალე თანხას კრედიტორის საბანკო ანგარიშზე დარიცხავდა. ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის, ჯ.ო–ისთვის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, ხოლო აღნიშნული პირის მიერ ასეთი სახით ვალდებულების ნაწილის შესრულების კონკლუდენტურად მიღებით ცხადია, რომ მათ შორის ამ მოქმედებაშიც ჩანს მოპასუხე მხარის კეთილსინდისიერება.
36. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე არ უარყოფს მ.ს–ის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. მისთვის სადავოა მხოლოდ თანხის მიღების ნაწილში უფლებამოსილების არარსებობის საკითხი. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის დასაბუთებას მტკიცების ტვირთის განაწილების კონტექსტში. რადგან სწორედ ეს საკითხი გადხა მოსარჩელე მხარის მიერ სადავო, მასვე უნდა შეეძლოს სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, მას ჰქონდა ვალდებულება წარმოედგინა ისეთი სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მ.ს–ისთვის ვალდებულების შესრულების მიღების უფლებამოსილების არარსებობა, რაც მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო. ხოლო მისი მითითება, რომ მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარესაა, ვერ ჩაითვლება რელევანტურად, რადგან მოპასუხე, როგორც უკვე ითქვა, კეთილსინდისიერად და პრეზუმირებულად მიიჩნევდა წარმომადგენლის უფლებამოსილების არსებობას.
37. მოპასუხე მხარის პოზიციას ამყარებს მათ შორის ის გარემოებებიც, რომ ვალდებულების შესრულება მხარეებს შორის ხდებოდა ეტაპობრივად, ამ დროის მანძილზე კი არც ერთ მხარეს არ გასჩენია ვალდებულების შესრულების ჯეროვანების მიმართ რაიმე სახის პრეტენზია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელშეკრულების ფასი და ობიექტი ძვირადღირებულია და მხარეები განსაკუთრებული გულისხმიერებით ცდილობენ პასუხისმგებლობების დაზღვევას.
38. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ შპს ,,კ....’’-მა პირველი გადახდა განახორციელა არა მოსარჩელის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, როგორც ეს ხელშეკრულებაზე თანდართულ დოკუმენტშია მითითებული, არამედ თავად ჯ.ო–ის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მხარემ საპასუხო შესრულება სწორედ თანხის ჩარიცხვის შემდგომ განახორციელა, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ კონკლუდენტურად მოსარჩელემ მიიღო თანხის ჩარიცხვით მისი კრედიტორული მოთხოვნის ნაწილი და ეს ვალდებულებათა შესრულების საწყის ეტაპზევე არ გამხდარა შედავების საფუძველი. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების იმ პირობაზე მითითება, რომ სავალდებულო იყო თანხა უშუალოდ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულიყო, მხარეებმა პრაქტიკაში შეცვალეს ნების კონკლუდენტური გამოვლენით, რაც ადასტურებს იმას, რომ შესრულების მიღება მოხდებოდა მოსარჩელის წარმომადგენლის, ხელმძღვანელის თუ თავად კომპანიისთვის თანხის გადაცემით, მაინც მიიჩნეოდა ვალდებულების მიღებად. ხოლო ამის შემდეგ, ყოველი ეტაპის შესრულების შესაბამისად ხდებოდა ვალდებულების შესრულება შპს ,,კ....’’-ის მიერ მოსარჩელისათვის მასთან შეთანხმებული წესით - მოსარჩელის პირად ან კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით ან მისი წარმომადგენლისათვის თანხის ხელზე გადაცემით, რაც დასტურდება თავად მ.ს–ის ჩვენებით და სალაროს გასავლის ორდერებით. აღსანიშნავია, რომ სალაროს გასვლის ორდერები დამოწმებულია მოსარჩელე კომპანიის ბეჭდითა და ხელმოწერის ფაქსიმილიით, რაც უდავოდ ადასტურებს მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ თანხის ჩარიცხვას.
39. რაც შეეხება მოსარჩელის მტკიცებას ო.თ–ისა და ფ.მ–ის სოლიდარული თავდებობის არსებობის შესახებ, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით - მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ვერ დასტურდება სოლიდარული თავდებობის არსებობის შესახებ პირობა, თავდებობისთვის კი აუცილებელია ის წერილობით გაფორმდეს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება ო.თ–ის და ფ.მ–ის წერილობითი განცხადება თავდებობის შესახებ, ამასთან, მხარეთა შორის 2015 წლის 20 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ არის მითითება ო.თ–ის და ფ.მ–ის, როგორც თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის შესახებ. ეს ორი კომპონენტი კი სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია თავდებობის ნამდვილობისათვის. აქედან გამომდინარე, ო.თ–ი და ფ.მ–ი არ წარმოდგენენ სოლიდარულ თავდებ პირებს ხელშეკრულებაზე მათი ხელმოწერა განპირობებული იმ გარემოებით, რომ არიან შპს ,,კ....’’-ის პარტნიორები/წარმომადგენლები.
40. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეძლო ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ასევე არ არსებობს თავდებობის საფუძველზე სოლიდარული მოვალის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველიც, შესაბამისად, საკასაციო პატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს.
41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ო.მ.ი.მ.ს.თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ო.მ.ი.მ.ს.თ–ს“ (ს.კ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.ყ–ის (პ.ნ. ......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარის (საგადასახადო დავალება: 20214718416; გადახდის თარიღი 17.01.2024;) 70% – 5600 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე