Facebook Twitter

საქმე № ას-1528-2023 27 მარტი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ნ...“ (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.კ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 05 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გ.კ–ძემ (შემდგომში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ...“-ის (შემდგომში მოპასუხე, კომპანია, მოპასუხე კომპანია, საჩივრის ავტორი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 7264 ლარის და მორალური ზიანის სახით - 30 000 ლარის გადახდა.

4. მოპასუხის საჩივარი

4.1. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5. საქალაქო სასამართლოს განჩინება

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

7.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 5 დეკემბერს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი, (რომლისთვისაც პროცესის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით) და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად სასამართლომ არ მიიჩნია საჩივრის ავტორის მიერ საქმეზე წარდგენილი სასწრაფო სამედიცინო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ბარათი და აღნიშნა შემდეგი: სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2022 წლის 5 დეკემბერს, 13:00 საათზე. იმავე დღეს, 14:16-14:25 საათზე მოპასუხის წარმომადგენელი სმს შეტყობინებით დაუკავშირდა სასამართლო სხდომის მდივანს და აცნობა, რომ იყო ძალიან ცუდად და დალია წამლები. სხდომის მდივანმა განუმარტა მას, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა სარჩელი. 15:46-15:47 საათზე მოპასუხის წარმომადგენელმა გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელიც დანიშნულების ადგილზე მივიდა 16:07 საათზე. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა მე-4, 102-ე, 215-ე, 230-ე, 233-ე, 241-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან სხდომა დანიშნული იყო 13:00 საათზე, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოს თანამშრომლისგან შეიტყო მის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ (15:46-15:47 საათზე), სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას საპატიოდ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

7.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 413-ე, 992-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სარჩელში ასახული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელის თანახმად, 2020 წლის აგვისტოს თვის დასაწყისიდან 2020 წლის 24 სექტემბრამდე მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში მუშის პოზიციაზე. მუშაობის პერიოდში დამსაქმებელს, დასაქმებულისთვის წერილობითი შრომითი ხელშეკრულება გასაცნობად და ხელის მოსაწერად არ წარუდგენია. 2020 წლის 23 სექტემბერს მოპასუხის სამშენებლო ობიექტზე მუშაობის დროს მოსარჩელემ მიღებული ფიზიკური დაზიანების შედეგად (ფიცრიდან ლურსმნის ამოძრობის დროს ლურსმანი მოხვდა თვალში), მარჯვენა თვალში მთლიანად დაკარგა მხედველობა. შემთხვევა მოხდა მოპასუხის ბრალეული მოქმედებით, რადგან კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული. შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო მოსარჩელის აღჭურვა დამცავი საშუალებით სამუშაოს შესრულების მომენტში. მიღებული ტრამვის შემდეგ მოსარჩელე დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდა თვალბუდის გამოკვლევა და დაზიანებულ თვალზე გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ უშედეგოდ. თვალის ოპერაციის საფასურმა შეადგინა 3935 (სამი ათას ცხრაას ოცდათხუთმეტი) ლარი, რომელიც გადაიხადა მოსარჩელემ, ამასთან, მას მარჯვენა თვალის მკურნალობისთვის სხვადასხვა სახის სამედიცინო მედიკამენტებში გადახდილი აქვს 3 329 (სამი ათას სამას ოცდაცხრა) ლარი. ჯამში, სულ გადახდილი აქვს 7264 ლარი. მიღებული ფიზიკური დაზიანების შედეგად მან მარჯვენა თვალში მთლიანად დაკარგა მხედველობა და შრომისუუნარო გახდა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მისი ფსიქო-ემოციური და სულიერი მდგომარეობა) იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, შესაბამისად, დაასკვნა, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა წარდგენილი სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

8.მოპასუხის საკასაციო საჩივარი

8.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

8.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული არ იყო საპატიო მიზეზით. მართალია, წარმომადგენელი სხდომის მდივანს დაუკავშირდა მოგვიანებით, პირველივე შესაძლებლობისთანავე და აცნობა გამოუცხადებლობის მიზეზი (მაღალი არტერიული წნევა), თუმცა როცა მიხვდა რომ საკუთარი ძალებით არ შეეძლო წნევის დარეგულირება, იძულებული გახდა გამოეძახებინა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რაც დასტურდება საქმეზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით. ამასთან, მოპასუხე სასამართლოში წარმოდგენილი იყო ისეთი პირის მიერ (მ.თ–ი), რომელიც არ იყო ადვოკატი, არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია და რაც მთავარია, სხდომის შესახებ უშუალოდ ინფორმირებული არ იყო კომპანიის დირექტორი. შესაბამისად, წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო კომპანია დარჩა დაცვის უფლების გარეშე.

8.3. ამასთან, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ წარდგენილი სარჩელი იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას. საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში და მან დაზიანების მიღებისას რაიმე სამუშაოები აწარმოა კომპანიაში. იმ პერიოდში კომპანიას საერთოდ შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა კოვიდპანდემიიდან გამომდინარე. ამავე საქმეზე ასევე წარდგენილია ჟურნალი, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანიის უფლებამოსილმა თანამშრომელმა მოსარჩელეს განუმარტა უსაფრთხოების დაცვის წესები და მიაწოდა ყველა საჭირო აღჭურვილობა, რაც მან არ შეასრულა და ფიცრების გატანის დროს თვალში მოხვდა ერთ-ერთ ფიცარში ჩარჭობილი ლურსმანი.

9.საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი, ისე სააპელაციო და სააკასაციო საჩივრები ემყარება იმას, რომ მოპასუხე საპატიო მიზეზით, ვერ გამოცხადდა 2022 წლის 5 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე. კერძოდ, მოპასუხე აცხადებს, რომ სხდომის დღეს კომპანიის წარმომადგენელს ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა, რის შესახებაც აცნობა კიდეც სასამართლოს და ვინაიდან საკუთარი ძალებით ვერ შეძლო წნევის დარეგულირება, მოგვიანებით გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. შესაბამისად, სასამართლოს მისი გამოუცხადებლობა უნდა მიეჩნია საპატიოდ.

15. მითითებული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, საჭიროდ მიიჩნევს, განმარტოს მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

17. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

18. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

19. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი). ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

20. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი, ერთი მხრივ, სადავოდ ხდის მისი წარმომადგენლის პროცესზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, ხოლო მეორე მხრივ, აცხადებს, რომ მ.თ–ს (ვინც წარმოადგენდა კომპანიის ინტერესებს) არ ჰქონდა უფლებამოსილება და შესაბამისი კვალიფიკაცია (იგი არ იყო ადვოკატი) დაეცვა კომპანიის ინტერესები, ამასთან, თავად კომპანიის დირექტორიც არ იყო ინფორმირებული სხდომის თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საქმეში არსებულ, 2019 წლის 16 მაისს გაცემულ რწმუნებულებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორმა, შ. ძ–მა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა მ.თ–ს, კომპანიის სახელით შეესრულებინა ყველა საჭირო მოქმედება ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, მათ შორის, შეეტანა სარჩელი ან განცხადება სასამართლოში. ამავე მინდობილობაში აღნიშნულია, რომ იგი გაცემულია 2024 წლის 16 მაისამდე. მინდობილობა ბეჭედდასმულია და ხელმოწერილია კომპანიის დირექტორის მიერ (იხ. ს. ფ 68). ვინაიდან მოპასუხეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია კომპანიის დირექტორის უფლებამოსილება, მითითებული დოკუმენტი სრულად აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს (წარმომადგენლის მეშვეობით საქმის წარმოების წესი - სსსკ 93-ე-96-ე მუხლები) და ადასტურებს მ.თ–ის (როგორც მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლის) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნამდვილობას, შესაბამისად, საფუძველი ეცლება კასატორის ზემოთ მითითებულ პრეტენზიას.

22. რაც შეეხება გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, რაზეც მიუთითებს კასატორი საკასაციო საჩივარში (და აცხადებს, რომ წარმომადგენლის პროცესზე გამოცხადება გამოწვეული იყო ჯანმრთელობის გაუარესებით), მითითებული საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.

23. იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

24. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“, გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე.

26. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ 2022 წლის 5 დეკემბერს 13:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, მოსარჩელის წარმომადგენელმა კი იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა და სასამართლომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლო სხდომა დაიხურა 13:46 საათზე (იხ. ს.ფ 75-77).

27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ საქმეზე წარდგენილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გაცემული ცნობა (სამედიცინო ბარათი) ქმნიდა იმავე დღეს პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის შესაძლებლობას.

28. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დანიშნული იყო 13:00 საათზე, მოპასუხის წარმომადგენელმა ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ სასამართლოს აცნობა 14:16-14:25 საათზე (პროცესის დაწყებიდან ერთ საათზე მეტი ხნის გასვლის შემდგომ, სმს შეტყობინებით), ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარება მან გამოიძახა 15:46-15:47 საათზე, მას შემდეგ, რაც შეიტყო მის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ (იხ. ს. ფ 120).

29. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ქრონოლოგიური შეჯამებით და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ მიიჩნიეს მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობა საპატიოდ, კასატორს (მოპასუხეს) კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც საკასაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს საჩივარსა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი.

31. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ №ას-356-338-2015, 3 ივნისი, 2015 წელი).

33. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა ნიშნავს მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტების კანონის ძალით დადგენილად მიჩნევას. ამ თვალსაზრისით კი, მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 413-ე, 992-ე მუხლების შემადგენელ ყველა ელემენტზე. რაც იძლევა იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ მოცემულ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.

34. კასატორი ვერ უთითებს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევაზეც, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი აღნიშნული საფუძვლითაც არ არის დასაშვები.

36. ამასთან, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ავადმყოფობის გამო მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-500-468-2017, 30 ივნისი, 2017 წელი; №ას-206-195-2017, 16 მაისი, 2017 წელი; №ას-668-639-2016, 13 მარტი, 2017 წელი; №ას-594-560-2012, 7 ივნისი, 2012 წელი; №ას-519-754-08, 16 ივლისი, 2008 წელი), სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

37. გამომდინარე აქედან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ნ...“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ნ...“-ის (ს.კ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1820 ლარის (საგადახდო დავალება: 0; გადახდის თარიღი 29.12.2023;) 70% – 1274 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე