საქმე №ას-1130-2023 15 აპრილი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „გ.ჯ–ა“ (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ქონების დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.გ–ძეს, როგორც „გამყიდველს“ და მეორეს მხრივ, შპს „ი–ას“ (შემდგომში შპს „გ.ჯ–ას“), როგორც „მყიდველს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულებები და საბოლოოდ 2017 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ დავისთვის მნიშვენლობის მქონე შემდეგ ძირითად პირობები: მყიდველი ყიდის უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა- ნაგებობას, მდებარე თბილისი, ........ ქუჩა N......(2.1. პუნქტი); ნასყიდობის ღირებულება შეადგენს 227 100 აშშ დოლარს (3.1. პუნქტი); უძრავი ქონების ღირებულების სანაცვლოდ გამყიდველი მყიდველს გადასცემს ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მე-9, მე-10 და მე-11 სართულებზე განთავსებულ ფართებს, ჯამში 1189,9 კვ.მ. (4.1. პუნქტი); მყიდველი ვალდებულია შესაბამისი ნებართვის მიღების დღიდან დაასრულოს სამშენებლო სამუშაოები ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული სამშენებლო პროექტისა და განსაზღვრული ვადების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა (5.3. მუხლი); მყიდველი ვალდებულია 2018 წლის 3 მაისამდე უზრუნველყოს „0“ ნიშნულის მონოლითის (ფილის) დასრულება. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა იქნება ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, რომლის მიხედვითაც გამყიდველს დაუბრუნდება ხელშეკრულების საგანი ხელშეკრულების გაუქმებისას არსებული ფორმით (5.4. მუხლი); თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 კალენდარული წლის ვადაში არ გადასცემს საკუთრებაში მე-4 მუხლში მითითებულ საცხოვრებელ ფართს თეთრი კარკასის მდგომარეობაში, გამყიდველი უფლებამოსილი იქნება აუქციონის წესით გაყიდოს ნასყიდობის საგანზე აშენებული კორპუსი და აინაზღაუროს მე-3 მუხლში მითითებული ქონების საფასური. სხვაობა კი დაუბრუნდება მყიდველს (5.5.1 მული).
2. თბილისში, ........ ქ. N40-ში მდებარე 2271 კვ.მ. ფართობის უძრავი ქონება აღირიცხა შპს „გ.ჯ–ას“ სახელზე, ა.გ–ძის მიმართ ნაკისრი ვალდებულებებზე მითითებით.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 აპრილის N 3194634 ბრძანებით შეთანხმდა თბილისში, ........ ქ. N40-ში მდებარე ს/კ .........მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. პროექტის ფარგლებში უნდა აშენებულიყო 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
4. ამავე უწყებამ 2017 წლის 3 მაისის N 3242556 ბრძანებით გასცა დასახელებულ მიწის ნაკვთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, რომლის თანახმად მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 4 მაისიდან 2019 წლის 4 მაისის ჩათვლით.
5. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ–ის“ 2020 წლის 27 იანვრის დასკვნის თანახმად, თბილისში, ........ ქუჩა N40-ში, დაზუსტებული ფართობით 2271 კვ.მ.-ზე (ს/კ/ ......) არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მრავალბინიანი 11 სართულიანი საცხოვრებელი სახლის დასრულებას დასჭირდება სულ მცირე 15 თვე.
6. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
მხარეთა შორის 2017 წლის 4 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ა.გ–ძის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო, ა.გ–ძეს საკუთრებაში დაუბრუნდეს უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ........ ქუჩა N40, დაზუსტებული ფართობი: 2271.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ......);
მოპასუხე შპს „გ.ჯ–ას“ მოსარჩელე ა.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს საძირკვლის ნაგებობის დემონტაჟისთვის აუცილებელი ხარჯის - 1 634 736,02 ლარის გადახდა;
მოპასუხე შპს „გ.ჯ–ას“ მოსარჩელე ა.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 4 დეკემბრიდან 2021 წლის 9 ივნისამდე პერიოდზე ყოველთვიურად 5 950 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელესა და შპს „ი–ას“ შორის (შემდგომში შპს „გ.ჯ–ას“) 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ კომპანიას საკუთრებაში გადასცა სადავო უძრავი ქონება, რომლის სანაცვლოდ ამ მიწის ნაკვეთზე აშენებულ საცხოვრებელი კომპლექსში მოსარჩელე მიიღებდა შესაბამის ფართებს. ხელშეკრულებაში რამდენიმეჯერ შევიდა ცვლილება და საბოლოოდ, 2017 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებით დარეგულირდა მხარეთა შორის ურთიერთობა. ხელშეკრულებით, შპს „გ.ჯ–ა“, მიღებული მიწის ნაკვთის სანაცვლოდ მოსარჩელეს გადასცემდა ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, ჯამში 1189.90 კვ.მ. ფართს და 04 მიწისქვეშა ავტოსადგომს. მშენებლობა მოპასუხეს უნდა დაესრულებინა 2020 წლის 4 დეკემბრამდე. მითითებულ ვადაში მშენებლობის დასრულება ობიექტურად შეუძლებელია. ამდენად, მოსარჩელემ დაკარგა მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის ინტერესი და გადის ხელშეკრულებიდან, თუმცა მოპასუხე ნებაყოფლობით არ აბრუნებს ფართებს.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
7.2. მისი მითითებით, მოსარჩელემ ერთხელ უკვე აღძრა სარჩელი იგივე მოთხოვნებით, იმ გარემოებაზე მითითებით, თითქოს შპს „გ.ჯ–ამ“ ვერ შეასრულა ვალდებულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მშენებლობა დასრულებული იყო „0“ ნიშნულამდე და დაწყებული იყო შემდგომი სართულის მშენებლობა.
7.3. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელემ კვლავ აღძრა სარჩელი 2020 წლის 21 მაისს, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მისი მხრიდან ვალდებულება შესრულებულია, ხოლო შპს „გ.ჯ–ა“ ვერ შეძლებს 2020 წლის 4 დეკემბრამდე მშენებლობის დასრულებას. როგორც მოსარჩელე მიუთითებს, მშენებლობის დასრულებას სჭირდება, სულ მცირე, 15 თვე. თუმცა საერთოდ არ ახსენებს ერთხელ უკვე აღძრულ სარჩელს, სადაც მისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს 06.07.2018 წლის განჩინებით შპს „გ.ჯ–ას“ შეეზღუდა თავის კუთვნილ ნაკვეთზე და მასზე მშენებარე ბინაზე ყოველგვარი უფლება. განჩინება გაუქმდა 17.01.2019 წლის გადაწყვეტილებით. ახალი სარჩელის შეტანიდან (21.05.2020 წლიდან) მშენებლობის დამთავრებამდე 2020 წლის 4 დეკემბრამდე დარჩენილია 7 თვე. მოსარჩელის მიერ პირველ სარჩელზე სასამართლო მიმდინარეობდა 2018 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის 17 იანვრამდე, 6 თვისა და 10 დღის განმავლობაში. დასკვნა მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით 2020 წლის 27 იანვარს მომზადდა. ამდენად, საჭირო 15 თვის ათვლა უნდა დაიწყოს არა 21.05.2020 წლიდან, არამედ 27.01.2020 წლიდან. ამ დროს კი დარჩენილი იყო დაახლოებით 11 თვე მშენებლობის დასრულების დრომდე.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა.გ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის 2017 წლის 04 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ა.გ–ძის მიერ უარის თქმის გამო, მოსარჩელე ა.გ–ძეს საკუთრებაში დაუბრუნდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........ ქ. N40, დაზუსტებული ფართობი 2271.00 კვ.მ. ს/კოდი: N......; მოპასუხე შპს „გ.ჯ–ა“-ს მოსარჩელე ა.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაღები ფართის გაუქირავებლობის გამო მიუღებელი შემოსავალის 2020 წლის 04 დეკემბრიდან 2021 წლის 09 ივნისამდე პერიოდზე 36691,66 აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელე ა.გ–ძის მოთხოვნები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
9. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
შპს „გ.ჯ–ას" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და მე-5 პუნქტი მხოლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა.გ–ძის სასარჩელო მოთხოვნა შპს „გ.ჯ–ასთვის" 2020 წლის 4 დეკემბრიდან 2021 წლის 9 ივნისამდე პერიოდზე ყოველთვიურად 5 950 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
11. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
11.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება უძრავი ქონების უკან დაბრუნების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11.2. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 2017 წლის 15 თებერვლის ცვლილებებით 5.4. პუნქტი ჩამოყალიბდა ისე, რომ მყიდველი ვალდებული გახდა ნასყიდობის საგანზე უზრუნველეყო შეთანხმებული პროექტის მიხედვით განსაზღვრულ „0“ ნიშნულ მონოლითამდე მშენებლობის დასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამყიდველს დაუბრუნდებოდა ხელშეკრულების ობიექტი გაუქმებისას არსებული ფორმით. შეცვლილი 5.5.1 პუნქტის თანახმად, თუ მყიდველი სამი წლის ვადაში არ გადასცემს საკუთრებაში შესაბამის ფართებს გამყიდველს, გამყიდველი უფლებამოსილი ხდება აუციონის წესით გაყიდოს მიწის ნაკვეთზე არსებული კორპუსი და ინაზღაუროს ქონების საფასური, ხოლო ინგლისურად ნათარგმნი ხელშეკრულების 5.4.1 მუხლით განისაზღვრა მყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა 3 წელი და 6 თვე, რაც მყიდველისთვის წარმოადგენდა შეცდომაში შეყვანას, რადგან ხელშეკრულების შესრულების ვადა შეადგენდა 3 წელს.
11.3. კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „ვ–ის“ 2020 წლის 20 იანვრის დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულებას სჭირდებოდა სულ მცირე 15 თვე. კასატორის მოსაზრებით, მშენებლობის ვადები არ დარღვეულა, თუ მშენებლობა 15 თვეშიც არ დასრულდებოდა, მოპასუხის ბრალი გამორიცხული იყო, რადგან ექსპერტიზის დასკვნის თარღიდან 2020 წლის დეკემბრამდე დარჩენილი იყო 11 თვე, ასევე, 2018 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის 17 იანვრამდე მოპასუხეს შეჩერებული ჰქონდა მშენებარე კორპუსზე უფლებები, შესაბამისად, პირველი საქმის განხილვისას გამოტანილი უზრუვნლყოფის ღონისძიების გამო მოპასუხე მხარეს ხელი შეეშალა მშენებლობის გაგრძელებაში, რომ არა ეს ფაქტი, მოპასუხე შეძლებდა საქმის დროზე დასრულებას, რისთვისაც სარჩელის შეტანის დროიდან მოპასუხეს მშენებლობის დამთავრებისთვის ჰქონდა 23 თვე.
11.4. კასატორის მითითებით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მშენებლობის ნებართა გაიცა 2017 წლის 4 მაისს, რომელიც უნდა დამთავრებულიყო არა 2019 წლის 4 მაისს, არამედ 2020 წლის 4 მაისს. 2017 წლის მაისში არ არსებობდა 2017 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულება. ხელშეკრულების ვადის დასაწყისი კი მისი ხელმოწერის მომენტია, კერძოდ, 2017 წლის 4 დეკემბერი.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს საკვლევ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის კანონიერების დადგენა და, აქედან გამომდიანრე, საკუთრების უფლებაში აღდგენის მართლზომიერება.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას პოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა (იხ. მ. თოდუა/ ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 37.).
21. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები).
22. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ან/და კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ. სუსგ საქმე Nას-1003-924-2017, 1 დეკემბერი, 2017 წელი; საქმე Nას-1166-2019, 6 აპრილი, 2020 წელი).
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი (თუმცა, სკ-ის 405-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს შეუძლია შესრულების ვადის დადგომამდე განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებიდან გასვლის პირობა ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა. ამასთან, თუ მოვალემ ვალდებულება შეასრულა ან კრედიტორმა შეთანხმებულის ნაცვლად სხვა შესრულება მიიღო, კრედიტორი ხელშეკრულებიდან ვერ გავა. კრედიტორს ასევე ეზღუდება ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, თუ მოვალემ წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარმოადგენს პრეტენზიას (შესაგებელს). ანალოგიური წესი გამოიყენება მაშინაც, როდესაც მოვალეს შეუძლია ვალდებულების გაქვითვა და იგი ამ უფლებას კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის დაყენებისთანავე გამოიყენებს). ამასთან, ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოშობს მონაწილეთა შორის ახალ ვალდებულებას: მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ. (იხ. სუსგ. №ას-1116-2023 27 დეკემბერი, 2023 წელი).
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები განამტკიცებენ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის უფლებას უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ მეორე მხარე არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორს შეუძლია მოვალეს დაუწესოს დამატებითი ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად. თუმცა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც არ არის საჭირო ვალდებული პირისათვის არც დამატებითი ვადის დაწესება და არც გაფრთხილება, ესენია: თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების საკითხის დადებითად გადაწყვეტაზეა დამოკიდებული მისი თანმდევი მატერიალური შედეგის - ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულის უკან დაბრუნების დადგომაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლა.
26. შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამო შემკვეთისათვის სსკ-ის 644-ე მუხლით მინიჭებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლებთან ერთობლიობაში. სსკ-ის 405-ე მუხლი დეტალურად აწესრიგებს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლების წარმოშობის წინაპირობებსა და გამონაკლისებს, ისევე, როგორც აღნიშნული უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებებს. სსკ-ის 644-ე მუხლი ამ შემთხვევაში, სპეციალური და ამავე დროს, ერთგვარი დამხმარე მოთხოვნის საფუძველია, რომელსაც მითითებით მოთხოვნის საფუძველს უწოდებენ, ვინაიდან იგი შემკვეთისათვის ნაკლიანი შესრულების გადაცემის შემთხვევაში სსკ-ის 405-ე მუხლზე მიუთითებს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, სსკ-ის 352-ე და 644-ე მუხლების წარმოშობის წინაპირობების არსებობისას წარმოშობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის უფლებას.
27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
29. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, როგორც 2017 წლის 4 დეკემბერის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ასევე შპს „ვ–ის“ დასკვნით გათვალისწინებულ ვადაში მოპასუხეს სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულებული არ აქვს.
30. კასატორი აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის 4 დეკემბრამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა შპს „ვ–ის“ დასკვნის თანახმად, მისი მომზადების დროისთვის (27.01.2020 წელი) მიწის ნაკვეთზე განხორციელებულია მხოლოდ საძირკვლის სამუშაოები, ხოლო დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად სულ მცირე 15 თვეა საჭირო, რომლის 2020 წლის 4 დეკემბრამდე ვადაში შესრულება შეუძლებელია.
31. ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორი მიუთითებს, რომ 2018 წელს აღძრული სარჩელის ფარგლებში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მას მშენებარე ბინაზე ყოველგვარი უფლება შეეზღუდა, რის გამოც შეუძლებელი იყო სამუშაოების გაგრძელება, კერძოდ, პირველ სარჩელზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა 2018 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის 17 იანვრამდე, 6 თვისა და 10 დღის განმავლობაში, ხოლო ახალი სარჩელის შეტანიდან (21.05.2020 წლიდან) მშენებლობის დამთავრებამდე 2020 წლის 4 დეკემბრამდე დარჩენილია 7 თვე. რაც შეეხება დასკვნას, ის მომზადდა 2020 წლის 27 იანვარს, შესაბამისად, საჭირო 15 თვის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა 21.05.2020 წლიდან, არამედ 27.01.2020 წლიდან, რა დროისთვისაც დარჩენილი იყო დაახლოებით 11 თვე მშენებლობის დასრულების დრომდე, აქედან გამომდინარე, კასატორს არ დაურღვევია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა.
32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 04.12.2017 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, კასატორი ვალდებული იყო მშენებლოდა დაესრულებინა არაუმეტეს 3 წლისა. აღნიშნული ვადის ათვლა დაიწყებოდა თბილსის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ შესაბამის სამშენბლო ნებართვის გაცემის მომენტიდან, აღნიშნული ნებართვა გაიცა 2017 წლის 3 მაისს, შესაბამისად, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 4 მაისის ჩათვლით პერიოდი, ხოლო ხელშეკრულების შესრულების მაქსიმალური ვადა მთავრდებოდა 2020 წლის 4 დეკემბერს. აღნიშნული პერიოდის ფარგლებში, კასატორი ვალდებული იყო დაესრულებინა სამშენებლო სამუშაოები, თუმცა როგორც დადგინდა, მან ეს ვალდებულება ვერ შეასრულა ჯეროვნად. აღნიშნულს ადასტურებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ–ის“ 2020 წლის 27 იანვრის დასკვნა, რომლის თანახმად, მშენებლობის დასრულებას დასჭირდება სულ მცირე 15 თვე, რაც 2020 წლის 4 დეკემბრის პერიოდისთვის ვერ შესრულდება.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „ვ–ის“ 2020 წლის 11 მარტის დასკვნაში მოცემულია იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რაც მისი მომზადების დროისთვის ობიექტზე არის შესრულებული, თუმცა მოპასუხეს არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის ისეთი სახის მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტი.
34. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.07.2018 წლის განჩინებით არსებული აკრძალვების გამო მოპასუხემ ვერ შეძლო სამუშაოების გაგრძელება. აღნიშნული განჩინების თანახმად, მოპასუხე მხარეს აეკძალა ნივთის მხოლოდ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რაც გულისხმობს იმას, რომ რამე სხვა სახის შეზღუდვა სასამართლოს მხრიდან არ ყოფილა გამოყენებული და მოპასუხეს შეეძლო თავისი ვალდებულებების დაუბრკოლებლად განხორციელება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ კანონიერად შეძლო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გასვლაზე თანხმობის გაცხადება.
35. რაც შეეხება სახელშეკრულებო უერთიერთობის შეწყვეტის გამო პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების შესაძლებლობას, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამრთლოს დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ რადგან სახეზეა 405-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობების დაკმაყოფილების ფაქტი, ნორმის მიმთითებლური ხასიათი გვამისამართებს სსკ-ის 352-ე მუხლის პირველ ნაწილთან, რომელიც განსაზღვრავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლის თანახმად, რესტიტუცია შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ორივე მხარის უფლებაში ადღდენა მოხდეს ნატურის გადაცემით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რადგან შესაძლებელია ნატურის სახით მოხდეს ქონების გადაცება, მოსარჩელეს სრული უფლება აქვს მოითხოვოს გადაცემული ნივთის უკან გამოთხოვა, შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ეს მოთხოვნა საფუძვლიანია და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „გ.ჯ–ას“ (ს.კ.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ი.შ–ის (პ.ნ. .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადახდო დავალება: N20118673809; გადახდის თარიღი 09.01.2024;) 70% – 5600 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
ლ. მიქაბერიძე