საქმე №ას-209-2024 17 აპრილი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ზ.ბ–ძე (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს მ.კ.“, ბ.ხ–ვა მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – შპს ,,მ -კ–ის" დამფუძნებელი პარტნიორის ბ.ხ–ვას 100%-იანი წილის რეგისტრაციის გაუქმება და შპს ,,მ-კ–ის" 85% წილის მესაკუთრედ ზ.ბ–ძის ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ.ბ–ძის საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი შპს ,,მ-კ–ის" დამფუძნებელი პარტნიორის ბ.ხ–ვას 100%-იანი წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს ,,მ-კ–ის" 85% წილის მესაკუთრედ ზ.ბ–ძის ცნობის შესახებ.
2. კასატორის პრეტენზიით, ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულება დაიდო იმ დროს, როდესაც ზ.ბ–ძე, როგორც მსჯავრდებული იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების რეგისტრაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში, ამიტომ მოსარჩელესთვის შეუძლბელი იყო გარიგების რეგისტრაცია. მიუხედავად ამისა, გარიგებამ წარმოშვა წილზე საკუთრების უფლება, რისი რეგისტრაციაც უნდა განეხორციელებია კომპანიის ხელმძღვანელ ბ.ხ–ვას, რაც არ განხორციელებულა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს ეტაპზე დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგი ნორმები, რადგან იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერი საფუძველი, რაც სასამართლომ არ განახორციელა, კერძოდ, მოპასუხე მხარეს ორჯერ გაეგზავნა მისამართზე შესაგებელი, თუმცა ორივეჯერ უარი განაცხადა ჩაბარებაზე. ამის მიუხედავად, სასამართლომ არსებითად განიხილა საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაცვლად, რაც ეწინააღმდეგება როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსს, ისე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს.
4. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა საქმის გადაწყვეტისთვის აუცილებელ მტკიცებულებებზე. 2018 წლის 24 დეკემბრის დოკუმენტით განისაზღვრა სამეწარმეო საზოგადოებაში წილები, რადგან მოსარჩელე იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, კომპანიის ხელმძღვანელი იყო ვალდებული ცვლილება წარედგინა მარეგისტრირებელი ორგანოსთვის, რისი შეუსრულებლობითაც, ერთი მხრივ, დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება, ხოლო მეორე მხრივ, ხელმძღვანელი პირის ფიდუციური ვალდებულებები.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
9. შპს „მ.კ–ი“ მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2013 წლის 05 ივლისს, 100% წილის მესაკუთრედ მითითებულია ბ.ხ–ვა, რომელიც, ამავდროულად, საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირია.
10. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 24 დეკემბერს შედგენილი წერილობითი დოკუმენტი: შპს ,,მ-კ–ის" რეალურ დამფუძნებელ პარტნიორთა შეთანხმება სამეწარმეო წილების გადანაწილების შესახებ“. რომლის თანახმად, ზ.ბ–ძეს ეკუთვნის საწარმოს წილის - 85%; - ბ.ხ–ვას - 10%, ხოლო სასარჩელო მოთხონაა ამფუძნებელი პარტნიორის ბ.ხ–ვას 100%-იანი წილის რეგისტრაციის გაუქმება და შპს მ-კ–ის - 85% წილის მესაკუთრედ ზ.ბ–ძის ცნობა.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის მთავარ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს საწარმოში წილების განსაზღვრის საკითხის კანონირება, როდესაც არ არსებობს შესაბამისი სახის ოფიციალური სარეგისტრაციო ჩანაწერი წილების გადაცემის, ასევე საწარმოს პარტნიორობის შესახებ.
12. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 51 მუხლის პირველი, მე-2 და 51 პუნქტების, ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის ,,ზ" პუნქტის სისტემური განმარტების საფუძვლზე უნდა ითქვას, რომ შპს კაპიტალური ტიპის საზოგადოებაა, რომლის პარტნიორობა დამოკიდებულია წილის საკუთრებაზე, რომლის წარმოშობის საფუძველიც პარტნიორთა კრების მოწვევით საწარმოს წილზე წაკუთრების წარმოშობაა გარიგების საფუძველზე, ხოლო შემდგომ ცვლილების რეგისტრაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში, სხვაგვარ მოწესრიგებას ქართული კანონმდებლობა არ იცნობს.
13. სამოქალაქო კოდექსის 33ე და 311-ე პრიმა მუხლი განსაზღვრავს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერ შესაძლებლობას, რომელიც დამოკიდებულია მხარეთა შორს გარიგების არსებობასა და მის რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრში.
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი იყო ზემოაღნიშნული დასაბუთების შესაბამისად მოსარჩელეს დაემტკიცებინა მოთხონის არსებობის სახელშეკრულებო საფუძველი, თუმცა, რადგან მხარეთა შორის სადავო გარიგება არ ყოფილა შესაბამის ორგანოში რეგისტრირებული, ავტომატურად მოქმედებს საჯარო რეესტრის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია, რისი საწინააღმდეგოც მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, ხოლო წინსწრებად არ არსებობს რამე სახის შედავება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დავალდებულების შესახებ, ამიტომ, სასამართლოს მოსაზრებით, ვერ იქმნება იმ ფაქტობრივ გარემოებათა საკმარისი წრე იმისთვის, რომ მოსარჩელის ეს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
15. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საწარმოს წილებზე წარდგენილი შედავებისთვის, ამ საქმის განხილვის მიზნებისთვის, აუცილებელია, რომ შემდავებელი პირი საწარმოს პარტნიორს წარმოადგენდეს, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება მოსარჩელის პარტნიორობა, შესაბამისად, მის მიერ საწარმოს წილების გადანაწილების მოთხოვნა საფუძველსმოკლებულია, ხოლო რეალური პარტნიორის არსებობაზე პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ასეთი სახის არარეგისტრირებულ პარტნიორს ქართული კანონმდებლობა არ იცნობს, შესაბამისად, თუ კი პირი საწარმოს პარტნიორად რეგისტრირებული არ არის, ის ასეთად ვერ იქნება აღიარებული.
16. რაც შეეხება შედავებას, რომ რადგან მოსარჩელე პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა და ვერ შეძლებდა საჯარო რეესტრში შესაბამისი ფაქტის დამდგენი დოკუმენტის რეგისტრაციას, სასამართლო ვერც ამ არგუმენტს გაიზიარებს, რადგან შესაძლებელია თუნდაც წარმომადგენლის მეშვეობით საკუთარი იურიდიული ინტერესების დაკმაყოფილება და ასეთი სახის უფლების რეალიზებისთვის არ არის აუცილებელი ფიზიკური ჩართულობა.
17. დაუსწრებელი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ შედავებაზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232 პრიმა მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
18. აღნიშნული ნორმიდან ჩანს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის არ არის საკმარისი საპროცესო ეტაპის ბრმად დაკმაყოფილება. აუცილებელია, რომ მატერიალური გაგებითაც სახეზე იყოს ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად გაამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნული წინაპირობა კუმულაციურად მოქმედებს საპროცესო კომპონენტთან ერთად, შესაბამისად, თუნდაც ფორმალურად, პროცესუალურად სახეზე იყოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, ის ვერ იქნება მიღებული თუ მითითებული გარემოებებით ვერ დასტურდება სასარჩელო მოთხონის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. განსახივლელ საქმეშიც სწორედ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მატერიალურ ნაწილში, როგორც ზემოთ აღინიშნა არ არსებობდა მოთხოვნის დამკაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, სადაც გამოჩნდა, რომ მითითებულმა გარემოებებმა ვერ გაამართლა სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, კასატორის აღნიშული შედავებაც საფუძველსმოკლებულია, აქედან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ზ.ბ–ძეს (პ.ნ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.ბ–ძის (პ.ნ. .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის (საგადახდო დავალება: N19873718157; გადახდის თარიღი 21.12.2023;) 70% – 5600 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე