საქმე №ას-84-2024 17 აპრილი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში: მოსარჩელე, შემსყიდველი, შემსყიდველი ორგანიზაცია, კასატორი ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შემსყიდველის სარჩელი სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდგომში მოპასუხე, მიმწოდებელი ან სადაზღვევო კომპანია) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
2. კასატორის პრეტენზიით, ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა და განსაზღვრა ხანდაზმულობის დენის დაწყების თარიღი, რადგან მხარეთა შორის 2019 წლის 31 მაისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N419 ხელშეკრულება ძალაში იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით. 2019 წლის 29 ოქტომბრის #2886057 წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სადაზღვევო კომპანიას სთხოვს ვალდებულების შესრულებას. აღნიშნულ წერილზე სს „ს.კ.ე.ჯ–იამ“ 2019 წლის 24 დეკემბრის #3453617 წერილით განმარტა, რომ ვადების დარღვევა გამოწვეული იყო სერვის-ცენტრის ბრალეულობით. სამინისტროს მიერ 23/03/2021 წერილით მოპასუხეს დამატებით განესაზღვრა 30 კალენდარული დღე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადასახდელად. ხანდაზმულობის ვადა უნდა დაიწყოს არა 2019 წლის 01 ნოემბრიდან, არამედ იმ დროიდან, როდესაც კრედიტორმა შეიტყო, რომ ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, დაკისრებულ პირგასამტეხლოს კომპანია არ გადაიხდიდა.
3. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილსების შეკეთება/აღდგენის ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 20 კალენდარული დღით, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - 45 დღით. 2021 წლის 17 მარტის შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის N651761 სამსარუცებრივი ბარათით დასტურდება, რომ ორგანიზაციის მირე დაირღვა ხელშეკრულების დანართი N1-ის მეორე ნაწილის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა, კერძოდ, 2019 წლის 26 ივლისს დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა, ხოლო 2019 წლის 12 აგვისტოს სატრანსპორტო საშუალების აქტი დასრულდა 2019 წლის პირველ ნოემბერს 59 დღის დაგვიანებით, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის მოვალეს დაეკისრა 50 ლარის პირგასამტეხლო ყოველ ვაგადადაცილებულ დღეზე, რაც ჯამურად შეადგენს 2 950 ლარს.
4. საქმის მასალებით დგინდება, რომ სამინისტრომ მანქანა სერვისტენტრში 2019 წლის 25 ოქტომბერს მიიყვანა, რომელიც 2019 წლის 01 ნოემბერს შეკეთდა. ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ ავტომობილი შესაძლებელია შეკეთებამდე ექსპლუატაციაში ყავდეს სამინისტრსოს და მაშინ მიიყვანოს შესაკეთებლად, როდესაც დამღვევი მზად იქნება შესაბამისი მოქმედებებისთვის.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
9.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ შორის 2019 წლის 31 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N419 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების (დაზღვევის პირობების დანართი N1-ის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის დანართი N2-ის შესაბამისად) მომსახურება. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით. ხელშეკრულების დანართი N1-ის, დაზღვევის პირობების მეორე ნაწილის, მე-2 მუხლის, მე-10 პუნქტის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა ზარალის დარეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე;
9.2. 2019 წლის 26 ივლისს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „TOYOTA COROLLA”, სახელმწიფო ნომერი ......., (გამოშვების წელი - 2019). 2019 წლის 14 აგვისტოს მხარეებმა ხელი მოაწერეს დარეგულირების აქტს. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება დასრულდა 2019 წლის 1 ნოემბერს;
9.3. 2021 წლის 23 მარტს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა კალენდარული დღის დაგვიანებით შესრულებული სამუშაოს გამო, პირგასამტეხლოს სახით 2950 ლარის გადახდა;კასატორი სადავოდ ხდის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ შემცირებას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით, მხარეთა შორის განსაზღვრული იყო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი, სასამართლოებს არ ჰქონდათ მისი შემცირების უფლება.
10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილია მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლით (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით კი, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები.
11. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
12. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებლად წარდგენილია ხანზამულობის შედავება, რაც უპირველესად უნდა იქნეს განხილული, რადგან, ხადაზმულობის არსებობის შემთხვევაში, გამოირიცხება სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსის არსებითი განხილვის შესაძლებლობა.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, დაზღვეული, დაზიანებული ავტომანქანის შეკეთება დასრულდა 2019 წლის 1 ნოემბერს. სწორედ აღნიშნული თარიღი წარმოადგენს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლის წერტილს და არა ხელშეკრულების დასრულების მომენტი, რადგან შეკეთების დასრულებისას შეიტყო მოსარჩელემ ვალდებულების სავარაუდო არაჯეროვანი შესრულების შესახებ, რა მომენტშიც სავარაუდოდ დაირღვა მისი უფლება მიეღო ჯეროვნად შესრულებული ვალდებულება. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩეელმსასარჩელო წარმოების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა 2022 წლის 14 დეკემბერს. 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე გასულია ზუსტად სამი წელი ერთი თვე და 13 დღე, შესაბამისად, სასარჩელო წარმოების დაწყების მომენტში მოსარჩელეს უკვე გაშვებული ჰქონდა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომლის თანახმად, მოსარჩელემ 23/03/2021 წერილით მოპასუხეს დამატებით განუსაზღვრა 30 კალენდარული დღე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადასახდელად, შესაბამისად აღნიშნული წერილით შეწყდა ხანდაზმულობის ვადა.
15. სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
16. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ კონკრეტულ შემთხვევებს, რა დროსაც შესაძლებელია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა. კასატორის მიერ მითითება, რომ წერილი გაუგზავნა მოპასუხეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიზნით, ვერ ჩაითვლება აღნიშნული ნორმის რეგულირების სფეროში არსებულ შემთხვევად, რადგან დასახელებული ნორმა უშუალოდ სახელმწიფო ორგანოში ან სასამართლოში მიმართვის შემთხვევებს განსაზღვრავს, სხვა სახის უფლებამოსილება კი ნორმაში არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, საკასაციო პალატა ამ კუთხით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია (სუსგ. საქმე №ას-1586-1489-2012, 22.04.2013წელი). ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებებიდან ერთ-ერთის განხორციელებას მხოლოდ მაშინ მოჰყვება ამავე ნორმაში მითითებული სამართლებრივი შედეგი, ვიდრე ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასული ვადის დენის შეწყვეტაზე საუბარი მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს (სუსგ. საქმე №ას-960-909-2015, 04.12. 2015 წელი, სუსგ ას-192- 2022,28/04/2022წ).
17. ზემოაღნიშნული დასაბუთების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის შედავება ხანდაზმულობის შესახებ წარმატებულია, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე