საქმე №ა-4952-შ-148-2023 13 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.ც–ია, წარმომადგენელი ე.შ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ვი, წარმომადგენელი ს.ქ–ლი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განჩინების (საქმეზე № A40-259712/19-78-299„В“) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ტ. ასულ ც–სა (შემდეგში - საარბიტრაჟო მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) და ა.კ–ვს (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2019 წლის 22 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) ბათილობისა და ამავე სამართლებრივი შედეგის გამოყენების მოთხოვნით ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ.ა. ა–მა.
2. ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განჩინებით (საქმეზე № A40-259712/19-78-299„В“):
2.1. ბათილად იქნა ცნობილი შუამდგომლობის ავტორსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
2.2. მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ 2 900 000 ლარის ექვივალენტი რუსული რუბლის გადახდა დაეკისრა, აღსრულების დროისათვის რუსეთის ბანკში არსებული კურსით.
3. ნ.ც–იამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ითხოვა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
5. 2023 წლის 20 ოქტომბერს, მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო სასამართლოში წერილობითი მოსაზრებები წარმოადგინა, სადაც შემდეგ არგუმენტებზე მიუთითა:
5.1. აღსასრულებლად წარმოდგენილი არბიტრაჟის გადაწყვეტილება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ვალდებულებას შეეხება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეებს შორის გაფორმდა. შესაბამისად, დავა რუსეთის ტერიტორიაზე, რუსული კანონმდებლობით არ უნდა გადაწყვეტილიყო.
5.2. რაკი სასამართლო პროცესი უცხო ქვეყანაში მიმდინარეობდა, მოწინააღმდეგე მხარე მოკლებული იყო იმის შესაძლებლობას, რომ თავისი უფლებები სრულად დაეცვა და მტკიცებულებები წარედგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციის 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე გამოტანილ სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებათა გადაწყვეტილებებს, მათ შორის სასამართლოს მიერ ამგვარ საქმეებზე მორიგების შესახებ დამტკიცებულ შეთანხმებებს და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით ნოტარიალურ აქტებს (შემდგომ - გადაწყვეტილებები).
დასახელებული კონვენციის 53.2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე თან უნდა ერთვოდეს დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, და რომელიც პროცესში არ მონაწილეობდა, სათანადო წესით და დროულად გამოძახებული იყო სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი.
ამავე კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ: ბ) მოპასუხეს პროცესში იმის გამო არ მიუღია მონაწილეობა, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახების შესახებ შეტყობინება.
კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ: დ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება უნდა აღიარდეს და აღსრულდეს, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.
7. მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნას და ძირითადად საკუთარ პოზიციას აფუძნებს იმ არგუმენტებზე, რომ იგი სათანადო წესით არ მიიწვიეს სასამართლოში, ასევე, მოცემული საარბიტრაჟო დავა რუსეთის სასამართლოს მიერ არ უნდა გადაწყვეტილიყო.
8. წარმოდგენილი შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხის შეფასებისას, რამდენიმე გარემოებაა საყურადღებო:
8.1. „მოპასუხის სათანადო წესით მოწვევასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც შუამდგომლობას თან ერთვის მოპასუხის მოწვევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, წარმოიშობა პრეზუმფცია, რომ მოპასუხე მოწვეული იყო სასამართლო განხილვაზე.
მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, რათა ეს პრეზუმფცია გააბათილოს და მტკიცების ტვირთი კვლავ მოსარჩელეზე გადაიტანოს“ (საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარება სამოქალაქო საქმეებზე, პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018 წ. გვ:110).
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე მოპასუხე მხარის სათანადო წესით სასამართლო სხდომაზე მოწვევის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ მოიპოვება, ასეთი გარემოება ერთმნიშვნელოვნად არც სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება.
8.2. აღსასრულებლად წარმოდგენილი გადაწყვეტილებით ასევე გაურკვეველია, თუ რა სტატუსით მონაწილეობდა მოწინაამდეგე მხარე საარბიტრაჟო საქმის განხილვაში, რაც ეროვნულ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობასთან შეუსაბამოა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განჩინებით დადგენილია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება და შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარეს 2 900 000 ლარის ექვივალენტი რუსული რუბლის გადახდა დაეკისროს.
ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებიდან მოვალის სტატუსთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია ნათლად და ორაზროვნად არ გამომდინარეობს, წარმოდგენილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხის დადებითად გადაწყვეტა, ამ მიზეზითაც გამართლებული ვერ იქნება.
ნიშანდობლივია, რომ მხარის პროცესუალურ სტატუსთან დაკავშირებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული რიგი უმნიშვნელოვანესი უფლებები, როგორიცაა საკუთარი პოზიციის დასაბუთებისთვის აუცილებელი და მოსარჩელე მხარის მოსაზრებების გამაქარწყლებელი მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა და სხვა, რამაც შეიძლება განაპირობოს ამავე მხარის პოზიციის გაზიარება და საბოლოო წარმატება.
მხარეები მოქმედებენ რა დისპოზიციურობისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპის ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სახის სარჩელი აღძრან სასამართლოში, რომელ ფაქტებს დაამყარონ თავიანთი მოთხოვნა, რა ტიპის შესაგებელი დაუპირისპირონ სასარჩელო მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (შდრ: სუსგ: №ას-1152-2021, 31.01. 2022წ.; №ას-1329-2019, 12.04.2022).
შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველ საფუძველს (იხ: ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბილისი, 2003წ., გვ.67).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
8.3. საყურადღებოა, რომ აღსასრულებლად წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო გარიგების ბათილად ცნობისა და გარიგების ბათილობის შედეგების გამოყენების შესახებ მოთხოვნა დ.ა. ა–ის განცხადების საფუძველზე აღიძრა, რომლის ინტერესიც მითითებული მოთხოვნების მიმართ წარმოდგენილი საპროცესო დოკუმენტაციიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილი არ არის.
მაშინ როდესაც, ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, მოთხოვნის უფლების მქონე პირის მიერ სარჩელის აღძვრა, საქმის განსახილველად მიღების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, რომლის დაუცველობისაც გარკვეული წინაპირობების არსებობისას საქმის წარმოების შეწყვეტაც შეიძლება მოჰყვეს შედეგად (სსსკ-ის 84-ე მუხლი).
9. ამავდროულად, საგულისხმოა, საქმის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოს კომპეტენციის საკითხიც, სახელდობრ, აღნიშნული მოსაზრების შეფასებისას შემდეგი გარემოებებია საყურადღებო:
- ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოში, კერძოდ, ქ.თბილისში, ........ მდებარე უძრავ ქონებაზე საქართველოს მოქალაქეებს (შუამდგომლობის ავტორსა და მოწინააღმდეგე მხარეს) შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
- სსსკ-ის მე-18 მუხლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა შეეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით; ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე, სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო.
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც შეეხება: უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია.
10. ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით საკასაციო პალატა ასკვნის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განჩინების (საქმეზე № A40-259712/19-78-299„В“) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნ.ც–იას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები : ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე