Facebook Twitter

საქმე №ას-63-2024 11 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ფ–ძე (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ.გ–ი“ (მოპასუხე)

მოპასუხე - ჯ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

კერძო საჩივრის დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 22 ნოემბერს, ჯ.გ–მა (შემდეგში - პირველი მოპასუხე, გამსხვისებელი), როგორც ნ.ფ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი, თავდაპირველი მესაკუთრე, დაზარალებული) წარმომადგენელმა, საკუთარ თავთან უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისი, ......, შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულება დადო, რომლითაც უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით გამსხვისებლის სახელზე აღირიცხა.

2. თავდაპირველი მესაკუთრის სახელით გამსხვისებელი სომხეთის რესპუბლიკის ნოტარიუს ი.შ–ის მიერ 2016 წლის 3 ნოემბერს დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე გამოდიოდა, რომლითაც თავდაპირველმა მესაკუთრემ გამსხვისებელს უფლებამოსილება მიანიჭა, ყოფილიყო მისი წარმომადგენელი და თავისი შეხედულებით ფასის და პირობების მიხედვით გაეყიდა, გაეჩუქებინა, გაეცვალა, გაექირავებინა, თავის თავზე დაერეგისტრირებინა - თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

3. 2016 წლის 25 ნოემბერს, გამსხვისებელს, როგორც, პროდუქციის მიმღებსა და შპს „ფ.გ–სს“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე, კრედიტორი ან იპოთეკარი) შორის პროდუქციის რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც მეორე მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, რომ ეტაპობრივად გამსხვისებლისთვის 76 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია (სხვადასხვა მინერალური სასუქი) გადაეცა. მეორე მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, რომ ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით მისი კუთვნილი უძრავი ნივთი დაეტვირთა. ხელშეკრულებით ფულადი ვალდებულების ზღვრული თანხა 76 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. ხელშეკრულება 2017 წლის 15 იანვრის ჩათვლით მოქმედებდა.

4. 2016 წლის 26 ნოემბერს, პირველ და მეორე მოპასუხეს შორის სანოტარო წესით იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც პროდუქციის რეალიზაციის შესახებ 2016 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გამსხვისებლის სახელზე საკუთრებით უფლების რეგისტრირებული ზემოხსენებული უძრავი ქონება.

5. 2017 წლის 24 იანვარს, ნოტარიუსმა ჟ.ტ–მა კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 76 000 აშშ დოლარით განისაზღვრა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი სარეალიზაციოდ მიექცა.

დასახელებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში პირველი მოპასუხის მიმართ იძულებითი აღსრულება დაიწყო, რომელზეც სააღსრულებო წარმოება თავდაპირველი მესაკუთრის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით შეჩერდა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით პირველი მოპასუხე დამნაშავედ იქნა ცნობილი.

განაჩენით დადგინდა, რომ:

- 2016 წლის ნოემბერში პირველმა მოპასუხემ ყალბი, 2016 წლის 3 ნოემბრით დათარიღებული რუსულ და სომხურ ენებზე შედგენილი მინდობილობები დაამზადა, რომელთა მიხედვითაც, თავდაპირველი მესაკუთრე მას უძრავი ნივთის განკარგვის შესაძლებლობას ანიჭებდა. აღნიშნული მინდობილობები პირველმა მოპასუხემ ქართულ ენაზე ათარგმნინა, რომლის სისწორეც ნოტარიუსმა დაამოწმა. იმავე დღეს მან უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ ყალბი ხელშეკრულება შეადგინა, რომლის თანახმადაც, ხსენებული ბინის ახალი მესაკუთრედ თავად გამოდიოდა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა.

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის სახელით შედგენილი ყალბი მინდობილობისა და უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება პირველმა მოპასუხემ მოტყუებით საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა, რის შედეგადაც დაზარალებულს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

- 2016 წლის 26 ნოემბერს, ქ.თბილისში, .......გამზირის N42-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, პროდუქციის რეალიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით პირველმა მოპასუხემ იპოთეკით დატვირთა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ვითომდა მისსავე საკუთრებად დარეგისტრირებული უძრავი ნივთი, რის შედეგადაც იგი მოტყუებით დაეუფლა მეორე მოპასუხის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 76 000 აშშ დოლარს.

7. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა:

- 2016 წლის 3 ნოემბერს პირველი მოპასუხის სახელზე გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობა;

- 2016 წლის 22 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

- 2016 წლის 26 ნოემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

- 2017 წლის 24 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

8.1. ბათილად იქნა ცნობილი პირველ მოპასუხეზე მოსარჩელის სახელით 2016 წლის 3 ნოემბერს გაცემული მინდობილობა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 22 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და აღდგენილ იქნა თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრების უფლება;

8.2. იპოთეკის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 26 ნოემბერს სანოტარო აქტით რეგისტრირებული მიწოდებული პროდუქციის ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება;

8.3. გაუქმდა ნოტარიუს ჟ.ტ–ის მიერ 2017 წლის 24 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და შეწყდა მის საფუძველზე თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იპოთეკარმა (მეორე მოპასუხე) გაასაჩივრა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით:

- მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

- იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე თავდაპირველი მესაკუთრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ, ვინაიდან, იპოთეკარის არაკეთილსინდისიერება არ დადასტურდა, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 312-ე მუხლი).

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მესაკუთრემ.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განჩინებით, დაუშვებლობის გამო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

13. მოგვიანებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ, რომელმაც ახალ გარემოებად და მტკიცებულებად თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის განჩინება მიიჩნია, რომლის თანახმადაც, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებას ყადაღა დაედო. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცებულება, რომლის არსებობის თაობაზეც 2023 წელს შეიტყო, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა.

14.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაში განმცხადებელი ვერ ადასტურებდა მის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეული ფაქტის ისეთ არსებით მნიშვნელობას, რომლის მანამდე გამოვლენა და მითითებაც მისთვის სასარგებლო შედეგის დადგომას გამოიწვევდა;

კერძოდ, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის ნაწილში განმცხადებლის სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით იმ საფუძვლით არ დაკმაყოფილდა, რომ მეორე მოპასუხე კეთილსინდისიერი იპოთეკარი იყო;

შესაბამისად, ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებას ყადაღა დაედო, მისთვის სასარგებლო შედეგის დადგომას ვერ გამოიწვევდა, მოპასუხის კეთილსინდისიერ იპოთეკარად მიჩნევის ფაქტს ვერ შეცვლიდა და, იმ დავის ფარგლებში მონაწილე მხარეთა გათვალისწინებით, სააღსრულებო წარმოების შეწყვტის განმაპირობებელი გარემოება ვერ შეიქმნებოდა.

14.2. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა გარემოება იმის თაობაზე, რომ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მოსარჩელესთვის ცნობილი იყო ზემომითითებული ფაქტისა და მტკიცებულების შესახებ;

კერძოდ, 2017 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, მოსარჩელემ იცოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებას ყადაღა დაედო, რაც ს.ფ. 51-ზე (ტომი 1) წარდგენილი მტკიცებულებით დგინდებოდა.

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ვ.ჭიტაძის სახელზე მოსარჩელის წარმომადგენელ ნ.ფხალაძის 2017 წლის 15 თებერვლის განცხადების თანახმად, ნ.ფხალაძემ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეზე, სადაც კრედიტორია - მეორე მოპასუხე, ხოლო, მოვალე - პირველი მოპასუხე, აღმასრულებელს წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლის მიხედვით, უძრავ ქონებას ყადაღა დაედო.

15. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით მოითხოვა:

- საჯარო რეესტრის საქმესთან დაკავშირებული წარმოების მასალების გაცნობის შემდეგ ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის განჩინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იმავე დღეს დარეგისტრირდა, ხოლო, განჩინების რეგისტრაციის ზუსტი თარიღის დადასტურებით დგინდება, რომ 2017 წლის 24 იანვარს ნოტარიუს ჟ.ტ–ის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისას მისთვის ცნობილი იყო უძრავ ნივთზე სასამართლო ყადაღის რეგისტრაციის თაობაზე.

- სსკ-ის 302.7 მუხლის თანახმად, ყადაღადადებული ნივთის რეალიზაცია დაუშვებელია. ამ მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დაყადაღებული ნივთის არათუ რეალიზაცია, არამედ ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, იძულებითი აღსრულების მიზნით ყადაღადადებულ ნივთზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, კანონს ეწინააღმდეგება.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება განმცხადებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის განჩინების საფუძველზე მოითხოვა, რომლითაც ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სადავო ქონებას ყადაღა დაედო.

18. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

ზემომითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში არის დასაშვები, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

19. სსსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

დასახელებული საპროცესო ნორმით კანონმდებელი ყურადღებას იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე ამახვილებს, რომლებსაც:

ა. არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას;

ბ. კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები არსებობდეს საქმის განხილვის დროს (გადაწყვეტილების გამოტანამდე) და არა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;

გ. საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა;

დ. ამასთან, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;

ე. და ბოლოს, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მიეთითებინა.

ამდენად, სსსკ-ის 423.1 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძველი კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას:

პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე

და, მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

აქედან გამომდინარე, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს საქმისწარმოების დასრულებამდე ჰქონდა (შდრ. იხ. სუსგ. №ას-609-576-2015, 28.12.2015).

20. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოებების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენს საქმის შედეგზე და მხარემ ასეთი მტკიცებულება საქმის განხილვისას ვერ წარადგინა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოებების გამო.

21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების შესაბამისად, არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით... საკუთარი ინტერესის არსებობა, რომელიც დადასტურებულია სავალდებულო და საბოლოო განჩინებით, წარმოადგენს განჩინების ბენეფიციარის „საკუთრებას“ №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი მნიშვნელობით. ასეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უტოლდება საკუთრებით სარგებლობაში ჩარევას. „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ისე, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესს შორის (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 53; § 58; იხ. აგრეთვე : Brumărescu v. Romania [GC], no.28342/95, § 61, ECHR 1999-VII; Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII; Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX).

22. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად, კანონი არ მოითხოვს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების სისწორის, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების, მტკიცებულებათა შეფასების სისწორის შემოწმებას. სასამართლოს მთავარი ამოცანაა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და დაადგინოს, მოახდინეს თუ არა მათ გავლენა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეზე (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015 წელი, 732).

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებში იგულისხმება მხარეთა სადავო ურთიერთობისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტები: გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა ამ ფაქტების გაუთვალისწინებლად; თუ ეს ფაქტები ცნობილი იქნებოდა საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, მაშინ მათი გათვალისწინებით საქმეზე გამოტანილი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

23. განსახილველი საკითხის შეფასებისას, საკასაციო პალატა, უწინარესად, შემდეგ გარემოებაზე მიაქცევს ყურადღებას:

საქმის მასალებით დადგენილია ფაქტი იმის თაობაზე, რომ დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მოსარჩელესთვის ცნობილი იყო მის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული დოკუმენტის თაობაზე.

სახელდობრ, ს.ფ. 51-ზე (ტომი 1) განთავსებული მტკიცებულებით დგინდება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ვ.ჭ–ძის სახელზე მოსარჩელის წარმომადგენელ ნ.ფ–ძის 2017 წლის 15 თებერვლის განცხადების მიხედვით, სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეზე (სადაც კრედიტორია - მეორე მოპასუხე, ხოლო, მოვალე - პირველი მოპასუხე) მოსარჩელის წარმომადგენელმა ნ.ფ–ძემ აღმასრულებელს წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის განჩინება, რომლითაც ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სადავო ქონებას ყადაღა დაედო.

შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა იმის მაუწყებელია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა წარუმატებელია, რამდენადაც, საქმის განხილვის დროს განმცხადებლისთვის არათუ ცნობილი იყო განცხადებაში მის მიერ მითითებული მტკიცებულების თაობაზე, არამედ, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის ხსენებული მტკიცებულების შესახებ ინფორმაცია მას უკვე წარდგენილი ჰქონდა.

24. საკასაციო პალატის შეფასებით, განცხადება იმ საფუძვლითაც წარუმატებელია, რომ განმცხადებელი ვერ ადასტურებს მის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეული დოკუმენტის ისეთ არსებით მნიშვნელობას, რომლის მანამდე გამოვლენა და მითითებაც მისთვის სასარგებლო შედეგის დადგომას გამოიწვევდა.

იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის ნაწილში განმცხადებლის სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით იმ საფუძვლით არ დაკმაყოფილდა, რომ მეორე მოპასუხე კეთილსინდისიერი იპოთეკარი იყო.

განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული მტკიცებულების შინაარსი კი, მეორე მოპასუხის კეთილსინდისიერებას არ გამორიცხავს. ამ უკანასკნელის, როგორც იპოთეკარის კეთილსინდისიერების შემოწმებისას არსებითია იმის გარკვევა, იცოდა თუ არა ან უნდა სცოდნოდა თუ არა მას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 26 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას კონტრაგენტი (პირველი მოპასუხე) სადავო ქონების ნამდვილი მესაკუთრე არ იყო.

ზენიაღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებას ყადაღა დაედო, განმცხადებლისთვის სასარგებლო შედეგის დადგომას ვერ გამოიწვევს, მოპასუხის კეთილსინდისიერ იპოთეკარად მიჩნევის ფაქტს ვერ შეცვლის და სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის განმაპირობებელი გარემოება ვერ შეიქმნება.

25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ფ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე