14 მარტი, 2024 წელი,
საქმე №ას-1589 -2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - სს „ს.რ–ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ე-პ.ჯ–ია“ (მოპასუხე)
II კასატორი - სს „ე-პ.ჯ–ია“
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.რ–ა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.რ–ა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე აპელანტი, კასატორი ან მყიდველი) და სს „ე-პ.ჯ–ია“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან გამყიდველი) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ამ გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 6 605 713, 63 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. საკასაციო პრეტენზიებით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
პირველი კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულ თანხაზე კანონისმიერი პროცენტის სახით 1 915 845 ლარის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა. კერძოდ, სემეკის გაზრდილი ტარიფით ელ. ენერგიის მიწოდების გამო მოსარჩელე იძულებული იყო მოპასუხისთვის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაანგარიშებული თანხა აენაზღაურებინა. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია მოპასუხე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება. სს ს.რ–ის მიერ დაუსაბუთებლად გადახდილი თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა სოლიდურ შემოსავალს და ეს გარემოება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
მეორე კასატორის მტკიცებით, არასწორია მოსაზრება სს ე-პ.ჯ–იას მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე თანხების მიღების ნაწილში. მიღებული გადაწყვეტილებები იურიდიულად დაუსაბუთებელია ვინაიდან არაა გათვალისწინებული სახელშეკრულებო პირობა, რომელიც მეორე კასატორს ელექტროენერგიის ტარიფის ათი პროცენტით გაზრდის შესაძლებლობას ანიჭებდა. სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ხანდაზმულია და დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრისა და 2023 წლის 30 იანვრის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2011 წლის 27 სექტემბერს მხარეებს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ #338-1/11 ხელშეკრულება დაიდო, რომლის საგანს მყიდველისთვის 10 წლით, ელექტროენერგიის მიწოდება წარმოადგენდა.
4.3.1. მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების ზედა ზღვარის შესაბამისად ხორციელდებოდა (იხ. 2.1. პუნქტი).
4.3.2. შეთანხმების 2.3. პუნქტით დადგინდა, რომ 2016 წლის 1 სექტემბრამდე ხელშეკრულების გაფორმების დროს დადგენილი ტარიფი, მიუხედავად სემეკის მიერ ტარიფების ზედა ზღვარის გაზრდისა დარჩებოდა უცვლელად.
4.3.3. ზღვრული ტარიფის გაზრდის თაობაზე სემეკის შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობისას, გამყიდველის მოთხოვნისთანავე ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი გაიზრდებოდა სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის ზედა ზღვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 10%-ისა თუ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტზე არსებული მონაცემებით, ლარის ევროზე გაცვლითი კურსი შეთანხმების გაფორმების მომენტისათვის არსებულ კურსთან შედარებით არანაკლებ 10%-ით იქნებოდა გაზრდილი, 60 დღეზე მეტი ხანგრძლივობით (იხ. 2.5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი).
4.4. 2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე მოპასუხემ მოსარჩელეს ელექტროენერგია 2015 წლის 23 ივლისის #19 და იმავე წლის 28 დეკემბრის #46 დადგენილებით განსაზღვრული გაზრდილი ტარიფით მიაწოდა (იხ. ანგარიშფაქტურები).
მოსარჩელის მიერ თავდაპირველად შეთანხმებულ სახელშეკრულებო ფასსა და გაზრდილი ტარიფით მიწოდებული პროდუქტის შესყიდვის შედეგად ზედმეტად ანაზღაურებულ თანხებს შორის სხვაობა - 6 605 713,63 (დღგ-ს ჩათვლით 1 007 651,22 ლარი) ლარია.
4.5. 2018 წლის 25 დეკემბერს მოპასუხემ 2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდისთვის, ახალი ანგარიშფაქტურები გამოწერა (სადავო ოდენობით შემცირებული). რაც მოსარჩელემ 2019 წლის დეკემბერში (სასამართლო დავის მიმდინარეობისას) დაადასტურა.
5. დადგენილია, რომ მოპასუხე მოსარჩელეს/აბონენტს აწვდიდა ელექტროენერგიას, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებობს ნასყიდობის სამართალურთიერთობა (იხ. სემეკ-ის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების („ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები, შემდგომში _ წესები) მე-3 მუხლი, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი), რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე) და სხვა ნორმებთან ერთად, წესრიგდება აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულებითა და სემეკის დადგენილებით დამტკიცებული წესებით. ზედმეტად გადახდილ თანხაზე პროცენტის - 1 915 845 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობას კი 411-ე და-412-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო; ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობის არ არსებობა განაპირობებს.
6. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საგანია შეთანხმებული სახელშეკრულებო ფასის გარდა დამატებით გადახდილი ელექტროენერგიის საფასურის - 6 605 713,63 (დღგ-ს ჩათვლით) ლარის ანაზღაურება.
7. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მხარეთა მიერ დადებული შეთანხმების 2.1, 2.3 და 2.5 პუნქტების ნამდვილი შინაარსის დადგენა, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ბედი სრულად არის დამოკიდებული ელექტროენერგიიის საფასურის დადგენის შესახებ სახელშეკრულებო პირობების სწორ განმარტებაზე.
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო დათქმები მხარეთა შორის დამყარებულ ურთიერთობაში კანონის ძალის ტოლფასია, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნორმატიული ნებით დადგენილ იმპერატიულ მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმება კანონშესაბამისია და ამდენად, სადავო ურთიერთობა მის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.3-2.5 პუნქტებში განისაზღვრა ელექტროენერგიის საფასურის დადგენის სამი მექანიზმი.
სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციების მოსაზრებას, რომ 2.3 პუნქტში მოცემულ დროის შუალედში ფასის გაზრდაზე უარის თქმის პირობა წარმოადგენდა იმპერატიულ დანაწესს, რადგან ამავე წესიდან გამონაკლისს არც სიტყვასიტყვითი და არც ლოგიკური განმარტებით, გარიგების 2.3 და შემდგომი პუნქტები არ შეიცავდა. ამრიგად, 2011 წლის 27 სექტემბრიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში სასამართლო კანონიერად ასკვნის, რომ მოქმედებდა ხელშეკრულებით შეთანხმებული ფიქსირებული ტარიფი.
10. დადგენილია, რომ 2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე მოპასუხემ მოსარჩელეს ელექტროენერგია 2015 წლის 23 ივლისის #19 და იმავე წლის 28 დეკემბრის #46 დადგენილებით გათვალისწინებული გაზრდილი ტარიფით მიაწოდა და ანგარიშფაქტურებიც გამოწერა, რაც მყიდველმა დაადასტურა.
ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 23 ივლისის #19 და იმავე წლის 28 დეკემბრის #46 დადგენილებით გაზრდილ ტარიფსა და 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებით განსაზღვრულ ტარიფებს შორის სხვაობიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ დამატებით გადახდილი თანხა - 6 605 713,63 (დღგ-ს ჩათვლით 1 007 651,22 ლარი) ლარია.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მხარეებმა კონკლუდენტური მოქმედებებით ფაქტობრივად შეცვალეს მათ მიერ განსაზღვრული ანგარიშსწორების წესი.
კერძოდ, გამყიდველმა ტარიფების გაზრდილი ოდენობის შესაბამისად ანგარიშფაქტურის გამოწერით მყიდველს შესთავაზა მოდიფიცირებული პირობა, მყიდველმა კი, ანგარიშფაქტურის დადასტურებით თანხმობა განაცხადა პირობაზე, რის შედეგადაც მხარეებმა კონკლუდენტური ქმედებით შეცვალეს შეთანხმებული პირობა; უფრო მეტიც, შეცვლილ პირობას მყიდველი კიდევ ერთხელ დაეთანხმა თავისი მოქმედებით, რაც გამოიხატა სადავო თანხის გამყიდველისათვის გადახდით.
აქვე ხაზგასასმელია, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს მოპასუხის მიერ 2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე გამოწერილი იქნა ახალი ანგარიშფაქტურები (სადავო ოდენობით შემცირებული); 2019 წლის დეკემბერში (სასამართლო დავის მიმდინარეობისას) მოსარჩელემ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურები დაადასტურა, ეს გარემოება მხარეებს შორის არ არის სადავო, ამდენად, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით სახელშეკრულებო პირობა ისევ შეიცვალა.
11.1. დადგენილია, რომ მოპასუხემ ახალი ანგარიშფაქტურებით, კვლავ დააკორექტირა ფასი და მხარეებმა შეცვალეს ანგარიშწორების წესი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას ზედმეტად გადახდილი - 6 605 713,63 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების მართლზომიერების თაობაზე.
12. რაც შეეხება სახელშეკრულებო ფასის გარდა ზედმეტად გადახდილ თანხაზე პროცენტის - 1 915 845 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
დასახელებული ნორმის მიხედვით, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც პირს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურად განვითარების შემთხვევაში, ანუ ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო.
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებით, მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (შდრ. სუსგ-ები: N ას- 154-2021, 01.04.2021წ; N ას-945-895-2015, 14. 03. 2016წ; N ას-307-291-2011, 24.10.2011 წ; N ას-899-845-2012, 22.11.2012 წელი).
მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი წინაპირობები შემოიფარგლება კონკრეტული ვალდებულებითი ურთიერთობებით და დამოკიდებულია ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემოსავლის მიღების ალბათობაზე. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება (იხ. სუსგ N ას-520-488-2010, 2.12.2010 წ.).
12.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (შდრ. სუსგ საქმეზე №ას-243-2021, 04/06/2021 წ.).
12.3 ამდენად, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. დავის შემთხვევაში კი, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებებზე, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება, შეეძლო თუ არა მოვალეს გონივრულობის ფარგლებში მისი გათვალისწინება და არის თუ არა ზიანის ოდენობა რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამის ადეკვატური.
12.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების (მტკიცების საგანი), ასევე მათი დამტკიცების ტვირთი (მტკიცების ტვირთი). განსახილველ შემთხვევაშიც, ზიანის მიყენების ფაქტისა და განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს, შესაბამისად, სწორედ მოსარჩელე იყო ვალდებული მიეთითებინა და სარწმუნოდ დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
12.5. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მას იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება, რომელიც შექმნის ობიექტურ, რეალურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე, რამეთუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა კრედიტორის სუბიექტური შეფასებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოთხოვნის ამ ნაწილშიც იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და არგუმენტაციას, რომ მოსარჩელემ/პირველმა კასატორმა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო, რაც მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის უარყოფის საფუძველია.
13. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
14. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (1-ლი კასატორის საგადასახდო დავალება #418, გადახდის თარიღი 20.01.2023წ; მეორე კასატორის საგადასახდო დავალება #105544002, გადახდის თარიღი 29.11.2022წ;), 70% - 5600-5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.რ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.რ–ას“ (ს/კ ........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადასახდო დავალება #418, გადახდის თარიღი 20.01.2023წ;), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3.. სს „ე-პ.ჯ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
4. სს „ე-პ.ჯ–იას“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადასახდო დავალება #105544002, გადახდის თარიღი 29.11.2022წ;), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე