საქმე №ას-1469-2023 29 მარტი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ.ქ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ა.პ–ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, კომპენსაციის, იძულებითი განაცდურის, შრომის ანაზღაურების დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ.ქ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი შპს „ა.პ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან დამსაქმებელი) წინააღმდეგ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, კომპენსაციის, იძულებითი განაცდურის, შრომის ანაზღაურების დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის გადაწყვეტილება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 2 500 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 28 იანვრიდან ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე), კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 350 ლარის გადახდა, კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისრა 2022 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების 350 ლარის 0.07 პროცენტის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2022 წლის 4 თებერვლიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4. პუნქტის აღსრულებამდე.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ელი, 1.3-ე და მე-3 პუნქტების შეცვლით საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ელი, 1.3-ე და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის 28 იანვრიდან 2022 წლის 21 მარტამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1 225 ლარის ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე); მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 24,87 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.09.2022 წლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე, 2022 წლის 10 იანვარს, ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე კომპანიაში უმცროსი იურისტის პოზიციაზე დასაქმდა. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 700 ლარით განისაზღვრა, კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე;
3.2. ფუნქციურმა ხელმძღვანელმა ნ.ნ–ძემ, 2022 წლის 27 იანვარს, მოსარჩელეს აცნობა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდებოდა, ხოლო 28 იანვარს, კომპანიის HR დეპარტამენტის უფროსმა ე.ჟ–ამ დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობა;
3.3. მოსარჩელემ, 2022 წლის 31 იანვარს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნით მოპასუხეს მიმართა. 2022 წლის 1 თებერვალს მოსარჩელეს ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა გათავისუფლების შესახებ დასაბუთება, რომლის თანახმადაც მასთანშრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე „დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება“ ) შეწყდა. დამსაქმებლის მითითებით, გამოსაცდელ ვადაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთების ვალდებულება არ არსებობს, თუმცა დასაქმებულს დამატებით მაინც განუმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურში არაერთგზის დაგვიანება/გამოუცხადებლობა;
3.4. მოპასუხე კომპანიაში მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული უმცროსი იურისტის პოზიცია ვაკანტური არ არის;
3.5. სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხის შედავების პასუხად, სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მისი გათავისუფლების წერილობითი დასაბუთება მოითხოვა 2022 წლის 31 იანვარს, რაზედაც პასუხი 2022 წლის 1 თებერვალს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო, შესაბამისად, მას 30 დღის განმავლობაში - 2 მარტის ჩათვლით უნდა შეეტანა სასამართლოში სარჩელი. საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. განჩინების აღწერილობითი ნაწილით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს თავდაპირველად 2022 წლის 2 მარტს, ანუ კანონით დადგენილ 30-დღიან ვადაში მიმართა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული;
3.6. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, იმავე სარჩელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მოსარჩელემ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის განჩინება ჩაიბარა 2- კვირიან ვადაში - 2022 წლის 14 მარტს, შესაბამისად, სარჩელის ხელახლა წარდგენის 30 დღიანი ვადის ათვლა 2022 წლის 15 მარტს დაიწყო. სარჩელი განმეორებით შეტანილია 2022 წლის 1 აპრილს, ანუ კანონით დადგენილ ვადაში.
4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მასთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების მიხედვით, დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანია ხელშეკრულების მხარეებისათვის დროის მიცემა, რათა მათ ერთმანეთის შესახებ შეექმნათ წარმოდგენა. კანონმდებელი უშვებს გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების გაფორმებას ვადიანი ხელშეკრულების სახით. აღნიშნული ვადის განმავლობაში დამსაქმებელს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მას არ ევალება გარკვეული წინაპირობების დაცვის ვალდებულება. ამასთან, კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წერილობითი სახით.
6. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის მხარეებს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულება, სადაც მითითებული იქნებოდა გამოსაცდელ ვადაზე, პირიქით, მოპასუხე სადავოდაც არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელესთან ხელშეკრულება დაიდო ზეპირი ფორმით.
7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ქვემდებარეობის პრინციპის გათვალისწინებით, დამსაქმებელს შეუძლია ხელშეკრულებით განსაზღვროს შრომის კოდექსისგან განსხვავებული მოწესრიგება და ცალმხრივად დაადგინოს შრომითი პირობები, თუმცა ეს პირობები არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას. განსახილველ შემთხვევაში, კანონი იმპერატიულად ადგენს გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების ფორმას, შესაბამისად, მოპასუხე ზეპირი ფორმით ვერ დადებდა და ვერ შეუთანხმდებოდა მოსარჩელეს გამოსაცდელ ვადაზე.
8. მოპასუხის მტკიცებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ შრომის შინაგანაწესის სისტემატური დარღვევების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას იკვლევს ბრძანებაში მითითებული საფუძვლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, შეწყვეტის საფუძველად მითითებულია გამოსაცდელი ვადის გასვლა, რაც სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.
9. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულება. სშკ-ის მე-12 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით: 1. შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა არის 1 წელი ან 1 წელზე მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას; ვ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.
10. მოპასუხეს არ წარმოუდგენია წერილობითი ხელშეკრულება შრომითი ურთიერთობის განსაზღვრული ვადით დადების შესახებ, არც სშკ-ის მე-12 მუხლის მესამე ნაწილში მითითებული რომელიმე პირობის არსებობა დაუდასტურებია, რაც შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას გაამართლებდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის განუსაზღვრელი ვადით დადებულად მიჩნევის თაობაზე.
11. სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამდენად, დასაქმებული უფლებამოსილია შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მოითხოვოს ანაზღაურება.
12. უდავოა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის 10 იანვარს და შეწყდა იმავე წლის 28 იანვარს, შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს ნამუშევარი დღეების შესაბამისად ყოველთვიური ხელფასის 700 ლარის ნახევრის 350 ლარის ანაზღაურებას. მოპასუხეს არ წარმოუდგენია მოსარჩელისათვის ნამუშევარი დროის შესაბამისი გასამრჯელოს გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც წარმოადგენდა მისი, როგორც ძლიერი მხარის, კერძოდ, საწარმოს ფინანსურ დოკუმენტების წვდომაზე უფლებამოსილი პირის, ვალდებულებას. ამდენად, სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია.
13. ასევე, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა შრომის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.
14. სშკ-ის 41-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ეს წესი არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
15. ამდენად, აღნიშნული წესი შეეხება შრომითი ურთიერთობის პერიოდში გადასახდელი სახელფასო ანაზღაურების დაყოვნებისათვის დარიცხულ ჯარიმას. იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილია მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ 350 ლარის მოპასუხისთვიის დაკისრების კანონიერება, ასევე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს კანონით გათვალისწიებული პირგასამტეხლო გადაუხდელი (დაყოვნებული) თანხის 0.07 პროცენტის ოდენობით. შესაბამისად, სარჩელი 2022 წლის 4 თებერვლიდან სახელფასო ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის 350 ლარის 0.07 %-ის გაანგარიშებით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია.
16. სშკ-ის 48-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
17. მოსარჩელე პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენას არ ითხოვს, მისი მოთხოვნა მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრებაა.
18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ცხადია, კომპენსაციამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში (სუსგ Nას-632-2019, 21.06.2019წ.).
19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის გამო კომპენსაციის სახით 2 500 ლარის გადახდა მართებულად დაეკისრა. დასაქმებულის ხელფასის და მოპასუხე კომპანიაში ნამუშევარი პერიოდის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაკისრებული კომპენსაცია გონივრული და სამართლიანია.
20. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.
21. მოსარჩელეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა არ მოუთხოვია, რომც მოეთხოვა, საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი, რომ მისი პოზიცია ვაკანტური 2022 წლის 21 მარტიდან არ არის (ს.ფ. 115-121). სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური უნდა დაეკისროს გათავისუფლების დღიდან - 2022 წლის 28 იანვრიდან იმავე წლის 21 მარტამდე, რაც ჯამში 1225 ლარია. შესაბამისად, ამ ნაწილში მოპასუხის (დამსაქმებლის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეიცვალა.
22. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
22.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხე დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი, მოსარჩელემ გაასაჩივრა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
22.2. კასატორის განმარტებით, საქმის განხილვის დროს, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, არ მიუსადაგა კანონის შესაბამისი ნორმები საქმეზე დადგენილ გარემოებებს, რის გამოც საქმეზე დადგა არასწორი გადაწყვეტილება. სასამართლომ არასწორად შეაფასა სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების იმპერატიული მოთხოვნები;
22.3. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
22.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
22.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
22.6. მოპასუხე დამსაქმებლის წარმომადგენელმა 2024 წლის 4 მარტს საკასაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დასაქმებულის საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
23. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი, ამასთან, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია სადავო სამართალურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის, რაც არ ქმნის საქმის ხელახლა განსახილველად (ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ან სხვა მტკიცებულებების ხელახლა გამოსაკვლევად) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცესუალურ საფუძველს და, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე.
24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
24.1. სსსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად (საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს), საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ-ები.№ას-807-2020, 12.11.2020წ.; №ას-1150-2020, 29.11.2021წ.; Nას-1558-2022 1.03.2023წ.; Nას-654-2022, 2.03.2023წ.);
24.2. მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა ისიც, რომ საკასაციო სამართალწარმოება ინიცირებულია მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძველზე და მის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელის შედეგები მოპასუხეს საკასაციო წესით სადავოდ არ გაუხდია, ანუ მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, მოპასუხეც დაეთანხმა. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შედეგად მოსარჩელისთვის მიკუთვნებული იძულებითი განაცდურის ოდენობაა განსახილველ საქმეზე სადავოდ ქცეული მოსარჩელის (კასატორის) მიერ, რის შესაფასებლადაც საქმეზე საკმარისად არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის დასაბუთებლობა არ იკვეთება.
24.3. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია გააკეთოს შეფასება და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ №ა-1915-ბ-8-2015 , 22.07.2015წ.; №ას-1150-2020, 29.11.2021წ.);
24.4. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (№ას-806-2021, 22 თებერვალი, 2022 წ, პ.8);
24.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს, სასამართლოს შეხედულებას მიანდობს (შდრ. სუსგ-ები: №ას-1098-2023, 4.12.2023 წ.; №ას-270-2023, 31.05.2023 წ.; №ას-1142-2020, 20.04.2021წ.; №ას-102-2021, 31.03.2021წ.; №ას-968-2020, 21.12.2020 წ.; №ას-670-2020, 15.09.2020 წ.; №ას-1208-2019, 21.11.2019წ.). ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე (ECHR, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, № 8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32); ევროპულმა სასამართლომ არ ჩათვალა ზეპირი მოსმენის არ არსებობა მე-6 მუხლის დარღვევად, სამოქალაქო საქმეში K. v. SWITZERLAND, no. 15668/89, ECHR (Plenary), Decision of 06.12.1991.
25. საკასაციო სასამართლო საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობასაც უარყოფს, სსსკ-ის 407-ე მუხლზე დაყრდნობით, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების საპროცესოსამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე დასაქმებულის საკასაციო პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილს შეეხება, რაც ამ გადაწყვეტილების მე-19 პუნქტშია ასახული და, დასაქმებულის უკანონოდ გათავისუფლების გამო, მისთვის იძულებითი განაცდურის მიკუთვნებას ეხება, რაც სშკ-ის 48.9-ე მუხლს უნდა დაეფუძნოს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია დასაბუთებულია და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარეობს. როგორც აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი მხოლოდ დასაქმებულისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრების წესია, საკასაციო სასამართლო მხოლოდ ამ თვალსაზრისით მოიხმობს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილზე საკასაციო პრეტენზია არც ერთ მხარეს არ გამოუთქვამს.
27. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (იხ.სუსგ-ები №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; №ას-632-2019, 21.06.2019წ.; №ას-395-2019, 27.06.2019წ.; Nას-1421-2020, 5.03.2021წ.; ას-361-2022, 10.06.2022წ; ას-1163-2022, 15.02.2023წ.; ას-523-2023, 6.07.2023წ.). მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის დარღვეული უფლებების აღდგენის, მისი უფლებრივი რესტიტუციის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილების შემდგომ (ძალაშია 2020 წლის 5 ოქტომბრიდან) ამოქმედებული 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით, რომელიც კომპენსაციის დაკისრების თაობაზე მანამდე მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, როგორც პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზიანის ანაზღაურების სახესთან, ერთად იძულებითი განაცდურის დაკისრებასაც ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. ამდენად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, რა თქმა უნდა, უპირველესია დასაქმებულის უფლების დაცვა, რათა, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სამართლიანი ბალანსის აღდგენა მოხდეს. ამასთან, იძულებითი განაცდურის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების თანადროულად, კომპენსაციის ოდენობა უნდა იყოს გონივრული, არ ქმნიდეს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობებს.
28. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო უვადოდ, რაც 2022 წლის 28 იანვარს ვადაზე ადრე შეწყდა და ეს არამართლზომიერადა მოხდა. მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დასაქმებული არ ითხოვს პირვანდელ პოზიციაზე აღდგენას, შესაბამისად, სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს ვერ გასცდება (სსსკ-ის 148-ე მუხლი) დასაქმებულს, მისი მოთხოვნის ფარგლებში, უნდა აუნაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტისათვის სშკ-ის 48.9-ე მუხლით გათვალისწინებული იძულებითი განაცდური ყოველთვიურად 700 (შვიდასი) ლარი (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე) 2022 წლის 28 იანვრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
29. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფლება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით იმას ნიშნავს, რომ „ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება - განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389). ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
30. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციის საფუძველზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების გზით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
31. სსსკ-ის 53-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაბამისად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასრგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტი). ამასთან, სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია“ მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 407.1-ე, 411-ე, 264.3-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს “ა.პ–ის” განცხადება საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს “ა.პ–ის” შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. ქ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 1-ელი და 1.3-ე პუნქტების შეცვლის ნაწილში) და ამ ნაწილში, ასევე, მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების ნაწილში, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
5. ქ.ქ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
6. ქ.ქ–ძის სასარგებლოდ მოპასუხე შპს “ა.პ–ს” დაეკისროს იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 700 (შვიდასი) ლარის (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე) ანაზღაურება 2022 წლის 28 იანვრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
7. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება;
8. შპს “ა.პ–ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირველ და საკასაციო ინსტანციებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 952 (910+42) ლარის გადახდა;
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე