საქმე №ას-1609-2023 12 აპრილი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ჰ.ჯ–ია" (მოპასუხე)
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ააიპ ,,ა.უ.ც–ი’’ (H.G) , F.G
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის უარყოფა, ზიანის ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ს–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი „ჰ.ც.ჯ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე ან კომპანია) წინააღმდეგ, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის უარყოფის, ზიანის ანაზღაურებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. საქმეში ჩაბმულ იქნენ მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ააიპ „ა.უ.ც–ი“ (H.G) და F.G.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე 1977 წლიდან დღემდე (საქმის განხილვის დრომდე) მუშაობს სხვადასხვა დაწესებულებაში, სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის - დიდ საწარმოებში ხელმძღვანელ პოზიციებზე;
3.2. მოსარჩელე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის პირველი მარტიდან, განუსაზღვრელი ვადით იყო დასაქმებული შპს „ს–სა“ და შპს „ქ.ც–ში“ მენეჯერის თანამდებობაზე;
3.3. დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან 2013 წლის 8 თებერვლის ბრძანებით გათავისუფლდა;
3.4. მოპასუხე კომპანია 2011 წლის 3 აგვისტოდან - შპს „ს–ის“, ხოლო 2017-2018 წლებში განხორციელებული რეორგანიზაციების შედეგად შპს „ქ.ც–ის“ უფლებამონაცვლე გახდა;
3.5. დასაქმებული, შრომითი ურთიერთობის პერიოდში, ყოველთვიურ ხელფასთან ერთად ბონუს ანაზღაურებასაც იღებდა;
3.6. რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა დასაქმებულის სარჩელი დამსაქმებელი კომპანიის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, ასევე განაცდურის ანაზღაურების შესახებ. სასამართლოს 10.02.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
3.7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები:
- შრომითი ხელშეკრულებით მოსარჩელის ყოველწლიური დარიცხული ხელფასი 99 200 ლარით განისაზღვრა. დასაქმებულის ბონუსი 24 800 ლარს შეადგენდა;
- მოსარჩელე 2013 წლის 21 აპრილიდან 2016 წლის 28 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2016 წლის 28 აპრილიდან - ქუთაისის ავტოქარხნის დირექტორის თანამდებობაზე;
- დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მოპასუხე კომპანიის გენერალურ დირექტორს 2013 წლის 7 თებერვალს თავად დასაქმებულმა მიმართა და იგი 2013 წლის 8 თებერვლის N26 ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა;
- გათავისუფლების შესახებ ბრძანება სასამართლომ მიიჩნია საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად მიღებულად და ჩათვალა, რომ არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის, შესაბამისად, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და განაცდურის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები;
- სასამართლომ, ასევე ხანდაზმულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის დაკისრების შესახებ;
3.8. საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ F..GE-ის ინტერნეტ გვერდზე 2012 წლის 17 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგი შინაარსით - „აქციის მონაწილეები საწარმოს ხელმძღვანელის მ.ს–ძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ“, ასევე - „ქარხნის დირექტორი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებს“ და „ერთ-ერთ მუშას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს“;
3.9. ინტერნეტ გვერდზე www.H.ge, ასევე ინტერნეტგაზეთის „გ.მ–ე“, 2012 წლის 18 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგი შინაარსით - „რუსთავის ცემენტის ქარხნის ხელმძღვანელს თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ“, „ქარხნის ხელმძღვანელმა მ.ს–ძემ ერთ- ერთ მუშას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, „ლანძღვა დამიწყო, გამოსვლისას კი კართან დამეწია და წიხლი ამომარტყა, კაბინეტიდან გასვლის შემდეგაც გამომეკიდა და მაგინებდა“; ასევე - „კამათისას დირექტორი მ.ს–ძე ძალიან გაბრაზდა, კაბინეტიდან გამოსვლისას თ–ს პანღური ამოარტყა“; „ს–ძე თავდაპირველად მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ახლა კი ფიზიკურზეც გადავიდა“;
3.10. დასახელებული ინტერნეტ გვერდები:www.H.ge და F.GE, ასევე ინტერნეტგაზეთი „გ.მ–ე“ მოპასუხე კომპანიას არ ეკუთვნის;
3.11. 2012 წლის 17 და 18 დეკემბერს ინტერნეტ გვერდებზე www.H..ge და F.GE, ასევე ინტერნეტგაზეთში „გ.მ–ე“ ინფორმაციის განთავსების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი 2020 წლის ივნისში გახდა;
3.12. დასაქმებულმა სარჩელი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის უარყოფის, ასევე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 31 აგვისტოს აღძრა.
4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი, მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. ,,უფლების შემაფერხებელ’’ შესაგებელს წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მხარე თვითონაა ვალდებული, უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას.
5. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს, ინტერნეტ გვერდებზე: www.H.ge და F..GE, ასევე ინტერნეტგაზეთში „გ.მ–ე“ 2012 წლის 17 და 18 დეკემბერს გავრცელებული პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის ამავე საინფორმაციო საშუალებებით უარყოფის მოპასუხისთვის დავალდებულებას.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა - გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფის თაობაზე, გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) მე-18 მუხლის მე-2 ნაწილიდან (პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან), რომელიც, თავის მხრივ, მიუთითებს „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდეგში: სპეციალური კანონი) დადგენილი წესით პირადი უფლების დაცვის შესაძლებლობაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით...
7. სპეციალური კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
8. ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსხვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია სპეციალური კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმ საქმეებში, რომლებშიც წინააღმდეგობაში მოდის, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი) და, მეორე მხრივ, პატივისა და ღირსების დაცვა (კონვენციის მე-8 მუხლი), პირველ რიგში ყურადღება ექცევა შემდეგ საკითხებს: ა) რამდენად ეხება კონკრეტული გამონათქვამი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილი მიადგა პატივსა და ღირსებას, როგორია კონტექსტი - ეხება თუ არა გამონათქვამი პიროვნების საჯარო საქმიანობას, საქმე გვაქვს ფაქტთან თუ შეფასებით მსჯელობასთან, როგორია გამოხატვის ფორმა და შინაარსი; გ) რამდენად იყო პირის მიმართ გავრცელებული გამონათქვამი პროვოცირებული თავად ამ პირის მიერ; დ) ეროვნულმა ორგანოებმა როგორ დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და პატივისა და ღირსების დაცვას შორის.
10. მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს, მოპასუხეს დაევალოს ცნობის გამოქვეყნება (სასამართლო გადაწყვეტილების) და მის მიერ ვებ-გვერდების საშუალებით - H.GE და F.GE, ასევე ინტერნეტგაზეთით „გ.მ–ე“, მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაციის უარყოფა შემდეგი სახით: „ვებ. გვერდზე F..GE – 2012 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაცია, ვებ. გვერდზე H..GE - 2012 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაცია, ინტერნეტგაზეთში „გ.მ–ე“ - 2012 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“. კერძოდ, სინამდვილესთან შეუსაბამო, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველია ინფორმაცია გამოქვეყნებული 2012 წლის 18 დეკემბერს, ვებ-გვერდზე H..GE და ინტერნეტგაზეთში „გ.მ–ე“ - „რუსთავის ცემენტის ქარხნის ხელმძღვანელს თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ“, „ქარხნის ხელმძღვანელმა მ.ს–ძემ ერთ- ერთ მუშას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, „ლანძღვა დამიწყო, გამოსვლისას კი კართან დამეწია და წიხლი ამომარტყა, კაბინეტიდან გასვლის შემდეგაც გამომეკიდა და მაგინებდა“. „კამათისას დირექტორი მ.ს–ძე ძალიან გაბრაზდა, კაბინეტიდან გასვლისას თ–ს პანღური ამოარტყა“, „ს–ძე თავდაპირველად მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ახლა კი ფიზიკურზეც გადავიდა“. ასევე, სინამდვილესთან შეუსაბამო, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველია ინფორმაცია გამოქვეყნებული 2012 წლის 17 დეკემბერს ვებ-გვერდზე F..GE „აქციის მონაწილეები საწარმოს ხელმძღვანელის მ.ს–ძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ“, „ქარხნის დირექტორი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას სისტემურად აყენებს“, „ერთ-ერთ მუშას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა“.
11. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, უარყო რაიმე კავშირი გავრცელებულ ინფორმაციასთან და იმავდროულად სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.
12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად არ დგინდება მოპასუხედ დასახელებული კომპანიის კავშირი გავრცელებულ ინფორმაციასთან, რის გამოც მოცემული დავის ფარგლებში დამატებითი შეფასება გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობასთან, ასევე ინფორმაციის აზრისა თუ ფაქტის კვალიფიკაციასთან მიმართებით, მიზანშეუწონელია, რადგანაც არ დგინდება, მოპასუხე კომპანიის მხრიდან რაიმე სახის ინფორმაციის გავრცელება მოსარჩელესთან მიმართებით და ამ მხრივ სარჩელი უსაფუძვლოდ უნდა იქნეს მიჩნეული.
13. გარდა აღნიშნულისა, რამდენადაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შედავება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია აღნიშნული თვალსაზრისითაც შეფასდეს სასარჩელო მოთხოვნების რეალიზების შესაძლებლობა. კერძოდ, რამდენადაც მოთხოვნა გამომდინარეობს სპეციალური კანონიდან და მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იყო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, ხანდაზმულობაზე მითითებით, სააპელაციო სასამართლოს შესაფასებელია მოთხოვნის წარმოშობისა და მისი განხორციელების სამართლებრივი ფარგლები, რადგან მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის ფაქტზე მითითება, ამ უკანასკნელის საპროცესო თავდაცვის იმდენად არსებითი სახეა, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში სარჩელის წარმატება შეფერხდება (სსკ-ის 144.1-ე მუხლი).
14. სპეციალური კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა (სსკ-ის 128-ე მუხლი). ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144-ე მუხლი).
16. სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება სსკ-ის 139-ე და 140-ე მუხლები. იმავე კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
17. პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დაადასტურა, რომ დასახელებულ გვერდებზე გამოქვეყნებული სადავო ინფორმაციების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2020 წლის ივნისის თვეში, ხოლო სარჩელით სასამართლოს 2022 წელს მიმართა (იხ. 21.03.2023წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 17.26.41-17.27.37; 17.28.00-17.28.30).
18. სპეციალური კანონის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნით დასაქმებულს სასამართლოში სარჩელი უნდა წარედგინა ინფორმაციის გაცნობიდან 100 დღის ვადაში. სარჩელი კი მოსარჩელეს აღძრული აქვს წლების შემდგომ, 2022 წელს. ამდენად, გასულია სპეციალური კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
19. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ის ფაქტი, რომ ვებ-გვერდის საძიებო ველის საშუალებით ამჟამადაც შეიძლება გავრცელებული სტატიის მოძიება, არ ცვლის კანონით დადგენილი სარჩელის წარდგენის ვადას. ცნობები, რომელიც გავრცელდა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი, სამაუწყებლო ან ელექტრონული საშუალებით, მათ შორის, ინტერნეტით, როგორც წესი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახება (ამ შემთხვევებში, ასევე არსებობს ინფორმაციის არქივში დაცვისა და მოძიების შემთხვევაში, ხელახლა გაცნობის შესაძლებლობა), განსხვავებით იმ განცხადებისა, რომელიც პირმა მესამე პირებთან უშუალო კომუნიკაციისას გააჟღერა და, რომლის ტექნიკური საშუალებით ჩაწერა, ასახვა არ განხორციელებულა. სპეციალური კანონი კი, ინფორმაციის გავრცელების საშუალების მიუხედავად, მისი სასარჩელო წესით შედავების 100 დღიან ვადას ითვალისწინებს და მას უკავშირებს პირისათვის გაცნობის მომენტს, ან იმ მომენტს, როდესაც მას ჰქონდა განცხადების გაცნობის შესაძლებლობა.
20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
20.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
20.2. კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე, რადგან სადავო სტატიები ინტერნეტ სივრცეში საქმის განხილვის დრომდე იძებნება;
20.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს გავრცელებულ ინფორმაციასთან კავშირი არ აქვს, თუმცა მოსარჩელეს ამ თვალსაზრისით მოსაზრების გამოთქმის უფლება არ მისცემია. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების იმ დასკვნას, რომ მოპასუხეს კავშირი არ აქვს გავრცელებულ ინფორმაციასთან, რადგან კომპანიის ხელმძღვანელობის გარეშე სადავო ინფორმაცია ვერ გავრცელდებოდა;
20.4. კასატორის განმარტებით სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, თითქოს მოსარჩელემ განაცხადა, რომ სადავო სტატიის შესახებ 2020 წელს შეიტყო. მოსარჩელის განმარტებით, მან სადავო სტატიის შესახებ სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე ხნით ადრე შეიტყო.
20.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
20.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391.4-ე მუხლის მიხედვით ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად, რადგან არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. იმავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს ის გარემოება, ხანდაზმულია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა.
24. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (იხ. სუსგ №ას-158-154-2016, 10.02.2017 წ.; №ას-934-899-2016, 14.02.2017 წ.).
25. ხანდაზმულობა განეკუთვნება სასარჩელო მოთხოვნის შემაფერხებელ კატეგორიას, რაც ნიშნავს იმას, რომ სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის შემთხვევაში, შეუძლებელია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუნდაც დგინდებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა (იხ. სუსგ №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.).
26. სპეციალური კანონის მე-19 მუხლი აწესებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას. აღნიშნული მუხლის თანახმად, ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დრო დიდ როლს თამაშობს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საკითხში. მხარეთა შორის გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობები შეიძლება იმდენად დიდი ხნის წინ წარმოიშვას, რომ გავლენა მოახდინოს მხარეთა უფლება-მოვალეობებზე. მართლწესრიგი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთ სახესაც წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობა. მისი არსებობა განპირობებულია ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მხარეთა თანასწორობისა და მათი ინტერესების თანაბარი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე. გონივრული ხანდაზმულობის ვადების არსებობა უფლების რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ სამართლებრივი სტაბილურობის მოთხოვნა უფრო მეტად დაცვის ღირსია. სასარჩელო ხანდაზმულობა უფლების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ჩარჩოებს აწესებს. სასარჩელო ხანდაზმულობა წარმოადგენს მიზნის მიღწევის საშუალებას და არა - თვითმიზანს.
28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უფლების წარმოშობა, ისევე როგორც მისი შეწყვეტა დაკავშირებულია განსაზღვრულ დროსთან. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ამცნობს უფლების სუბიექტს მისი დარღვეული უფლების სასამართლოს გზით განხორციელების ვადის თაობაზე. სასარჩელო ხანდაზმულობა იმ სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია, რომ რაღაც ურთიერთობას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლვი დროის გასვლა პირდაპირ გავლენას ახდენს პირთა უფლებებზე (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ., გვ. 133; ბესარიონ ზოიძე, ქართული სამოქალაქო კოდექსის შექმნის ისტორიიდან, ჟურნალი „ქართული სამართლის მიმოხილვა“, თბილისი, 2003 წ. გვ. 110.).
29. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა, ანუ კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ამ ვადის გასვლა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნას არ აუქმებს (წყვეტს), არამედ მოვალეს შესაძლებლობას ანიჭებს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე, ანუ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია (შდრ: გ. სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 144-ე, ველი 1. თბილისი, 2017 წელი).
30. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012).
31. ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51) (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).
32. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება (შდრ. სუსგ №ას-1428-2018, 27.12.2018 წ.; №ას-369-350-2015, 30.07.2015 წ.).
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების შედეგად წარმოშობილი საწინააღმდეგო უფლება მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობით შესაგებელია, რომელიც მოთხოვნის განხორციელებას ხანგრძლივად ან დროებით აფერხებს. „მოთხოვნის ხანდაზმულობის მიზანია მოვალის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის გამო“ (შდრ: სუსგ №ას-898-860-2014, 09.10.2015 წ.). ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს (შდრ. სუსგ №ას-1764-2018, 13.04.2020 წ.).
34. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დასრულების მომენტს. მოთხოვნის შემოწმებისას აუცილებელია განისაზღვროს ხანდაზმულობის კონკრეტული ვადის გამოყენებისა და მისი ათვლის საკითხი. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ხანდაზმულობის ვადის ათვლის ობიექტურ და სუბიექტურ მომენტებს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 2. თბილისი, 2017 წელი; ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011 წელი, გვერდი 123).
36. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ: სუსგ-ები №ას-1937-2018, 15.03.2019 წ., პ-16; №ას-1343-1263-2017, 20.12.2017 წ.; №ას-934-899-2016, 14.02.17 წ.; №ას-68-68-2018, 03.04.2018 წ.; №ას-382-2019, 14.05.2019 წ.).
37. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო.
38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინაარმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის მტკიცების ტვირთი კი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 5. თბილისი, 2017 წელი).
39. ვინაიდან სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007 წელი, გვერდი 64.).
40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ინფორმაცია 2012 წლის 17 და 18 დეკემბერს გამოქვეყნდა, სარჩელი სასამართლოში 2022 წლის 31 აგვისტოს იქნა წარდგენილი. მოპასუხე კომპანიამ ხანდაზმულობის შესაგებელი წარადგინა და სარჩელის უარყოფა მოითხოვა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე არ ასახელებს ზუსტ დროს, თუ როდის შეიტყო სადავო ინტერნეტ სტატიების შესახებ, მოსარჩელის განმარტებით, ეს სარჩელის შეტანამდე რამდენიმე ხნით ადრე მოხდა. საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ სადავო ინფორმაციის შესახებ 2020 წლის ივნისში შეიტყო. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოკვლეული ეს ფაქტი გაიზიარა და საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმის ზუსტ დროზე მიუთითა (იხ. ამ განჩინების მე-17 პუნქტი). კასატორი უარყოფს მის მიერ ამგვარი ახსნა-განმარტების მიცემას, თუმცა დასაბუთებულად, სხდომის ოქმის კონკრეტულ მონაკვეთზე მითითებით, ვერ აბათილებს მას. აქედან გამომდინარე საკასაციო სასამართლოსათვის დადგენილია ის გარემოება, თუ როდის შეიტყო მოსარჩელემ სადავო ინფორმაციის შესახებ, რა დროიდანაც სარჩელის წარდგენამდე 100 დღე გასულია.
41. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელემ ცილისმწამებლური ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში წარადგინა სპეციალური კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის (100 დღე) დარღვევით, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ განუხორციელებადია (ხანდაზმულია). აღნიშნული გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
42. ვინაიდან დადგინდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხანდაზმულია, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს სარჩელის საფუძვლიანობაზე (მათ შორის იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს არ გაუვრცელებია სადავო ინფორმაცია) მსჯელობას.
43. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მას სააპელაციო სასამართლოში მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა არ მისცეს, აღნიშნავს, რომ კასატორს არ მიუთითებია არც ერთ მტკიცებულებაზე (მაგ. სხდომის ოქმის კონკრეტულ მონაკვეთზე), რომლითაც აღნიშნულს დაადასტურებდა. მართალია, კასატორმა მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, თუმცა, პირიქითაც რომ მომხდარიყო მისთვის სამართლებრივი შედეგი მაინც ვერ შეიცვლებოდა, რადგან სარჩელი ხანდაზმულია და სასამართლო სარჩელს არსებითად ვერ განიხილავს.
44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მართებულია, რაც გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
45. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის შესაბამისად კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. იქედან გამომდინარე, რომ კასატორს სახელმწიფო ბაჟი - 4 000 ლარი, საქმის განხილვის დასრულებამდე, გადავადებული ჰქონდა, სარჩელის უარყოფის გამო მას ამ ბაჟის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, გადახდა დაეკისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 410-ე, 264.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ს–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინება;
3. მ.ს–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 4000 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე