საქმე №ას-134-2024 29 მარტი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა.ყ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „S.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “S.” (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია, მარწმუნებელი) სარჩელი ა.ყ–ის (შემდეგში: მოპასუხე, რწმუნებული, აპელანტი, კასატორი) თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 105 763,5 აშშ დოლარის გადახდა;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 მოსარჩელე კომპანია რეგისტრირებულია საქართველოში, რომლის 100%-იან წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორი 2020 წლის სექტემბრამდე იყო მ.ა–ი.
3.2 მოსარჩელის საკუთრებაში იყო თბილისში, სოფელ დიღომში, ....... ქ. №11გ-ში მდებარე უძრავი ქონებები:
· სართული 4, ბინა N9, ს.კ. .........; · სართული 7, ბინა N17, ს.კ. .........;
· სართული 8, ს.კ. ......1; · სართული 1, N22 ავტოსადგომი, ს.კ. ........;
· სართული 1, N7 ავტოსადგომი, ს.კ ......; · სართული 5, ბინა N10, ს.კ. ......; · სართული ქ, N8 ავტოსადგომი, ს.კ. .....;
· სართული 8, ბინა N20, ს.კ. ......; · სართული 1, N14 ავტოსადგომი, ს.კ. .....; · სართული 3, ბინა N6, ......;
· სართული 5, ბინა N11, ს.კ. .....; · სართული 4, ბინა N7, ს.კ. ......;
· სართული 1, N21 ავტოსადგომი, ს.კ ......; · სართული 3, ბინა N4, ს.კ. ......;
· სართული 1, ავტოსადგომი N20, ს.კ. .......
3.3 კომპანიის დირექტორმა მ.ა–მა, მოპასუხის სახელზე 2018 წლის 28 დეკემბერს გასცა მინდობილობა, რომლის თანახმად კომპანიამ მოპასუხეს მიანიჭა უფლებამოსილება, ემართა და განეკარგა მისი კუთვნილი კონკრეტული უძრავი ქონებები (მინდობილობა შეიცავს უძრავი ქონებების ჩამონათვალს). მინდობილობაში განიმარტა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, კერძოდ: „გაყიდოს, იყიდოს, გადაიფორმოს საკუთარ სახელზე, დადოს საკუთარ თავთან გარიგება, დადოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი გარიგება მინდობილი ბინების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით, გარიგების თანხა, ვადა და სხვა პირობები განსაზღვროს თავისი შეხედულებისამებრ, შეიტანოს ცვლილება და/ან გააუქმოს ხელშეკრულებები, აწარმოოს მოლაპარაკებები, მიიღოს მარწმუნებლის კუთვნილი თანხა და ხელი მოაწეროს შესაბამის საბუთს, შეთანხმებას, აქტს, ხელშეკრულებას, დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოებში.....“. მინდობილობა გაიცა 1 წლის ვადით, 2019 წლის 28 დეკემბრამდე.
3.4 ზემოხსენებული მინდობილობის ფარგლებში კომპანიასა (როგორც გამყიდველს) და ფიზიკურ პირებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები, კერძოდ:
- 31.12.2018 წლის ხელშეკრულების საფუძველზე თბილისში, ....... ქ. №11გ -ში, მე-7 სართულზე მდებარე ბინა №17 (ს.კ. ..........) დარეგისტრირდა მ.ა–ის საკუთრებად; ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 33 784,5 აშშ დოლარით;
- 14.01.2019 წლის ხელშეკრულებების საფუძველზე თბილისში, ....... ქ. N11გ -ში, მე-4 სართულზე მდებარე ბინა N9 (ს.კ. ........) და ავტოსადგომი N22 (ს.კ. ........) დარეგისტრირდა ალი მირსალის საკუთრებად; ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 37179 აშშ დოლარით და 3300 აშშ დოლარით;
- 23.01.2019 წლის ხელშეკრულების საფუძველზე თბილისში, ....... ქ. N11გ -ში, მე-8 სართულზე მდებარე ფართი (ს.კ. .........) დარეგისტრირდა მ.ა–ის საკუთრებად; ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 31500 აშშ დოლარით. ყველა დასახელებულ ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი.
3.5 მოსარჩელესა (როგორც გამყიდველს) და სხვადასხვა ფიზიკურ პირებს შორის, 2018 წლის 30 ოქტომბერს, 2018 წლის 2 ნოემბერს, 2018 წლის 15 ნოემბერსა და იმავე წლის 25 დეკემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები და გასხვისდა თბილისში, სოფელ დიღომში, ....... ქ. N11გ -ში მდებარე, კომპანიის კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონებები:
- სართული 1, N7 ავტოსადგომი, ს.კ ...... და ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 3500 აშშ დოლარით;
- სართული 5, ბინა N10, ს.კ. ........ და ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 40000 აშშ დოლარით; · სართული ქ, N8 ავტოსადგომი, ს.კ. ......... და ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 3350 აშშ დოლარით;
- სართული 8, ბინა N20, ს.კ. .......... და ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 38272,5 აშშ დოლარით;
- სართული 4, ბინა N7, ს.კ. ............. და ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 27900 აშშ დოლარით;
- სართული 1, N21 ავტოსადგომი, ს.კ .......... და ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 3500 აშშ დოლარით;
- სართული 3, ბინა N4, ს.კ. .......... და ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 26784 აშშ დოლარით;
- სართული 1, ავტოსადგომი N20, ს.კ. ........ და ნასყიდობის ფასი 4 განისაზღვრა 3000 აშშ დოლარით. ყველა დასახელებულ ხელშეკრულებაში კომპანიას წარმოადგენდა მისი დირექტორი მ.ა–ი. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი.
3.6 კომპანიას (როგორც გამყიდველს) და ს. მ. ჰ–ას შორის 2020 წლის 13 მარტს გაფორმდა ნასყიდობის ორი ხელშეკრულება, ხოლო 2020 წლის 18 მარტს - ნასყიდობის ერთი ხელშეკრულება, რომლის თანახმად გასხვისდა თბილისში, სოფელ დიღომში, ....... ქ. N11გ-ში მდებარე, კომპანიის კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონებები:
- სართული 5, ბინა N11, ს.კ. ......., სადაც ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 32500 აშშ დოლარით;
- სართული 1, N14 ავტოსადგომი, ს.კ. ........., სადაც ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 3200 აშშ დოლარით და
- სართული 3, ბინა N6, ს.კ. ........, სადაც ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 32000 აშშ დოლარით.
ყველა დასახელებულ ხელშეკრულებაში მოსარჩელეს წარმოადგენდა ხ.გ–ძე, ხოლო მყიდველს - მოპასუხე. ხელშეკრულებებით ასევე განისაზღვრა, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი.
3.7 მოსარჩელისთვის სადავო არ არის, რომ ყველა დასახელებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მყიდველებმა გადაიხადეს ნასყიდობის საფასური.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია და სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულება. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შესაფასებელია მოპასუხისთვის 105 763,50 აშშ დოლარის დაკისრების კანონიერება.
5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კომპანიის დირექტორმა 2018 წლის 28 დეკემბერის მინდობილობით მოპასუხეს მიანიჭა უფლებამოსილება, განეკარგა კომპანიის კუთვნილი კონკრეტული უძრავი ქონებები. აღნიშნული მინდობილობის ფარგლებში მოპასუხემ, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, დადო ნასყიდობის ოთხი ხელშეკრულება, მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ და მინდობილობაში მითითებულ უძრავ ქონებებზე. დასახელებულ ხელშეკრულებებში არ არის აღნიშნული, ნასყიდობის თანხის გადახდის ფორმა (ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორება), გარიგება შეიცავს ზოგად ჩანაწერს, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება მყიდველმა სრულად გადაიხადა, რაც მხარეთა შორის სადავო არ იყო. შესაბამისად დასადგენია, ვის მიმართ მოხდა ანგარიშსწორება, კერძოდ, მოპასუხის, როგორც მოსარჩელის წარმომადგენლის, თუ უშუალოდ მოსარჩელის მიმართ.
6. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შეჯიბრებითობის და მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის საფუძველზე განმარტა, როდესაც დგინდება რწმუნებულის მიერ დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მარწმუნებლის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებისა და მყიდველის მხრიდან თანხის გადახდის ფაქტი, მოპასუხემ უნდა დაადასტუროს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 715-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ ნასყიდობის საფასურის მარწმუნებლისთვის გადაცემა.
7. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი კომპანიის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით, არ დასტურდება დასახელებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებში აღნიშნული ნასყიდობის თანხების კომპანიისთვის ჩარიცხვა. ასევე, საქმეში წარმოდგენილი არ არის ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდის მტკიცებულება. 2018 წლის 28 დეკემბრის მინდობილობაში დაკონკრეტდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები და მოპასუხეს, სხვადასხვა უფლებებთან ერთად, მიენიჭა ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში ნასყიდობის საფასურის მიღების უფლებამოსილებაც.
8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც კონკრეტული ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებული იყო მოპასუხის წარმომადგენლობით და უდავოა, რომ მყიდველმა სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური, რელევანტური მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მტკიცებას, რომ მოპასუხეს თანხები არ მიუღია.
9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობაზე მითითებისას, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოვალეს ვალდებულება არ შეუსრულებია და ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი ეკისრება მოვალეს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე გამორიცხავს ნასყიდობის საფასურის მიღებას და ასევე, განმარტავს, რომ მიღების შემთხვევაშიც მასსა და მარწმუნებელს (მოსარჩელეს) შორის არ ყოფილა შეთანხმება თანხის გადაცემასთან დაკავშირებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მინდობილობის ფარგლებში, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხეს მიანიჭა ნასყიდობის საფასურის მიღების უფლება, მოპასუხემ მიიღო ნასყიდობის საგნის ღირებულება, ხოლო თანხის მარწმუნებლისთვის გადაცემის მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამდენად, შედავება, რომ მხარებს შორის არ არსებობდა თანხის გადაცემის ფორმა რელევანტური ვერ იქნება.
10. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა აპელანტის 2023 წლის 27 ნოემბრის განცხადება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ი) 380-ე, 383-ე, 257-ე, 63-ე მუხლების საფუძველზე, განმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება ხდება საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, შესაბამისად იმ დროის განმავლობაში, როდესაც სასამართლოს გადადებული აქვს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, რაიმე საპროცესო მოქმედებას მხარეები ვეღარ შეასრულებენ. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტმა ახალი მტკიცებულების თაობაზე შუამდგომლობა წარადგინა არა მხოლოდ შუამდგომლობების ეტაპის დასრულების, არამედ საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, როდესაც სასამართლომ გადადო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხის 2023 წლის 27 ნოემბრის შუამდგომლობა დარჩა განუხილველი.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, დაადგინა, რომ აპელანტმა ვერ შეძლო დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზიის წარდგენა. ასევე, ვერც მტკიცებულებებით დაადასტურა ვალდებულების შესრულება ან გამორიცხა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.
12.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ წარმოადგინა მინდობილობა, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები და კომერციული ბანკის კონკრეტული ანგარიშიდან ტრანზაქციების ამსახველი ამონაწერი. კომპანიას არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, მოპასუხის მიერ მინდობილობის საფუძველზე გასხვისებული ქონებიდან თანხების მიღებას. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, თუნდაც თანხების მიღების შემთხვევაში, კომპანიის კუთვნილ კონკრეტულ ანგარიშზე, მოპასუხის მიერ თანხის ჩარიცხვის ვალდებულება.
12.3. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რწმუნებულებითი უფლებამოსილების არსებობის შეთხვევაში, მისი სრული მოცულობით რეალიზების პრეზუმფციულად მიჩნევასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. კასატორის განმარტებით, სამშენებლო კომპანია აქტიურად ეწეოდა უძრავი ქონების რეალიზაციას და საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ანალოგიური ხასიათის უფლებამოსილებას გასცემდა არა მხოლოდ მოპასუხეზე, არამედ ამ საქმეში ცნობილ მინიმუმ ერთ ადამიანზე - ხ.გ–ძეზე. შესაბამისად, კომპანიის მიზანი იყო ეფექტური კომერციული საქმიანობა, ბალანსზე რიცხული ქონებების რეალიზებით, რასაც აორგანიზებდა უფლებამოსილების დელეგირებით - დავალების ხელშეკრულებებით, რომელებიც მოიცავდა უძრავი ქონების გასხვისების და მითითებული ტრანზაქციის, კანონით დადგენილი წესით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული ქონების რეალიზება მოხდებოდა ერთი კონკრეტული რწმუნებულის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის უფლებამოსილება შესაძლოა ჰქონოდა სხვა რწმუნებულს შესაბამისი დავალების ხელშეკრულებით, მითითებული ქონების გაუსხვისებლობა ვერ ჩაითვლება დავალების ხელშეკრულების შეუსრულებლობად ან არაჯეროვან შესრულებად. უძრავი ქონების რეალიზებასთან დაკავშირებული იურიდიული მოქმედებები, შესაბამისი დავალების ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლოა განეხორციელებინათ სხვადასხვა პირებს.
12.4. კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ტრანზაქციების ამსახველი ამონაწერი, რომელიც თითქოს არ ასახავდა მოპასუხის მიერ მითითებული უძრავი ქონების ნასყიდობის თანხის კომპანიის ანგარიშზე შეტანის ფაქტს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ანგარიში, არც ერთ ხელშეკრულებაში, წერილობით მავალებელ დოკუმენტში არ ყოფილა, როგორც ანგარიშსწორების ანგარიში, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება არც მოსარჩელეს წარმოუდგენია.
12.5. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ განუხილველად დატოვა მხარის შუამდგომლობა მოპასუხის მიმართ შემსყიდველთა წერილობითი მიმართვების საქმეზე მტკიცებულებად დართვის თაობაზე. კასატორის განმარტებით, აღნიშნული მიმართვებით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება გადახდილია მათ მიერ არა მოპასუხის, არამედ მარწმუნებლის სასარგებლოდ და მზად არიან აღნიშნულის დასადატურებლად. კასატორის განმარტებით, მითითებული უძრავი ქონების მყიდველები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელია ირანის რესპუბლიკა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნულ პირებთან მოპასუხეს ჰქონდა ერთჯერადი ურთიერთობა, რომელიც უკავშირდებოდა მითითებულ ტრანზაქციას. საქმის მასალებთ ასევე დასტურდება, რომ კასატორი სასამართლო განხილვების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა მითითებულ პირებთან დაკავშირებას, თუმცა აღნიშნული პირების საცხოვრებელი ადგილების გათვალისწინებთ და საკონტაქტი ნომრების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა მათთან დაკავშირება.
12.6. კასატორი შუამდგომლობს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მყიდველთა ელექტრონული ფოსტის მიმართვების და მათი ნოტარიული თარგმანების მტკიცებულებად დართვას, რომლებიც ადასტურებენ, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება გადახდილია მათ მიერ არა მოპასუხის, არამედ - კომპანიის სასარგებლოდ.
12.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
16. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ.; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.; N ას-1027-2020, 27.11.2020წ.; N ას-634-2021, 4.11.2021წ.; N ას-1363-2021, 5.04.2022წ.; N ას-1183-2022, 23.12.2022წ.; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-859-2023, 20.10.2023წ.)
17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის საკასაციო პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, არასწორად დაადგინა რწმუნებულებითი უფლებამოსილების არსებობის შეთხვევაში, მისი სრული მოცულობით რეალიზების პრეზუმფცია.
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 709-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ., ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს, როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს (სუსგ-ები №ას- 895-845-2015, 29.01.2016წ; Nას-655-611-2017, 1.07.2017წ.; №ას-1281-2018, 27.03.2019წ; №ას-405-2021, 29.06.2021წ. Nას-1028-2021, 1.07.2022წ.; Nას-974-2022, 29.11.2022; Nას-727-2023, 30.01.2024წ.).
19. დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი (სუსგ-ები, №ას-1077-2018, 21.10.2019 წ., №ას-687-658-2016, 6.11.2018წ.; №ას-1203-2018, 25.04.2019წ., Nას-954-2021, 11.10.2022წ.; Nას-1058-2022, 6.12.2022წ.). სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ან/და წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.
20. სსკ-ის 715-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის და მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის თანახმად, როდესაც დგინდება რომ რწმუნებულმა დავალების ხელშეკრულების ფარგლებში გაასხვისა მარწმუნებლის უძრავი ქონება და მყიდველისგან მიიღო თანხა, რწმუნებულის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს სსკ-ის 715-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურება, მოცემულ შემთხვევაში ნასყიდობის საფასურის მარწმუნებლისთვის გადაცემის ფაქტის დადასტურება.
21. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერით არ დასტურდება ზემოხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული ნასყიდობის ღირებულების კომპანიისთვის ჩარიცხვა. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი მტკიცებულება. 2018 წლის 28 დეკემბრის მინდობილობაში დაკონკრეტდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები და მოპასუხეს, სხვადასხვა უფლებებთან ერთად, მიენიჭა ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ნასყიდობის საფასურის მიღების უფლებამოსილებაც.
22. საკასაციო სასამართლო შეფასებით საქმის მასალებით დასტურება, რომ კონკრეტული ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებული იყო მოპასუხის წარმომადგენლობით და უდავოა, რომ მყიდველმა სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური. საკასაციო სასამართლო, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ვერ გაიზიარებს კასატორის (მოპასუხის) პრეტენზიას, რომ მას თანხები არ მიუღია.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების განკარგვის თაობაზე დავალების ხელშეკრულება, ასევე მოიაზრებს განკარგვის (ნასყიდობის) შედეგად თანხის მიღებასაც. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება მყიდველის მიერ თანხის გადახდა, პრეზუმირებულია, რომ თანხა გადაუხადეს ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც განსახილველ შემთხვევაში არის კასატორი (მოპასუხე). ნასყიდობის საფასურის გადახდის განსხვავებული წესის არსებობის შემთხვევაში, კასატორი ვალდებული იყო, წარმოედგინა აღნიშნული შეთანხმების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც საქმეში წარმოდგენილი არ არის.
24. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოების განმარტებას, რომლის თანახმადაც, როდესაც კრედიტორი მიუთითებს ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობაზე, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოვალეს არ შეუსრულებია ვალდებულება და ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი აკისრია მოვალეს.
25. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე გამორიცხავს ნასყიდობის თანხის მიღებას, ამასთან, განმარტავს, რომ თანხის მიღების შემთხვევაშიც, მოპასუხეს და მარწმუნებელს (მოსარჩელეს) შორის არ ყოფილა შეთანხმება თანხის არც ერთი ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ მინდობილობის ფარგლებში, მოსარჩელემ ნასყიდობის საფასურის მიღების უფლებამოსილება მიანიჭა მოპასუხეს, ამ უკანასკნელმა მიიღო ნასყიდობის საგნის ღირებულება, ხოლო თანხის მარწმუნებლისთვის გადაცემის მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, რაც მისი მტკიცების ტვირთს განეკუთვნება. შესაბამისად, შედავება, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა შეთანხმება თანხის გადაცემის ფორმაზე სამართლებრივად შეუსაბამო და დაუსაბუთებელია.
26. საკასაციო სასამართლომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი შეამოწმა ძირითადი საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). შესაბამისად, კასატორის სამართლებრივად უმნიშვნელო შედავებაზე მსჯელობას აღარ განავითარებს.
27. კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა [სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. (შდრ: №ას-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი პ.49). რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს ეტაპზე საქმისწარმოების თავისებურებებს, სსსკ-ის 407.1-ე მუხლის თანახმად, ახალი მტკიცებულების წარდგენა საბოლოო ინსტანციის სასამართლოში დაუშვებელია (სუსგ №ას-1592-2023,30.01.2024წ.). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კასატორის შუამდგომლობას საქმეზე მტკიცებულებების დართვის შესახებ, ამიტომაც კასატორს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი დოკუმენტები.
28. სსსკ-ის 408.3-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენით უნდა წარიმართოს.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია კასატორის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ყ–ის წარმომადგენელ ო.ფ–ძის შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ა.ყ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. ა.ყ–ს (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 17.01.2024 წელს #20219072740 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% - 4200 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე