Facebook Twitter

საქმე №ას-534-2024 2 მაისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.დ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.გ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების დადებულად ცნობა, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.დ–ძის სარჩელი თ.გ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა; დადებულად იქნა ცნობილი 1968 წლის 23 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება ს.გ–ძესა და ნ.დ–ძეს შორის; ნ.დ–ძის უფლებამონაცვლე ნ.დ–ძე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ...... მდებარე, საჯარო რეესტრში N........საკადასტრო კოდით თ.გ–ძის საკუთრებად რეგისტრირებული წილიდან შენობა-ნაგებობა N8-ის (კერძოდ - 19,58მ2 და მისი დაშენების - 15,62მ2 ფართის) და შენობა-ნაგებობა N3-ის (კერძოდ - 4,74მ2-ისა და მისი დაშენების, 5.34მ2 ფართის) მესაკუთრედ და განხორციელდა შესაბამისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და 1.2. პუნქტები და ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დადებულად იქნა ცნობილი 1968 წლის 23 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება ს.გ–ძესა და ნ.დ–ძეს შორის; ნ.დ–ძის უფლებამონაცვლე ნ.დ–ძე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ......... მდებარე, საჯარო რეესტრში N....... საკადასტრო კოდით თ.გ–ძის საკუთრებად რეგისტრირებული წილიდან შენობა-ნაგებობა N8-ის - 19,58მ2-ის და შენობა-ნაგებობა N3-ის- 4,74მ2-ის მესაკუთრედ და განხორციელდა შესაბამისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; დანარჩენ ნაწილში (დაშენების ფართი - N8 შენობა-ნაგებობის 15,62მ2და N3 შენობა-ნაგებობის 5.34მ2) მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები დარჩა უცვლელად.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.დ–ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება ნ.დ–ძის წარმომადგენელ შ.ღ–ძეს (იხ.მინდობილობა ტ.3, ს.ფ.11-12) გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 2024 წლის 15 თებერვალს ჩაბარდა მეუღლეს, ი.ხ–ს (იხ. ჩაბარების დასტური ტ.3, ს.ფ.83).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამდენად, ი.ხ–ისათვის ჩაბარება მიიჩნევა უშუალოდ შ.ღ–ძისათვის ჩაბარებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა, დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 16 თებერვალს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2024 წლის 7 მარტს - ხუთშაბათს. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კი დგინდება, რომ ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2024 წლის 14 მარტს. ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე 2024 წლის 14 მარტია მითითებული, რაც უტყუარად ადასტურებს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას. აღნიშნული კი, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების აბსოლუტური საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.დ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი