საქმე №ას-243-2024 12 აპრილი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ლ.ხ–ი, გ.ბ–ია, მ.ბ–ია, ბ.ბ–ა, დ.ბ–ია, ხ.გ–ვა, ნ.ქ–ვა, ნ.გ–ვა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ქ–ია, ვ.ჯ–ია, ნ.ე–ია (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის განახლება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ა.ქ–იას, ვ.ჯ–იასა და ნ.ე–იას სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეების - ლ.ხ–ის, გ.ბ–იას, მ.ბ–იას, დ.ბ–იას, ბ.ბ–ას, ხ.გ–ვას, ნ.ქ–ვას, ნ.გ–ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ა.ქ–იას, ვ.ჯ–იასა და ნ.ე–იას თანასაკუთრებაში არსებული ქ. სენაკში, ........ მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: .......; ........; ......... და თანამესაკუთრეებს - ა.ქ–იას, ვ.ჯ–იასა და ნ.ე–იას გადაეცათ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მეორე სართულზე მდებარე მე-11 ოთახიდან - 44.72 კვ/მ; მე-10 ოთახიდან - 11,50 კვ/მ; და 23-ე ოთახიდან 18.20 კვ/მ ფართები. ა.ქ–იას, ვ.ჯ–იასა და ნ.ე–იას სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოპასუხეების მ. გ–ვას, აა.ლ–სა და მ.ლ–ას მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ლ.ხ–მა, გ.ბ–იამ, მ.ბ–იამ, ბ.ბ–ამ, დ.ბ–იამ, ხ.გ–ვამ, ნ.ქ–ვამ, ნ.გ–ვამ და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
3. სააპელაციო სასამართლო გაეცნო სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ;
3.2. ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულია და გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გაგრძელებას არ ითვალისწინებს;
3.3. სსსკ-ის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
3.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო ვადების გამოთვლის წესი დადგენილია სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლებით, კერძოდ: დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი; საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე;
3.5. განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტი მხარე ესწრებოდა სენაკის რაიონული სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (სასამართლო სხდომის ოქმი ს. ფ. 71-72);
3.6. სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, სენაკის რაიონული სასამართლოსათვის მხარეებს არ მიუმართავთ;
3.7. 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებაზე აპელანტებმა სააპელაციო საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში 2023 წლის 31 მაისს წარადგინეს;
3.8. სააპელაციო სასამართლომ, ზემოთ მითითებული ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, მიუთითა, რომ აპელანტები (მოპასუხეები), რომლებიც ესწრებოდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ვალდებულები იყვნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყვნენ სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაებარებინათ გადაწყვეტილების ასლი, თუმცა დადგენილია, რომ აპელანტ მხარეს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის ზემოთ მითითებული ვადის დაცვით არ მიუმართავს. შესაბამისად, აპელანტებისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან - 2023 წლის 11 მაისიდან და ამოიწურა 2023 წლის 24 მაისს, 24:00 საათზე. აპელანტებს ამ ვადაში სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენიათ;
3.9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების განმარტება, რომ სენაკის რაიონული 2023 წლის 10 აპრილის სასამართლოს გადაწყვეტილება, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ჩაჰბარდათ ვადადარღვევით, ვინაიდან მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი. ამასთან, სამოქალაქო საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელების ნ.ე–იას და ვ.ჯ–იას განცხადებები, რომლითაც დასტურდება, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელეებს კანონით დადგენილ ვადაში ჩაჰბარდათ (იხ. ს.ფ.89);
3.10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება;
3.11. ამდენად, მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას;
3.12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ.ხ–ის, გ.ბ–იას, მ.ბ–იას, დ.ბ–იას, ბ.ბ–ას, ხ.გ–ვას, ნ.ქ–ვასა და ნ.გ–ვას სააპელაციო საჩივარი, 2023 წლის 31 მაისს, კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ იქნა წარდგენილი სენაკის რაიონულ სასამართლოში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და სსსკ-ის 63-ე, 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინება, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ლ.ხ–მა, გ.ბ–იამ, მ.ბ–იამ, ბ.ბ–ამ, დ.ბ–იამ, ხ.გ–ვამ, ნ.ქ–ვამ, ნ.გ–ვამ და მისი გაუქმება მოითხოვეს.
5. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, მათ არაერთხელ მიმართეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით, თუმცა აპელანტებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში არ ჩაჰბარებიათ, რის გამოც სააპელაციო საჩივრის დროულად წარდგენა ვერ შეძლეს.
6. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, მათ სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრების უფლება აქვთ, რის გამოც, მიუხედავად სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევისა, მათი საჩივარი სასამართლომ უნდა განიხილოს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
9. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.
10. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მოპასუხეები ბ.ბ–ა, ლ.ხ–ი და ხ.გ–ვა (იხ. სხდომის ოქმი, ს. ფ 71-72).
11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, ასახულს ამ განჩინების 3.5-3.9 ქვეპუნქტებში.
12. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად მოპასუხისათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის შემდეგ, 2023 წლის 11 მაისს დაიწყო და 14 დღეში, 2023 წლის 24 მაისს ამოიწურა.
13. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხეთათვის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა 2023 წლის 24 მაისს (ოთხშაბათი) ამოიწურა (სსსკ-ის 61-ე მუხლი), ხოლო სააპელაციო საჩივარი 2023 წლის 31 მაისს იქნა წარდგენილი, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად მისი განუხილველად დატოვება განაპირობა.
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებას, რომ მათ არ ჩაჰბარებიათ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. საქმეში განთავსებულია მოსარჩელე ნ.ე–იას მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დამადასტურებელი ხელწერილი, დათარიღებული 2023 წლის 11 მაისით (ს.ფ. 89). საქმეში არ არის მოპასუხეთა მიერ სასამართლოსადმი, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, მიმართვის დამადასტურებელი მტკიცებულება.
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; იხ. სუსგ № ას-1615-2019, 14.01.2020წ.).
16. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ-ები: Nას-1226-2019წ., 23.12.2019წ.; Nას-464-464-2018, 05.07.2018წ.; Nას-1170-1100-2015, 25.12.2015წ.).
17. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები დავის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში ვერ შეფასდება, რადგან საკასაციო სასამართლო აფასებს გასაჩივრებული განჩინების მართლზომიერებას მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
18. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
19. იმის გათვალისწინებით, რომ რომ კერძო საჩივრის ავტორებს, დავის საგნის გათვალისწინებით, მხოლოდ 25 ლარი უნდა გადაეხადათ, მათ გადახდილი 50 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 25 ლარი დაუბრუნდებათ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ხ–ის, გ.ბ–ისა, მ.ბ–იას, ბ.ბ–ას, დ.ბ–იას, ხ.გ–ვას, ნ.ქ–ვასა და ნ.გ–ვას კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინება;
3. ლ.ხ–ს (პ/ნ ......), გ.ბ–იას (პ/ნ .........), მ.ბ–იას (პ/ნ .......), ბ.ბ–ას (პ/ნ ..........), დ.ბ–იას (პ/ნ......), ხ.გ–ვას (პ/ნ ........), ნ.ქ–ვას (პ/ნ ..........) და ნ.გ–ვას (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე ლ.ხ–ის მიერ 09.11.2023 წელს #19299448627 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 25 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური