საქმე №ას-774-2021 26 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.ჩ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჯ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები – ნ.მ–ძე, გ.მ–ძე
მესამე პირები – მ.მ–ძე, ჯ.გ–ი, მ.ხ–ი, ლ.ჩ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.11.2020 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.03.2017 წლის გადაწყვეტილებით თ.ჯ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი კ.ჩ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“), ნ.მ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) და გ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოპასუხე“) მიმართ, მესამე პირები: მ.მ–ძე, ჯ.გ–ი, მ.ხ–ი (დროებითი მხარდამჭერი - მ.მ–ი), ლ.ჩ–ი, დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 10.05.2010 წელს პირველ მოპასუხეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის ნომერი - 100440117) გარდაცვლილი თ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მამკვიდრებელი“) სამკვიდრო ქონებაზე - 1/2 წილის ფარგლებში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 28.06.2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება პირველ მოპასუხესა (წარმომადგენელი მესამე მოპასუხე) და მეორე მოპასუხეს შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე: მცხეთა, საკრებულო წეროვანი, 2626 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით, ს/კ: ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ქონება“), ქონების 1/2 წილის ფარგლებში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 09.01.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება მეორე მოპასუხესა და მესამე მოპასუხეს შორის სადავო უძრავ ქონებაზე, ქონების 1/2 წილის ფარგლებში; დადგინდა, რომ მოსარჩელეს ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს ბებიის - მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდროდან 1/2 წილი; მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ 1/2 წილის ფარგლებში და განისაზღვრა მისი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.11.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მამკვიდრებლის შვილები არიან ო.ჩ–ი, რომელიც არის მოსარჩელის მამა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელის მამა“), და პირველი მოპასუხე.
3.2. მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 08.11.2005 წელს. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 14.09.2009 წელს.
3.3. მამკვიდრებლის ქმარი - ლ.გ–ი (მოსარჩელის ბაბუა) გარდაიცვალა 06.06.1998 წელს.
3.4. საქმეში მესამე პირად ჩართული მ.ხ–ი (ქორწინებამდელი გვარი - გ–ი), მ.მ–ძე, ჯ.გ–ი არიან მამკვიდრებლისა და ლ.გ–ის შვილები.
3.5. 08.11.2005 წელს გარდაცვლილ მოსარჩელის მამას დარჩა მეუღლე - ო. გ–ი და ორი შვილი - მოსარჩელე და ლ.ჩ–ი (საქმეში მონაწილე მესამე პირი). მოსარჩელის მამის სამკვიდრო სრულად მიღებული აქვს ლ.ჩ–ს (მოსარჩელის ძმას). მოსარჩელის მამის სამემკვიდრეო საქმის წარმოებისას, 18.04.2006 წელს მოსარჩელემ ნოტარიუსს წარუდგინა წერილობითი განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა მამის სამკვიდროს მიღებაზე ძმის - ლ.ჩ–ის სასარგებლოდ.
3.6. 10.05.2010 წელს პირველი მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსმა თ.კ–ძემ გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც პირველმა მოპასუხემ, როგორც პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ, მიიღო დედის - 14.09.2009 წელს გარდაცვლილი მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო სრულად. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მის საკუთრებად აღირიცხა სადავო უძრავი ქონება.
3.7. სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებით ნოტარიუსს მიმართა პირველი მოპასუხის სახელით მისმა წარმომადგენელმა მესამე მოპასუხემ.
3.8. 28.06.2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე პირველმა მოპასუხემ სადავო უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა მესამე მოპასუხის შვილს - მეორე მოპასუხეს. ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მეორე მოპასუხის წარმომადგენლის - მესამე მოპასუხის მეშვეობით, სანოტარო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე. უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში აღირიცხა მეორე მოპასუხის სახელზე.
3.9. 09.01.2015 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მეორე მოპასუხემ სადავო უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა მესამე მოპასუხეს. უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში აღირიცხა მესამე მოპასუხის სახელზე.
3.10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო ბებიის, მამკვიდრებლის სამკვიდრო. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1306.1, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე მუხლებით.
3.11. უდავოდ დადგენილია, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 14.09.2009 წელს და ნოტარიუსისგან სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვს მხოლოდ პირველ მოპასუხეს. მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელის მიერ ბებიის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო მასაში შემავალი სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელე, ბებიის გარდაცვალების შემდგომ, ფაქტობრივად დაეუფლა მის დანაშთ ქონებას, სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში, სწორედ მოსარჩელეს ეკუთვნის.
3.12. მოსარჩელეს მის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს 2009 წლის აგვისტოში, ასევე - 2010 წლის ოქტომბერში, დეკემბერსა და 2011 წელს სადავო საცხოვრებელ სახლში კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრები, ასევე, მოწმეების - გ.უ–ის, ო. გ–ისა და გ. გ–ის ჩვენებები, თავად მოსარჩელისა და მესამე პირის - ლ.ჩ–ის ახსნა-განმარტებები. საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ სს „ე.პ.ჯ–გან“ გამოთხოვილი აბონენტის ბრუნვის ისტორიაც. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მამკვიდრებლის სამკვიდროში შემავალ სადავო საცხოვრებელ სახლში მუდმივად ცხოვრობდა მოსარჩელის დედა - ო. გ–ი, მოსარჩელე პირადად მუდმივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში, თუმცა, პერიოდულად ჩადიოდა თავის შვილებთან ერთად. მართალია, საქმეში წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების ქვითრები ასახავს მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე 2009 წლის აგვისტოსა და გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდგომ, 2010 წლის ოქტომბერში, დეკემბერსა და 2011 წელს გადასახადების გადახდის ფაქტს, თუმცა აღნიშნული ქვითრები აბონენტის ბრუნვის ისტორიასთან ერთობლიობაში ადასტურებს, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის მანძილზე სადავო უძრავ ქონებაში მოიხმარდნენ ელექტროენერგიას და იხდიდნენ მის საფასურს, კერძოდ, აბონენტის ბრუნვის ისტორიაში 07.09.2009 წლიდან 6 თვის მანძილზე ასახულია რამდენიმე გადახდა და დარიცხვა.
3.13. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი მოპასუხის არგუმენტზე, რომ წარმოდგენილი ქვითრებიდან და ამონაწერიდან არ დგინდება, რომ სწორედ მოსარჩელე იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ქვითრებისა და ამონაწერის ფორმალური მხარის გათვალისწინებით, მათში არ ხდება გადასახადის უშუალოდ გადამხდელი პირის იდენტიფიცირება, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე იხდიდა გადასახადებს უნდა დადგინდეს სხვა მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავ ქონებაში ელექტროენერგიის აბონენტად 07.04.2015 წლამდე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მამა და თავად მოსარჩელეს ხელთ ჰქონდა კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რომლებიც დაურთო სარჩელს. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებები ქმნის იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სწორედ მოსარჩელე ფარავდა მამის სახელზე რეგისტრირებულ აბონენტზე დარიცხულ დავალიანებას სამკვიდროს მიღების 6-თვიან ვადაში. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მაგალითად, თავად მოპასუხის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ან სადავო უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.
3.14. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ სსკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს ფლობა ნიშნავს სამკვიდრო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელებას, რაც შეიძლება გამოიხატოს სამკვიდრო უძრავი ქონებით სარგებლობაში, ამ ქონებაში ცხოვრების ფაქტით, მისი მოვლა-პატრონობით, ქონების გაქირავებით. სამკვიდროს მართვაში იგულისხმება ამ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადების გადახდა. ამასთან, ეს მოქმედებები შეიძლება შეასრულოს როგორც უშუალოდ მემკვიდრემ, ისე მისი ოჯახის წევრმა ან მისი დავალებით სხვა პირმა. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი. დასახელებული ნორმა უშვებს მფლობელობას სხვა პირის მეშვეობით, უფლებამოსილების მინიჭების საფუძველზე. ამ დროს ფაქტობრივად ნივთზე ბატონობას ახორციელებს ერთი პირი, მაგრამ მფლობელად მიიჩნევა მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად მუდმივად ცხოვრობდა მოსარჩელის დედა - ო. გ–ი, იგი მფლობელობას ახორციელებდა მისი შვილის - მოსარჩელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, რადგან მოსარჩელე არის მამკვიდრებლის მემკვიდრე და უფლება ჰქონდა, ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდროში შემავალ საცხოვრებელ სახლს. თუმცა, იგი მცირეწლოვან შვილებთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა ქ. თბილისში. სამკვიდროს დაუფლებისთვის არ არის სავალდებულო, რომ მემკვიდრემ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი და მუდმივად საცხოვრებლად გადავიდეს სამკვიდროში შემავალ სახლში. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებულად მიჩნევისთვის ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოსარჩელე იხდიდა ელექტროენერგიის საფასურს, როგორც მამკვიდრებლის სიცოცხლეში, ისე მისი გარდაცვალების შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში და შემდეგაც, ამასთან, მოსარჩელემ თავის დედას - ო. გ–ს სადავო სახლში ცხოვრების უფლება მიანიჭა და თავადაც პერიოდულად ჩადიოდა საცხოვრებელ სახლში. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის ამ ქმედებებიდან ცალსახად დგინდება მისი ნება სამკვიდროს მიღების თაობაზე, რაც გამოიხატა სამკვიდროს მართვასა და განკარგვაში, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო ბებიის - მამკვიდრებლის მემკვიდრეობა.
3.15. პირველი მოპაუხის ერთ-ერთ სამართლებრივ არგუმენტს მოსარჩელის მიმართ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს უარი აქვს ნათქვამი მამის მემკვიდრეობის მიღებაზე, ძმის სასარგებლოდ და, შესაბამისად, იგი ბებიის მემკვიდრეობას ვეღარ მიიღებდა. აღნიშნული მოსაზრება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა. სსკ-ის 1336-ე მუხლის თანახმად, შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შვილიშვილის მიერ მემკვიდრეობის მისაღებად კანონი სავალდებულოდ არ აწესებს, რომ მას მშობლის სამკვიდრო მიღებული უნდა ჰქონდეს. ასეთი წესის არსებობის შემთხვევაში, კანონში იქნებოდა სპეციალური დათქმა, რომ მემკვიდრედ იქცეოდა მხოლოდ ის შვილიშვილი, რომელსაც მშობლის სამკვიდრო ჰქონდა მიღებული, რასაც ადგილი არ აქვს. ამასთან, კანონი განსაზღვრავს, რომ შვილიშვილის მემკვიდრეობას გამორიცხავს მხოლოდ ის გარემოება, როდესაც მის მშობელს, რომელიც გარდაცვლილის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, უარი ექნება ნათქვამი სამკვიდროს მიღებაზე. სსკ-ის 1437-ე მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრეს სხვადასხვა საფუძვლით სამკვიდროდან რამდენიმე წილი ეკუთვნის, მას შეუძლია მიიღოს ერთი წილი და უარი თქვას მეორეზე, ან უარი თქვას ყველაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უარი თქვა მამის სამკვიდროს მიღებაზე ძმის სასარგებლოდ, თუმცა მამის გარდაცვალების შემდგომ გარდაცვლილი ბებიის სამკვიდროს შესაბამის წილზე მას უნარჩუნდება მემკვიდრეობის უფლება.
3.16. პირველმა მოპასუხემ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, მიუთითა, რომ სამკვიდროდან წილი ეკუთვნოდათ დანარჩენ მემკვიდრეებსაც და აღნიშნულით გააპროტესტა მოსარჩელისთვის სამკვიდროს ½ ნაწილის მიკუთვნების საკითხი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მემკვიდრეებიდან მხოლოდ პირველმა მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა წინამდებარე სარჩელი, ყველა სხვა მემკვიდრე კი ჩართულია განსახილველ საქმეში მესამე პირის სტატუსით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. მოსამართლემ მესამე პირებს განუმარტა, რომ თუკი რომელიმე სადავოდ ხდიდა სამკვიდრო მოწმობას და მოთხოვნა გააჩნდათ სამკვიდროდან მათ წილზე, შეეძლოთ, წარმოედგინათ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა. არცერთ მათგანს ამის სურვილი არ გამოუთქვამს: ლ.ჩ–მა მხარი დაუჭირა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას და დაეთანხმა მის მიერ სამკვიდროს ½ წილის მიღებას, მ.მ–ძემ, ჯ.გ–მა და მ.ხ–ის დროებითმა მხარდამჭერმა - მ.მ–მა კი განაცხადეს, რომ ეთანხმებიან მხოლოდ პირველ მოპასუხეზე სამკვიდრო მოწმობის გაცემას და დამოუკიდებელ მოთხოვნას არ აცხადებენ სამკვიდროს წილზე. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის არგუმენტი, რომ თუკი მოსარჩელეს ეკუთვნის წილი სამკვიდროდან, მაშინ სხვა მემკვიდრეებმაც უნდა მიიღონ თავიანთი კუთვნილი წილი. როგორც აღინიშნა, სხვა მემკვიდრეებს თავიანთი უფლება არ განუხორციელებიათ არც ნოტარიუსისთვის მიმართვის გზით და არც სადავოდ გაუხდიათ გაცემული სამკვიდრო მოწმობა. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიინია, რომ სამკვიდრო მიიღო მხოლოდ ორმა მემკვიდრემ - პირველმა მოპასუხემ და მოსარჩელემ, თითოეულმა - ½ წილის ფარგლებში.
3.17. რაც შეეხება სადავო უძრავი ქონების განკარგვის ხელშეკრულებების ბათილობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო იყო 28.06.2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც პირველმა მოპასუხემ მესამე მოპასუხის შვილს - მეორე მოპასუხეს გადასცა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე და 09.01.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც სადავო ქონება მეორე მოპასუხემ საკუთრებაში გადასცა მესამე მოპასუხეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნული ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე გასაჩივრებული აქვს მხოლოდ პირველ მოპასუხეს, რომელიც არ წარმოადგენს 09.01.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირს, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის და პირველ მოპასუხეს რაიმე სამართლებრივი კავშირი აღნიშნულ ხელშეკრულებასთან არ გააჩნია. შესაბამისად, სააპელაციო პალატა პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა (ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად) და 377-ე მუხლის პირველი ნაწილის (სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით) საფუძველზე, მასზე ვერ იმსჯელებს. ამასთან, პირველი მოპასუხის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ უმეტესად შეეხებოდა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ სასამართლოს დასკვნას და არაფერია ნათქვამი ნასყიდობის ხელშეკრულებების ნამდვილობის საფუძვლებზე.
3.18. გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო პალატამ დაადგინა მოსარჩელის მიერ ბებიის მემკვიდრეობის მიღების ფაქტი, სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები, რომ პირველი მოპასუხის მიერ მეორე მოპასუხეზე გასხვისებული ქონების 1/2 ნაწილზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი პირველ მოპასუხეს არ გააჩნდა. სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მან დაირეგისტრირა საკუთრების უფლება, 1/2 წილის ფარგლებში არის ბათილი, შესაბამისად, მამკვიდრებლის სამკვიდროში შემავალ უძრავ ნივთზე მას საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი გააჩნდა მხოლოდ 1/2 წილის ფარგლებში. ქონების 1/2 ნაწილში პირველი მოპასუხე წარმოადგენს არაუფლებამოსილ პირს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლითაც სადავო უძრავი ქონება აღირიცხა სრულად პირველი მოპასუხის საკუთრებად, 1/2 წილის ფარგლებში არის არასწორი.
3.19. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები, რომ მეორე მოპასუხე, როგორც არაუფლებამოსილი პირისგან ქონების შემძენი, ვერ იქნება დაცული ზემოაღნიშნული ნორმების მოქმედებით, ვინაიდან, იგი არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მან იცოდა პირველი მოპასუხის უფლების ნაკლის შესახებ, რომ მას უძრავი ქონების 1/2 წილზე არ გააჩნდა საკუთრების უფლების საფუძველი. ამგვარი დასკვნა გამომდინარეობს მეორე მოპასუხის ახლო კავშირიდან პირველ მოპასუხესთან. მეორე მოპასუხე არის მესამე მოპასუხის შვილი. მესამე მოპასუხის, როგორც პირველი მოპასუხის რწმუნებულის განცხადების საფუძველზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა (ნაწილობრივ ბათილი) პირველ მოპასუხეზე. მესამე მოპასუხისთვის სამკვიდრო მოწმობის გაცემისას ცნობილი იყო მამკვიდრებლის გარდაცვლილი შვილის მოსარჩელის მამის შვილების არსებობის თაობაზე, რაც არ მიუთითა ნოტარიუსს. სამკვიდრო მოწმობის გაცემისას ლ.ჩ–ი და მოსარჩელე არ ყოფილან მიწვეული, როგორც მემკვიდრეობაზე უფლებამოსილი პირები. ნასყიდობის ხელშეკრულება პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებულია ასევე მესამე მოპასუხის, როგორც ამჯერად უკვე მეორე მოპასუხის რწმუნებულის მეშვეობით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შემძენისთვის იმთავითვე იყო ცნობილი გამსხვისებლის - პირველი მოპასუხის უფლების ნაკლისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, ქონებაზე შესაძლო დავის პირობებში, მან გადაწყვიტა ამ ქონების შეძენა. ამდენად, მეორე მოპასუხე კეთილსინდისიერ შემძენად ვერ ჩაითვლება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძველი:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:
4.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია სამკვიდროს დაუფლებად მოსარჩელის დედის სადავო სახლში ცხოვრების ფაქტი. კერძოდ, საქმეში არ არის წარმოდგენილი არც მინდობილობა და არც სხვა რაიმე ისეთი სახის მტკიცებულება, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ მოსარჩელემ დედას მიანიჭა უფლებამოსილება, მოსარჩელის სახელით დაუფლებოდა ბებიის დანატოვარ სამკვიდრო ქონებას და განეხორციელებინა სამკვიდროს მოვლა, მართვა.
4.2. მოსარჩელეს არ აქვს ბებიის (მამის დედის) სამკვიდროდან წილის მოთხოვნის უფლება, რადგან მან თავისი ძმის სასარგებლოდ უარი თქვა მამის სამკვიდროს მიღებაზე. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 1437-ე მუხლი, რომელიც სხვა ურთიერთობას აწესრიგებს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. კასატორი გასაჩივრებულ განჩინებაზე პრეტენზიას აცხადებს იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის მიერ ბებიის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე გარემოება.
9. სსკ-ის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. სსკ-ის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. სსკ-ის 1421-ე და 1424-ე მუხლებით, გარდაცვლილი პირის დანაშთ ქონებაზე საკუთრების წარმოშობისათვის სავალდებულოა, მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნიდან (სსკ-ის 1319-ე მუხლი) 6-თვიან ვადაში განახორციელოს ერთ-ერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება: დაეუფლოს სამკვიდროს ან მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის თხოვნით. სამკვიდროს მიღება მემკვიდრის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ხდება. იგი მიმართულია მემკვიდრეობის მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდეს მის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და უნდა დგინდებოდეს სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც, თავის მხრივ, ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას (სუსგ №ას-1092-2020, 22.01.2021წ., პუნ. 95). ამასთან, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (სსკ-ის 1421 (3) მუხლი). სსკ-ის 1433-ე მუხლის საფუძველზე, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
10. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის გზით დაუფლებისათვის მემკვიდრის ნებელობითი მოქმედება უნდა იყოს იმგვარი, რომ ცალსახად დგინდებოდეს მისი გადაწყვეტილება, თავისად მიიჩნიოს მამკვიდრებლის დანაშთი ქონება და დაეპატრონოს მას, როგორც საკუთარს. სამკვიდროს უფლების განხორციელება შეიძლება მოხდეს როგორც ნების პირდაპირი გამოვლენის საფუძველზე, როდესაც მემკვიდრე სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ისე კონკლუდენტური მოქმედებით, რაც ადასტურებს მემკვიდრის სურვილს სამკვიდროს მიღების თაობაზე (სუსგ №ას-1198-2019, 25.06.2021წ.). ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (სუსგ №ას-600-600-2018, 26.07.2019წ; №ას-1756-2018, 12.02.2019წ; №ას-207-2019, 24.12.2020წ.).
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით, რომელიც ამტკიცებს სამკვიდროს მიღების ფაქტს, გულისხმობს მემკვიდრის მიერ ნებისმიერ მოქმედებებს ამ ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობის შესახებ, მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას ან გადასახადების გადახდას, ბინის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სამემკვიდრეო სახლში მცხოვრები დამქირავებლისაგან ქირის ამოღებას, სამემკვიდრეო ქონების ხარჯზე სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის საჭირო ხარჯების გადახდას ან მამკვიდრებლის ვალების დაფარვას და ა.შ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მითითებული მოქმედებები შეიძლება შეასრულს როგორც მემკვიდრემ, ასევე, მისი დავალებით, სხვა პირმა, სამკვიდროს მიღების კანონით განსაზღვრულ ვადაში. სამკვიდრო ქონების მართვა შეიძლება ასევე გამოიხატოს ამ ქონებასთან დაკავშირებით მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი და იურიდიული ხასიათის მოქმედებების განხორციელებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ცალკეული ობიექტების (სახლის, აგარაკის თუ საბაღე ნაკვეთის, სამშენებლო ობიექტების და სხვა) ნორმალურ ფუნქციონირებას და ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე მოქმედებებში, რომლებიც მიმართულია მთლიანი სამკვიდროს მდგომარეობის მოწესრიგებისთვის (მამკვიდრებლის კუთვნილი ქონებრივი ფასეულობების გამოკვლევა, მოვალეების დადგენა და მათ მიერ ვალების დაფარვის პირობები და ა.შ.). სამკვიდრო ქონების მართვა თავისი შინაარსით, საკუთრების უფლების განხორციელების მოქმედებების ანალოგიურად განიხილება (სუსგ №ას-1493-2020, 15.04.2021წ., პუნ. 58; №ას-186-2019, 24.02.2021წ., პუნ. 20; №ას-1182-2019, 19.10.2021წ., პუნ.90).
12. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრე - შვილიშვილი (მოსარჩელის მამა, რომელიც გარდაიცვალა 08.11.2005 წელს, იყო 14.09.2009 წელს გარდაცვლილი მამკვიდრებლის შვილი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელე კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ აღნიშნული გარემოება დგინდება მოწმეთა ჩვენებებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრებით, რომლებიც აბონენტის ბრუნვის ისტორიასთან ერთობლივად ადასტურებს, რომ მოსარჩელე იხდიდა სადავო უძრავი ქონების ელექტროენერგიის საფასურს, როგორც მამკვიდრებლის სიცოცხლეში, ისე მისი გარდაცვალების შემდეგ. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელემ თავის დედას - ო. გ–ს სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრების უფლება მიანიჭა, სადაც იგი სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში ფაქტობრივად მუდმივად ცხოვრობდა; სახლში პერიოდულად ჩადიოდა მოსარჩელეც. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.). მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღების ფაქტის გამაბათილებელი რაიმე სახის მტკიცებულება.
13. ამრიგად, რადგან მოსარჩელე კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას და გამოავლინა ნება მემკვიდრეობის მიღებაზე, პირველი მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, მოსარჩელის ნების გაუთვალისწინებლად, მთლიან სამკვიდრო ქონებაზე აეღო სამკვიდრო მოწმობა. მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა პირველ მოპასუხეზე გაცემული სადავო სამკვიდრო მოწმობისა და 28.06.2013 წლის, ასევე - 09.01.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებების ½ ნაწილში ბათილად ცნობისა და სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის შესახებ.
14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელეს არ აქვს ბებიის (მამის დედის) სამკვიდროდან წილის მოთხოვნის უფლება, რადგან მან თავისი ძმის სასარგებლოდ უარი თქვა მამის სამკვიდროს მიღებაზე. სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად. ამასთან, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე, როგორც მამკვიდრებლის შვილიშვილი, ითხოვს სამკვიდროდან იმ წილს, რომელსაც მიიღებდა მისი მშობელი, ცოცხალი რომ ყოფილიყო. ანუ წინამდებარე სარჩელის საგანია მოსარჩელის მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გახსნილი ბებიის სამკვიდროდან წილი. სსკ-ის 1336-ე მუხლის თანახმად, შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდროს მიღების გამომრიცხავ ამ გარემოებას, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის (სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება) საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია