საქმე №ას-396-2023 23 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – დ.ჭ–ია, ზ.მ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ძე, გ.კ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.12.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.07.2021 წლის გადაწყვეტილებით ა.კ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) და გ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“, პირველ მოსარჩელესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“ ან „გამსესხებლები“) სარჩელი დ.ჭ–იასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და ზ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „მსესხებლები“ ან „კასატორები“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 125 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ანგარიშსწორების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.12.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება. მოსარჩელეთა მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 623-ე მუხლს, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; ამავე კოდექსის 341-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
3.2. 12.09.2013 წელს გამსესხებლებს (მოსარჩელეებსა) და მსესხებლებს (მოპასუხეებს) შორის წერილობით გაფორმდა ხელშეკრულება 55 000 აშშ დოლარის სესხად გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ერთი წლით, 12.09.2014 წლამდე. მსესხებლებს მთლიანი თანხა უნდა დაებრუნებინათ ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე. მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ ერთ-ერთი მსესხებლის არყოფნის შემთხვევაში, მეორე მსესხებელი იყო ვალდებული დაებრუნებინა მთლიანი თანხა.
3.3. 01.07.2018 წლის სესხის ხელშეკრულებით გამსესხებლები მსესხებლებთან შეთანხმდნენ, რომ 125 000 აშშ დოლარი მსესხებლებისთვის გადაეცათ განსაზღვრული ვადით, ხოლო მსესხებლებს უნდა დაებრუნებინათ იმავე ოდენობით სესხის თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ერთი წლით. ამავე დროს, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანხის დაბრუნება უნდა მომხდარიყო უნაღდო ანგარიშსწორებით, გამსესხებელ მეორე მოსარჩელის პირად საბანკო ანგარიშზე შეტანით, 2021 წლის იანვრამდე. ხელშეკრულების პირობით, ერთ-ერთი მსესხებლის არყოფნის შემთხვევაში, მეორე მსესხებელი ვალდებული იყო დაებრუნებინა მთლიანი თანხა.
3.4. 12.09.2013 წელს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეებისგან 55 000 აშშ დოლარის სესხად გადაცემის ფაქტს მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან.
3.5. 30.07.2018 წელს მეორე მოსარჩელემ მსესხებელ მეორე მოპასუხეს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 70 000 აშშ დოლარი, რაც განთავსებული ჰქონდა საკუთარ საბანკო ანგარიშზე. გადახდის დანიშნულებად მითითებული იყო პირადი გადარიცხვა.
3.6. ამდენად, უდავოა მოპასუხე მხარის მიერ თანხის 125 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. პალატის კვლევის საგანია 01.07.2018 წლის ხელშეკრულებაში მითითებული სესხის 125 000 აშშ დოლარი მოიცავდა თუ არა 12.09.2013 წელს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეებისთვის გადაცემულ 55 000 აშშ დოლარს და დაუბრუნეს თუ არა მათ აღნიშნული თანხები მოსარჩელეებს.
3.7. ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოვალეს ეკისრება. სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს 12.09.2013 წლის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 55 000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი რელევანტული მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, ხოლო მოწმის ჩვენებებით ფულადი ვალდებულების შესრულება ვერ დადასტურდება. ამდენად, პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება, რომ 12.09.2013 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება მათ მიერ შესრულებულია.
3.8. როგორც საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, მოსარჩელეებმა საბანკო გადარიცხვის გზით გადასცეს მოპასუხე მხარეს 70 000 აშშ დოლარი. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეთა მიერ მოსარჩელეების მხრიდან 12.09.2013 წლის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულია 55 000 აშშ დოლარი, ხოლო 01.07.2018 წლის ხელშეკრულების ფარგლებში კი - 70 000 აშშ დოლარი, ამასთან, 12.09.2013 წლის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ 125 000 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით დასტურდება, რომ 55 000 აშშ დოლარის წარსულში მიღება დადასტურებულია ამ ხელშეკრულებით, როგორც ვალის აღიარების დოკუმენტით, ხოლო 70 000 აშშ დოლარის გადაცემა საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით. შესაბამისად, 01.07.2018 წლის ხელშეკრულება და 30.07.2018 წლის საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი ერთობლივად წარმოადგენს 125 000 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.
3.9. სსკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. ამდენად, 01.07.2018 წლის ხელშეკრულებით მსესხებლებმა აღიარეს 55 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულების არსებობა მოსარჩელეების წინაშე და შეთანხმდნენ დამატებით 70 000 აშშ დოლარის მიღებაზეც. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება, რომ 12.09.2013 წლისა და 01.07.2018 წლის ხელშეკრულებები წარმოადგენს დამოუკიდებელ ხელშეკრულებებს.
3.10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეების განმარტება 12.09.2013 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 55 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისა და 01.07.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 70 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების მათ მიერ შესრულების თაობაზე. პალატის მითითებით, მოპასუხე მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით, სრულადაა გადახდილი მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2018 წლის ივლისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხები და სს „ს.ბ–ის“ ამონაწერი მეორე მოპასუხის მიერ მოწმე დ.კ–ძის ანგარიშზე თანხების გადარიცხვის შესახებ.
3.11. პალატამ განმარტა, რომ სესხად აღებული თანხის გამსესხებლისთვის დაბრუნების, ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. ამასთან, მართალია, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სსკ-ის 429-ე მუხლის დანაწესი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოვალემ უნდა წარმოადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე მოპასუხეებს სასამართლოსთვის უნდა წარმოედგინათ მოსარჩელეთა მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მსესხებელმა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა გამსესხებლის წინაშე. მოპასუხეთა მიერ ვალდებულების შესრულების დადასტურებისთვის მოწმის ჩვენება რელევანტულ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რადგან, როგორც აღინიშნა, ფულადი ვალდებულების შესრულება უნდა დასტურდებოდეს მხოლოდ უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
3.12. რაც შეეხება მეორე მოპასუხის მიერ მოწმე დ.კ–ძის ანგარიშზე თანხების გადარიცხვის შესახებ სს „ს.ბ–ის“ ანგარიშის ამონაწერს, აღნიშნულიც ვერ იქნება გაზიარებული. სსკ-ის 373-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა, ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.
3.13. მოცემულ შემთხვევაში, მსესხებლებმა ვერ დაადასტურეს თანხის მოსარჩელეებისთვის დაბრუნების ფაქტი, რაც დავის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტას გამორიცხავს. მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. სესხის გადახდის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე მუხლი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა: ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა; 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (ვინაიდან ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია, დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მხოლოდ სესხის თაობაზე შეთანხმება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას (სუსგ №ას-591-2022, 16.09.2022წ.).
9. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების არსებობისა და მის საფუძველზე მოპასუხეების მიერ თანხის მიღების შესახებ. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს შორის არსებული 12.09.2013 წლის წერილობითი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს მოსარჩელეებისგან მიღებული ჰქონდათ 55 000 აშშ დოლარი, რომლის მოპასუხეების მიერ გადახდის დამადასტურებელი რელევანტული მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. დადგენილია ასევე, რომ 01.07.2018 წლის სესხის წერილობითი ხელშეკრულებით მოსარჩელეები მოპასუხეებთან შეთანხმდნენ 125 000 აშშ დოლარის სესხად გადაცემაზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში 30.07.2018 წელს მეორე მოსარჩელემ მეორე მოპასუხეს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 70 000 აშშ დოლარი. მართებულია სასამართლოს შეფასება 01.07.2018 წლის ხელშეკრულებით მსესხებლების მიერ მოსარჩელეების წინაშე 55 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულების არსებობის აღიარებისა (სსკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი) და დამატებით 70 000 აშშ დოლარის მიღებაზე შეთანხმების შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების პრეტენზიას მათ მიერ სესხად მიღებული თანხის გადახდის შესახებ. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი ეკისრება (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ტვირთი კი - მსესხებელს (შდრ. სუსგ №ას-127-119-2015, 22.07.2015წ; № ას-1198-1158-2016, 18.05.2017წ; №ას-1452-1372-2017, 26.01.2018წ; №ას-1288-2019, 04.03.2021წ.). სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
11. სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მისი პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით გათვალისწინებული შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-1198-1158-2016, 18.05.2017წ; №ას-1755-2018, 22.02.2019წ; №ას-705-2019, 12.07.2019წ; №ას-251-2019, 05.06.2019წ.).
12. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სესხად მიღებული თანხის გამსესხებლებისთვის დაბრუნების სარწმუნო მტკიცებულებების (მაგ: ვალის მიღების შესახებ კრედიტორების მიერ გაცემული დოკუმენტის; გადარიცხვის ქვითრის; სალაროს შემოსავლის ორდერის) წარდგენის გზით დადასტურება ვერ შეძლეს. ამგვარ მტკიცებულებად ვერ შეფასდება მოპასუხეთა ახსნა-განმარტება და მოწმის ჩვენება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებს სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებული ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა). სსკ-ის 429-ე მუხლის დანაწესი ზღუდავს მხარეებს არა გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში, შესაბამისად, ფულადი ვალდებულების შესრულება ვერ დადასტურდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. ფულადი ვალდებულების შესრულებისას კანონი „არ ენდობა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს (შდრ. სუსგ №ას-855-799-2017, 22.09.2017წ., პუნ. 36-37; №ას-435-407-2017, 07.03.2018წ., პუნ. 31; №ას-488-2021, 29.09.2021წ., პუნ. 68; №ას-334-2021, 05.11.2021წ., პუნ. 111).
13. ვალდებულების შესრულებას არ ადასტურებს არც მეორე მოპასუხის მიერ დ.კ–ძის ანგარიშზე თანხების გადარიცხვის შესახებ საბანკო ამონაწერი. სსკ-ის 373-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. შესრულება ნამდვილი და, შესაბამისად, სამართლებრივი შედეგების წარმომშობია, თუ იგი კრედიტორის მიმართ სრულდება. არაუფლებამოსილი პირის მიმართ შესრულება ვალდებულების შეწყვეტას არ იწვევს. არაუფლებამოსილი პირის მიმართ განხორციელებული შესრულება ნამდვილია, ანუ სამართლებრივი შედეგის წარმომშობია, თუ უფლებამოსილი პირი თანახმაა არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღებაზე. წინასწარ თანხმობას, სამართლებრივი ძალმოსილების კუთხით, შემდგომი მოწონება უთანაბრდება. იმ შემთხვევაში, თუ სამართალწარმოების მხარე მოვალე და უფლებამოსილი კრედიტორია, მოვალემ უნდა დაადასტუროს, რომ არაუფლებამოსილი პირის მიმართ შესრულება უფლებამოსილი კრედიტორის თანხმობით ან შემდგომი მოწონებით განახორციელა, ან კიდევ უფლებამოსილმა სუბიექტმა ამ შესრულებისაგან სარგებელი ნახა (ქ. მესხიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2019, მუხლი 373, ველი 3,5,6,8). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს თავიანთი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ დ.კ–ძე მსესხებელებისგან შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირი იყო.
14. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორების პრეტენზია მოწმეთა დაკითხვაზე მოპასუხეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.06.2021 წლის საოქმო განჩინებაზე (იხ. საქალაქო სასამართლოს 28.06.2021 წლის სხდომის ოქმი, CD დისკზე, ტ.1, ს.ფ. 201-230), რომელიც შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხეების მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 6000 ლარი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ჭ–იასა და ზ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. დ.ჭ–იასა (პ/ნ: .......) და ზ.მ–ს (პ/ნ: ........) უკან დაუბრუნდეთ დ.ჭ–იას (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 20.04.2023წ.) 70% – 4200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია