საქმე №ას-657-2020 26 იანვარი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.კ–ძე, სს „პ.ბ.ს–ო“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 08 ნოემბრის განჩინებით სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დამსაქმებელი“, „ბანკი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბანკის სარჩელი ი.კ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და სს „პ.ბ.ს–ოს“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „სხვა ბანკი“) მიმართ დასაქმების შეზღუდვის პირობის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სახით, მათთვის 48 792,37 ლარისა და დასაქმების შეზღუდვის პერიოდში პირველი მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით გადახდილი 8 300 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის 06.11.2014 წელს დაიდო შრომითი ხელშეკრულება. 01.11.2017 წლისთვის პირველ მოპასუხეს ეკავა უფროსი SME ბანკირის თანამდებობა. მისი შრომის ანაზღაურება გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა თვეში დასაბეგრ 2 075 ლარს.
2.2. შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში 06.05.2015 წელს მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულების დანართი Nვ - დასაქმების შეზღუდვა, რომლის პირველი პუნქტით განისაზღვრა შემდეგი: ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის, მათ შორის, ვადის გასვლის შემთხვევაში, დამსაქმებელს უფლება აქვს საკუთარი გადაწყვეტილებით და დასაქმებულისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე შეუზღუდოს დასაქმებულს უფლება იმუშაოს ფინანსურ სფეროში და/ან გაუწიოს საკონსულტაციო ან მსგავსი სერვისები (უშუალოდ ან მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით) კონკურენტულ ფინანსურ ინსტიტუტებს იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებს დამსაქმებელი და/ან მისი შვილობილი კომპანია/ები.
2.3. დანართის 1.1 პუნქტის მიხედვით, ამ შეზღუდვის მოქმედების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან, ხოლო 1.3 პუნქტი განსაზღვრავს დამსაქმებლის ვალდებულებას, გადაუხადოს კომპენსაცია დასაქმებულს, შეზღუდვის პერიოდში ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობით, რომელშიც არ შედის დამატებითი შეღავათები, ბონუსები, კომპენსაციები და ხარჯები.
2.4. დანართის 1.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულმა უნდა შეატყობინოს დამსაქმებელს თავისი დასაქმების გეგმების და მათი ცვლილებების შესახებ მომდვენო 6 თვის განმავლობაში მათ შორის მესამე პირის წინაშე არსებული ნებისმიერი ვალდებულების ჩათვლით.
2.5. დანართის მე-3 პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის მიერ წინამდებარე დანართით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში იგი ვალდებული იქნება გადაუხადოს დამსაქმებელს პირგასამტეხლო იმ ოდენობით, რაც ტოლია ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის გადახდილი ნებისმიერი სახის ანაზღაურების (შრომის ანაზღაურების და სხვა კომპენსაციის) ჩათვლით. ამასთან, აღნიშნული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს დასაქმებულს წინამდებარე დანართით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან და არ ართმევს დამსაქმებელს უფლებას მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურება.
2.6. 16.04.2018 წელს პირველმა მოპასუხემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს 16.05.2018 წლიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, სავარაუდოდ, სხვა ბანკში დასაქმებასთან დაკავშირებით და მოსარჩელისაგან მოითხოვა ინფორმაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის პირობის გამოყენება-არგამოყენების შესახებ, ხოლო მისი გამოყენების შემთხვევაში შეზღუდვის გამოყენების ვადის შეტყობინება.
2.7. პირველი მოპასუხე ბანკის 27.04.2018წ. ბრძანებით 15.05.2018 წლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37.1 მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად.
2.8. 15.05.2018 წელს ბანკმა პირველ მოპასუხეს აცნობა დასაქმების შეზღუდვის უფლების გამოყენების შესახებ 6 თვის ვადით, ხოლო 13.08.2018 წელს მოსარჩელემ გამოხატა ნება 15.08.2018 წლიდან პირველი მოპასუხის დასაქმების შეზღუდვისაგან გათავისუფლების შესახებ და აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ კომპენსაცია აღარ გადაუხდია.
2.9. 01.06.2017 - 01.06.2018 წ. პერიოდში პირველმა მოპასუხემ მოსარჩელისაგან ანაზღაურების სახით მიიღო 48 792,37 ლარი.
2.10. მოსარჩელე პირველ მოპასუხეს დასაქმების შეზღუდვის პირობის ამოქმედებიდან აღნიშნული უფლებისაგან გათავისუფლებამდე ყოველთვიურად უხდიდა კომპენსაციას ხელფასის ტოლი ოდენობით. მთლიანობაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს 4 980 ლარი.
3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 46.1, 46.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1, 102.2 მუხლებით და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ წარადგინა იმ გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომ პირველი მოპასუხე დასაქმებული იყო სხვა ბანკში და მან მის მიერ ბანკში მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ გამოიყენა.
4. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 138-139), რომლის თანახმად, პირველ მოპასუხეს სხვა ბანკიდან 2018 წლის მაისში და ივნისში ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს 7 000 ლარი და 196,86 ლარი, არ ადასტურებს პირველი მოპასუხის მოსარჩელის კონკურენტ კომპანიაში დასაქმების ფაქტს.
5. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საგადასახადო მიზნებისთვის ხელფასად განიხილება შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. განსახილველ შემთხვევაში პირველი მოპასუხე და მეორე მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავდნენ, რომ ზემოაღნიშნული თანხები წარმოადგენდა არა გაწეული სამსახურისათვის ყოველთვიურად გადახდილ ხელფასს, არამედ მომავალში დასაქმების ფინანსურ გარანტიას (7000 ლარი) და სასტუმროს ხარჯებს (196,86 ლარი). ეს ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა. ამავდროულად საქმეში წარდგენილი საბანკო ამონაწერი (იხ. ს.ფ. 163-168) ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო პერიოდში მეორე მოპასუხის მიერ პირველი მოპასუხისათვის ყოველთვიურად ხელფასის ჩარიცხვა არ ხდებოდა.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველ მოპასუხეს დასაქმების შეზღუდვის შესახებ შეთანხმების პირობა არ დაურღვევია.
7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ პირველი მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თავის მხრივ, გამორიცხავს მეორე მოპასუხის ჩართულობას ზიანის მიყენებაში და მეორე მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 998-ე მუხლებიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთებოდა ამ უკანასკნელის მხრიდან რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, რამაც ბანკისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
9.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ პირველი მოპასუხე დასაქმების შეზღუდვის პერიოდში სხვა ბანკში არ მუშაობდა და ბანკში მიღებულ ცოდნასა და კვალიფიკაციას კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ არ იყენებდა;
9.2. დასაქმების შეზღუდვის პერიოდში - 2018 წლის 15 მისიდან 2018 წლის 15 გვისტომდე პერიოდში მეორე მოპასუხის სხვა ბანკში დასაქმება უტყუარად დასტურდება სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით. მოპასუხე მხარის მხოლოდ ზეპირი განმარტება, რომ პირველი მოპასუხისათვის სხვა ბანკის მიერ ჩარიცხული თანხები სამომავლო დასაქმების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულ ბონუსს წარმოადგენდა, სათანადო შედავებად ვერ მიიჩნევა. მოპასუხეს უნდა წარედგინა ის წერილობითი მტკიცებულება (გარიგება), რაც აღნიშნული თანხების ჩარიცხვის წინაპირობა გახდა;
9.3. პირველი მოპასუხე წლების განმავლობაში იყო ბანკში დასაქმებული, რა დროსაც მან საბანკო სფეროში მნიშვნელოვანი ცოდნა და კვალიფიკაცია შეიძინა. სწორედ ამგვარი ცოდნისა და გამოცდილებს გამო იქნა იგი კონკურენტ საფინანსო დაწესებულებაში გადაყვანილი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია - ჰქონდა თუ არა ადგილი დასაქმებულის მიერ მასსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმებული დასაქმების შეზღუდვის პირობის დარღვევას.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის (დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) 46.3 მუხლის (ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსის 60.1 მუხლი) თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს წინასწარ სრულად გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. ამდენად, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს - დაწესებული შეზღუდვისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიზანია დამსაქმებლის ინტერესებისა და სამეწარმეო რისკების დაცვა, რომელიც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია დასაქმებულის ინტერესიც და მოლოდინი შრომის უფლების რეალიზაციასთან მიმართებით, რომელსაც, მათ შორის, სოციალური ბუნება აქვს და ამ უფლების შეზღუდვისას საჭიროა მხარეთა ინტერესების გონივრული დაბალანსება. დასაქმებულის სახელშეკრულებო თვითბოჭვა სასყიდლიანი ხასიათისაა, შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დასაქმებულის მხრიდან გამართლებული და კანონიერია. აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას, არამედ ეს არის კომპენსაცია თავდაპირველი დამსაქმებლის მსგავს სამეწარმეო სუბიექტებში კონკურენციის პირობების შენარჩუნებისათვის და შეთანხმება ამ კონკურენციაზე ლეგიტიმურს ხდის პირის შრომითი უფლების შეთანხმებული ვადით შეზღუდვას. კომპენსაციის ხსენებული ბუნება კი განსხვავდება შრომის ანაზღაურებისაგან და იგი დასაქმებულს უნდა მიეცეს წინასწარ, ერთიანი ანაზღაურების სახით (იხ. სუსგ საქმე Nას-1041-2019, 12 თებერვალი, 2020 წელი; Nას-646-2020, 29 სექტემბერი, 2020 წელი; Nას-686-2020, 29 სექტემბერი, 2020 წელი).
17. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
18. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
19. საკასაციო სასამართლო წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაქმების შეზღუდვის პერიოდში პირველი მოპასუხის სხვა ბანკში დასაქმებისა და ბანკში მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ გამოყენების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები(შედარებისთვის იხ. სუსგ საქმე Nას-646-2020, 29 სექტემბერი, 2020 წელი; Nას-686-2020, 29 სექტემბერი, 2020 წელი; Nას-198-2020, 18 ნოემბერი, 2020 წელი; Nას-343-2020, 10 თებერვალი, 2021 წელი).
20. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა პირველი მოპასუხის მხრიდან დასაქმების შეზღუდვის პირობის დარღვევის ფაქტი, აღნიშნული, თავის მხრივ, გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დასაბუთებულობას მეორე მოპასუხის მიმართ.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
23. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2854,62 ლარის 70% – 1998,23 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სს „ს.ბ–ს“ დაუბრუნდეს სს „ს.ბ–ის“ სათავო ოფისის (საიდენტ. კოდი: ........) მიერ 2020 წლის 3 აგვისტოს №30733 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2854,62 ლარის 70% – 1998,23 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი