საქმე №ას-280-2021 28 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ლ.ქ–ია, დ.მ–ი, რ.გ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სს „თ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ბანკი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ბანკის სარჩელი ლ.ქ–იას (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „მსესხებელი“), დ.მ–ისა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და რ.გ–ის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელეს (რეორგანიზაციამდე სს „ბ.კ–ა“) და პირველ მოპასუხეს შორის 2013 წლის 22 ნოებერს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, პირველ მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 5 000 ლარი, 12 თვის ვადით, წლიური 38% სარგებლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო პირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.2. 2013 წლის 22 ნოემბერს პირველ და მეორე მოპასუხეებთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, მათ მსესხებლის სასესხო ვალდებულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს.
2.3. უდავოა, რომ მოპასუხეს სრულად არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2.4. 22.12.2013წ. საკრედიტო ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, დავალიანების დაფარვისას პირველ რიგში დაიფარება ბანკის ყველა საკომისიო, შემდგომ სადაზღვევო პრემია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდგომ პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდგომ პროცენტი, ბოლოს სესხის ძირითადი თანხა. აღნიშნული რიგითობა ბანკის შეხედულებისამებრ არაერთგზის შეიძლება შეიცვალოს სესხის ნებისმიერ სტადიაზე.
2.5. ანგარიშის მფლობელის ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს ჩარიცხული თანხით - 150 ლარით, განსხვავებით წინა პერიოდში - 2013 წლის 22 ნოემბრიდან 2015 წლის 04 თებერვლამდე ჩარიცხული თანხებისა, მთლიანად სესხის ძირი თანხის ნაწილი დაიფარა. ამასთან, მოპასუხის მიერ სესხის თანხა შეტანილია 2015 წლის 21 იანვრს, 02 თებერვალსა და 04 თებერვალს, ხოლო აღნიშულის შემდგომ ერთი წლისა და ექვსი თვის შემდეგ, 2016 წლის 29 სექტემბერს ფიქსირდება პირველი მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულება, რითაც დაიფარა სესხის ძირი თანხის ნაწილი.
3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის განმარტებით, 29.09.2016 წელს შეტანილი თანხით მხოლოდ სესხის ძირის დაფარვა განხორციელდა, რადგან წინა სამი გადახდისას: 21.01.2015 წელს, 02.02.2015 წელს და 04.02.2015 წელს უკვე დაფარული იყო დარიცხული პირგასამტეხლო, ხოლო ბოლო დაფარვისას - 2016 წლის 29 სექტემბერს პირგასამტეხლო ჯერ კიდევ არ იყო დარიცხული. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მტკიცება, რომ ერთი წლისა და ექვსი თვის შემდეგ, 2016 წლის 29 სექტემბერს მოპასუხეზე პირგასამტეხლო არ იყო დარიცხული, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო პირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სადავოდ გახადა მის სასესხო ანგარიშზე 2016 წლის 29 სექტემბერს 150 ლარის შეტანის ფაქტი, რომელიც მიქცეულია სესხის ძირითადი თანხის დასაფარად და მიუთითა, რომ 2015 წლის შემდეგ მას თანხის შეტანა არ განუხორციელებია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 102.1, 102.2 მუხლებიდან გამომდინარე, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, თუმცა მას არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პირველი მოპასუხის ვალდებულების შესრულების მიზნით, პირველმა მოპასუხემ ან მისგან უფლებამოსილმა პირმა განახორციელა 2016 წლის 29 სექტემბერს გადახდა, გარდა ანგარიშის მფლობელის ანგარიშიდან ამონაწერისა, სადაც მითითებულია, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს გადახდა ავტომატური გადახდის აპარატის მეშვეობით არის განხორციელებული. მოცემულ ვითარებაში არ დგინდება, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს თანხის შეტანა მოპასუხე მხარემ განახორციელა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის სასარგებლოდ საბოლოო გადახდა 2015 წლის 04 თებერვალს განახორციელა. აპელანტი მიუთითებს სესხის ოფიცრის მ.ა–ის მიერ შედგენილ ცხრილზე, რომელიც თვით მ.ა–ის ხელმოწერითაც არ არის დადასტურებული. ამასთან, არ არის წარდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულება - შემოსავლის ორდერი ან ჩარიცხვის დამადასტურებელი საბუთი, რომლითაც მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები დადასტურდებოდა.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა მოთხოვნებთან დაკავშირებით ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლის დაწყებისთვის დაცული უნდა იყოს იმავე კოდექსის 130-ე მუხლით დადგენილი დანაწესი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2015 წლის მარტიდან, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2018 წლის 20 ივლისს - მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 3 წლისა და 4 თვის შემდეგ. აღნიშნულის შესაბამისად სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
7.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა სესხზე ბოლო გადახდის თარიღი და არასწორად განსაზღვრა მოხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტი;
7.2. კრედიტორმა წარადგინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება 2016 წლის 29 სექტემბერს სესხის დასაფარად მსესხებლის ანგარიშზე თანხის შეტანის ფაქტი. სესხზე ბოლო გადახდა 2016 წლის 29 სექტემბერს განხორციელდა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს. სარჩელი ხანდაზმულობის 3-წლიან ვადაშია წარდგენილი;
7.3. სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ სესხზე გადახდა განხორციელებულია. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორმა ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ თანხის პირადად გადახდის ფაქტი და ეს გარემოება დაუდო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს საფუძვლად. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ განეკუთვნება იმ ვალდებულებათა კატეგორიას, რომელიც მოვალის მიერ პირადად უნდა შესრულდეს, შესაბამისად, აღნიშნული შესაძლოა განეხორციელებინა მესამე პირს მსესხებლის დავალებით; ამასთან, სესხზე გადახდა განხორციელებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატით, რომელიც საჭიროებს პირის პერსონალურ ინფორმაციას, მსესხებლის პირად ნომერს, შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია თავად მოვალის ნების გარეშე სხვა პირისთვის ვერ გახდებოდა ცნობილი და ვერ იქნებოდა გამოყენებული; გაუგებარია, ვის შეიძლებოდა ჰქონოდა აღნიშნული სესხის დაფარვის ინტერესი გარდა მოვალისა, მითუმეტეს, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს სესხის დასაფარად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტისთვის არ იდგა ხანდაზმულობის პრობლემა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობა.
15. წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკის სარჩელი მოპასუხეთა მიმართ ხანდაზმულია, რასაც კასატორი არ ეთანხმება. მისი მტკიცებით, სარჩელი მოპასუხეთა მიმართ წარდგენილია ხანდაზმულობის კანონით დადგენილ ვადაში. კერძოდ, მსესხებელმა სესხზე ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 29 სექტემბერს, ხოლო ბანკმა სარჩელი ბოლო გადახდიდან კანონით დადგენილ 3-წლიან ვადაში წარადგინა.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
17. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).
19. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომ მსესხებელმა ბანკთან 22.11.2013წ. დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარად ბოლო გადახდა 2016 წლის 29 სექტემბერს განახორციელა. დადგენილია, რომ აღნიშნული სადავო გადახდა განხორციელდა ავტომატური გადახდის აპარატის მეშვეობით და ანგარიშის მფლობელის ანგარიშიდან ამონაწერით არ ირკვევა თანხის გადამხდელი პირის ვინაობა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარე უარყოფს მსესხებლის მიერ 2016 წლის 29 სექტემბერს სესხის დასაფარად თანხის გადახდის ფაქტს, მხოლოდ თანხის მსესხებლის ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტს საკასაციო სასამართლო აღნიშნული სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს.
20. სადავო არ არის, რომ მსესხებელმა 2016 წლის 29 სექტემბრამდე სესხზე გადახდა განახორციელა 2015 წლის 04 თებერვალს, შესაბამისად, ვინაიდან განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 20 ივლისს, იგი ხანდაზმულია, რამდენადაც გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული [ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია] ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
24. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
26. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „თ.ბ–ი“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს სს „თ.ბ–ს“ (ს/კ N......) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 13 აპრილს №64004 საგადასახადო დავალებით გადახდილი გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 (სამასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი და დარჩენილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი