საქმე №ას-232-2022 7 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ო.ა. ოღლი, ა.მ. ოღლი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ო.ა. ოღლის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე”, „მსესხებელი” ან „პირველი კასატორი“) და ა.მ. ოღლის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „თავდები“ ან „მეორე კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „თ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე” ან „ბანკი”) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს 2017 წლის 04 ოქტომბრის N2584298-9231740 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ჯამში 74 377,35 (სესხის ძირითადი თანხა - 66 671,10 ლარი, სარგებელი - 5 206,25 ლარი და პირგასამტეხლო 2 500 ლარი) ლარის გადახდა. მეორე მოპასუხის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 73 500 ლარის ფარგლებში; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: კასპი, სოფ. ......., ს.კ. ......, ასევე, პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: კასპი, სოფ. ......., ს.კ. ........; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების დაფარვას, ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით, დადგინდა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2015 წლის 10 აგვისტოს გაფორმდა N0131.2584298.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.
2.2. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 10 აგვისტოს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ამ უკანასკნელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: კასპი, სოფ. ......., ს.კ. ...... იმავე დღეს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ამ უკანასკნელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: კასპი, სოფ. ......., ს.კ. .......
2.3. ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის 2017 წლის 04 ოქტომბერს გაფორმდა N2584298-9231740 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 70 000 ლარი, 24 თვის ვადით, წლიური 17% სარგებლის დარიცხვით.
2.4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 73 500 ლარით.
2.5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის გრაფიკი.
2.6. მოსარჩელემ მოპასუხეები გააფრთხილა ვალდებულების შესრულებისა და საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის თაობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 04 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს - 76 877,35 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 66 671,10 ლარი, პროცენტი - 5 206,25 ლარი, ჯარიმა (პირგასამტეხლო) - 5 000 ლარი.
3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და არ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება იმის შესახებ, რომ საკმარისად არ ფლობენ ქართულ ენას, რის გამოც ხელშეკრულებას ისე მოაწერეს ხელი, რომ ვერ შეძლეს მისი წაკითხვა და გააზრება. სასამართლოს განმარტებით, გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებითა და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე, ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებები ხელმოწერილია მხარეთა მიერ, ამასთან, მოპასუხეებს ზემოაღნიშნული არგუმენტები შესაგებელში არ მიუთითებიათ, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი ირკვევა, რომ მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში და სადავოდ გახადეს მოთხოვნილი პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
4. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია ასევე აპელანტების განმარტება მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვისა და მოსარჩელის მიერ უპროცენტო სესხის გაცემის ვალდებულების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული არგუმენტები არ აბათილებს მოსარჩელის მოთხოვნას საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული სესხის დაბრუნების შესახებ.
5. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868.1, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 115-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სახეზე იყო როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის, ასევე, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 5 000 ლარის ოდენობით შემცირდა 2 500 ლარამდე, რაც შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას არ წარმოადგენს.
6. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე, 464-ე, 891.1, 895-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ვინაიდან მეორე მოპასუხე წარმოადგენს სოლიდარულ თავდებს ბანკის წინაშე პირველი მოპასუხის ვალდებულებებისათვის, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სწორად დაეკისრათ თანხის სოლიდარულად გადახდა.
7. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286.1, 301.1 მუხლები და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია იპოთეკით დატვირთული ქონებით დაიკმაყოფილოს 2017 წლის 04 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები. სასამართლოს განმარტებით, გარდა აღნიშნულისა, დგინდება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება მსესხებლის სხვა ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ, რაც ასევე სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარუდგენიათ.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
9. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
9.1. კასატორებმა სესხი აიღეს იმ მიზნით, რომ შეეძინათ მსხვილფეხა საქონელი. შეიძინეს პირუტყვი, თუმცა ნაწილი დაიღუპა ავადმყოფობის გამო, ხოლო ნაწილი კი სიცივით, რადგან მოსარჩელემ არ შეასრულა პირობა და არ მისცა მოპასუხეებს უპროცენტო სესხი, რითაც მათ საქონლის სადგომი უნდა აეშენებინათ. ამით ისინი დაზარალდნენ და ვეღარ შეძლეს სესხის გადახდა;
9.2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებით, უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციით მოპასუხეთა ოჯახებს მიადგებათ დიდი ზარალი, რადგან მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ და არც სხვა შემოსავლის წყარო აქვთ.
10. კასატორებმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვეს მორიგება, რაზეც მოსარჩელემ საკასაციო შესაგებლით უარი განაცხადა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებიათ.
16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების, ასევე, იპოთეკის საგნების სარეალიზაციოდ მიქცევის მართლზომიერება.
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (კანონის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ამასთან, იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო, მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
18. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა წლიური 17% სარგებლის დარიცხვის პირობით. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის მსესხებლის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი (სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის ფაქტი), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მოპასუხეთათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დაკისრების წინაპირობა. კასატორებს აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
20. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული ვალდებულების ხასიათის, დარღვევით გამოწვეული შესაძლო ზიანისა და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის (5 000 ლარი) გათვალისწინებით, მოპასუხეთათვის დაკისრებული შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა (2 500 ლარი) წარმოადგენს გონივრულ და სამართლიან ოდენობას.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მეორე მოპასუხემ, როგორც თავდებმა, იკისრა სოლიდარული ვალდებულება ბანკის მიმართ პირველი მოპასუხის საკრედიტო ვალდებულებების შესრულებაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლიდან [თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა] გამომდინარე, მას ბანკის მიმართ არსებული დავალიანების მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გადახდა მართებულად დაეკისრა.
23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნას გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
24. იპოთეკა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო (ნივთობრივი) საშუალება, რომელიც უზრუნველყოფილ კრედიტორს ანიჭებს უფლებას სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკის საგნის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი). იპოთეკა აქცესორული ხასიათის უფლებას წარმოადგენს და მისი დადგენისათვის აუცილებელია მოთხოვნის არსებობა, იმ მოთხოვნისა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით იტვირთება უძრავი ქონება.
25. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
26. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებითა და აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეთა კუთვნილი უძრავი ქონებები: ს.კ. ....... და ს.კ. .......; აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულებების 7.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად (დასაფარად), უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით.
27. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხეთა მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი (მოპასუხეებმა დაარღვიეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დადგენილ ვადაში დაფარვის ვალდებულება), მხარეთა ზემოაღნიშნული შეთანხებიდან გამომდინარე, სახეზეა როგორც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის, ასევე, რეალიზაციიდან მიღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე გადახდევინების მიქცევის საფუძველი.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
30. ამდენად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 85,50 ლარის, ჯამში 385,50 ლარის 70% – 269,85 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ო.ა. ოღლის და ა.მ. ოღლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორებს ო.ა. ოღლის (პ/ნ N.........) და ა.მ. ოღლის (პ/ნ N........) დაუბრუნდეთ ო.ა. ოღლის მიერ 2022 წლის 11 თებერვლის №12591731007 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის და 2022 წლის 6 აპრილის №12997796776 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 85,50 ლარის, საერთო ჯამში 385,50 ლარის 70% – 269,85 (ორას სამოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი