საქმე №ას-345-323-2017 2 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ა.რ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.მ–ია (მოსარჩელე)
მოპასუხე – რ.რ–ია
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილება
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ.მ–იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.რ–იას და ა.რ–იას მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დაკისრების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით თ.მ–იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ.რ–იამ და ა.რ–იამ (ა.რ–იას მხარდამჭერმა შ.შ–იამ).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ.რ–იამ და ა.რ–იამ (ა.რ–იას მხარდამჭერმა შ.შ–იამ) შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით:
1. დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივრის ავტორების რ.რ–იასა და ა.რ–იას (ა.რ–იას მხარდამჭერის შ.შ–იას), მოწინააღმდეგე მხარის თ.მ–იასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების წარმომადგენლის - შ.ღ–ას შუამდგომლობა და დამტკიცდა რ.რ–იასა (პ/ნ: .....) და ა.რ–იას (პ/ნ: .......) (ა.რ–იას მხარდამჭერს შ.შ–იას პ/ნ: .......), თ.მ–იასა (პ/ნ: .......) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების წარმომადგენელს - შ.ღ–ას (პ/ნ: .......) შორის 2018 წლის 18 ივლისს დადებული შეთანხმება (მორიგების აქტი) შემდეგი პირობებით:
1.1. ქალაქ ფოთში, ...... მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია №......, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მორიგების აქტის გაფორმებისთანავე დარეგისტრირდეს თ.მ–იასა (პ/ნ ........) და ა.რ–იას (პ/ნ .......) თანასაკუთრებაში, თითოეულზე ½ (50%-50%) წილით;
1.2. რ.რ–ია (პ/ნ ........) და/ან ა.რ–ია, მისი მხარდამჭერის შ.შ–იას (პ/ნ .......) სახით, იღებენ ვალდებულებას გადაუხადონ თ.მ–იას 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი წლის ვადაში. აღნიშნული თანხის მიღებისთანავე თ.მ–ია ან/და მისი უფლებამონაცვლე №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მის სახელზე რეგისტრირებულ ½ წილს დაუბრუნებს ა.რ–იას, რაზედაც წარადგენს შესაბამის განცხადებას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქონებაზე მისი თანასაკუთრების უფლების გაუქმების ან გადაცემის თაობაზე;
1.3. თანხის გადაცემა მოხდეს ქალაქ მარტვილში მდებარე სანოტარო ბიუროში, სადაც თ.მ–ია და რ.რ–ია ვალდებულნი არიან შეადგინონ ან სანოტარო წესით დაამოწმონ თანხის - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის მიღება–ჩაბარების დოკუმენტი. აღნიშნული პროცედურა მხარეებმა შეიძლება განახორციელონ პირადად ან სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლების მეშვეობით;
1.4. თანხის მიღების შემდგომ თ.მ–ია ასევე იღებს ვალდებულებას ქალაქ ფოთში, .... მდებარე უძრავ ქონებაზე, რომლის საკადასტრო კოდია №......, წარადგინოს განცხადება იპოთეკის მოხსნის თაობაზე, რასაც განახორციელებს თანხის მიღებიდან არაუგვიანეს 07 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში;
1.5. თ.მ–იაზე 10000 აშშ დოლარის შეთავაზების უფლება აქვს რ.რ–იასა და ა.რ–იას, მხარდამჭერის და/ან უფლებამონაცვლის მეშვეობით. ასევე თ.მ–ია ხელს არ შეუშლის თანამესაკუთრეს და მის მხარდამჭერს ქალაქ ფოთში, .......... მდებარე უძრავი ქონების არანაკლებ 10000 (ათიათას) აშშ დოლარად გასხვისებაში. ხელშეშლაში იგულისხმობა ისეთი გარემოება, თუ თ.მ–ია უძრავი ქონების არანაკლებ 10000 დოლარად გასხვისებისა და ამ თანხის მიღების შემთხვევაში, ხელს არ მოაწერს კუთვნილი წილის მეორე მხარის მიერ მითითებულ პირებზე (ქონების შემძენებზე) გადაფორმებას, ასევე სხვა ფორმით შეეცდება ხელშეშლას ქონების გასხვისებაში, რაზედაც მხარის მიერ ხელისშემშლელ მხარეს ან/და მის უფლებამონაცვლეს უნდა გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება ვალდებულების შესრულების თაობაზე. წერილის ჩაბარებიდან მხარემ 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა აღმოფხვრას ხელშეშლა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეშლის დადასტურების შემთხვევაში თ.მ–ია დაკარგავს 10000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლებას და წარმოიშობა ამ შეთანხმების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, ა.რ–იას დაუბრუნოს თ.მ–იას სახელზე რეგისტრირებული ½ წილი;
1.6. თანხის გადაცემისათვის მხარეები მორიგების აქტის შედგენიდან ერთწლიანი ვადის დადგომამდე (2019 წლის 18 ივლისამდე) არაუგვიანეს 15 კალენდარული დღით ადრე წერილობითი ფორმით ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (მეილი) აცნობებენ ერთმანეთს თანხის გადაცემის კონკრეტული დროისა და სანოტარო ბიუროს შესახებ;
1.7. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის ვადაში 2019 წლის 18 ივლისამდე რ.რ–ია/ან ა.რ–ია ვერ უზრუნველყოფენ თ.მ–იასათვის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის გადახდას, ყოველგვარი დამატებითი პირობებისა და ვადის გარეშე უძრავი ქონება მისამართი: ქ. ფოთი, ........, ს/კ №...... საკუთრების უფლებით სრულად აღირიცხება თ.მ–იას საკუთრებაში;
1.8. მესამე პირებთან დავის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები იღებენ ვალდებულებას დაუყოვნებლივ მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია აღნიშნული დავის შესახებ. ასევე ა.რ–იას მხარდამჭერი და რ.რ–ია ვალდებული არიან თ.მ–იასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე არ ცნონ №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე 21.12.2011 წელს თ.ჯ–ასა (პ/ნ .........) და ა.რ–იას (პ/ნ .......) შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკარის მოთხოვნა;
1.9. ქალაქ ფოთში, ...... მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ №.........) საკუთრების უფლების მიღების შემთხვევაში, თ.მ–ია ან მისი უფლებამონაცვლე არ მოახდენს ა.რ–იას გამოსახლებას ამ უკანასკნელის სიცოცხლის მანძილზე. ა.რ–იას უფლება აქვს სიცოცხლის მანძილზე იცხოვროს და ისარგებლოს ქალაქ ფოთში, ....... მდებარე ქონებით, რაც უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
1.10. მხარეებს ერთმანეთის მიმართ სხვა სახის პრეტენზიები ან მოთხოვნები არ გააჩნიათ.
2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
3. მხარეთა მორიგების გამო წინამდებარე დავაზე საქმის წარმოება შეწყდა.
4. განემარტათ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2021 წლის 6 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა თ.მ–იამ და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით დადგენილი მორიგებით გათვალისწინებული ვალდებულებები მოპასუხეების მხრიდან დადგენილ ვადაში არ შესრულებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.6 და 1.7 პუნქტებზე.
თ.მ–იას ზემოაღნიშნული განცხადება გაეგზავნათ მოპასუხეებს და დაევალათ შეტყობინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ მათი პოზიცია/მოსაზრება და ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილები 2021 წლის 12 ოქტომბერს ჩაბარდა შ.შ–იას, როგორც ა.რ–იას მხარდამჭერს და რ.რ–იას ოჯახის წევრს - ბიძას (ტ. 3, ს.ფ.10-11). განცხადების ჩაბარებიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ თავიანთი მოსაზრება და არც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება.
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ უნდა მომხდარიყო განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილება და რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.6 პუნქტი არ შეიცავდა იძულებით აღსასრულებელ პირობას, დადგინდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ზემოაღნიშნული განჩინების 1.7 პუნქტზე. ამასთან, ვინაიდან განჩინების 1.7 პუნქტის აღსრულებასთან განუყოფელ კავშირში იყო განჩინების 1.9 პუნქტი, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია სააღსრულებო ფურცლის გაცემა განჩინების როგორც 1.7, ისე 1.9 პუნქტებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ.მ–იას განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე;
2. დადგინდა თ.მ–იას სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემა:
(ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.7 პუნქტის იმ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ უძრავი ქონება მისამართი: ქ. ფოთი, ........, ს/კ №......... საკუთრების უფლებით სრულად აღირიცხება თ.მ–იას საკუთრებაში;
(ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.9 პუნქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ ქალაქ ფოთში, ........ მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ №.........) საკუთრების უფლების მიღების შემთხვევაში, თ.მ–ია ან მისი უფლებამონაცვლე არ მოახდენს ა.რ–იას გამოსახლებას ამ უკანასკნელის სიცოცხლის მანძილზე. ა.რ–იას უფლება აქვს სიცოცხლის მანძილზე იცხოვროს და ისარგებლოს ქალაქ ფოთში, ......... მდებარე ქონებით, რაც უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
2021 წლის 25 ოქტომბერს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის - თ.მ–იას სასარგებლოდ.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ა.რ–იამ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
2024 წლის 1 აპრილს საკასაციო სასამართლოს კვლავ მომართა ა.რ–იამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.რ–იას განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დადგენილია, რომ ა.რ–იამ 2024 წლის 1 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა მის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე სასამართლოში განცხადების შეტანა მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს განცხადება წარმოებაში და განიხილოს იგი. ამდენად, ა.რ–იას განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, 284-ე-285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.რ–იას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური