Facebook Twitter

25 ივლისი, 2023 წელი №ას-528-2023 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ზ.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.გ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ზ.გ–ის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2003 წლის 04 იანვარს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.

1.2. არასრულწლოვანი ბავშვის, 2003 წლის 14 აპრილს დაბადებული ნ.გ–ის საცხოვრებელ ადგილად დედის (მოსარჩელის) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

1.3. მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ.გ–ის სასარგებლოდ, ალიმენტის, ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2019 წლის 27 სექტემბრიდან, ნ.გ–ის სრულწლოვანების მიღწევამდე.

1.4. მოპასუხისათვის სწავლის ხარჯის - 600 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელი ცნო განქორწინებისა და შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში, ხოლო ალიმენტისა და სწავლის ხარჯის დაკისრების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ არასრულწლოვნის სწავლის ხარჯის ნაწილი, ანუ - ალიმენტი, უკვე გადახდილი ჰქონდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის და გაუქმდა ქორწინების №0012348 სააქტო ჩანაწერი. ნ.გ–ის (დაბადებული 2003 წლის 14 აპრილს, პ/ნ ......) საცხოვრებელ ადგილად, სრულწლოვანებამდე აღიარებული იქნა დედის - მოსარჩელის, საცხოვრებელი ადგილი. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 27 სექტემბრიდან ნ.გ–ის სრულწლოვანების მიღწევამდე. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის სწავლის ხარჯის - 600 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარის) დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1197-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1215-ე მუხლებით იხელმძღვანელა და განჩინება დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ დასაბუთებას:

5.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2003 წლის 04 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.

5.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს ჰყავთ შვილები ნ. და ლ.გ–ები. სარჩელის აღძვრის დროს, 2019 წლის 27 სექტემბერს, ნ.გ–ი (დაბადებული 2003 წლის 14 აპრილს) იყო არასრულწლოვანი.

5.3. 2019 წლის ზაფხულის შემდგომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ნ.გ–ი მითითებული დროისათვის ცხოვრობდა დედასთან ერთად, მოსარჩელის მშობლების სახლში, ბავშვზე მზრუნველობას ახორციელებდა მოსარჩელე.

5.4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მოსარჩელის საშუალო დარიცხული ყოველთვიური ხელფასი, 2018 წლის იანვრიდან - 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შეადგენდა - 10 771 ლარს. მოპასუხის დარიცხული შემოსავალი, 2018 წლის მარტში შეადგენდა - 6125 ლარს, ხოლო აპრილში - 1200 ლარს, 2019 წლის თებერვლდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, მოპასუხის საშუალოდ დარიცხულმა ყოველთვიურმა შემოსავალმა შეადგინა 3 653.58 ლარი.

5.5. არასრულწლოვანი ნ.გ–ი ემზადებოდა (სწავლობს) სხვადასხვა საგნებში, კერძოდ: ქართულ ენაში, რომლის საფასური შეადგენდა 2019 წელს - 700 აშშ დოლარს, ხოლო 2020 წელს - 1100 აშშ დოლარს; ინგლისურ ენაში სწავლის საფასური შეადგენდა 2019 წელს - 1500 ლარს, ხოლო 2020 წელს - 1000 აშშ დოლარს; ისტორიის სწავლის საფასური შეადგენდა 2019 წელს - 1500 ლარს, ხოლო 2020 წელს - 1000 აშშ დოლარს; მათემატიკაში სწავლის საფასური შეადგენდა 2019 წელს - 1000 ლარს.

5.6. მოპასუხემ ს.ს. „თ.ბ–ი“-ს მეშვეობით, არასრულწლოვანი შვილის ნ.გ–ის სასარგებლოდ, მოსარჩელის სახელზე 2021 წლის 06 იანვარს გადარიცხა 1250 ლარი (დანიშნულება: ნ.გ–ის სკოლის გადასახადი); 2021 წლის 11 იანვარს გადარიცხა 1250 ლარი (დანიშნულება: ნ.გ–ის მათემატიკისა და ისტორიის მომზადების საფასური); 2021 წლის 09 მარტს გადარიცხულია 500 აშშ დოლარი (დანიშნულება: ნ.გ–ის მასწავლებელთან მომზადების თანხა); 2021 წლის 30 მარტს გადარიცხულია 500 აშშ დოლარი (დანიშნულება: ანგარიშზე უცხოური ვალუტის შეტანა ნ.გ–ი).

5.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მისი მხრიდან ს.ს. „თ.ბ–ი“-ს მეშვეობით, არასრულწლოვანი შვილის, ნ.გ–ის სასარგებლოდ, მოსარჩელის სახელზე 2021 წლის განმავლობაში ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა არა სწავლის გადასახადს, არამედ - ალიმენტის თანხებს. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან ალიმენტის დანიშნულებისა და არსის გაიგივება დამატებით ხარჯებთან საფუძველს მოკლებულია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თითოეული ჩარიცხვის მიზნობრიობა საბანკო ქვითრებში ზედმიწევნით არის გაწერილი, ამავდროულად, დადგენილი იყო ისიც, რომ არასრულწლოვნის სკოლის წლიური საფასური შეადგენდა 2500 ლარს, რომლის ხარჯსაც მშობლები, როგორც ჩანს, თანაბრად იყოფდნენ. პალატამ განმარტა, რომ ბავშვის რჩენა-აღზრდა არ მოიცავს მხოლოდ საგანმანათლებლო ხარჯებს, ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია ელემენტარული ყოფითი საჭიროებების დაკმაყოფილებაც, რის კომპენსაციასაც თავისი არსით ახდენს ალიმენტის თანხა და რომლის გადახდაც, ნებაყოფლობით თუ იძულების წესით, მშობელთა კანონისმიერი და მორალური ვალდებულებაა.

5.8. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ამასთან, მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

5.9. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2019 წლის ზაფხულიდაან მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ნ.გ–ი ცხოვრობდა დედასთან ერთად, ის იყო სკოლის მოსწავლე იყო და საჭიროებისამებრ დამატებით ემზადებოდა სხვადასხვა საგანში, შესაბამისად, ნ.გ–ს აღზრდა-განვითარებისა და სწავლისთვის ესაჭიროებოდა აუცილებელი სახსრები.

5.10. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი უნდა განისაზღვროს მათი მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხით. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ას-1011-931-2017).

5.11 ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად დაკისრებული ალიმენტი - 300 ლარი, არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით სამართლიან და გონივრულ ოდენობას წარმოადგენს, რის გამოც, არ ვლინდებოდა სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კანონი ზუსტ განმარტებას არ იძლევა თუ რა წარმოადგენს ალიმენტის თანხას და რა ბავშვის დამატებით საჭიროებას. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისა და თანხის დაკისრებისას, ალიმენტის თანხაში ბავშვის ყველა საჭიროება, მათ შორის - სწავლის საფასურიც გათვალისწინებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ სწავლის საფასურის დანიშნულებით გადარიცხული თანხები არ უნდა მიჩნეულიყო ალიმენტის თანხად, მცდარია.

6.2. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ისე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ გაითვალისწინეს მოსარჩელისა და მოპასუხის შემოსავალი. ბავშვის საჭიროებებისათვის თანხა უნდა განსაზღვრულიყო ორივე მშობლის ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრებას, იმ მოტივით, რომ ალიმენტის თანხა უკვე გადახდილი აქვს.

11. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (ს.უ.ს.გ. №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (ს.უ.ს.გ. №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.). ბავშვის ინტერესი არ უნდა დაიყვანებოდეს მხოლოდ მატერიალურ-საყოფაცხოვრებო პირობებამდე, ბავშვის ინტერესი არ შემოიფარგლება კარგი საყოფაცხოვრებო პირობებით, ისინი იმ სხვა გადამწყვეტ ფაქტორებს გულისხმობენ, რომელიც უზრუნველყოფენ ბავშვის სწორ იდეოლოგიურ და ფიზიკურ აღზრდას, მის მომზადებას საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობისათვის (შ.ჩიკვაშვილი, საოჯახო სამართალი, ,,მერიდიანი“ თბილისი 2004წ.).

14. საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზია, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტი უკვე გადახდილი აქვს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ნ.გ–ი სწავლობდა კერძო სკოლაში და დამატებით ესაჭიროებოდა სხვადასხვა საგანში მომზადებისათვის თანხა. ასევე უდავოა, რომ მოპასუხემ არასრულწლოვანი შვილის ნ.გ–ის სასარგებლოდ, მოსარჩელეს გადაურიცხა: 2021 წლის 06 იანვარს - 1250 ლარი, დანიშნულებით - ნ.გ–ის სკოლის გადასახადი; 2021 წლის 11 იანვარს - 1250 ლარი, დანიშნულებით - ნ.გ–ის მათემატიკისა და ისტორიის მომზადების საფასური; 2021 წლის 09 მარტს - 500 აშშ დოლარი, დანიშნულებით - ნ.გ–ის მასწავლებელთან მომზადების თანხა; 2021 წლის 30 მარტს - 500 აშშ დოლარი, დანიშნულებით - ანგარიშზე უცხოური ვალუტის შეტანა ნ.გ–ი.

15. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბავშვის რჩენა-აღზრდა არ მოიცავს მხოლოდ საგანმანათლებლო ხარჯებს და მისი ნორმალური აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია ელემენტარული ყოფითი საჭიროებების დაკმაყოფილება, რის კომპენსაციასაც თავისი არსით ახდენს ალიმენტის თანხა და რომლის გადახდაც, ნებაყოფლობით თუ იძულების წესით, მშობელთა კანონისმიერი და მორალური ვალდებულებაა. ამასთან, ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, მშობელს თავისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტთან ერთად ევალება დამატებით ხარჯებში მონაწილეობაც. საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით, რომლებიც არ შეიძლებოდა გათვალისწინებულიყო ალიმენტის განსაზღვრის დროს. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება მაგალითად ბავშვის სწავლის საფასურის გადახდის აუცილებლობა და სხვა (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი 2000 წ. გვ. 200), მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ მოსარჩელისთვის გადარიცხული თანხების დანიშნულებას ძირითადად წარმოადგენდა არასრულწლოვანი შვილის სწავლის საფასურის გადახდა, მაშინ, როდესაც, ნ.გ–ს გარდა სწავლის საფასურისა, ესაჭიროებოდა აღზრდა-განვითარებისათვის სხვა აუცილებელი სახსრებიც.

16. დაუსაბუთებელია კასატორის ის პრეტენზიაც, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მშობლების მატერიალური მდგომარეობა. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოებმა შეისწავლეს ფაქტობრივი გარემოებები, წარდგენილი მტკიცებულებები და ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების საუკეთესო ინტერესებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით დააკისრეს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ალიმენტი - 300 ლარი.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ზ.გ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს ჯ.ჭ–ძის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №17623585643, გადახდის თარიღი: 27.06.2023წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი