Facebook Twitter
საქმე №ას-307-2022 24 აპრილი 2024 წელი
თბილისი



სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე, თეა ძიმისტარაშვილი


საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის №ას-307-2022 (№330210019003216244) სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის №2ბ/2836-20 განჩინება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება: ამხანაგობა „ნ. გ./N.G“-ის წევრების: შ.პ.ს. „ნ.გ“-ს და შ.პ.ს. „ჰ–ო“ -ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ამხანაგობა „ნ.გ./N. G“-ის წევრების: შ.პ.ს. „ნ. გ“-ს და შ.პ.ს. „ჰ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხიდან სხვაობის - 19 677 ლარის და 27 თეთრის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/ნ 20.....) ამხანაგობა „ნ.გ–ი/N.G“-ის (ს/ნ ........) წევრების: შ.პ.ს. „ნ.გ–ი“-ს (ს/ნ ......) და შ.პ.ს. „ჰ“-ს (ს/ნ ......) სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 590 ლარის და 54 თეთრის ანაზღაურება. ამხანაგობა „ნ.გ–ი/N.G“-ის წევრებს: შ.პ.ს. „ნ.გ–ს“ და შ.პ.ს. „ჰ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ 1314 ლარის და 68 თეთრის გადახდა (სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 584.30 ლარი, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 730.38 ლარი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებაზე 2024 წლის 25 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2024 წლის 29 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შ.პ.ს. „ჰ-ს“ დირექტორმა ი.ქ–ძემ, რომლითაც მოვალის რეკვიზიტებში საიდენტიფიკაციო ნომრისის დამატება ითხოვა, ხოლო 2024 წლის 23 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შ.პ.ს. „ნ.გ“-ს წარმომადგენელმა თ.ზ–ძემ, რომელმაც აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალური სამსახურიდან მოვალის რეკვიზიტებში საიდენტიფიკაციო ნომრის მიუთითებლობის გამო წარმოადგინა სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ შეტყობინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადებები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია გადაწყვეტილებით (განჩინებით) დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ, გვ. 371). დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (იხ. თ.ლილუაშვილი, ვ.ხრუსტალი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2007 წ., გვ. 454-454; შდრ: სუსგ № ას-636-597-2011, 24 ივნისი, 2011 წ; სუსგ № ას-1489-2018, 31 იანვარი, 2019 წ.; სუსგ № ას-1369-2020, 20 აპრილი, 2021 წ.; სუსგ № ას-223-2022, 12 დეკემბერი, 2022 წ.; სუსგ №ა-374-გან-2-2023, 15 თებერვალი, 2023 წ.,სუსგ №ას-109-2023, 28 თებერვალი, 2023 წ.; სუსგ №ას-904-2023, 12 სექტემბერი, 2023 წ.).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე (შდრ: სუსგ № ას-842-1056-08, 16 ივნისი, 2020 წ.).
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. ეს წესი არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას.
მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მისამართი: ქ.თბილისი, ........) არის ქალაქ თბილისის აღმასრულებელი ორგანოების ერთადერთი სისტემა და მისი იდენტიფიცირება შეუძლებელი არ არის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2024 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (გაცემის თარიღი: 25.03.2024 საქმე №ას-307-2022) ასახულ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ნათლად და გარკვევით არის მითითებული მოვალის _ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საიდენტიფიკაციო ნომერი _ ......, კერძოდ აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/ნ ......) ამხანაგობა „ნ.გ–ი/N.G“-ის წევრების: შ.პ.ს. „ნ.გ–ი“-ს და შ.პ.ს. „ჰ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხიდან სხვაობის გადახდა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. მოვალის რეკვიზიტებში ასევე მითითებულია მოვალის მისამართი: ქ.თბილისი, ..........
ის გარემოება, რომ მოვალის რეკვიზიტებში დამატებით, კიდევ ერთხელ არ არის აღნიშნული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საიდენტიფიკაციო ნომერი, არ არის სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების საფუძველი და არ ქმნის მოვალის იდენტიფიცირების შეუძლებლობას, რა მიზანსაც ემსახურება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის შინაარსი, სააღსრულებო ფურცელში მოვალის საიდენტიფიკაციო მონაცემის აღნიშვნასთან დაკავშირებით.
ამდენად, შ.პ.ს. „ჰ-ს“ დირექტორის ი.ქ–ძის და შ.პ.ს. „ნ.გ–ი“-ს წარმომადგენლის თ.ზ–ძის განცხადება სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ჰ"-ს დირექტორის ი.ქ–ძის და შ.პ.ს. „ნ.გ–ი“-ს წარმომადგენლის თ.ზ–ძის განცხადებები უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი




ამირან ძაბუნიძე





თეა ძიმისტარაშვილი