საქმე №ას-894-2023 27 სექტემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ.ჯ–ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, შპს „მ.ჯ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მერია, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 60 605 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სარჩელი საბანკო გარანტიის მოთხოვნის არსებობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 433 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) წარდგენა.
4. განჩინება მოსარჩელე კომპანიის დირექტორის ჩაჰბარდა პირადად 2023 წლის 29 მაისს. აპელანტმა, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარადგინა 2023 წლის 9 ივნისს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინებით – სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო; აპლანტს დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე 2023 წლის 5 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 6236 ლარი, ასევე – 2023 წლის 9 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 433 ლარი.
6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება კომპანიის დირექტორმა პირადად ჩაიბარა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 29 მაისს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 30 მაისს და ამოიწურა 2023 წლის 8 ივნისს. აპელანტს ხარვეზი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით დადგენილ ვადაში არ აღმოუფხვრია. მხარემ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოში წარადგინა 2023 წლის 9 ივნისს, ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი 10-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
7. მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების მოთხოვნით.
8. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა ორი მოთხოვნით: მოპასუხეს დაეკისროს 155 985 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; გაუქმდეს სადაზღვევო კომპანიის მიერ მერიის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტია. აპელანტს უფლება ჰქონდა, სააპელაციო საჩივარი წარედგინა პირველი, მეორე ან ორივე მოთხოვნით. სასამართლოს არ აქვს უფლება, აიძულოს მხარე გადაწყვეტილება გაასაჩივროს სრულად. აქედან გამომდინარე, აპელანტს საერთოდ რომ არ გამოესწორებინა ხარვეზი და არ გადაეხადა მეორე მოთხოვნისათვის სახელმწიფო ბაჟი - 433 ლარი, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, წარმოებაში არ მიეღო სააპელაციო საჩივარი იმ მოთხოვნის ნაწილში, რომლისთვისაც აპელანტს გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი - 6236 ლარი.
9. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს 13.05.2023 წლის განჩინებით არ უნდა დაედგინა ხარვეზი და აპელანტისათვის არ უნდა დაევალებინა დამატებით 433 ლარის გადახდა, რადგან ამ ნაწილშიც მოთხოვნა მიმართული იყო მერიის მიმართ და მოქცეული იყო პირველი მოთხოვნის ფარგლებში, რადგან ამ თანხის დაკისრება პირდაპირ უკავშირდება აპელანტის მხრიდან ვალდებულების შესრულებას და, შესაბამისად, ავტომატურად საბანკო გარანტიის გაცემის ვალდებულების გაქარწყლებას, ანუ სახელმწიფო ბაჟი უნდა განსაზღვრულიყო უფრო დიდი ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადაფარვით, მით უფრო, რომ საბანკო გარანტიის გაცემის საფუძველი სწორედ იმ ვალდებულების შესრულებაა, რომლის ღირებულებასაც ითხოვს აპელანტი. პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ავტომატურად შესრულდება ამ ნაწილში მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
12. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ №ას-693-2019, 28.06.2019წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მერიის წინააღმდეგ 216 500 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით. მანვე მოითხოვა სადაზღვევო კომპანიის მიერ მერიის სასარგებლოდ გაცემული ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის გაუქმება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 60 605 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სარჩელი საბანკო გარანტიის მოთხოვნის არსებობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა და მოითხოვა როგორც პირველი, ისე მეორე სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტს დაევალა მათ შორის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში აპელანტმა წარადგინა პირველი მოთხოვნის - 155 895 ლარის 4%-ის - 6236 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. სააპელაციო პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით აპელანტს კვლავ დაუდგინდა ხარვეზი და მეორე სააპელაციო მოთხოვნის ნაწილში დაევალა ბაჟის გადახდა, კერძოდ, სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებზე დართული საბანკო გარანტიის მიხედვით საგარანტიო თანხა განსაზღვრული იყო 10 825 ლარით, შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა 433 ლარით (10 825 ლარის 4%) განისაზღვრა. აპელანტმა დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი სრულად განუხილველად დარჩა.
15. სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის პირველი მოთხოვნის ნაწილში (155 895 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება და 155 895 ლარის მერიისათვის დაკისრება) ბაჟის გადაუხდელობის მოტივით განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგან როგორც აღინიშნა, ამ დავის საგნისათვის აპელანტს ბაჟი გადახდილი ჰქონდა. ამდენად, სარჩელი რამდენიმე მოთხოვნისგან შედგებოდა და სააპელაციო საჩივარშიც ორი მოთხოვნა იყო ჩამოყალიბებული. მართალია, სააპელაციო სასამართლომ სადავო საგნის ღირებულება და, შესაბამისად, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ორივე მოთხოვნიდან გამომდინარე განსაზღვრა, თუმცა, რაკი აპელანტმა ერთ-ერთი მოთხოვნისათვის სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის დაცვით გადაიხადა, ამ საფუძვლით მისი განუხილველად დატოვების წინაპირობა აღარ არსებობდა.
16. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი სრულად უნდა მიეღო წარმოებაში, რადგან პირველი მოთხოვნა მოიცავდა მეორე მოთხოვნას და ამის გამო მასზე ცალკე ბაჟის გადახდა სასამართლოს არ უნდა დაევალებინა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პრეტენზია დაუსაბუთებელია. როგორც მოპასუხისათვის 155 895 ლარის დაკისრება, ისე საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის (10 825 ლარის) არარსებობის დადგენა ქონებრივი ხასიათის მოთხოვნებია (სუსგ №1155-1032-2010, 06.01.2011წ.; №ას-1384-1306-2012, 26.11.2012წ.) და ორივე მათგანისათვის დავის საგნის ფასი დამოუკიდებლად განისაზღვრება. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ, რაკი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე საგარანტიო თანხა განსაზღვრული იყო 10 825 ლარით, ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა სწორად განისაზღვრა 433 ლარით (10 825 ლარის 4%). რადგან აპელანტმა დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში სწორად დარჩა განუხილველად.
17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოპასუხისათვის 155 895 ლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ.ჯ–ას“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც განუხილველად დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 155 895 ლარის დაკისრების თაობაზე შპს „მ.ჯ–ას“ სააპელაციო საჩივრი და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე