საქმე №ას-347-2023 16 ივნისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს პარლამენტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ო-მა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს პარლამენტმა (შემდგომ - პარლამენტი, მყიდველი, მოსარჩელე აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ო-მას“ (შემდგომ - გამყიდველი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. საქართველოს პარლამენტმა და მოპასუხემ 2019 წლის 5 დეკემბერს ელექტრონული ტენდერით (№AT 190020983), აუქციონის გარეშე, პარლამენტის აპარატის ავეჯის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 19-5/12/11 ხელშეკრულება დადეს. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტი მყიდველს უნდა გადასცემოდა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 45 კალენდარულ დღეში - 2020 წლის 20 იანვრის ჩათვლით. შესაბამისი საჯარიმო სანქციების დარიცხვით ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მოპასუხის 2020 წლის 13 თებერვლის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, 2020 წლის 19 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული დამატებითი შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 10 მარტით. 2020 წლის 10 მარტის წერილით გამყიდველმა კვლავ მოითხოვა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2020 წლის 11 მარტის წერილით გამყიდველს ეცნობა, რომ დამატებითი ვადის დაწესების მიუხედავად, მიმწოდებელმა არათუ სრულად, არამედ ნაწილობრივაც კი ვერ შეასრულა ვალდებულება და ვერ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი, რის გამოც ხელშეკრულების მოქმედების ვადის ხელმეორედ გაგრძელებაზე უარს აცხადებდა მოსარჩელე, რაც, თავის მხრივ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციების საფუძველი იყო. ამავე წერილით მიმწოდებელს მიეცა წინადადება 2020 წლის 21 იანვრიდან - 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით (ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა) გადაეხადა ხელშეკრულების 9.1. პუნქტით გათვალისწინებული 4.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პირგასამტეხლო - 14 500 (50 დღე * 290) ლარი და ხელშეკრულების 9.4 პუნქტით გათვალისწინებული, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 20% - 29 000 ლარი, ჯამურად, 43 500 ლარი.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, ავეჯი იყო ინდივიდუალური ზომების, ფორმის, რის გამოც სახელშეკრულებო პარამეტრების შესაბამისად გადაკეთებას, ავანსად აღებული თანხის უცხოური ვალუტით კონვერტაციასა და მისი ნაწილის გადაგზავნას თურქეთის რესპუბლიკაში დასჭირდა დამატებითი დრო. ამავე პერიოდს დაემთხვა წლის დასაწყისში უქმე დღეთა სიმრავლე, რამაც ვალდებულების დაგვიანებით შესრულების საშიშროება შექმნა. ამის შემდგომ მოპასუხის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე 10.03.2020წ. ჩათვლით გადაიწია ვალდებულების შესრულების დრომ. პანდემიისა და თურქეთში გამოცხადებული კარანტინის გამო დაგვიანდა შესრულება და საქონელი განბაჟდა 2020 წლის 11 მარტს. შესრულების მიღება ვეღარ მოხერხდა მოსარჩელის მიერ უარის თქმის გამო. ამდენად, ვადაგადაცილებაში მოპასუხის არაბრალეულობისა და მძიმე ეპიდვითარების გამო არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა 8 700 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სარჩელი დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება არ იყო გამოწვეული ისეთი გარემოებით, რომელიც გამორიცხავდა პასუხისმგებლობის დაკისრებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილება შეაფასა მხოლოდ იმ კუთხით, რამდენად არსებობდა სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (43 500 ლარი) 8 700 ლარამდე შემცირების საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, შეამცირა მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის, მოვალე ორგანიზაციის ფინანსური შესაძლებლობების, ვადაგადაცილების ხასიათის, ქვეყანაში არსებული ფინანსური ვითარებისა და პანდემიის გათვალისწინებით. ამდენად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო დარიცხულის 20%-მდე (1/5 - ჯერ), რის გამოც მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა (43 500 * 20% ) 8 700 ლარი მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ. შემცირების დროს სასამართლომ მხედველობაში მიიღო ისიც, რომ ავანსის სახით გაცემული თანხები საბანკო გარანტიის გზით უკან იქნა დაბრუნებული, ხოლო მოვალე დარეგისტრირდა „შავ სიაში“, რაც მას საბოლოოდ მძიმე ფინანსურ მომავალს უქმნიდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
8. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. კასატორის მტკიცებით, ვალდებულების სრულად შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ერთობლივად 1/5-ჯერ შემცირება არასამართლიანი გადაწყვეტილებაა. საკითხის ამ სახით გადაწყვეტისასაზრს კარგავს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის არსებობა, მხარეთა შეთანხმება მის ყველა არსებით პირობაზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების სხვა პირობების დაცვის ვალდებულება, კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა და სხვა. როდესაც ერთმა მხარემ ხელშეკრულებების პირობები შეასრულა სრულად, მეორე მხარემ კი - საერთოდ არ შეასრულა, საქართველოს პარლამენტის მისამართით კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობაზე სასამართლოს მხრიდან მითითება/მინიშნება არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული.
10. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნავს, რომ სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ეწინააღმდეგება სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, თუმცა არ აზუსტებს, რით გამოიხატება აღნიშნული პრინციპის დარღვევა. კეთილსინდისიერების პრინციპი მხარეებს აკისრებს სახელშეკრულებო ვალდებულებების ფარგლებში ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებას. კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა ხელშეკრულების არა მხოლოდ ერთი მხარის, არამედ ორივე მხარის (მხარეების) ვალდებულებად უნდა იქნეს განხილული. საქართველოს პარლამენტის მხრიდან ყველა სახელშეკრულებო ვალდებულება კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით შესრულდა, რასაც ვერ ვიტყვით მოპასუხეზე.
11. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებისას უნდა გაეთვალისწინებინა შემდეგი გარემოებები:
- მოსარჩელემ მოპასუხეს წინასწარ, ავანსის სახით გადაუხადა ხელშეკრულების ღირებულების მთლიანი თანხა, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიის ფინანსური რესურსის დაზოგვის თვალსაზრისით და რასაც მნიშვნელოვნად უნდა შეეწყო ხელი გამყიდველისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაში;
- მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის ხეშლეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფას ემსახურებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის 50 დღით (66.66%) გაზრდა, რაც მოპასუხემ არ გამოიყენა ვალდებულების ჯეროვნად შესასრულებლად;
- შესყიდვების კანონმდებლობის სპეციფიკიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყოველი სახელმწიფო შესყიდვის უკან დგას შემსყიდველის კონკრეტული საჭიროება, რომელიც გაწერილია დროის მიხედვით და გამომდინარეობს შემსყიდველის მხრიდან საჯარო ფუნქციების განხორციელების ვალდებულებიდან, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების განსაზღვრას და დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება;
- მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სარწმუნო არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ავეჯის დამამზადებელ კომპანიას ჰქონდა რაიმე სახის საწარმოო პრობლემა, რაც განაპირობებდა გაზრდილი ვადების ფარგლებში მიწოდების დაგვიანებას;
- გამყიდველს არ წარმოუდგენია რაიმე წინადადება ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებასთან დაკავშირებით. თუკი მიიჩნევდნენ, რომ რეალურად შეიცვალა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებელი პირობები, მათ ამის გაკეთება შეეძლოთ ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის პირობებში.
12. ამასთან ერთად, სასამართლომ არ გაიზიარა არგუმენტები შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებისას არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლების მხრიდან დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც უკავშირდება შეგნებულად, გააზრებულად ვადების გადაცილების/დარღვევის საკითხს, როდესაც ვადაგადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის ძალიან მცირე და მისი გადახდა მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რაც საბოლოოდ აზიანებს შემსყიდველის ინტერესებს, ვალდებულებების დროული შესრულების მიზანს, შესყიდვის სახელმწიფო ინტერესებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის გონივრული, პროპორციული, გამომდინარეობს მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე გაფორმებული შეთანხმებიდან, გათვალისწინებულია შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია, რომელიც, თავის მხრივ, დაფუძნებულია როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების, ასევე - საერთაშორისო კანონმდებლობით დამკვიდრებულ პრაქტიკაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება სსკ-ის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) მუხლებიდან გამომდინარეობს.
16. გასაჩივრებული განჩინებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო სასამართლომ ხუთჯერ შეამცირა. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ შეამცირეს მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
17. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაპროპორციულად შემცირდა.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიქეტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.; №ას-327-2019. 27.05.2019 წ.; №ას-825-2019, 5.09.2019 წ.; №ას-1511-2018, 26.03. 2019 წ.).
19. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 0.2%, მოპასუხემ ვალდებულება დადგენილ ვადაში ვერ შეასრულა და მოსარჩელეს სთხოვა შესაბამისი საჯარიმო სანქციების დარიცხვით ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება. სწორედ მოპასუხის 2020 წლის 13 თებერვლის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, 2020 წლის 19 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 10 მარტით. პალატის განსჯით, რაკი მოპასუხემ თავად ითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება პირგასამტეხლოს - 0.2%-ის გადახდის პირობით (იხ. 13.02.2020წ. წერილი - გვ. 21) და, შესაბამისად, მოსარჩელემაც სწორედ ამ პირობით არ შეწყვიტა ხელშეკრულება და დასთანხმდა მის გაგრძელებას, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ არსებობს ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს - 14 500 ლარის შემცირების საფუძველი.
20. რაც შეეხება ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს, პალატა ითვალისწინებს რა საქმის კონკრეტულ გარემოებებს, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგებს, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით - 14 500 ლარით. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს არა კრედიტორის გამდიდრება, არამედ მისი დანაკარგების კომპენსირება. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ 29 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს. ამასთან, პალატა ითვალისწინებს კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და დარღვევის ხასიათისა და შედეგების შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად 14 500 ლარს მიიჩნევს.
21. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო აშკარად შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევასთან. შეუსაბამობა გამომდინარეობს პირგასამტეხლოს მაღალი პროცენტიდან. მეორე მხრივ, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და ქვედა ინსტანციების მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის, ხოლო 14 500 ლარი სრულად უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
22. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს 29 000 (14 500 +14500) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
23. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, დაეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 3 480 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს პარლამენტის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ო-მას“ დაეკისროს 29 000 ლარის გადახდა საქართველოს პარლამენტის სასარგებლოდ;
5. შპს „ო-მას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 3 480 ლარის გადახდა;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
გიორგი მიქაუტაძე