Facebook Twitter

საქმე №ას-1417-2023 30 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „მ-გ. M-G“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ.ე.კ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ელექტროენერგიის გადასახადის ანაზღაურებისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „მ-გ. M-G-მა“ (შემდეგ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ.ე.კ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ დარიცხული 9323.47 ლარისგან გათავისუფლება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის კუთვნილი ელექტრომრიცხველის გამართულად მუშაობა, რაც წარმოშობს მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მართებულად აღრიცხვის ვარაუდს, რომლის გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარუდგენია. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საწარმო რეორგანიზაციის გამო ელექტროენერგიას არ მოიხმარდა, მაშინ, როდესაც თავად ეს გარემოებაც არაფრით დასტურდება, საკმარისი არაა ზემოაღნიშნული ვარაუდის გასაქარწყლებლად, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. კასატორის მითითებით, ბრუნვის ისტორიით ცალსახად დასტურდება, რომ 9323.47 ლარი ან/და ამ თანხასთან დაახლოებული თანხა არასდროს დარიცხვია კომპანიას, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა ბრუნვის ისტორიაზე და უნდა გაეცა კითხვაზე პასუხი, თუ რა იყო ამ თანხის დარიცხვის საფუძველი, მით უფრო, როდესაც სადავო პერიოდში კომპანია არ მუშაობდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის - მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დარიცხვის შესახებ 05.08.2021 წლის ქვითრით დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის – 9 323.47 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე აღძრულია ვალდებულების არარსებობის აღიარების მოთხოვნით (სსსკ-ის 180-ე მუხლი), რომელიც დამოკიდებულია იმაზე, დაამტკიცებს თუ არა მოსარჩელე, რომ მას სადავო ქვითარში მითითებული ოდენობის ელექტროენერგია არ მოუხმარია და, შესაბამისად, არც ამ ქვითარში მითითებული თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია.

12. საკასაციო პალატა, მოცემულ შემთხვევაში, კასატორის საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს და სსსკ-ის მე-4 (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) და ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით) მითითებით განმარტავს, რომ ამ უკანასკნელს სათანადო მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია თავისი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა, კერძოდ, კასატორს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მას სადავო ოდენობის ელექტროენერგია არ მოუხმარია და დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვა უკანონოა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, საქმეში წარმოდგენილია „საქართველოს მეტროლოგიის ცენტრის“ №360 დასკვნა, რომლის მიხედვით, მოსარჩელის მრიცხველი მუშაობს დასაშვები ცდომილების ფარგლებში და ვარგისია მოხმარებისათვის. ამასთან, მრიცხველისა და მისი შეფუთვის გარეგანი დათვალიერებით მრიცხველის კორპუსი დაზიანებული არ არის. საქმის მასალების მიხედვით, 2021 წლის 9 აგვისტოს, სს „თ–ის“ (მრიცხველის ყოველთვიურად წაკითხვის და აღრიცხვის მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლისათვის გადაცემაზე პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორი - სს „თ–ი“) უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ადგილზე გადამოწმდა №5325481 აბონენტის №1112137163 მრიცხველი და ელექტრული ქსელიც. შემოწმებისას, მრიცხველის ჩვენება ამოიწერა განმეორებით. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის აღრიცხვის კვანძი და ქსელი იყო წესრიგში, ხოლო მრიცხველის ჩვენება იყო 7700.35, რაზედაც გაფორმდა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №383579 აქტი. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ 2021 წლის 13 აგვისტოს, მოსარჩელემ საჩივრით მიმართა სემეკს, მოპასუხის 2021 წლის 5 აგვისტოს №21-4162966 ქვითრის გაუქმებისა და 9323.47 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. სემეკის 2022 წლის 19 მაისის №3/11-16-5605 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია.

13. პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზეც, რომლის თანახმად, სადავო პერიოდში საწარმო იმყოფებოდა რეორგანიზაციის პროცესში და ელექტროენერგიას არ მოიხმარდა და განმარტავს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, მხოლოდ სიტყვიერი განმარტება ელექტროენერგიის მოუხმარებლობასთან დაკავშირებით კი საკმარისი არ არის მითითებული მსჯელობის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მით უფრო, როდესაც მოსარჩელე სემეკში წარდგენილ საჩივარში თავად უთითებდა, რომ სადავო პერიოდში საწარმოს ადგილსამყოფელზე მიმდინარეობდა სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები და დარიცხული თანხის ოდენობა არ იყო ზუსტი, რითაც მოსარჩელემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მის მიერ დაქირავებული პირები საწარმოს მისამართზე სამუშაოებს ასრულებდნენ და ელექტროენერგიას მოიხმარდნენ (რის გამოც მხოლოდ ოდენობის სიზუსტეს ედავებოდა). საგულისხმოა, რომ თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორია ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი ზოგიერთ თვეში სადავო თანხას აჭარბებს კიდეც (მაგალითად: 26.06.2017 – 13857,51 ლარი; 17.07.2017 – 13856,76 ლარი; 24.08.2017 – 10869,66 ლარი.... 13.05.2021, 9135,81 ლარი; 11.06.2021 – 9640,98 ლარი; იხ. ტომი I, ს.ფ. 32-35). ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ არ მოუხმარია სადავო ქვითრით დარიცხული ელექტროენერგია.

14. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეს 2021 წლის 30 ივნისიდან იმავე წლის 26 ივლისის ჩათვლით საფუძვლიანად დაერიცხა ელექტროენერგიის გადასახადი, რის გამოც არ არსებობს 9323.47 ლარის გადახდისგან მოსარჩელის გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

15. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

17. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: საქმე №ას-195-2020, 2023 წლის 30 მარტის განჩინება; №ას-30-2022, 2022 წლის 24 მაისის განჩინება; საქმე №ას-426-426-2020, 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ-გ. M-G-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „მ-გ.M-G-ს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 467 ლარის (საგადახდო დავალება №19974499185 / გადახდის თარიღი 28.12.2023), 70% – 327 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე