Facebook Twitter

საქმე №ას-870-2019 29 თებერვალი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - შპს „მ.კ–ნი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ.მ.გ“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

II კასატორი - შპს „კ.მ.გ“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.კ–ნი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „მ.კ–ნმა“ (შემდგომ – თავდაპირველი მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, მენარდე, აპელანტი, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ.მ.გ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან შეგებებული სარჩელის ავტორი, შემკვეთი, მეორე კასატორი) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 81 597 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2016 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 8.5 დოლარი და 2016 წლის 13 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 40.5 აშშ დოლარი, ასევე – ზიანის ასანაზღაურებლად 2016 წლის 13 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 22 აშშ დოლარი.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 9 ოქტომბერს, მხარეებს შორის გაფორმდა ალმასით (სვეტური) ბურღვის სამუშაოების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მან შეასრულა 74 070 აშშ დოლარის სამუშაოები, საიდანაც ნაწილი - 60 000 აშშ დოლარი მოპასუხემ გადაიხადა და ასანაზღაურებელი დარჩა 14 070 აშშ დოლარი. ამასთან, იმავე სახის ხელშეკრულება მხარეებს შორის 2016 წლის 20 ივლისს გაფორმდა, რომლის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი, 35 910 აშშ დოლარი, მოპასუხემ გადაიხადა, 67 527 აშშ დოლარი კი, გადასახდელი დარჩა. ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელი ღირებულება ჯამურად 81 597 აშშ დოლარია.

3. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო, რომ დამკვეთი მენარდეს შესრულებული სამუშაოების ღირებულებას გადაუხდიდა მიღება-ჩაბარების აქტების შედგენიდან სამი თვის ვადის განმავლობაში. 2015 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი 2015 წლის 9 ნოემბერს გაფორმდა, მოპასუხემ სამი თვის ვადის მიხედვით - 2016 წლის 9 თებერვლამდე არ შეასრულა ვალდებულება - არ გადაიხადა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 14 070 დოლარი, რომლის 0.06% (ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო - ვალდებულების შეუსრულებლოს ან/და ვადების დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,06 პროცენტი) 8.5 აშშ დოლარია, შესაბამისად, მას ყოველდღიურად ეს თანხა უნდა დაეკისროს 2016 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ასევე, მოპასუხემ 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ შეასრულა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (2016 წლის 19 სექტემბრიდან) სამი თვის ვადის დაცვით და 2016 წლის 19 დეკემბრამდე არ გადაიხადა 67 527 აშშ დოლარი, რომლის 0.06% არის 40.5 დოლარი, რაც მას 2016 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე უნდა დაეკისროს.

4. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დადგენილი ვადის მიხედვით შეუსრულებლობით მიადგა ზიანი, კერძოდ, 81 597 აშშ დოლარიდან მიიღებდა იმდენ შემოსავალს, რამდენიც დადგენილია სადავო პერიოდში საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ითხოვს 2016 წლის დეკემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 81 597 დოლარის 10 პროცენტს, რაც 22 დოლარია.

მოპასუხის შესაგებელი

5. მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ აღიარებს 2015 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ არსებულ დავალიანებას. რაც შეეხება 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებას, მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის უფლებამოსილი პირის მიერ აღიარებულია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით გაბურღულია 467 გრძივი მეტრი, ხოლო 300 გრძივმა მეტრმა ვერ დააკმაყოფილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და გამოუსადეგარი იყო დამკვეთისთვის, აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავალიანება შეადგენდა 27 634.75 აშშ დოლარს, რაზეც მოსარჩელეს ინვოისი უნდა გამოეგზავნა, მაგრამ, მიუხედავად მოპასუხის მზაობისა, ინვოისის მიღების შემდეგ გადაეხადა თანხა, არაფერი მიუღიათ.

შეგებებული სარჩელი

6. შეგებებული მოსარჩელე დაზუსტების შემდეგ ითხოვს, შეგებებული სარჩელის მოპასუხეს შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლო - 1065.61 აშშ დოლარი, ასევე, მიყენებული ზიანი - 6106 აშშ დოლარი (შეგებებული მოსარჩელის მითითებით, შეგებებული მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო №11 ჭაბურღილიდან ამოღებული კერნი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, გამოუსადეგარი იყო და ვერ მოხერხდა მისი გამოკვლევა, ამ ჭაბურღილზეც იძულებული გახდა, მოწვეული ექსპერტის მომსახურების თანხა – 6 106 აშშ დოლარი გადაეხადა). ამასთან, გაიქვითოს მის მიერ აღიარებული 41 694.75 აშშ დოლარი და მის მიერ მოთხოვნილი 7171.61 აშშ დოლარი. შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ სარჩელს ცნობს 41 694.75 აშშ დოლარის ნაწილში (2015 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 14 070 აშშ დოლარს და 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 27 624.75 აშშ დოლარს).

7. შეგებებული სარჩელის ავტორი საკუთარი მოთხოვნის დასადასტურებლად ასახელებს მოპასუხის მიერ სამუშაოების დაწყების დაგვიანებას, ასევე, ტექნიკური გაუმართაობის გამო მოცდენას, რაც მისი მითითებით, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. ამასთან, მიუთითებს იმ ზიანზე რაც მენარდემ ანგარიშფაქტურების წარუდგენლობით მიაყენა (ვერ ჩაითვალა დამატებითი ღირებულების გადასახადი).

8. შეგებებული სარჩელის ავტორი ხელშეკრულების 4.6 მუხლზე (დამკვეთი შემსრულების მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაიხდის სამ ეტაპად, თანაბრად, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამუშაოს მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტის ორმხრივად ხელმოწერისა და შესაბამისი ინვოისის მიღებიდან 3 კალენდარული თვის განმავლობაში), მითითებით ასევე განმარტავს, რომ არ მიუღიათ ინვოისი, რომლის საფუძველზეც შესრულებული სამუშაოები უნდა ანაზღაურდეს, შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მისთვის რაიმე სახის პირგასამტეხლოს დარიცხვა, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის ათვლა სწორედ ინვოისის მიღების დღიდან იწყება.

9. რაც შეეხება 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნას, შეგებებული მოსარჩელე არ ეთანხმება მოთხოვნას ხელშეკრულების პირობების 2.7 და 2.15 პუნქტების საფუძველზე და მიუთითებს, მართალია, №11 ჭაბურღილი გაიბურღა საპროექტო სიღრმემდე 300 გრძივი მეტრით, მაგრამ შემსრულებმა კერნი ამოიღო 243 გრძივი მეტრით, რაც ადასტურებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას, რადგან ასეთ კონკრეტულ პირობებში კერნის გამოსავალი შეადგენს 81%-ს. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების 4.11 მუხლიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, არ გადაიხადოს ასეთი სამუშაოს ღირებულება.

10. შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე მენარდის მიერ შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 63534.75 აშშ დოლარი, საიდანაც ავანსის სახით გადარიცხულ იქნა 35 910 აშშ დოლარი, რაც უნდა გამოაკლდეს ამ თანხას და დარჩება 27 624.75 აშშ დოლარი. ამის შემდგომ კორექტირებული მიღება-ჩაბარების აქტი და ინვოისი მათ არ მიუღიათ, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია პირგასამტეხლოს დარიცხვის მოთხოვნაც.

მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე

11. შეგებებულმა მოპასუხემ (თავდაპირველმა მოსარჩელემ) წერილობით წარდგენილი შესაგებლით, მის წინააღმდეგ აღძრული შეგებებული სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

12. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არც თავდაპირველი და არც შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

13. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება თავდაპირველმა მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით - თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 2015 წლის 5 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ 14 070 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, ასევე, 2015 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე – პირგასამტეხლო 14 070 აშშ დოლარის 0.06%-ი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების მიღებამდე (2019 წლის 10 აპრილი); სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

15. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629-ე, 429-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულების ნორმების (სსკ-ის 629-656-ე მუხლები) არცერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ ინვოისის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდაზე მიღება-ჩაბარების აქტის ორმხრივად ხელმოწერისა და შესაბამისი ინვოისის წარდგენის შემთხვევაში, თუმცა, ინვოისის წარუდგენლობა თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საყურადღებოა 2015 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული, ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაო შესრულებულია. რაც შეეხება თანხის გადახდას, პალატის მითითებით, მოპასუხეს არ წარმოუდგენია თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, არც აღნიშნული ვალდებულების არარსებობის ან/და გათავისუფლების შესახებ მიუთითებია.

16. 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ საქმეში წარმოდგენილი ბურღვის ჟურნალი ადასტურებს სამუშაოს შესრულების ფაქტს. სასამართლოს მითითებით დადგენილია, რომ ჟურნალი ხელმოწერილია მხოლოდ მენარდის წარმომადგენლის მიერ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ჟურნალზე ხელმომწერი პირის სტატუსზე და მიუთითა, რომ იგი წარმოადგენს მოსარჩელესთან დაკავშირებულ პირს, რაც სადავოობის პირობებში ეჭქვეშ აყენებს მასში მითითებული მონაცემის უტყუარობასა და დოკუმენტის მიუკერძოებელ ხასიათს. ამგვარი ქმედება არ გამომდინარეობს ობიექტურობის პოზიციიდან.

17. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ზემოდასახელებული დასაბუთების გათვალისწინებით, დადგენილია რა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი და პირგასამტეხლოს თაობაზე მხარეთა შეთანხმება, აღნიშნული უფლებას ანიჭებს მოსარჩელეს, მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს 2015 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 14 070 აშშ დოლარის 0.06% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების მიღებამდე (2019 წლის 10 აპრილი).

I კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

19. კასატორის მითითებით, 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე შემკვეთის მიერ გადასახდელი თანხა 103437.9 აშშ დოლარია. 2016 წლის 19 სექტემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ხელმოწერაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა. მოპასუხემ აღიარა სამუშაოების შესრულება ორ – №9 და №10 ჭაბურღილზე, რომელთა ჯამი 27 634.75 აშშ დოლარია, ხოლო ბოლო №11 ჭაბურღილზე ასანაზღაურებელი თანხის გადახდაზე უარის თქმის მოტივად მოპასუხემ დაასახელა ის გარემოება, რომ 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების 2.7 მუხლის თანახმად, ბურღვის შედეგად ამოღებული კერნის გამოსავალი უნდა ყოფილიყო 90%, ხოლო, თუ გამოსავალი იქნებოდა 85%-ზე ნაკლები, დამკვეთს უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე. მოსარჩელემ (კასატორმა) უზრუნველყო 86%-იანი კერნის გამოსავალი, რაც დასტურდება ბურღვის ჟურნალის ჩანაწერებით. მოპასუხის მხრიდან ანგარიშსწორებაზე უარის თქმის მოტივი არა კერნის არასაკმარისი გამოსავალი, არამედ კერნიდან მიღებული შედეგია, ანუ კერნის სინჯისას, არ აღმოჩნდა სასარგებლო ნივთიერებები და ამის გამო უარს აცხადებს ანგარიშსწორებაზე. მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა არა კერნში სასარგებლო ნივთიერებების გარანტირებულად აღმოჩენა, არამედ მისი ამოღება, რაც შეასრულა კიდეც.

20. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, ბურღვის ჟურნალი და მიღება-ჩაბარების აქტი ცალმხრივად მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ არის ხელმოწერილი, მასზე არ არის მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა, დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოს წარედგინა მის ხელთ არსებული მტკიცებულება - ბურღვის ჟურნალი, რომელიც ივსება უშუალოდ ობიექტზე. ამასთან, მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა, მოწმის სახით დაკითხულიყო ვ.კ–ი, ვინაიდან ბურღვით სამუშაოებს ასრულებდა სპეციალური განათლების მქონე ბრიგადა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეს პირი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ წაართვა მხარეს ერთადერთი საშუალება, მოეპოვებინა საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ამასთან, სასამართლოს წარედგინა გეოლოგიური დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ იმ მიზნის მიღწევა, რაც გულისხმობს კერნის სინჯს, შესაძლებელია არათუ 81%-იანი გამოსავლის, არამედ 70%-იანი გამოსავლის პირობებშიც, რაც მიღებული იყო საბჭოთა პერიოდიდან. ამ მსჯელობის სისწორეს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მოპასუხესთან დადებულ 2014 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულებაში და 2015 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულებაში მინიმალურ გამოსავლად გათვალისწინებულია 80%.

21. კასატორის მითითებით, მოპასუხემ (მოწინააღმდეგე მხარემ) როგორც შეგებებულ სარჩელში, საქმეში წარმოდგენილ მხარეთა მიმოწერაში, ასევე, სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა დავალიანების არსებობა 41 694 აშშ დოლარი, საიდანაც 27 634.75 აშშ დოლარი არის 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რომლის ოდენობაც და მოცულობაც მხარეებს შორის სადავო არ იყო. ამის მიუხედავად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში. ამასთან, კასატორისთვის ბუნდოვანია, რას ეფუძნება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე - 2019 წლის 10 აპრილამდე. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრება 2016 წლის 10 თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე, თუმცა რატომ მიიჩნია სასამართლომ პირგასამტეხლოს - ვალდებულების შესრულების თარიღის დასასრულად 2019 წლის 10 აპრილი, გაუგებარი და დაუსაბუთებელია.

II კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემაც საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

23. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ სადავოდ არ ხდის 2015 წლის 9 ოქტომბრის, ხელშეკრულების ფარგლებში მენარდის მიერ სამუშაოთა შესრულების ფაქტს, მაგრამ მხარეები მკაფიოდ და არაორაზროვნად შეთანხმდნენ, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებას შემკვეთი გადაიხდიდა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდეგ მენარდის მხრიდან შესაბამისი ინვოისის წარმოდგენიდან სამი თვის ვადის მიხედვით. უდავოა, რომ ინვოისი მენარდეს არ გამოუწერია და არ წარმოუდგენია.

24. მხარეთა მიერ დადგენილი ინვოსის წარდგენიდან 3-თვიანი გადახდევინების ვადა ის პერიოდია, რომლის განმავლობაში შემკვეთი უფლებამოსილია, მის მიერ ნაკისრი ვალდებულება ისე შეასრულოს, რომ არ დაირღვეს ხელშეკრულების პირობები. 3-თვიანი ვადის განსაზღვრა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ შემკვეთი ვალდებულია, მენარდის მიერ გამოწერილი ინვოისი წარუდგინოს ინვესტორს, რაც ამ უკანასკნელის მხრიდან შემკვეთის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის საფუძველია. ამის შემდგომ გადარიცხავს შემკვეთი მენარდის ანგარიშზე შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. სწორედ ამის გამო შეთანხმდა მხარეთა შორის ანგარიშსწორების დოკუმენტის - ინვოისის გამოწერა. გადახდის მავალდებულებებელი პირობა კი წარმოიშობა ინვოისის გამოწერიდან 3 თვის ვადის მიხედვით, შესაბამისად, ამჟამინდელი ვითარებით გადახდევინების ვადა ჯერ არ დამდგარა.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2015 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულების 4.6. მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, მენარდის მხრიდან ამჟამადაც არ არის გამოწერილი შესაბამისი ინვოისი, ანაზღაურების მავალდებულებელი პირობა არ დამდგარა, შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

26. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი მხარეთა საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

28. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში სსკ-ის 629.1 მუხლიდან ( ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს. ამ სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს შესაბამისი ხელშეკრულება; ბ) მოსარჩელეს უნდა გაეწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.

29. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 9 ოქტომბერსა და 2016 წლის 20 ივლისს, მხარეებს შორის დაიდო ალმასით (სვეტური) ბურღვის სამუშაოების შესახებ ხელშეკრულება. პირველი ხელშეკრულების ფარგლებში უდავოა, რომ მოსარჩელემ 74 070 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა, საიდანაც მოპასუხემ ნაწილი - 60 000 აშშ დოლარი გადაიხადა და გადასახდელი აქვს 14 070 დოლარი, რომლის გადახდასაც მოპასუხე სადავოდ ხდის შემდეგი საფუძვლით, იმისათვის, რომ სამუშაოების საფასური ანაზღაურებულიყო, გათვალისწინდა მიღება-ჩაბარების აქტის ორმხრივად ხელმოწერის გარდა შესაბამისი ინვოისის წარდგენა, რაც მენარდეს შემკვეთისათვის არ წარუდგენია. რაც შეეხება 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 67 527 აშშ დოლარის სამუშაოს ანაზღაურებას, მოპასუხე სადავოდ არ ხდის ამ თანხიდან 27 634.75 აშშ დოლარის სამუშაოებს (იხ. შესაგებელი, შეგებებული სარჩელი) და იმავე საფუძვლით (ინვოისის წარუდენლობით) არ ეთანხმებოდა სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო დანარჩენ ნაწილში მიუთითებს ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებაზე.

30. საკასაციო პალატა, უპირველესად, შესრულებული სამუშაოების იმ საფუძვლით ანაზღაურებაზე უარზე იმსჯელებს, რომელიც ინვოისის წარუდგენლობას ეხება და მიუთითებს, რომ უდავოა მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შესრულებისა და მოპასუხის მიერ მისი მიღების ფაქტი, რაც მენარდეს უფლებას აძლევს, სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეთანხმებული საზღაურის გადახდა მოითხოვოს. პალატის მითითებით, მართალია, სამუშაოს ღირებულებისა და ანგარიშსწორების პირობებთან დაკავშირებით მხარეთა შეთანხმების (იხ. ხელშეკრულების 4.6 და 4.8 პუნქტები) თანახმად, დამკვეთი შესრულებული სამუშაოების ღირებულებას გადაიხდიდა სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამუშაოს მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტის ორმხრივად ხელმოწერისა და შესაბამისი ინვოისის მიღებიდან 3 კალენდარული თვის განმავლობაში, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ შემკვეთს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯეროვნად შესრულების გამო გადასახდელი აქვს თანხა, მით უფრო, მენარდის წარმომადგენლების 2016 წლის 11 ოქტომბრის წერილით შემკვეთს ეცნობა 2015 წლის 9 ოქტომბრისა და 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებისა (2015 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი დავალიანების – 14 070 აშშ დოლარისა და 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 103 437.90 აშშ დოლარი) და კონკრეტული თანხების აუნაზღაურებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ასევე, განესაზღვრა 10 დღის ვადა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერისა და მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისათვის (წერილის ჩაბარება შემკვეთს სადავოდ არ გაუხდია), ანუ მანარდემ ფაქტობრივად შემკვეთს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისათვის მოთხოვნა ამ წერილით წარუდგინა, თუმცა, ამის მიუხედავად, შემკვეთს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ აუნაზღაურებია.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მითითებით, მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ ინვოისის მიღებაზე, მაგრამ მისი წარუდგენლობა, მაშინ, როდესაც უტყუარად დასტურდება სამუშაოების შესრულება და მენარდის წერილობითი მოთხოვნა ვალდებულების შესრულებაზე (კონკრეტულ თანხებზე მითითებითა და თანხის გადახდის ვადის განსაზღვრით), არ შეიძლება მენარდის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს დაედოს საფუძვლად, შესაბამისად, ვინაიდან დადგენილია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი სსკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე ვალდებულია, აუნაზღაუროს შემსრულებელს სამუშაოს ღირებულება 14 070 დოლარი და 27 634.75 აშშ დოლარი.

32. რაც შეეხება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას (მოსარჩელე აღნიშნულს აფუძნებს ხელშეკრულების 4.10 (2015 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულება) და 4.13 პუნქტს (2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულება), რომლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან/და ვადების დარღვევის შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობის (ღირებულების) 0.06%-ის ოდენობით) უდავოა, 14 070 დოლარისა და 27 634.75 აშშ დოლარი ნაწილში მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის არსებობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა. ამასთანავე, რაც შეეხება დროის მონაკვეთს, თუ როდიდან უნდა დაერიცხოს მოპასუხეს პირგასამტეხლო, პალატის განსჯით, ვინაიდან 2016 წლის 11 ოქტომბრის წერილით მოპასუხეს წარედგინა მოთხოვნა, ამასთან, ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო, რომ დამკვეთი მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებას იხდიდა სამუშაოების დასრულების შემდეგ სამუშაოს მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტის ორმხრივი ხელმოწერისა და შესაბამისი ინვოისის მიღებიდან 3 კალენდარული თვის ვადის დაცვით, პირგასამტეხლოს დარიცხვა სწორედ 2016 წლის 11 ოქტომბრიდან, 3 თვის შემდეგ - 2017 წლის 12 იანვრიდან უნდა დაიწყოს.

33. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის მითითებასა და პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებაზე (2015 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე) გადაწყვეტილების მიღებამდე (2019 წლის 10 აპრილამდე) და ამ ნაწილში მიუთითებს მოპასუხის მიერ შეთანხმებულ პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ შესაგებლით შეუდავებლობაზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადაწყვეტილების მიღებამდე დაკისრების მართებულობა გაზიარებული ვერ იქნება.

34. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში აღნიშნა, რომ, მართალია, სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაცული იყოს შინაარსობრივი ბალანსიც, ანუ სამართლიანი ბალანსი მხარეთა შორის, თუმცა სასამართლომ მხარეთა თანასწორობა მისთვის კანონით დაწესებული ჩარჩოს ფარგლებში უნდა დაიცვას. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. იხ.: სუსგ საქმწ №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; საქმე №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17). პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნისას მოპასუხის მიერ შესაგებლით მისი ოდენობის შეუდავებლობისას, შესაბამისი წინაპირობების დამტკიცებისას, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებას იწვევს, თუნდაც ის იყოს შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. ქ. მესხიშვილი, „პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები“, „სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ №ას-888-2020, 10.12.2020წ.).

35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

36. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა გაგრძელდეს ვალდებულების შესრულებამდე.

37. საკასაციო პალატა 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 27 634.75 აშშ დოლარზე ზევით შემკვეთისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების 2.7. და 2.15. პუნქტებზე (მენარდე ვალდებული იყო, უზრუნველეყო კერნის მინიმუმ 90%-ის ამოღება. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში, როცა გეოლოგიური სიტუაცია უარყოფით გავლენას ახდენს კერნის გამოსავალზე და ეს გარემოება დადადასტურა შემსრულებელმა მოწვეული ექსპერტების დასკვნით და აღიარებულია შემკვეთის წარმომადგენლის მიერ, დასაშვებია კერნის გამოსავალი იყოს 90%-ზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 85%-ისა. აღნიშნული გარემოება დაფიქსირებული და ხელმოწერილი უნდა იყოს ბურღვის ჟურნალში ორივე მხარის წარმომადგენლის მიერ და გაფორმდეს შესაბამისი აქტით. ყველა სხვა შემთხვევაში გაბურღული მეტრაჟი არ მიიღება და დამკვეთი არ აანაზღაურებს) მითითებით განმარტავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება №11 ჭაბურღილთან დაკავშირებით იმდენი კერნის ამოღება, რამდენიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, კერძოდ, არ დასტურდება, როგორც 86%-იანი კერნის გამოსავალი, ასევე ის გარემოება, რომ გეოლოგიური სიტუაცია უარყოფით გავლენას ახდენდა კერნის გამოსავალზე და ეს გარემოება დადასტურდა მოწვეული ექსპერტების დასკვნით და აღიარებულია შემკვეთის წარმომადგენლის მიერ. როგორც წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება აღნიშნული გარემოება დაფიქსირებული და ხელმოწერილი უნდა იყოს ბურღვის ჟურნალში ორივე მხარის წარმომადგენლის მიერ და გაფორმდეს შესაბამისი აქტით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება. მხოლოდ მენარდის წარმომადგენლის ჟურნალში ხელმოწერა კი, იმას, რომ კერნის გამოსავალი შეესაბამებოდა მხარეთა შორის შეთანხმებულ ოდენობას ვერ დაადასტურებს, ისევე როგორც, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სადავო გარემოებას ვერ დაადასტურებდა მოსარჩელის შუამდგომლობით დასაკითხი პირის ჩვენება. რაც შეეხება პირველი კასატორის იმ პრეტენზიას, რომლის თანახმად, სასამართლოს წარედგინა გეოლოგიური დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ იმ მიზნის მიღწევა, რაც გულისხმობს კერნის სინჯს, შესაძლებელია არათუ 81%-იანი გამოსავლის, არამედ 70%-იანი გამოსავლის პირობებშიც, რაც მიღებული იყო საბჭოთა პერიოდიდან და ამ მსჯელობის სისწორეს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მოპასუხესთან დადებულ 2014 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულებაში და 2015 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულებაში მინიმალურ გამოსავლად გათვალისწინებულია 80%, დაუსაბუთებელია ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, რომლითაც ზუსტად განისაზღვრა კერნის გამოსავლის ოდენობა, შესაბამისად, პალატის განსჯით, მენარდემ №11 ჭაბურღილთან დაკავშირებით, არ შეასრულა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობა - ამოღებული კერნის გამოსავალი არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის, შესაბამისად, შემკვეთს ამ ნაწილში სარჩელით მოთხოვნილი საზღაურის გადახდის ვალდებულება არ აქვს ამავე ხელშეკრულების 4.11 პუნქტის თანახმად, რომლის მიხედვით თუ კერნის გამოსავალი არ იქნება მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობის მინიმუმი მაინც შემკვეთი უფლებამოსილია, არ გადაიხადოს ასეთი სამუშაოს ღირებულება.

38. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი კი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს 14 070 აშშ დოლარისა და 27 634.75 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ასევე, მოპასუხეს, 2015 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მენარდის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 14 070 აშშ დოლარის 0.06% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 12 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე – პირგასამტეხლო – 27 634.75 აშშ დოლარის 0.06% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 12 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

39. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 6651 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ – 4704 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „კ.მ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „მ.კ–ნის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება;

4. შპს „მ.კ–ნის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

5. შპს „კ.მ.გ–ს“ 14 070 აშშ დოლარისა და 27 634.75 აშშ დოლარის გადახდა დაეკისროს შპს „მ.კ–ნის“ სასარგებლოდ;

6. შპს „კ.მ.გ–ს“, 2015 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „მ.კ–ნის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო – 14 070 აშშ დოლარის 0.06% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 12 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

7. შპს „კ.მ.გ–ს“, 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „მ.კ–ნის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო – 27 634.75 აშშ დოლარის 0.06% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 12 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

8. შპს „კ.მ.გ–ს“ შპს „მ.კ–ნის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 6651 ლარის, გადახდა;

9. შპს „კ.მ.გ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 4704 ლარის, გადახდა;

10. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე