საქმე №ას-732-2021 30 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.შ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
არასრულწლოვანი ბავშვი - დ.შ–ძე
არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი - ნ.ს–ძე
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონულიი ცენტრი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება (სარჩელში), ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა (შეგებებული სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.მ–ძემ (შემდგომ - დედა, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, აპელანტი,) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.შ–ძის (შემდგომ - მამა, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა და 2015 წლის 16 თებერვალს დაბადებული დ.შ–ძის (შემდგომ - ბავშვი, არასრულწლოვანი) ნორმალური რჩენა-აღზრდის ხელშეწყობის მიზნით, მოპასუხისათვის სარჩელის წარმოებაში მიღების დღიდან ალიმენტის - 200 ლარის დაკისრება.
მოპასუხის შესაგებელი
2. მოპასუხე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას განქორწინების ნაწილში, ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის მიზნით ყოველთვიურად 100 ლარის დაკისრების ნაწილში.
შეგებებული სარჩელი
3. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვა, მიეცეს ნება, შეუზღუდავად ინახულოს შვილი კვირის სამუშაო დღეებში, საღამოს 18:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის შუალედში და ამავე პერიოდში, მოპასუხის წინასწარვე ინფორმირებით მოიკითხოს, თავისთან წაიყვანოს და უკანვე დააბრუნოს. ასევე, სამშაბათსა და ხუთშაბათს, 18:00 საათიდან მეორე დღის 11:00 საათამდე, ხოლო შაბათს, 11:00 საათიდან, კვირას, დღის 11:00 საათამდე, წაიყვანოს შვილი თავისთან სახლში. ამასთან, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების დროს, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ წაიყვანს შვილს კურორტზე, მამამ წაიყვანოს მოპასუხის წინასწარვე ინფორმირებით, ორი კვირით დასასვენებლად და მხარეებს (იმისდა მიხედვით, რომელ მათგანსაც ეყოლება შვილი წაყვანილი) უფლება მიეცეთ, შეუზღუდავად ინახულონ შვილი.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვის ნახვის დღეებთან დაკავშირებით. იგი წინააღმდეგია, ღამის თევით წაიყვანოს მამამ ბავშვი, რადგან მიჯაჭვულია დედასთან და ფიქრობს, რომ არ ისურვებს მამასთან ღამით დარჩენას და შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები.
მესამე პირის პოზიცია
5. მესამე პირმა - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და არასრულწლოვნის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ სოციალური სამსახურის მიერ მოსარჩელეების საცხოვრებელი პირობების შეფასებისას, არ გამოიკვეთა მამის ბავშვთან ურთიერთობისათვის რაიმე ხელშემშლელი, დამაბრკოლებელი გარემოება. ისინი მხარს უჭერენ სასარჩელო მოთხოვნას, მამამ არასრულწლოვანი ნახოს რამდენიმე საათით, არ გამორიცხავს მამის მიერ ღამის თევითაც ბავშვის წაყვანას. ბავშვს უყვარს ორივე მშობელი, უპირატესობას ანიჭებს დედას, მაგრამ მამასთანაც მიჯაჭვულია პოზიტიურად და მასთან თავს უცხოდ არ გრძნობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით – სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეწყდა მხარეთა შორის სსგს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 3 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება, მოპასუხეს დაეკისრა მცირეწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 120 ლარი სრულწლოვანებამდე, სარჩელის შეტანის დღიდან - 2019 წლის 8 იანვრიდან. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მამას მიეცა ნებართვა, დედის წინასწარვე ინფორმაციით, მოიკითხოს და თავისთან წაიყვანოს შვილი ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, 18.00 საათიდან 21.00 საათამდე, ყოველი კვირის შაბათს წაიყვანოს თავისთან შვილი ღამის თევით (შაბათის) დილის 11.00 საათიდან და დააბრუნოს მეორე დღის (კვირის) 11.00 საათამდე, ყოველ ზაფხულს წინასწარვე ინფორმაციითა და შეთანხმებით დედასთან წაიყვანოს შვილი დასასვენებლად 15 დღით (დედას ან მამას, რომელთაც იქნება ბავშვი დასასვენებლად) და მიეცეთ შეუზღუდავად ნახვის უფლება.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
8. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მამას მიეცა უფლება, ყოველი კვირის შაბათს წაიყვანოს თავისთან შვილი ღამის თევით, დილის 11:00 საათიდან და დააბრუნოს მეორე დღის (კვირას) 11:00 საათამდე, ასევე, მამას მიეცა უფლება, ყოველ ზაფხულში დედასთან, წინასწარვე ინფორმაციითა და შეთანხმებით წაეყვანა არასრულწლოვანი კურორტზე დასასვენებლად 15 დღით, როდესაც (დედას ან მამას, რომელთაც ეყოლებათ წაყვანილი ბავშვი დასასვენებლად) მიეცათ უფლება, შეუზღუდავად ინახულონ შვილი (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1. პუნქტის მე-2 და მე-3 აბზაცი) და ამ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ცენტრს დაევალა, გამოყოს ფსიქოლოგი არასრულწლოვნის მამასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად; მშობელი, რომელთანაც იქნება ბავშვი, ვალდებულია, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ცენტრთან შეთანხმებით, უზრუნველყოს არასრულწლოვნის ვიზიტი ფსიქოლოგთან (არდადეგების პერიოდში ეს საკითხი გადაწყდეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ცენტრთან შეთანხმებით, ბავშვის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით). კონსულტაციების ხანგრძლივობა/ინტენსივობა ფსიქოლოგმა განსაზღვროს; დედასა და მამას დაევალათ, იქონიონ ინტენსიური ჩართულობა არასრულწლოვნის აღზრდის პროცესში მისი ფსიქოემოციური, სოციალური და საგანმანათლებლო საჭიროებების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე კვლევის შედეგად ფსიქოლოგმა გამოავლინა, რომ ბავშვის მამასთან ურთიერთობის პროცესში იკვეთება პოზიტიური ემოციური კავშირი; ვინაიდან მამასთან ურთიერთობა ბავშვზე ახდენს დადებით გავლენას, იმ შემთხვევაში, თუ ეტაპობრივად დაიგეგმება მამის საცხოვრებელ სახლში ბავშვის წაყვანა და მის რეაქციებსა და დამოკიდებულებებზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთება პოზიტიური დინამიკა, შესაძლებელია, მივიჩნიოთ, რომ დღე-ღამის განმავლობაში ბავშვის ყოფნა მამის საცხოვრებელ სახლში მასზე აისახება დადებითად; მკაფიოდ ვლინდება, რომ ბავშვი ამჟამად მამასთან არ არის გაუცხოებული. შეფასების პროცესში დაკვირვებისას, მამა-შვილს შორის ურთიერთობაზე, არასრულწლოვანი არ ავლენდა გაუცხოებისათვის დამახასიათებელ ემოციებსა და ქცევებს, გადაჭარბებულად ნეგატიურ ემოციას, ზიზღს ან უარყოფას მამის მიმართ, თუმცა გამოიკვეთა ბავშვის დედისა და ბებიისადმი მოკავშირეობის ნიშნები და, თუ ის გარემოებები არ გაუმჯობესდება, რომლებიც აყალიბებს მოკავშირეობას, შესაძლებელია ბავშვმა, ასაკის მატებასთან ერთად უპირატესობა მიანიჭოს ერთ მშობელს და შეზღუდული კონტაქტი ამჯობინოს მეორე მშობელთან (მამასთან); მნიშვნელოვანია საქმეში ჩაერთოს სპეციალისტი (ფისქოლოგი/სოციალური მუშაკი) მამა-შვილს შორის ურთიერთობის პროცესის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიზნით.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენლისა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლის განმარტებების თანახმად, სათანადო დაკვირვებისა და ფსიქოლოგის ჩართულობით, არ არიან წინააღმდეგი, არასრულწლოვანი ბავშვი დარჩეს მამასთან ღამის თევით. ისინი დაეთანხმნენ ფსიქოლოგის მოსაზრებას.
11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მამის მიმართ ბავშვის პოზიტიური დამოკიდებულების, მამასთან ურთიერთობით ბავშვზე დადებითი გავლენის გათვალისწინებით, საჭიროა მათი ურთიერთობის გაღრმავება. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, განქორწინებული მშობლებისა და არასრულწლოვნის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით, უნდა გამოინახოს ერთ-ერთი მშობლის სასარჩელო მოთხოვნაზე სწორი გადაწყვეტის საშუალება, უნდა დადგინდეს მეორე მშობლის ურთიერთობის წესი ბავშვის მიმართ, საკითხის გადაწყვეტისას უნდა გათვალისწინდეს სპეციალისტების - ბავშვის კანონიერი წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შეფასებები.
12. ბავშვის საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, იქონიოს მამასთან კონტაქტი ღამე დარჩენის უფლებით, მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, ბავშვის განმარტებების, მისი მამისადმი დამოკიდებულების, სოციალური სამსახურისა და ფსიქოლოგის დასკვნის გათვალისწინებით, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია ბავშვთან მამის ურთიერთობის განსაზღვრა წინამდებარე გადაწყვეტილების მე-8 პუნქტში მითითებული წესით.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის ავტორმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მოთხოვნით.
14. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა არაფერია თუ არა მამისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფა. მნიშვნელოვანია, რომ მამის მიერ ბავშვის ნახვის დღეების თაობაზე შეგებებული სარჩელის აღძვრის შემდეგ დედამ მნიშვნელოვნად შეზღუდა მამის ნახვის დღეები, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, საერთოდ აკრძალა. გადაწყვეტილებით ცხადი გახდა რა, რომ მამის მიერ შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა, მათ შორის, ღამის თევის ნაწილში განაპირობა მამა-შვილის პოზიტიურმა ურთიერთდამოკიდებულებამ. ამის გამოსარიცხად და აღსაკვეთად ბავშვი მოექცა დედისა და ბებიის ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, მამისაგან სრული დისტანცირებისა და იზოლაციის რეჟიმში. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სამშაბათსა და ხუთშაბათს ბავშვის ნახვის ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა, მამას არ მიეცა ბავშვის ნახვის შესაძლებლობა არც ამ დღეებში, რის გამოც სოციალური სამსახურის მიერ დედის მიმართ გამოიცა აქტები შენიშვნებისა და დაჯარიმების სახით. ხელშეშლა დღემდე გრძელდება. სააპელაციო სასამართლოს ეს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არ ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, არ შეუფასებია.
15. საქმის მასალებით დგინდება, რომ შეიცვალა ფაქტობრივი მდგომარეობა, დედა თავისი მშობლების საცხოვრებელი ადგილიდან - ოზურგეთიდან გადავიდა საცხოვრებლად თბილისში, სადაც დაქორწინდა და ჰყავს მეორე მეუღლე. დედისა და შვილის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო, მამა თანახმა იყო, მორიგების ფარგლებში, შვილი თბილისში თავდაპირველად ღამის თევის გარეშე ენახა, ხოლო შემდგომ ფსიქოლოგის ჩართულობის შედეგად, მის მიერ დადებითი რეკომენდაციის გაცემისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისშივე წაეყვანა მამას ღამის თევით. დედამ ამ მორიგების პირობაზეც უარი განაცხადა. ამასთან, საყურადღებოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ბავშვის მამასთან ყოფნის მხოლოდ ღამის თევის ნაწილში, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გააუქმა შაბათის ნაწილში სრულად. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია სასამართლოს, დედის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ფონზე მამა-შვილის ურთიერთობის ეტაპობრივი გაუმჯობესება მხოლოდ სამუშაო დღეებში რომ მისცა მამას ნახვის უფლება, მამის მიერ ოზურგეთში საჯარო სამსახურის მიტოვების ხარჯზე.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული დამატებითი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დასტურდება პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას ჩართული ფსიქოლოგისა და სოცმუშაკის კვლევების/დასკვნების კვალიფიციურობა/დასაბუთებულობა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა დედისათვის. მან არაერთგზის იშუამდგომლა ფსიქოლოგისა და სოცმუშაკის საქმიდან განრიდების თაობაზე.
17. ამდენად, სააპელაციო პალატამ საერთოდ არ შეაფასა ფსიქოლოგთა მიერ დადგენილი ბავშვზე ნეგატიური ზემოქმედება ბებიისა და დედისაგან, რათა დისტანცირებული და იზოლირებული გახდეს მამისაგან, მაგრამ, მიუხედავად ამ მცდელობისა, ფსიქოლოგიური დასკვნის კვლევითი ნაწილიდან აშკარად იკვეთება, რომ ბავშვი მამასთან კონტაქტის დაწყებისთანავე სრულად იცვლის ხასიათს და პოზიტიური ხდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, კასატორის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. წინამდებარე საქმეში კვლევის საგანს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენა და იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ რა იქნება ბავშვის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრის ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო. ამ მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულ მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
21. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
22. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ).
23. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
24. პალატა განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობასაც მოიაზრებს და ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 1202-ე მუხლზე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები). ნორმა მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, უკრძალავს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვას. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვასა და პატივისცემას, არამედ ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულებას ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, არამედ მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირს, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს. საკასაციო პალატა დეტალურად გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მათი ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ ასეთი შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნისა თუ ფსიქოლოგთა შეფასებებით არ დასტურდება.
25. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების საფუძველზე ჩატარებული 24.11.2020 წლის ფსიქოლოგიური დასკვნის მიხედვით - „ბავშვი დედის ოჯახში მამასთან დაკავშირებით საუბრობდა უარყოფით კონტექსტში, არ მოიხსენიებდა როგორც მამას, ახსენებდა სახელით „გ–ი“. დ–ი ხშირად ამბობდა შემდეგ ფრაზას „გ–ი ბოროტია, მას წვერი აქვს და შავი მანქანა ჰყავს“. მიუხედავად უარყოფითი დამოკიდებულებისა, ბავშვმა რამდენჯერმე ახსენა, რომ გ–თან ერთად ის იყო პარკში და ითამაშეს, ახალ წელსაც საჩუქარი დაუტოვა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დედის ოჯახში საკმაოდ რთული იყო მამასთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაციის შეგროვება, რადგანაც ბებია ესწრებოდა ბავშვისა და მათი ურთიერთობის პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ ბებიას სთხოვეს მუშაობის პროცესში მარტო დაეტოვებინათ. მათი თხოვნის შესაბამისად, ბებია მცირე ხნით გადიოდა ოთახიდან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დ–მა მამასთან დაკავშირებული დადებითი მომენტები გაიხსენა მაშინ, როდესაც ოთახში იყვნენ მარტო“ მაშინ, როდესაც დასკვნის მიხედვითვე, „ბავშვისა და მამას შორის ურთიერთობებზე და ემოციურ რეაქციებზე დაკვირვებისას გამოვლინდა მამასა და შვილს შორის ძლიერი ემოციური სიახლოვის არსებობა, ბავშვი მამის მიმართ ავლენდა პოზიტიური ემოციების გამომხატველ ემოციურ და ქცევით რეაქციებს. აღსანიშნავია, რომ ბავშვისა და მამის ურთიერთობაზე დაკვირვება მოხდა ნეიტრალურ ტერიტორიაზე „მაკდონალდსის“ რესტორანში, რომელიც ბავშვისათვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია და შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბავშვის დედა - მ.მ–ძე. „მაკდონალდსში“ ყოფნისას ფსიქოლოგის მიერ წინასწარ მოხდა ბავშვის ინფორმირება, რომ ცოტა ხანში მამაც მოვიდოდა მათთან და ერთად ითამაშებდნენ. ამაზე ბავშვის რეაქცია იყო ისევ ამბივალენტური - ერთდოულად გამოხატა სიხარული პირველ წამებში და შემდეგ მალევე უპასუხა, რომ „მე მხოლოდ ერთი მამა მყავს და გ–ს წვერი აქვს“ - მამად ის მოიხსენიებდა დედის ახალ მეუღლეს. როდესაც მამა მოვიდა, დაჯდა ბავშვის გვერდით, დ–ი სავარძლის მეორე კუთხეში მიიწია, თუმცა უარყოფითი რეაქციები არ გამოუხატავს მამის მიმართ. შეწყვიტა იმ საჭმლის ჭამა, რომელსაც მანამდე მოუთმენლად ელოდებოდა და აკვირდებოდა მამას, მაგრამ თვალებში არ უყურებდა. როდესაც მამამ ამოალაგა სათამაშოები, ბავშვმაც დაიწყო მასთან ერთად თამაში და პერიოდულად უყურებდა მის წინ მჯდომ დედას. მას შემდეგ, რაც დედა გადაჯდა სხვაგან, ბავშვმა დაიწყო მამასთან საუბარი, უსვამდა კითხვებს, სთხოვდა დახმარებას, თამაშის პროცესში იმეორებდა მამის ქცევებს, სათამაშოსთან დაკავშირებით უყვებოდა სხვადასხვა ამბავს და მსჯელობდნენ სათამაშოს აწყობაზე. პირველ ეტაპზე დ–ი მამას არ უყურებდა თვალებში და არ ეძახდა „მამას“, მიმართავდა „შენ“ ფორმით, თუმცა თვითონ აქტიურად ითხოვდა მამის ყურადღებას, აჩვენებდა და უყვებოდა რა გააკეთა. ეძებდა მათ (მამა-შვილი) შორის საერთო დეტალებს - აღნიშნა, რომ ორივეს ერთნაირი პერანგები ეცვათ, გაიკეთეს ერთნაირი სამაჯურები სათამაშოს დეტალისაგან, რაც ძალიან მოეწონა დ–ს და ფსიქოლოგსაც გაუზიარა „ნახე ერთნაირი გვაქვს“. დ–ი თანდათან ამცირებდა მანძილს მამასა და მას შორის და იწეოდა უფრო ახლოს მამისკენ. თამაშის დროს იყო ძალიან ლაღი, მხიარული - იცინოდნენ ხმამაღლა, ეფერებოდა წვერზე (მანამდე დ–ი ხშირად აღნიშნავდა, რომ „გ–ს წვერი აქვს და ბოროტია“). მამის მოსვლიდან 40 წუთის შემდეგ, ბავშვმა იკითხა, სად იყო დედა, მამამ აჩვენა, რომ იქით იჯდა და საუბრობდა. ამის შემდეგ დ–მა მამას სთხოვა – „ვერ ვწვდები აქ რომ დავხატო, ფეხზე დამისვი“. სთხოვდა მამას ერთად დაეხატათ, გაიხსენეს ადრე როგორ ხატავდნენ ერთად და მამამ რომ ასწავლა გაფერადება („ხო მახსოვს, აი ასე, რომ მასწავლე“). ბოლოს, დ–ი გ–ს მიმართვდა, როგორც „მამა“. შეხვედრის დასასრულისკენ დ–მა სთხოვა მამას წასულიყვნენ მაღაზიაში რაღაც ნივთის საყიდლად. მამის კომენტარზე, რომ ამისთვის დედის ნებართვა დასჭირდებოდათ, ბავშვმა უარი განაცხადა დედისთვის ნებართვის თხოვნაზე და მოითხოვდა დაუყოვნებლივ წასვლას. მას შემდეგ, რაც გ–მა ბავშვის დედისგან აიღო წაყვანის ნებართვა, ისინი გამოვიდნენ შენობიდან რა დროსაც დ–მა მამას სთხოვა ხელში აყვანა. ეზოში გამოსვლის შემდეგ გაიქცა და ჩაჯდა მამის მანქანაში დედასთან დალაპარაკების გარეშე.“ კითხვაზე - რა გავლენას მოახდენს არასრულწლოვანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე მისი ღამის თევით (კვირაში ერთი ან ორი დღით, ასევე 15 დღით არდადეგებზე) მამასთან დარჩენა და არის თუ არა ეს შესაძლებელი? - ფსიქოლოგმა უპასუხა, რომ - მამისა და ბავშვის ურთიერთობაზე დაკვირვების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ მამა-შვილს შორის 3-საათიანი შეხვედრის დროს ნათლად გამოჩნდა ის პოზიტიური ურთიერთობა, რაც მამის გადმოცემით, მათ ჰქონდათ ერთმანეთთან წარსულში. ბავშვი მამასთან თავს ძალიან კარგად გრძნობდა, იყო ლაღი და მხიარული, ძალიან კომინიკაბელური და მათი თამაშიც იყო მრავალფეროვანი. მამასთან დ–ს დასწავლილი აქვს თამაშის სწორი ფორმა და ის გაზიარება-დალოდებისა და ზოგადი კომინიუკაციის სირთულეები, რაც მათთან თამაშის პროცესში გამოვლინდა დედის ოჯახში ბავშვის ნახვის დროს, მამასთან არ გამოკვეთილა. პირიქით, დ–მა გამოავლინა თამაშის ძალიან კარგი უნარები, რაც მიუთითებას იმაზე, რომ მათ წარსულში ჰქონდათ საკმაოდ პოზიტიური კავშირი და კარგი თამაშის ისტორია. ეს ურთიერთობა ნათლად ჩანდა მამის –მიერ გაზიარებულ ფოტო-ვიდეო მასალაშიც. რაც შეეხება ბავშვის წაყვანას მამის საცხოვრებელ სახლში ღამის თევით, ამასთან დაკავშირებით დედა ფიქრობს, რომ ბავშვი მის გარეშე ღამე ვერ დარჩება, ინერვიულებს და ცუდად იქნება. ბავშვის მამის განცხადებით, იგი მზად არის ნებისმიერ მომენტში, როდესაც ბავშვი იტყვის, რომ დედასთან უნდა, დააბრუნოს დედის ოჯახში (ამ ეტაპზე ამის შესრულება შეუძლებელია, ვინაიდან ბავშვისა და დედის საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა). ამ საკითხთან მიმართებით გასათვალისწინებელია შემთხვევის ამჟამინდელი მოცემულობა და აუცილებელია ეტაპობრივად მოხდეს ბავშვის მამის საცხოვრებელ სახლში წაყვანა, საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია, მამამ და შვილმა ერთად გაატარონ რამდენიმე საათი, შემდეგ ნელ-ნელა გაიზარდოს დრო, მთელი დღით, მერე ერთი ღამით და ა.შ. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობის უნდა განისაზღვროს ბავშვის რეაქციებზე და დამოკიდებულებებზე დაკვირვების საფუძველზე სპეციალისტის მიერ.” არის თუ არა არასრულწლოვანი გაუცხოებული რომელიმე მშობლის მიმართ, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში მითითებულ იქნეს მიზეზი და მისი აღმოფხვრის გზები (შესაძლებლობები): - შეფასების დროს დაკვირვებისას ბავშვი არ ავლენდა არცერთი მშობლის მიმართ გაუცხოებული ბავშვისათვის დამახასიათებელ ემოციებსა და ქცევებს - გადაჭარბებულად ნეგატიურ ემოციას, ზიზღს ან უარყოფას მშობლების მიმართ. ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ტერმინის – „გაუცხოებული ბავშვის’’ განმარტება ასეთია: გაუცხოებული ბავშვი გულისხმობს ბავშვს, რომელიც ჭარბად და შეუპოვრად გამოხატავს ზედმეტად ნეგატიურ გრძნობებსა და რწმენას, როგორიცაა: ბრაზი, სიძულვილი, უარყოფა, ან/და შიში მშობლების მიმართ, რაც პროპორციულად მნიშვნელოვნად არ შეესაბამება ბავშვის ან მშობელთან რეალურ გამოცდილებას. - ამის საპირისპიროდ, ბავშვი არა ვერბალურად, „სხეულის ენით“ გამოხატავდა პოზიტიურ ემოციებს, სიყვარულს, სიხარულს - იღიმოდა, უცინოდა, ეხუტებოდა როგორც დედას, ასევე – მამას. ბავშვი მუდმივად ცდილობდა, დედის გვერდით ყოფნას. მამისადმი პოზიტიური დამოკიდებულება განსაკუთრებით გამოიხატებოდა თამაშის პროცესში - სთხოვდა სხვადასხვა თამაშებში დახმარებას. ჰყვებოდა მამასთან დაკავშირებით მისთვის სასიამოვნო შეხვედრების შესახებ. ინტერვიუს დროს, ბავშვის დედა ბევრს საუბრობს დ–ის აღზრდისა და მისი ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საკითხებზე, ძირითადად, სწორედ ამაზე დაყრდნობით არ ემხრობა მამის ოჯახში ბავშვის ხანგრძლივი დროით ყოფნას, ვინაიდან მისი გადმოცემით, მამის გარემოში ბავშვის პოზიტიური აღზრდა ვერ ხერხდება, თუმცა მისი საქციელი და საერთო ტენდენცია საოჯახო დავის ირგვლივ ბავშვის აღზრდისა და მისი ფსიქოლოგიური კეთილდღეობის პროცესის უზრუნველყოფის მხრივ შეიცავს ამ პროცესის დამაბრკოლებელ ელფერს”. დასკვნის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვთან ვლინდება მამასთან ურთიერთობის პროცესში პოზიტიური ემოციური კავშირი, მამასთან ურთიერთობა ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე დადებით გავლენას მოახდენს. აშკარაა, რომ ბავშვი ამჟამად მამასთან მიმართებით არ არის გაუცხოებული. შეფასების პროცესში დაკვირვებისას მამა-შვილს შორის ურთიერთობაზე, ბავშვი არ ავლენდა გაუცხოებული ბავშვისათვის დამახასიათებელ ემოციებსა და ქცევებს, გადაჭარბებულად ნეგატიურ ემოციას, ზიზღს ან უარყოფას მამის მიმართ, თუმცა ვლინდება ბავშვის დედისა და ბებიისადმი მოკავშირეობის ნიშნები და, თუ ის გარემოებები არ გაუმჯობესდება, რომლებიც აყალიბებს მოკავშირეობას, შესაძლებელია ბავშვმა, ასაკის მატებასთან ერთად უპირატესობა მიანიჭოს ერთ მშობელს და შეზღუდული კონტაქტი ამჯობინოს მეორე მშობელთან (მამასთან). სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბავშვს ორივე მშობელთან უნდა ჰქონდეს თანაბარი ურთიერთობა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ კვირაში ორი დღე, სამ-სამი საათით ურთიერთობა არ იქნება საკმარისი მამისა და შვილის ურთიერთობის შენარჩუნებისათვის.
26. მითითებული დასკვნის შეფასებისას პალატა ითვალისწინებს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომ ბავშვის დედა, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, მამას ხელს უშლიდა ბავშვთან ურთიერთობაში სასამართლოს მიერ მინიჭებული საათების განმავლობაშიც (ეს მტკიცება გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, იხ. სოციალური სამსახურის მიერ დედის მიმართ გამოცემული აქტები შენიშვნებისა და დაჯარიმების სახით). შესაბამისად, მამა-შვილის შეზღუდული კომუნიკაციის ფონზე, მხოლოდ რამდენიმე შეხვედრის შედეგად არასრულწლოვნის ემოციური დამოკიდებულების თაობაზე რეალური დასკვნის გამოტანა არასაკმარისია. ამიტომ, საკასაციო პალატა ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ დასკვნებსაც, რომლითაც დგინდება, რომ არასრულწლოვანს ორივე მშობლის ოჯახში შექმნილი აქვთ ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ორივე შემთხვევაში, შექმნილია არასრულწლოვანთათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. არ გამოვლენილა მამასთან ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება, რამაც შესაძლოა, ცუდი გავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე, მათ შორის, ღამის თევით დარჩენის შემთხვევაშიც.
27. გასათვალისწინებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენლისა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლის განმარტებები, რომელთა თანახმადაც, არ არიან წინააღმდეგი, არასრულწლოვანი ბავშვი დარჩეს მამასთან ღამის თევით, თუმცა საწყის ეტაპზე ეს შესაძლებელია რამდენიმე კვირაში ერთხელ. აქვე საკასაციო პალატა მიუთითებს მამის მზაობაზე, ბავშვის სურვილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დააბრუნოს იგი დედასთან.
28. შეგებებული სარჩელის მოპასუხე თავის პრეტენზიას ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მიკერძოებულობასა და არაობიექტურებას აფუძნებდა, რაც არ არის გამყარებული არცერთი დამაჯერებული არგუმენტითა თუ მტკიცებულებით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 1200-ე მუხლის დისპოზიციაზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმადაც, ბავშვის აღზრდის საკითხზე მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, როლის საკანონმდებლო აღიარების სწორი აღქმა ამ ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მას ეკისრება ვალდებულება, აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს იმის დადგენაში, თუ რა წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამ პროცესში წარმომადგენლობა პასიური ქმედებებით არ შემოიფარგლება და არ შეიძლება, დამოკიდებული იყოს სამუშაოს ფორმალურ შესრულებაზე. პალატა მიიჩნევს, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ დაკისრებული მოვალეობანი შეასრულა, ეფექტიანად გაწია სათანადო სამუშაო დასახული მიზნის მიღწევისათვის.
29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამგვარ დავებზე შეძლებისდაგვარად უნდა გათვალისწინდეს სუბიექტური ფაქტორებიც - ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მამასა და შვილს შორის პოზიტიური ურთიერთობაა, ბავშვი მამის მიმართ გამოხატავს დადებით ემოციას, სურს მასთან ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, რომ საქმის განხილვისას არასრულწლოვანმა თანხმობა განაცხადა მამასთან ღამით დარჩენაზე. ფსიქოლოგის რეკომენდაციაც მამასა და შვილს შორის ხშირი კავშირის აუცილებლობაზე მიუთითებს. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე წარმოდგენილი საკასაციო შესაგებლითაც დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა ჰქონდეს მამას შვილთან ურთიერთობა იმაზე შეზღუდული დროით, ვიდრე ეს პირველი ინსტაციის სასამართლომ დაადგინა. დედა ვერ ასახელებს მამის მხრიდან მშობლის ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შესახებ ვერცერთ დამაჯერებელ არგუმენტს.
30. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, უნდა გათვალისწინდეს ბავშვის ინტერესები, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებია, რომ განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში. შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მოსარჩელეს ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება არ უნდა შეეზღუდოს (იხ. სუსგ საქმე №ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; №ას- 440-2020, 13.04.2021წ.).
31. ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დედა ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს მამა-შვილის ურთიერთობას, პირიქით, ხელი შეუწყოს მათ იმგვარი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ჰარმონიულ აღზრდა-განვითარებას. ამასთან, საგულისხმოა, რომ მცირეწლოვანს დადებით ემოციებს ანიჭებს მამასთან ურთიერთობა და ამას ხელშეწყობა და მოფრთხილება სჭირდება, რაც არა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ევალება კასატორს, არამედ იგი ზნეობრივადაც ვალდებულია - საკუთარი შვილის საუკეთესო ინტერესებისათვის. მეორე მხრივ კი, სწორედ კასატორზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მართებულად გამოიყენებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ წესს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობაში, იზრუნებს ოჯახური კავშირის გამყარებაზე ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესობის გათვალისწინებით.
32. საკასაციო სასამართლო, ბუნებრივია, წინამდებარე გადაწყვეტილებით არ ცდილობს რაიმე ფორმით შეზღუდოს სსკ-ის 1202-ე მუხლით აღიარებული რომელიმე მშობლის ინტერესი, უფრო მეტიც, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახური ცხოვრების პატივისცემის მრავლისმომცველ უფლებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხ. „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“). შესაბამისად, უკიდურესი და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, თითოეული მშობლის მიერ წახალისებული უნდა იყოს ბავშვის მეორე მშობელთან ურთიერთობა, ვინაიდან ბავშვის სრულყოფილი აღზრდა - განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა.
33. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა კონვენციის დარღვევა, როდესაც მომჩივანს არ მიეცა შვილთან ურთიერთობის საშუალება, მაგ: ევროსასამართლომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ისეთი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, რათა მომჩივნის, კონკრეტულ შემთხვევაში - მამის უფლება უზრუნველყოფილიყო, რომ ენახა საკუთარი ვაჟი იძულებითი აღსრულების გზით, რადგან დედამ უარი განაცხადა მანამდე მშობლებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე (Zawadka v. Poland, No.48542/99, 23.06.05). ერთ-ერთ საქმეზე მე-8 მუხლის დარღვევა დადგინდა იმის გამო, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა ვერ შეძლეს მომჩივნის (მამის) უფლების აღსრულება (Eberhard v. Slovenia, No.8673/05 and 9733/05, 01.12.09).
34. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა - არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე ქმნის ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისოსამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. სსკ-ის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი ქმნის ცალსახა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.; №ას-159-149-2017, 31.07.2017.; №ას-1323-2023, 7.02.2024წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებლია და უნდა დაკმაყოფილდეს.
35. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მამას მიეცეს ნებართვა, დედის წინასწარი ინფორმაციით მოიკითხოს და თავისთან წაიყვანოს შვილი ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, 18.00 საათიდან 21.00 საათამდე და ყოველი კვირის შაბათს, დილის 11.00 საათიდან და დააბრუნოს მეორე დღის (კვირის) 11.00 საათამდე; მამას მიეცეს უფლება, ყოველ ზაფხულს, დედასთან წინასწარვე ინფორმაციითა და შეთანხმებით, წაიყვანოს შვილი კურორტზე (საქართველოში) დასასვენებლად 15 დღით, როდესაც (მშობელი, რომელთანაც იქნება ბავშვი დასასვენებლად) მიეცეთ უფლება, შეუზღუდავად ინახულონ შვილი.
36. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ.შ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ.შ–ძეს მიეცეს ნებართვა, მ.მ–ძის წინასწარი ინფორმაციით მოიკითხოს და თავისთან წაიყვანოს შვილი - დ.შ–ძე (პ/ნ ......, დაბადებული 2015 წლის 16 თებერვალს) ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, 18.00 საათიდან 21.00 საათამდე და ყოველი კვირის შაბათს, დილის 11.00 საათიდან და დააბრუნოს მეორე დღის (კვირის) 11.00 საათამდე;
4. გ.შ–ძეს მიეცეს უფლება, ყოველ ზაფხულს, მ.მ–ძესთან წინასწარვე ინფორმაციითა და შეთანხმებით, წაიყვანოს შვილი - დ.შ–ძე კურორტზე (საქართველოში) დასასვენებლად 15 დღით, როდესაც (მ.მ–ძეს ან გ.შ–ძეს, რომელთანაც იქნება ბავშვი დასასვენებლად) მიეცეთ უფლება, შეუზღუდავად ინახულონ შვილი - დ.შ–ძე;
5. მ.მ–ძეს დაეკისროს 300 ლარის გადახდა გ.შ–ძის სასარგებლოდ;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე