Facebook Twitter

საქმე №ას-330-2024 25 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ბ.გ–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ყ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ყ–მა (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.გ–ვის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 1 900 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტსა და მის წარმომადგენელს სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, თუმცა აპელანტი მხარე 2023 წლის 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და იმავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, მის მხარეს ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა სასამართლოსთვის, რომ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დანიშნული იყო 2023 წლის 11 დეკემბერს, წარმომადგენელი საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდებოდა, კერძოდ, იმავე დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ჩანიშნული იყო წინასასამართლო სხდომა სამი ბრალდებული პირისა, რომელთა ინტერესებსაც კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი იცავდა. ამასთან, მან ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე თავად ვერ შეძლო სასამართლოსთვის ამის შეტყობინება.

8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ითხოვს, საპატიოდ ჩაეთვალოს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმისწარმოება განახლდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სასამართლო სხდომაზე აპელანტი მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

11. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის შემდეგ გარემოებებს:

12. 2023 წლის 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე აპელანტი (ასევე მისი წარმომადგენელი) ინფორმირებული იყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, თუმცა არ გამოცხადდა. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოსთვის უცნობი იყო აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

13. კერძო საჩივრით აპელანტის წარმომადგენელი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საპატიო მიზეზით, კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე მონაწილეობის გამო ვერ შეძლო გამოცხადება, ამასთან, ოჯახური მდგომარეობის გამო აღნიშნულის შესახებ ვერ შეატყობინა სასამართლოს.

14. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის მოწესრიგებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ნორმების გამოყენება.

15. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები, ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობაც, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველად.

16. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (იხ.: სუსგ №ას-1380-2019, 24.12.2019წ.; №ას-1668-2019, 28.02.2020წ.; №ას-105-2024, 29.01.2024წ. ).

17. საკასაციო პალატის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით არ ედავება და მათი არსებობა არც საქმის მასალებით არ დგინდება, მხარე განმარტავს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, სხვა სასამართლოში მსჯავრდებულთა ინტერესებს იცავდა, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობასაც საკასაციო პალატა შეაფასებს სსსკ-ის 241-ე მუხლის იმ კონტექსტით, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.

19. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

20. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (იხ.: სუსგ №ას-780-780-2018, 22.10.2019წ.; №ას-484-2023, 16.05.2023წ.; №ას-1527-2023, 26.01.2024წ.).

21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.

22. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორისათვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთზე ამახვილებს ყურადღებას და მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აპელანტის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომის დღეს - 2023 წლის 11 დეკემბერს სხვა სასამართლოში ბრალდებულთა ინტერესების დაცვას. ნიშანდობლივია, რომ წარმომადგენელი კერძო საჩივარში მიუთითებდა უახლოეს პერიოდში რუსთავის საქალაქო სასამართლოდან სასამართლო პროცესის შესახებ ცნობის წარმოდგენასთან დაკავშირებით, თუმცა მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მით უფრო, როდესაც კერძო საჩივრის წარმოდგენიდან (2023 წლის 15 დეკემბერი) მის განხილვამდე გასულია საკმაო დრო და ამ დროის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო შესაბამისი მტკიცებულებების დართვა კერძო საჩივარში მოყვანილი გარემოების დასადასტურებლად, თუმცა მას, როგორც უკვე აღინიშნა, კერძო საჩივარი რაიმე მტკიცებულებით არ გაუმყარებია, მხოლოდ ახსნა-განმარტება კი, იმგვარი გარემოების თაობაზე, რაც შესაბამისი და ხელმისაწვდომი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება, პალატის შეფასებით, ვერ იქნება მიჩნეული რაიმე გარემოების დადასტურებულად.

23. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ მხარე ვალდებულია, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, მხარეს წინასწარ არ უცნობებია პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. ამასთან, ვერც სათანადო მიზეზზე ვერ მიუთითა, თუ რატომ ვერ მოახერხა წარმომადგენლის სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს ინფორმირება. პალატა განმარტავს, რომ აპელანტს (ან მის წარმომადგენელს) უნდა დაესაბუთებინა, რატომ იყო შეუძლებელი პროცესზე გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოს ინფორმირება, თუმცა მან აღნიშნული ტვირთი სათანადოდ ვერ გაწია, რაც გამორიცხავს აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით მიღებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.

24. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აპელანტმა/მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არასაკმარისია სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის. ამდენად, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.გ–ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე