Facebook Twitter

საქმე №ას-920-2023 27 სექტემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.ფ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით - დ.ფ–ძის - (შემდგომ - მოსარჩელე) სარჩელი მოპასუხე შპს „ბ–ის“ - (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია) მიმართ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაეკისრა - 6 220 ლარის, სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 186.60 ლარისა და უზრუნველყოფის ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოსარჩელეს უარი ეთქვა აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის მოპასუხისთვის დაკისრებაზე.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

3. აპელანტმა საქმის ზეპირი განხილვისას იშუამდგომლა საქმისწარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოში იხილებოდა სამოქალაქო საქმე №2/6096-22, სადაც მოსარჩელე იყო წინამდებარე საქმის მოპასუხე, ხოლო მოპასუხე - სადაზღვევო კომპანია, დავის საგანი 23.01.2023 წლის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა - ვალდებულებისგან გათავისუფლება, რომელიც კომპანიას ეკისრებოდა მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2022 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აღნიშნული სარჩელი და სადაზღვევო კომპანიას დაეკისრა დაზარალებულისათვის გადასახდელი 6220 ლარის გადახდის ვალდებულება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო. განსახილველ დავაში დაზარალებულმა მოითხოვა კომპანიისაგან იმავე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ზიანის ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა - 6 220 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, საქმისწარმოება უნდა შეჩერდეს ურთიერთდაკავშირებული ორი სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის გამო. №2/6096-22 სამოქალაქო საქმის მიზანია, დადგინდეს, თუ ვინ არის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, ხოლო №2/5593-22 სამოქალაქო საქმის ფარგლებში მხარე ითხოვს ავტოსაგზაო შემთხვევიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას ისე, რომ არ არის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 იანვრის განჩინებით - მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მიერ №2/6096-22 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

5. სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ არსებობდა საქმისწარმოების შეჩერებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. პალატამ საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად მიიჩნია, რომ სამოქალაქო საქმეს №2/6096-22 ენიჭებოდა პრეიუდიციული მნიშვნელობა წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით (№2/5593-22), ვინაიდან განისაზღვრებოდა, თუ ვინ არის აღნიშნულ დავაში პასუხისმგებელი სუბიექტი და ვის შეუძლია, მოსარჩელემ წარუდგინოს თავისი მოთხოვნა.

6. მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.

7. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, წინამდებარე საქმის შეჩერება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ არის დამოკიდებული მესამე პირებს შორის დადებულ დაზღვევის ხელშეკრულებაზე და მოსარჩელე ზიანის წარმოშობიდან ორი წლის შემდეგ კიდევ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის დასრულებას უნდა დაელოდოს. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტების მიხედვით, საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. წინამდებარე სამოქალაქო დავაზე მოპასუხის ვალდებულების დასადგენად სხვა სასამართლო გადაწყვეტილება საჭირო არ არის, რადგან ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ არის და მოპასუხის ვალდებულება გამომდინარეობს დელიქტური სამართლიდან. ამ ორ დავას შორის არა აუცილებელი კავშირი, არამედ საერთოდ არ არის კავშირი, ამ შემთხვევაში მოსარჩელე ედავება ზიანის მიმყენებელს, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, მეორე მხრივ, ზიანის მიმყენებელი ედავება სადაზღვევო კომპანიას, სადაც წინამდებარე საქმის მოსარჩელე არ არის მხარე და არც სარეზოლუციო ნაწილშია სადმე მოხსენიებული. შესაბამისად, გაუგებარია, დელიქტიდან გამომდინარე, სასამართლომ ზიანის ანაზღაურება როგორ გახადა მესამე პირებს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე დამოკიდებული. გაუგებარია ისიც, როგორ არის საქმის განხილვა შეუძლებელი, როცა დადგენილია ზიანის ფაქტი, ზიანის მიმყენებელი, ზიანის ოდენობა და ყველა სხვა გარემოება, რაც ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს ქმნის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. გასაჩივრებული განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მიერ №2/6096-22 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვით, სამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი მოწესრიგება შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით საქმისწარმოების შეჩერების წინაპირობას წარმოადგენს ისეთი შემთხვევა, როდესაც საქმის სრულყოფილი და ობიექტური განხილვა დამოკიდებულია ისეთი სამრთლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებზე, რომელიც სცილდება განსახილველი სამართალურთიერთობის ფარგლებს.

11. მოცემულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №2/6096-22 სამოქალაქო საქმე პრეიუდიციული მნიშვნელობისაა წინამდებარე საქმესთან მიმართებით (№2/5593-22), ვინაიდან განისაზღვრებოდა, თუ ვინ არის აღნიშნულ დავაში პასუხისმგებელი სუბიექტი და ვის შეუძლია, მოსარჩელემ წარუდგინოს თავისი მოთხოვნა.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმისწარმოების შეჩერებისას, საქმეთა შორის კავშირის არსებობა არ არის შეჩერების საკმარისი საფუძველი, აუცილებელია დავის საგნისა და სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დავის განხილვისა და გადაწყვეტის შეუძლებლობა. სამართლებრივად ისეთი ვითარების არსებობა, როცა კონკრეტულ დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ დავის გადაწყვეტამდე, სასამართლო ვერ შეძლებს იმ საქმის განხილვას, რომლის შეჩერებასაც ითხოვს მხარე.

13. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება, მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმისწარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელსაც სხვა სასამართლო განიხილავს (იხ. სუსგ, №ას-877-2018, 27.09.2018წ.).

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დელიქტური ვალდებულება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. იგი არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი შეიცავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა ქმნის დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს („გენერალური დელიქტი“) (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-718-683-2015, 09 სექტემბერი, 2015 წელი; №ას-1131-1087-2016, 01 მარტი, 2017 წელი).

15. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მითითებული საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება ვერ იქნება პრეიუდიციული განსახილველი საქმის მიმართ, რამდენადაც ამ ორ დავაში ერთი და იგივე მხარეები არ მონაწილეობენ. ამასთან, არ დასტურდება არც ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას სხვა სამოქალაქო დავის განხილვის დასრულებამდე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამზიანებელსა და დაზარალებულს შორის ზიანის ანაზღაურების თაობაზე სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა სავსებით შესაძლებელია დამზიანებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, თუნდაც იმავე შემთხვევის გამო, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტამდე. წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილება თუ დაუკმაყოფილებლობა არ არის დამოკიდებული დამზიანებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის დავის შედეგზე, რამდენადაც ამ უკანასკნელ დავაში მოსარჩელეა ზიანის მიმყენებელი, რომელიც სადაზღვევო კომპანიას სთხოვს სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ზიანი ანაზღაურებას, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, სადაზღვევო კომპანიამ სადავო თანხა უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს - დამზიანებელს (და არა დაზარალებულს). წინამდებარე დავაში კი, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში - სადავო თანხა უნდა აუნაზღაურდეს დაზარალებულს.

16. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას და ასკვნის, რომ მითითებულ ორ დავას შორის არ არსებობს იმდაგვარი კავშირი, რომელიც წინამდებარე საქმის განხილვის შეუძლებლობას გამოკვეთდა სხვა საქმის გადაწყვეტამდე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმისწარმოების შეჩერების შესახებ.

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის საფუძვლიანობის შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ფ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე