Facebook Twitter

№ას-608-2020 13 მაისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ.ვ–ა“, ლ.ქ–ვა, დ.მ–ა, ვ.ს–ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.02.2020 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „გ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, “კასატორი“) სარჩელი აღძრა შპს „გ.ვ–ას“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“), ლ.ქ–ვას, დ.მ–ას, ვ.ს–ას მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება სოლიდარულად 2 024 000 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.05.2017 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 516-534). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.02.2020 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 231 475 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარცა უცვლელად (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.186-217). გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა, როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე პალატის 20.07.2020 წლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

6. სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან უარს აცხადებს სარჩელზე (იხ.: განცხადება, ტ.2, ს.ფ.336). განცხადებით დასტურდება, რომ მისთვის ცნობილია სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

8. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. სარჩელზე უარის თქმა - ესაა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტი საპროცესო სამართლებრივი შედეგით (თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი. სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, თბილისი, 2014, გვ.85). სსსკ-ის მე-3 მუხლში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ.: სუსგ №ას-20-17-2015, 18.03.2015 წელი; №ას-694-648-2017, 12.06.2017 წელი; №ას-1047-2019, 20.12.2019 წელი, №ას-274-2020, 27.05.2022 წელი).

9. სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით, წარმომადგენლის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის თაობაზე სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. წარმოდგენილი განცხადება ხელმოწერილია მოსარჩელის წარმომადგენლის გ.ფ–ას მიერ (იხ. მინდობილობა სარჩელზე უარის თქმის უფლებით, ტ.2, ს.ფ.337). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმომადგენელი უფლებამოსილია მხარის სახელით მომართოს სასამართლოს სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობით.

10. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ამასთან, წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას, მოსარჩელის დისპოზიციური ნების შესაბამისად ჩამოყალიბებულ სასარჩელო მოთხოვნებზე წარმოების შეწყვეტის გარდა, საკასაციო პალატას არა აქვს სხვა საკითხებზე მსჯელობის უფლებამოსილება.

11. კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ვინაიდან საქმეზე წარმოების შეწყვეტის საფუძველი წარმოიშვა საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, კასატორი სრულად თავისუფლდება გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (იხ.: სუსგ №ას-2-2-2018, 27.07.2018 წელი).

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე. შესაბამისად, არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ–ის“ შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე შპს „გ–ის“ სარჩელზე შპს „გ.ვ–ას“, ლ.ქ–ას, დ.მ–ას, ვ.ს–ას მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია