საქმე № ას-575-2024 13 მაისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ქ.ყ–ი, შპს „ა–ბა“
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ყ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.02.2024 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.03.2023 წლის განჩინებით გ.ყ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოსარჩელე") შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ქ.ყ–ისა და შპს „ა–ბის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოპასუხეები") მიმართ სარჩელზე შეწყდა წარმოება (იხ.: განჩინება, ტ.1, ს.ფ. 110-113). განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.05.2023 წლის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ.: განჩინება, ტ.1, ს.ფ. 133-138).
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.05.2023 წლის განჩინების ბათილად ცნობა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.06.2023 წლის განჩინებით განცხადება განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ.: განჩინება, ტ.1, ს.ფ. 215-220). განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.12.2023 წლის განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.06.2023 წლის განჩინება; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.05.2023 წლის განჩინება და მოსარჩელის კერძო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების შედეგად საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ.: განჩინება, ტ.1, ს.ფ. 312-325).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.02.2024 წლის განჩინებით მოპასუხეების შუამდგომლობები საქმის წარმოების შეჩერებისა და კერძო საჩივრის (სარჩელის) განუხილველად დატოვების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.03.2023 წლის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ.: განჩინება, ტ.1, ს.ფ. 411-420). განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 16.02.2024 წლის სხდომაზე ზეპირი მოსმენით იხილავდა მოსარჩელის კერძო საჩივარს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.03.2023 წლის განჩინებაზე, ასევე მოპასუხეების შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერებისა და კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. 16.02.2024 წლის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, როგორც ზემდგომმა სასამართლომ, წარმოების შეჩერებისა და კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა; დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, ანუ გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; განჩინებით განიმარტა, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
10. 18.03.2024 წელს მოპასუხეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 16.02.2024 წლის განჩინებაზე და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა კერძო საჩივრის არსებითად განხილვის, დაკმაყოფილების წინაპირობა, რამეთუ კერძო საჩივარი შეტანილი ჰქონდა არაუფლებამოსილ პირს და არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე მის განუხილველად დატოვებაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს და კერძო საჩივრის არსებითად განხილვას, მის დაკმაყოფილებას მიიჩნევს უკანონოდ. ანუ კერძო საჩივრის ობიექტია კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
12. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
13. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (სუსგ.-ები: №ას-1587-2019 , 04.11.2019წ.; №ას-478-2020, 03.07.2020წ.; №ას-303-2023, 24.03.2023წ.).
14. ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემდგომი სასამართლოს, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში თუ განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.ყ–ისა და შპს „ა–ბას“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.02.2024 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე