საქმე №ას-772-2023 13 მაისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – გ.ნ–ია
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.2023 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.ნ–იამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „დამსაქმებელი“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 21.04.2022 წლის №03-73/კ ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2. მოსარჩელის აღდგენა მოპასუხის სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ან ტოლფას თანამდებობაზე;
1.3. მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე ყოველთვიურად 2420 ლარის ანაზღაურება.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28.10.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უკანონოდ იქნა ცნობილი დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ ბრძანება; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 12000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2023 წლის განჩინებით - სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.2023 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2023 წლის განჩინება მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 2420 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება, 26.04.2022 წლიდან სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28.10.2022 წლის გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2023 წლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მისი 10.10.2023 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესახებ განცხადებით მომართა მოსარჩელემ და მოითხოვა სასამართლოს განემარტა თუ რა იგულისხმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.2023 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28.10.2022 წლის გადაწყვეტილების აღსრულების თარიღში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
8. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (სუსგ №ას-267-255-2017, 31.03.2017წ.). გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. საკითხი მასზე, ბუნდოვანია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დებულებების ფორმულირების გათვალისწინებით.
9. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (სუსგ №ა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.).
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.2023 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვანებას, მასში ნათლადაა ფორმულირებული საქმეზე დამდგარი შედეგი, რაც განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ნ–იას განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია