საქმე №ას-1271-2022 24 იანვარი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ნ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.06.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.11.2021 წლის გადაწყვეტილებით ნ.ნ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „დაზარალებული“) სარჩელი ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მზღვეველი“, „ცენტრი“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11 200 ლარის ანაზღაურება.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.06.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 24.01.2019 წელს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით, თბილისი - სენაკი - ლესელიძის გზის 27-ე კმ-ზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა სამ ავტომანქანას შორის: „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით: ......., რომელსაც მართავდა მოსარჩელე, „მაკის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით: ......... – 10, რომელსაც მართავდა აზერბაიჯანის მოქალაქე მ. ა–ი და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ...., რომელსაც მართავდა ა.გ–ი.
3.2. მოსარჩელე მიიჩნიეს ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევად და მის მიმართ შედგა საჯარიმო ქვითარი №ენ000654 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად.
3.3. 25.01.2019 წელს მოსარჩელემ საჩივრით მიმართა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს და მოითხოვა 24.01.2019 წლის №ელ000654 საჯარიმო ქვითრის გაუქმება.
3.4. 25.03.2019 წლის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის №MIA 5 19 00761286 დადგენილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე; ძალაში დარჩა 24.01.2019 წელს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი №ენ000654.
3.5. მოსარჩელემ საჩივრით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 24.01.2019 წლის საჯარიმო ქვითრისა და 25.03.2019 წლის დადგენილების ბათილად ცნობა.
3.6 მცხეთის რაიონული სასამართლოს 23.07.2019 წლის დადგენილებით მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 24.01.2019 წლის №ენ 000654 საჯარიმო ქვითარი და 25.03.2019 წლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის №MIA 5 19 00761286 დადგენილება. დადგენილება არ გასაჩივრებულა. დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 12.08.2019 წელს.
3.7. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევად საბოლოოდ მიიჩნიეს „მაკის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით: ........) მძღოლი - აზერბაიჯანის მოქალაქე მ. ა–დი.
3.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.02.2019 წლის №000799119 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2012 წელს დამზადებული მსუბუქი ავტომობილი „TOYOTA AQUA“-ს (სახელმწიფო ნომრით: ......) საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე (24.01.2019 წლის მდგომარეობით) საორიენტაციოდ შეადგენდა - 12 800 ლარს, ხოლო დაზიანებულ მდგომარეობაში საორიენტაციოდ - 1 600 ლარს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს (12 800 ლარს - 1 600 ლარი) 11 200,00 ლარით.
3.9. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი „მაკის“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით: 47B761–10) „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „სპეციალური კანონი“) თანახმად, დაზღვეული იყო მოპასუხის მიერ და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას პოლისი მოქმედებდა.
3.10. 26.09.2019 წელს მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა მოპასუხეს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. 10.10.2019 წლის წერილით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ დარღვეული იყო ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმად, დაზარალებული ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა წერილობით მიმართოს ცენტრს/მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით და წარუდგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ.
3.11. სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 799.1, 801-ე, 839-ე, 840-ე მუხლები და სპეციალური კანონის შესაბამისი მუხლი (მუხლი 7), იმის გათვალისწინებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი „მაკის“ მარკის ავტომანქანა, ამ კანონის თანახმად, დაზღვეული იყო მოპასუხის მიერ და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას პოლისი მოქმედებდა.
3.12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ დაურღვევია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულების შესახებ სპეციალური კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნები. ამასთან, მოსარჩელეს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არ გააჩნდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ისა და ცენტრისთვის შეტყობინების ვალდებულება.
3.13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სპეციალური კანონის მე-8 მუხლზე - სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება, რომლის თანახმად, 1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს, ხოლო დაზარალებული (მისი წარმომადგენელი) უფლებამოსილია შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და ცენტრს, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას, თუ არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მისვლის ან მის მიერ დაშავებული პირის (დაზარალებულის) გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა; 2. დაზარალებული ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა წერილობით მიმართოს ცენტრს/მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით და წარუდგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ; 3. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, გამოძიება ან/და ექსპერტიზა, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის დინება შეჩერდება შესაბამისი პროცედურის დამთავრებამდე; ... 5. დაზარალებულის მიერ ამ მუხლში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ცენტრი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან.
3.14. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციამ მოსარჩელე მიიჩნია ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევად და მის მიმართ შედგა საჯარიმო ქვითარი, თუმცა, შემდეგ, მცხეთის რაიონული სასამართლოს 23.07.2019 წლის დადგენილებით, მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 24.01.2019 წლის №ენ 000654 საჯარიმო ქვითარი და 25.03.2019 წლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის №MIA 5 19 00761286 დადგენილება. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევად საბოლოოდ მიიჩნიეს „მაკის“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით: 47B761 – 10), რომელსაც მართავდა აზერბაიჯანის მოქალაქე. ამდენად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოსარჩელე არ წარმოადგენდა დაზარალებულს, შესაბამისად, ამ ეტაპისათვის მას არ ჰქონდა უფლება მიემართა მოპასუხისათვის ანაზღაურების მოთხოვნით.
3.15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული კანონის 8.3 პუნქტით განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნის ვადა (არაუგვიანეს 60 კალენდარული დღე, რაც აითვლება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან), უნდა აითვალოს არა სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან, არამედ იმ თარიღიდან, როდესაც მოსარჩელეს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, კონკრეტულ შემთხვევაში კი დადგენილების, რომლითაც გაუქმდა მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ საპატრულო პოლიციის აქტი, კანონიერ ძალაში შესვლის თარიღიდან - 12.08.2019 წლიდან. დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღამდე მოსარჩელეს არც ზიანის მოთხოვნის უფლება და არც აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა არ ექნებოდა. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულის მოთხოვნა ცენტრისათვის წარდგენილია 26.09.2019 წელს, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლიდან - 12.08.2019 წლიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისად, დაცულია სპეციალური კანონის 8.3 პუნქტის მოთხოვნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო საფუძვლით, მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობა.
3.16. სპეციალური კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ლიმიტის ოდენობას დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის - ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს ერთი დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 25 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი 50 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს; მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ერთ-ერთი სახეა, დაზარალებულის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება; მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ან მოძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის საფუძველია ქონების დაზიანებული ნაწილის შეკეთების/აღდგენის (სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის არსებული მდგომარეობის აღდგენის) ღირებულება; მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დაზიანებული ქონების შეკეთების/აღდგენის რეალური ღირებულება არის ამ ქონების საბაზრო ღირებულების 70% ან 70%-ზე მეტი, შემთხვევა განიხილება ქონების სრულ განადგურებად (დაღუპვად); მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის საფუძველია მოძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულება შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი (საღი) და რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით ან მოძრავი ქონების ჩანაცვლების ღირებულება. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ქონების ჩანაცვლება მას არ მოუთხოვია). სსკ-ის 840-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ზიანის ოდენობა - 11 200,00 ლარი, ასევე - სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირწონედ, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ზიანის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო ექსპერტიზის დასკვნის მონაცემებით.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). სადაზღვევო რისკის რეალიზაციის უშუალო შედეგია სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დადგომაც უცნობ, არაპროგნოზირებად მოვლენას უკავშირდება. უცნობი შეიძლება იყოს, დადგება თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, ან როდის დადგება იგი (ნ. მოწონელიძე, სუბროგაცია როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, გამომცემლობა "მერიდიანი", თბილისი, 2016, გვ.17; სუსგ №ას-535-2020, 05.10.2021წ.).
9. მზღვეველის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ურთიერთობების ფარგლებში მზღვეველისთვის დაზარალებულის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერება.
10. სსკ-ის 839-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო. ამავე კოდექსის 840-ე მუხლით, მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანის დაზღვევის ხელშეკრულების ობიექტი შეიძლება იყოს არა მარტო დამზღვევის ქონება, არამედ დამზღვევის სამოქალაქო პასუხისმგებლობაც. დაზღვევის მოცემული სახის მიზანია, ერთი მხრივ, გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირისათვის (დაზარალებულისათვის) ზიანის მიყენების გამო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს თვით მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც დაზარალებულის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის საიმედო გარანტიას წარმოადგენს (მ. ცისკაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი II, თბილისი, 2001, გვ. 161,162).
11. სსკ-ის 801-ე მუხლის მიხედვით, კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სავალდებულო დაზღვევა, რომლის მიმართაც გამოიყენება მეოცე თავის წესები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას სავალდებულო დაზღვევის შესახებ. სპეციალური კანონი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან (შემდეგში „სავალდებულო დაზღვევა“) დაკავშირებულ ურთიერთობებს (სპეციალური კანონის 1.1 მუხლი).
12. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით, მაგრამ არანაკლებ ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ვადისა. სავალდებულო დაზღვევით ანაზღაურდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით და მისგან გამომდინარე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანი.
13. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 24.01.2019 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციამ მოსარჩელე მიიჩნია ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევად და მის მიმართ შედგა საჯარიმო ქვითარი, თუმცა მცხეთის რაიონული სასამართლოს 23.07.2019 წლის დადგენილებით მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 24.01.2019 წლის საჯარიმო ქვითარი და 25.03.2019 წლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის დადგენილება. ავტოსაგზაო შემთხვევის, რომლის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის ავტოსატრანსპორტო საშუალება, გამომწვევად საბოლოოდ მიიჩნიეს „მაკის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც სპეციალური კანონის თანახმად, დაზღვეული იყო მოპასუხის მიერ და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას პოლისი მოქმედებდა.
14. მზღვეველმა ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ დაარღვია სპეციალური კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის წარდგენის ვადა, მზღვეველის ინფორმირების ვალდებულება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სპეციალური კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნის ვადა (არაუგვიანეს 60 კალენდარული დღე), მოცემულ შემთხვევაში, უნდა აითვალოს იმ თარიღიდან, როდესაც მოსარჩელეს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, რაც უკავშირდება მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ საპატრულო პოლიციის აქტის გაუქმების შესახებ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღს - 12.08.2019 წელს. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მითითებული თარიღიდან 60 კალენდარული დღის ვადაში - 26.09.2019 წელს მიმართა მზღვეველს. შესაბამისად, არ არსებობდა ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე განაცხადის ვადის დარღვევის წარდგენის საფუძვლით უარის თქმის წინაპირობა.
15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო საკითხის განსხვავებულად შეფასება სცილდება გონივრული განსჯისა და კეთილსინდისიერად ქცევის სტანდარტს. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ), თბილისი, 2017, მუხლი 8, ველი 1, 10-12).
16. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურსამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ; №ას-189-2020, 20.04.2021წ.).
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 560 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 392 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრს“ (ს/ნ: ...) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 560 ლარის (საგადახდო დავალება №30444, გადახდის თარიღი 28.07.2022წ.) 70% – 392 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია