Facebook Twitter

საქმე №ას-337-2024 17 აპრილი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ბ–ვა (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ბ–ძე, ლ.ს–ი, მ.ბ–ძე (აპელანტები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი სარჩელით - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

დავის საგანი შეგებებული სარჩელით - უძრავი ნივთის გაუმჯობესებაზე

გაწეული ხარჯების ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. რუსთავში, ......... მდებარე ბინა N79 (ს/კ: ........) (შემდგომში სადავო უძრავი ქონება, უძრავი ქონება ან სადავო ბინა) ნ.ბ–ვას (შემდგომში უძრავი ქონების მესაკუთრე, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკუთრებაშია.

2. 2013 წელს სადავო ბინა დაიწვა ხანძრის შედეგად.

3. უძრავ ქონებას 2014 წლიდან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ ლ.ს–ი, გ.ბ–ძე და მ.ბ–ძე (სამივე ერთად ტექსტში მოხსენებული, როგორც მოპასუხეები, ხოლო ლ.ს–ი და გ.ბ–ძე, როგორც შეგებებული სარჩელის ავტორები).

4. მოპასუხეებმა სადავო ბინაში ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები.

5. შპს „ჯ.ა–ის“ 2023 წლის 22 თებერვლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სადავო უძრავი ქონება გამოიყენება საცხოვრებლად, ახალი გარემონტებულია, ჯერაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, დაყენებულია შემოსასვლელი რკინის კარი, შიდა სააბაზანოს კარი, სააბაზანო და სამზარეულო გარემონტებულია, ლოჯიაში დაგებულია მეტლახი, ხელახლა დამონტაჟებულია ყველა კომუნიკაცია, მათ შორის ელექტრო და გაზგაყვანილობა. ამ სახით უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 35 800 აშშ დოლარია, ხოლო განახლებამდე, დამწვარი ბინის ფასი იქნებოდა 20 200 აშშ დოლარი.

6. უძრავი ქონების მესაკუთრეს დადგენილი აქვს შშმ პირის სტატუსი.

7. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით უძრავი ქონების მესაკუთრეს დაენიშნა მხარდამჭერი, ი.მ–ი (შემდგომში მხარდამჭერი).

8. სასარჩელო მოთხოვნა:

8.1.მხარდამჭერმა, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა, სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა სადავო უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გათავისუფლება და მოსარჩელისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

8.2.სარჩელის თანახმად, სადავო ბინა დაზიანდა ხანძრის დროს, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა სხვაგან გადასულიყო საცხოვრებლად, რითიც ისარგებლეს მოპასუხეებმა, უკანონოდ დაეუფლნენ მოსარჩელის ქონებას და უარს აცხადებენ მის გათავისუფლებაზე.

9. მოპასუხეთა შესაგებელი:

9.1.მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობენ 2014 წლიდან, თავიანთი სახსრებით გაარემონტეს დამწვარი ბინა და აქციეს საცხოვრებლად ვარგისად, ხოლო მოსარჩელე, როგორც მათთვისაა ცნობილი, 2014 წლიდან მკურნალობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და დანიშნული ჰყავს მხარდამჭერი.

10. შეგებებული სარჩელის ავტორთა მოთხოვნა:

10.1. მოპასუხეებმა, ლ.ს–მა და გ.ბ–ძემ შეგებებული სარჩელი აღძრეს მოსარჩელის მიმართ და მოითხოვეს სადავო ქონების გაუმჯობესებისთვის გაწეული ხარჯის 15 600 აშშ დოლარის მოსარჩელისთვის დაკისრება.

11. მოსარჩელის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:

11.1. მოსარჩელემ წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია, მოპასუხეებმა ბინაში ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები, თუმცა მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ და ამასთან, მოპასუხეები წლების განმავლობაში საცხოვრებლად იყენებდნენ ბინას, რის გამოც, მოსარჩელემ ვერ ისარგებლა კუთვნილი ქონებით. ბინის გაქირავებით მას შეეძლო შემოსავლის, ყოველთვიურად 350 ლარის მიღება.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

12.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მოსარჩელისთვის გადაცემა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელეს მოპასუხეების, ლ.ს–ისა და გ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 9496 აშშ დოლარის გადახდა.

13. მოსარჩელისა და მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი:

13.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

13.2. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხეთა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

13.3. მოპასუხეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ამასთან, ქონების გაუმჯობესების ღირებულების ანაზღაურებამდე სადავო ბინაში დარჩენა.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-7 პუნქტების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოსარჩელეს მოპასუხეთა სასარგებლოდ დაეკისრა ქონების გაუმჯობესების ხარჯის, 15 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

14.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

14.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 442-ე-444-ე მუხლებზე და არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა წინამდებარე დავაში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. სააპელაციო პალატის განცხადებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, ურთიერთგასაქვით მოთხოვნათა პირობებში შეიძლება წარმოიშვას. ეს კი ნიშნავს, რომ მხარეთა შორის უნდა არსებობდეს ერთმანეთისაკენ მიმართული მოთხოვნები, რაც პროცესუალურ გამართულობასაც გულისხმობს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოსარჩელეს გაქვითვის გზით მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა არ წარუდგენია. მხარეს არ უსარგებლია შეგებებული სარჩელის წადგენის შემდეგ, საქმის მომზადების ეტაპზე დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენის უფლებითაც, რა დროსაც, მას შეეძლო მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა, რაც უკვე დადასტურების შემთხვევაში, გაქვითვის უფლების რეალიზებასაც წარმოშობდა წინამდებარე საქმის ფარგლებში. ამასთან, მიუღებელი ქირის შესახებ გარემოებას შეედავა მეორე მხარე, შედავებული იყო საერთოდ ბინის გაქირავების შესაძლებლობა და ფაქტობრივად, არც ქირის სახით მისაღები თანხის ოდენობას დათანხმებიან შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი მიუღებელი შემოსავლის თაობაზე ცალკე სასარჩელო სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარება. გაქვითვის მოთხოვნასა და მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრაზე უარის თქმას კი ლოგიკურად მოსდევს შეგებებული სარჩელის ფარგლებში ამავე საქმეში დადგენილი სარემონტო ხარჯის სრულად ანაზღაურება.

14.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 164-ე, 987-ე მუხლებზე და დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის მოსარჩელეებმა სრულად დაძლიეს მათზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი. საქმეზე წარდგენილი სადავო ქონების შეფასების ანგარიშით დადგენილია, ქონების გაუმჯობესებისთვის გაწეული ხარჯები და ოდენობა, მათი მიზნობრიობა, შესაბამისად, უძრავი ნივთის გაუმჯობესებისა და ქონების მესაკუთრის მიერ დაზოგილი თანხა 15 600 აშშ დოლარია, რაც სრულად უნდა ანაზღაურდეს.

14.5. სააპელაციო პალატამ ასევე იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მოთხოვნათა ჭრილში მოპასუხეთა კეთილსინდისიერებაზე და დაასკვნა, რომ მოპასუხეებმა ამ ნაწილში ვერ დაძლიეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთი (დადგენილია, რომ ხანძრის შედეგად დაზიანებული ბინა მდებარეობს მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში. ხანძარი მოხდა მოპასუხეთა მიერ ბინის დაუფლებამდე 2 წელზე ნაკლები დროის წინ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოპასუხეებს ვერ გაერკვიათ, თუნდაც მეზობლებში მოკითხვით, თუ ვინ იყო მესაკუთრე, ან ვინ თვლიდა თავს ამ ბინის მესაკუთრედ, თუნდაც საჯარო რეესტრში ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაშიც კი. საყურადღებოა ისიც, რომ როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, სადავო ბინაზე მოსარჩელის საკუთრების წარმოშობის საფუძვლად სამკვიდრო მოწმობაა მითითებული, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელემდე ეს უძრავი ქონება სხვა პირს ეკუთვნოდა (მისი რეესტრში რეგისტრაციის მიუხედავად). ხოლო არქივში შესაძლებელია მოძიებულიყო ბინის მაშინდელი მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია. მრავალბინიან სახლში ბინის ზუსტი მისამართისა ან/და საკადასტრო კოდის დადგენა არ უნდა ყოფილიყო შეუძლებელი, რაც მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეუწყობდა ხელს). ამდენად, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოპასუხეთა კეთილსინდისიერების ფაქტი (არ არსებობდა მესაკუთრის ნება ბინაში მოპასუხეთა ცხოვრებაზე, არ დგინდებოდა მესაკუთრის ნება ქონების მიტოვებაზე და რაიმე საფუძველი, რაც მოპასუხეებს მისცემდა შესაძლებლობას ბინა თავისად მიეჩნიათ), სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა უძრავი ქონების გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურებამდე მოპასუხეთა ბინაში დარჩენის და შესაბამისად, ამ ნაწილში (ქონების ვინდიცირების ნაწილში) გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობაც.

15. კასატორების მოთხოვნა:

15.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ.

15.1.1. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

15.1.2. მოპასუხეებმა მოითხოვეს შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

16. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

16.1. კასატორის განცხადებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაასკვნა, რომ წინამდებარე დავაში არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის (ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა) გამოყენების წინაპირობა. მოსარჩელეს მოპასუხეთა ქმედებით მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რადგან მან ბინის გაქირავება ვერ შეძლო უკანონო მფლობელთა (მოპასუხეთა) მიერ უძრავი ქონებით სარგებლობის გამო.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი;

17.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

22. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

22.1. სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაშია;

22.2. ბინა ხანძრის შედეგად დაიწვა 2013 წელს;

22.3. 2014 წლიდან უძრავ ქონებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები, რომლებმაც ბინაში ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები;

22.4. აუდიტის 2023 წლის 22 თებერვლის ანგარიშით, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება გარემონტებამდე (ხანძრის შედეგად დამწვარი სახით) განისაზღვრა 20 200 აშშ დოლარით, ხოლო გარემონტების შემდეგ - 35 800 აშშ დოლარით;

22.5. მესაკუთრის სარჩელით მოთხოვნილია უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მოსარჩელისთვის გადაცემა;

22.6. მოპასუხეების მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია რემონტის შედეგად ბინის გაუმჯობესების ხარჯის - 15 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოსარჩელისთვის დაკისრება.

23. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის გამოუყენებლობას და მიიჩნევს, რომ არსებობდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით სარჩელის იმგვარად დაკმაყოფილების შესაძლებლობა, რომ მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ბინის გაქირავებით, გაქვითულიყო მოპასუხეთა მიერ ბინაზე გაწეული სარემონტო სამუშაოების საფასურში.

24. საქართველოს კანონმდებლობა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მხარეებს ანიჭებს უფლებას, ერთმანეთის მიმართ არსებული მოთხოვნები გაქვითონ და ვალდებულება ისე შეწყვიტონ, კერძოდ, სსკ-ის 442.1-ე მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, გაქვითვა მიმართულია მსგავსი მოთხოვნების გამარტივებულ შესრულებაზე გაქვითვა ითვალისწინებს დამოუკიდებელი მოთხოვნების არსებობას. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვითვისათვის აუცილებელია განსაზღვრული წინაპირობების არსებობა: 1) საპასუხო მოთხოვნების არსებობა, გაქვითვის პირველი სავალდებულო წინაპირობაა, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი. თითოეული მათგანი ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. მოთხოვნის მოვალე უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი კი უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის მოვალე. ამგვარად, უნდა არსებობდეს საპასუხო მოთხოვნები (ურთიერთმოთხოვნები). აუცილებელია ასევე, რომ ორივე ეს მოთხოვნა არსებობდეს გაქვითვის შესახებ განცხადების გაკეთების მომენტში. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისათვის დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, თუმცა სსკ-ის 442.2-ე მუხლი გამონაკლისის სახით ითვალისწინებს ვალდებულებათა გაქვითვას იმ შემთხვევაშიც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა არ დამდგარა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ მოთხოვნის მქონე მხარს უჭერს გაქვითვას; 2) ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობაა მსგავსი საპასუხო მოთხოვნების არსებობა; 3) იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს ნამდვილობის პირობებს, კერძოდ: ა) საპასუხო მოთხოვნა რეალურად უნდა არსებობდეს; ბ) ეს მოთხოვნა უნდა იყოს უდავო; გ) როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს საპასუხო მოთხოვნის შესრულების ვადა (იხ. სუსგ საქმეN ას-672-2021. 23.09.2021წ.). შეგებებული სარჩელის აღძვრის პირობებში, რაც სსსკ-ის 188-ე და 189-ე მუხლების მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, მხარე იყენებს ქმედით საპროცესოსამართლებრივ საშუალებას მის წინააღმდეგ თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ გამოსარიცხად. იმ პირობებში, როდესაც მხარე არ იყენებს შესაბამის საპროცესო ინსტრუმენტს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოთხოვნის ფარგლებს მიღმა იმსჯელოს რაიმე ფაქტებსა და გარემოებებზე. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები N ას-1185-2021, 18.02.2022წ; N ას - 189-2019, 24.12.2021წ; N ას-1615-2019, 14.01.2020წ; N ას - 727-2021, 10.12.2021წ; Nას- 851-817-2016, 4.11.2016წ.).

25. ზემოაღნიშნული სამართლებრივი განმარტებებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ წინამდებარე დავაში მხარეთა შორის არ გამოვლენილა გაქვითვადი მოთხოვნები. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ურთიერთგასაქვით პირობებში შეიძლება წარმოიშვას, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის უნდა არსებობდეს ერთმანეთისკენ მიმართული მოთხოვნები (რაც პროცესუალურ გამართულობასაც გულისხმობს). მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მოსარჩელეს არც სარჩელით და არც მოპასუხეთა მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელის პასუხად მსგავსი მოთხოვნა არ წარუდგენია, მას არ უსარგებლია არც დაზუსტებული სარჩელის წარდგენის უფლებით (მოპასუხეთა მიერ შეგებებული სარჩელის წარდგენის შემდგომ), ხოლო იმ პირობებში, როდესაც მესაკუთრეს წარდგენილი აქვს მხოლოდ სავინდიკაციო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხეები შეგებებული სარჩელით ითხოვენ უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ მიიჩნია მითითებული მოთხოვნები გაქვითვად ურთიერთმოთხოვნებად. კასატორსაც არ წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ზემოაღნიშნული მსჯელობის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ბ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე