Facebook Twitter

საქმე № ას-214-2024 15 აპრილი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში: მოსარჩელე, შემსყიდველი, შემსყიდველი ორგანიზაცია, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემსყიდველის სარჩელი სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდგომში მოპასუხე, მიმწოდებელი ან სადაზღვევო კომპანია) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლოს, 991.40 ლარის გადახდა.

2. კასატორის პრეტენზიით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები ვერ ასაბუთებენ, რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეამცირეს მათ დაკისრებული პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, მართალია, სასამართლოს ანიჭებს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს უფლება უნდა განხორციელდეს გონივრულად. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ მოპასუხე არის მეწარმე სუბიექტი და იგი სათანადოდ იყო ინფორმირებული ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია დაკისრებული პირგასამტეხლო.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. 2019 წლის 31 მაისს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა N419 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება), რომლის საგანსაც წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის მომსახურების გაწევა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული CON190000322 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით;

7.2. ავტომანქანა SKODA RAPID (სახელმწიფო ნომრით ....., გამოშვების წელი -2018, VIN კოდი: ......) ირიცხება შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე;

7.3. ხელშეკრულების 2.10 ქვეპუნქტის თანახმად, ზარალის დარეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში, უნდა აღდგენილიყო/შეკეთებულიყო დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება;

7.4. ხელშეკრულების 11.5 ქვეპუნქტის თანახმად, 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (მათ შრის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის გადახდა;

7.5. შპს „ი.ა.ც–ის“ მიერ 2019 წლის 4 ნოემბერს გაცემული ინვოისის თანახმად, ავტომანქანას SKODA RAPID (სახელწიფო ნომრით ......) სჭირდება სათადარიგო ნაწილები ან/და მომსახურება, რომლის ჯამური ღირებულებაც 9914 ლარია;

7.6. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე (N DEC MI 3788/19) 2019 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 9914 ლარით. 2019 წლის 11 დეკემბერს, მოპასუხემ შპს „ი.ა.ც–ს“ ჩაურიცხა 9914 ლარი;

8. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შემდეგი შინაარსის მიღება-ჩაბარების აქტი: „ჩვენს შორის 2019 წლის 31 მაისს გაფორმებული N419 ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა ავტოსაგზაო შემთხვევისას შსს-ს ბალანსზე რიცხული დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა. კერძოდ ავტომანქანა შკოდა რაპიდი სახელმწიფო ნომრით ...... რომელიც დაზიანდა 13.10.2019 წელს, აღნიშნული საქმე დარეგულირდა (ხელი მოგვიწერეს) 05.11.2019 წელს, ავტომანქანა სერვისში აღსადგენად მივიდა 15.02.2020 წელს და აღდგენა დასრულდა 05.03.2020 წელს. რომლის ზარალის ოდენობაც შეადგენს 9914 ლარს. აღნიშნული ავტომანქანა აღდგენილია ხარისხიანად და ექსპლუატაციისთვის ვარგისია, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერებით“.

9. ავტომანქანა SKODA RAPID, სახელმწიფო ნომრით ...... აღდგენილია ვადაგადაცილებით.

10. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ჯამურად 5050 ლარი, რაც მას არ გადაუხდია.

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით, ასანაზღაურებელი პირგასამტეხლოს თანხიდან, 5050 ლარიდან 2900 ლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო (2019 წლის 26 ნოემბრიდან 2020 წლის 23 იანვრამდე წარმოშობილი პირგასამტეხლოს მოთხოვნა სარჩელის წარდგენის თარიღის გათვალისწინებით (სარჩელი წარდგენილია 2023 წლის 23 იანვარს) ხანდაზმულად იქნა მიჩნეული და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღეების (43 დღე) გათვალიწინებით განისაზღვრა 2150 ლარით (43X50=2150)), რაც მას სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია (და ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში). ამდენად, მოთხოვნის ხანდაზმულობის გათვალისწინებით, საბოლოოდ, შესაფასებელია მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს, 5050 ლარის ნაცვლად, 2150 ლარის დაკისრების საფუძვლიანობა.

12. კასატორი სადავოდ ხდის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ შემცირებას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით, მხარეთა შორის განსაზღვრული იყო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი, სასამართლოებს არ ჰქონდათ მისი შემცირების უფლება.

13. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით კი, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები.

14. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ. სუსგ საქმე №ას 848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი; საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-953-918-2016, 22 ნოემბერი, 2016 წელი).

15. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

17. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

18. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).

19. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

20. ამასთან, მართალია, ნორმის ზემოთ დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.

21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილი, საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა და მოსარჩელის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური მომსახურება გაუწია 43 კალენდარული დღის დაგვიანებით (როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით, ვადაგადაცილებული დღეების (101 დღე) რაოდენობა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო შემცირდა 43 კალენდარულ დღემდე).

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან კონტრაქტორი მხარე მეწარმე სუბიექტია და იგი სათანადოდ იყო ინფორმირებული ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების (პირგასამტეხლოს ოდენობის) შესახებ, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება შეემცირებინა დაკისრებული პირგასამტეხლო.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულების ჩანაწერი, რომელიც ზარალის დარეგულირების აქტით გათვალისწინებული მომსახურების (ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა) არაჯეროვნად/დაგვიანებით შესრულების გამო მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობაზე მიუთითებს, არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ პირგასამტეხლომ, როგორც კანონმდებლობით განსაზღვულმა სანქციამ დაკარგოს თავისი არსი და მნიშვნელობა და კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრების წყაროდ იქცეს. მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე მსჯელობისას მართებულად გაითვალისწინეს მთელი რიგი გარემოებები - ვალდებულების დარღვევის შინაარსი, შეუსრულებელი ვალდებულების მთლიან სახელშეკრულებო ვალდებულების მოცულობასთან თანაფარდობა, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულება და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგები (საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ავტომანქანის დაგვიანებით შეკეთების გამო მოსარჩელემ განიცადა რაიმე სახის ზიანი ან ხელი შეეშალა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებით (2150 ლარიდან 991.40 ლარამდე) დაცულია სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპი, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე, ადეკვატური და სამართლიანია.

24. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა შეესაბამება ზემოაღნიშნულ განმარტებებს, კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სადაც განმარტებულია პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე