საქმე № ას-156-2024 15 აპრილი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ა.ქ–ძე (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.ქ–ძის (შემდეგში მოპასუხე, მსესხებელი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილა სს „ტ.კ–ის“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (შემდგომში მოსარჩელე, ბანკი ან კრედიტორი) სარჩელი მოპასუხის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 16 868.75 ლარის, (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 14 001.21 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1369.52 ლარი, ჯარიმა - 1461.98 ლარი, დაზღვევის თანხა - 36.04 ლარი), მიუღებელი შემოსავლისა (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 15 მარტიდან) არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრულ ძირითადი თანხის, 14001.21 ლარის წლიური 11%-ი, ყოველთვიურად 128.34 ლარი) და პირგასამტეხლოს (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 15 მარტიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი თანხის 0.27% , მაგრამ ჯამურად არა უმეტეს 500 ლარისა) გადახდა.
2. კასატორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ მსესხებელი და ბანკი შეთანხმდნენ სესხის თანხის ყოველი თვის 24 რიცხვში გადახდაზე. სინამდვილეში კი, სესხის დამტკიცების დღესვე, 2020 წლის 15 ივნისს, მოპასუხემ მოითხოვა გადახდის თარიღად თვის პირველიდან 5 რიცხვამდე შუალედის მითითება, ვინაიდან მას ხელფასი სწორედ ამ რიცხვებში ერიცხებოდა (საიდანაც უნდა დაეფარა სესხის თანხა). მიუხედავად იმისა, რომ ბანკი დაჰპირდა მას თარიღის ცვლილებას, არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, დაპირება არ შეასრულა. აღნიშნული ცვლილებაზე უარით კი, დაირღვა მოპასუხის უფლებები, რაც მას აძლევდა შესაძლებლობას უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე. ბანკს უნდა გაეთვალისწინებინა მსესხებლის მოთხოვნა და ხელშეკრულება მიესადაგებინა შეცვლილი გარემოებებისათვის, შესაბამისად, მოვალეს არ ექნებოდა გადასახდელი არც ჯარიმა და არც პირგასამტეხლო.
3. კასატორის განცხადებით, მას არასწორად ეთქვა უარი ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოწმის სახით ბანკის იმ თანამშრომელთა დაკითხვაზეც, რომელთაც შეეძლოთ დაედასტურებინათ, რომ მსესხებელი არაერთხელ მიმართავდა ბანკს სესხის გადახდის თარიღის ცვლილების მოხოვნით. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს აღნიშნულ პირთა (ს.დ–ის, თ.გ–ისა და ნ.ა–ძის) დაკითხვას საკასაციო სასამართლოს მიერ.
4. საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე ითხოვს წინამდებარე საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში „სსსკ“), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
9.1. 2020 წლის 15 ივნისს ბანკსა და მსესხებელს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N6914478-10986066 (შემდგომში საკრედიტო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება), რომლის საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15 000 ლარი, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა - 720 დღით;
9.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის, ერთჯერადი 20 ლარი და დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
9.3. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ;
9.4. 2020 წლის 2 სექტემბრის, 2 ოქტომბრისა და 6 ოქტომბრის მიმართვებით მსესხებელი ბანკს სთხოვდა გადახდის თარიღების ცვლილებას, რაზეც პასუხი მიიღო 8 ოქტომბერს.
9.5. 2020 წლის სექტემბრის შემდეგ მსესხებელს აღარ შეუსრულებია ხელშეკრულების პირობები;
9.6. ბანკის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 2021 წლის 15 მარტის მდგომარეობით, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის დავალიანება 16 868.75 ლარია, საიდანაც ძირითადი თანხაა - 14 001.21 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1 369.52 ლარი, ჯარიმა - 1 461.98 ლარი და დაზღვევის თანხა - 36.04 ლარი.
10. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალიწინებულ პროცენტს (იხ. სუსგ საქმე Nას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015წ.). საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავების შემთხვევაში, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, კრედიტორს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეუძლია მიიღოს ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება (იხ. სუსგ საქმე Nას-1385 -1307-2012, 7 თებერვალი, 2013 წ.).
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
13. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
14. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლისთვისაც გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებლის, ასევე ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. კასატორი არც იმას ხდის სადავოდ, რომ მან სასესხო ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა (2020 წლის სექტემბრის შემდეგ არ გადაუხდია ხელშეკრულებით განასაზღვრული სესხის თანხა).
15. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ ბანკმა, მსესხებლის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ შეასრულა დაპირება და არ შეიტანა ცვლილება გადახდის გრაფიკში (კერძოდ, ნაცვლად თვის 24 რიცხვისა, მსესხებელს შეძლებლოდა კრედიტის გადახდა თვის პირველიდან 5 რიცხვამდე შუალედში), რაც მოპასუხის მოსაზრებით, ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობას აძლევდა მსესხებელს.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე (რომლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ) და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ გადახდის გრაფიკზე მხარეთა შეთანხმება (რომ მსესხებელი სესხის თანხას გადაიხდიდა ნაწილ-ნაწილ, ყოველი თვის 24 რიცხვში) ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს. იგი ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის პრიციპის გამოვლინებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეებმა საკუთარი ინტერესების ფორმირება თავისუფლად, მათსავე ნებაზე დაფუძნებულ სახელშეკრულებო პირობებში გამოხატეს (სსკ 319-ე მუხლი). აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არც მოპასუხეს მიუთითებია რომელიმე ინსტანციის სასამართლოში (ხელშეკრულების დადებისას მის მიერ გამოვლენილი ნება სადავოდ არ გამხდარა).
17. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის გაცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
18. ზემოაღნიშნული ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (2020 წლის სექტემბრის შემდგომ, არც ხელშეკრულებით შეთანხმებულ (თვის 24 რიცხვში) და არც მოპასუხის მიერ მოთხოვნილ კალენდარულ თარიღებში (თვის პირველიდან 5 რიცხვამდე შუალედში) მოპასუხეს ხელშეკრულების პირობები აღარ შეუსრულებია) მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარის მხოლოდ აპელირება, რომ ბანკმა არ გაითვალისწინა მისი თხოვნა სესხის გადახდის თარიღის ცვლილების შესახებ, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს აღებული სესხის დაბრუნებისგან მოპასუხის გათავისუფლებას. კასატორს არც საკასაციო სასამართლოსთვის წარუდგენია ზემოაღნიშნული პრეტენზიისაგან განსხვავებული, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიიღოს ახალი მტკიცებულებები, არამედ, იგი საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობას ამოწმებს საქმეში უკვე წარმოდგენილი, საპროცესო წესების დაცვით ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ჭრილში (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1368-2019, 5 ოქტომბერი, 2020 წელი; საქმე Nას-1419-2018, 10 ივლისი, 2020 წელი; საქმე Nას-1453-2022, 30 მარტი 2023 წელი). აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოში მოწმის სახით მის მიერ დასახელებულ პირთა დაკითხვის შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
24. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით წინამდებარე საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი წინამდებარე საკასაციო საჩივარი სასამართლოს მიერ დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა მისი ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ქ–ძის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და მოწმეებად ს.დ–ის, თ.გ–ისა და ნ.ა–ძის მოწვევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ა.ქ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
3. ა.ქ–ძეს (ს.კ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 64.1 ლარის (საგადახდო დავალება: N20666604750; გადახდის თარიღი 21.02.2024;) 70% – 44,87 ლარი; ასევე დაუბრუნდეს სახელმწიფო სახით ბაჟის გადახდილი 322.4 ლარის (საგადახდო დავალება: N20372756770; გადახდის თარიღი 30.01.2024;) 70% – 225.68 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე