საქმე №ა-2327-შ-57-2023 13 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ო.ბ–ნა
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ნი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მოითხოვს მხარე – ესპანეთის პირველი ინსტანციის და გამოძიების სასამართლო N4-ის 2023 წლის 6 თებერვლის N23/2023 HS7126597
გადაწყვეტილება
დავის საგანი – არასრულწლოვან შვილებთან ნახვის დღეების განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება, მშობლის უფლებების შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ო.ბ–ნამ და მოითხოვა ესპანეთის პირველი ინსტანციის და გამოძიების სასამართლო N4-ის 2023 წლის 6 თებერვლის N23/2023 HS7126597 გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, რომლითაც გადაწყვეტილია მოპასუხე მ.ბ–ნის მიმართ არასრულწლოვან შვილებთან ნახვის დღეების განსაზღვრის, ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის უფლებების შეზღუდვის საკითხები.
2. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ მოპასუხე მხარეს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიშები საქართველოში, სადაც პერიოდულად ჩამოდის და ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36347-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობელსა და არასრულწლოვან შვილს ან/და მეუღლეებს შორის არსებულ რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები კონვენციის შესაბამისად, ამ თავით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია განიხილოს: კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობის ან ცნობისა და აღსრულების საკითხი.
5. სსსკ-ის 36349-ე მუხლის პირველი და მე-2 მუხლების თანახმად, საქართველო ცნობს და აღასრულებს კონვენციის ხელშემკვრელი უცხო ქვეყნის მიერ კონვენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას. კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების უფლებამოსილების მქონე სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო.
6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, მამობის დადგენის ან ალიმენტის გადახდის საქმეზე ბავშვის ან ალიმენტის მიმღების საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია ან პირმა სასამართლოს მიმართა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში წარმოშობილ მოთხოვნასთან დაკავშირებით.
7. „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის მე-20 მუხილს პირველი პუნქტის თანახმად, ხელშემკვრელი სახელმწიფო ცნობს და აღასრულებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას („გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო“) თუ ა) სამართალწარმოების/ საქმისწარმოების დაწყების მომენტისათვის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო წარმოადგენდა მოპასუხის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს; ბ) მოპასუხე აშკარად ეთანხმება იურისდიქციის განხორციელებას, ან პირველივე შესაძლებლობისთანავე იურისდიქციის საკითხის სადავოდ გახდის გარეშე იღებს მონაწილეობას საქმის არსებით განხილვაში; გ) სამართალწარმოების/ საქმისწარმოების დაწყების მომენტისათვის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო წარმოადგენდა კრედიტორის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს; დ) სამართალწარმოების/ საქმისწარმოების დაწყების მომენტისათვის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო წარმოადგენდა იმ ბავშვის ჩვეულ ადგილსამყოფელს, რომლის სასარგებლოდაც არის საალიმენტო ვალდებულების თაობაზე გადაწყვეტილება გამოტანილი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ცხოვრობდა ბავშვთან ერთად იმავე სახელმწიფოში და უზრუნველყოფდა ბავშვის რჩენას; ე) იურისდიქციის საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის იყო წერილობითი შეთანხმება, გარდა ბავშვის რჩენის ვალდებულების საკითხთან დაკავშირებული დავებისა; ან ვ) გადაწყვეტილება მიიღო იმ ორგანომ, რომელიც ახორციელებდა იურისდიქციას პირადი სტატუსის/ქორწინების სტატუსის ან მშობლის პასუხისმგებლობის საკითხზე, თუკი ეს იურისდიქცია არ ეფუძნებოდა მხოლოდ ერთ-ერთი მხარის მოქალაქეობას.
8. განსახილველ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლო ჩამოთვლილ ნორმათა სისტემური ანალიზის საფუძველზე განამარტავს, რომ სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევებში დადგინდება, როდესაც სახეზე იქნება ზემოაღნიშნული იმპერატიული ნორმებით გათვალისწინებული თუნდაც ერთ-ერთი მოცემულობა. რადგან აღნიშნული შუამდგომლობის სპეციფიკურობა განპირობებულია შესაბამისი დავის საგნით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი თავისი მიმთითებლური ხასიათით მოწესრიგებისთვის დათქმას განავრცობს „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციაზე, რომლის მე-20 მუხლშიც ჩამოთვლილია შემთხვევები, როდესაც სასამართლო უფლებამოსილი ხდება განიხილოს ცნობა-აღსრულების საკითხი. ამ გაგებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, ერთი მხრივ, შუამდგომლობაში მითითებულ მოსაზრებებზე, რომ მოპასუხე მხარეს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიშები საქართველოში, სადაც პერიოდულად ჩამოდის და ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობებს, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვის პერიოდში მოპასუხე მხარე ცხოვრობდა რუსეთში და ასკვნის, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა ზემოაღნიშნულ ნორმებთან პოზიტიური სუბსუმირების შესაძლებლობას, რადგან დასახელებული მოწესრიგება არ ითვალისწინებს შემთხვევას, რომლის მიხედვითაც მოწინააღმდეგე მხარის მოცემული მდგომარეობა შესაძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მიმართ სასამართლოს კომპეტენციის დადასტურებას, შესაბამისად, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის განხილვისთვის არ არსებობს კომპეტენციური უფლებამოსილება, რის გამოც, შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
9. საკასაციო სასამართლო განუმარტავს შუამდგომლობის ავტორს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იგივე შუამდგომლობით საერთო წესის დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, სსსკ-ის 399-ე, 36349-ე, 36347-ე, 284-ე, 285-ე, 186-ე, 187-ე, „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის მე-20 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.ბ–ნას შუამდგომლობა ესპანეთის პირველი ინსტანციის და გამოძიების სასამართლო N4-ის 2023 წლის 6 თებერვლის N23/2023 HS7126597 გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე