№ა-925-ბ-3-2024
25 აპრილი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – შპს „ე.მ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება
განმცხადებელის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი მოპასუხე შპს „ე.მ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 174 373.0035 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინებით შპს „ე.მ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს „ე.მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2024 წლის 20 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა შპს „ე.მ–ის“ დირექტორმა ლ.ლ–ამ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღიშნული დავის საქართველოს უზენაეს სასამართლოში განხილვის დროს კომპანიას არ ჰყავდა წარმომადგენელი, ვინაიდან, ერთი დირექტორი გათავისუფლებულ იქნა 2023 წლის 15 ნოემბერს, ხოლო მეორე დირექტორი 2023 წლის 04 დეკემბერს. საჯარო რეესტრის NB23191425/3 (22/12/2023 15:37:31) გადაწყვეტილებით ახალი დირექტორის დანიშვნა გადაიდო ხარვეზის გამო და დირექტორი დაინიშნა 2024 წლის 20 თებერვალს.
განმცხადებელი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ინფორმირებული იყო მასზედ, რომ კომპანიის წარმომადგენლის მინდობილობის ვადა იყო გასული, სასამართლოსათვის ასევე ცნობილი იყო ის გარემოება, რომ კომპანიას არ ჰყავდა დირექტორი. შპს „ე.მ–ი“ მიუთითებს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე და მიიჩნევს, რომ კომპანიის დამფუძნებელი არ წარმოადგენს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს და შესაბამისად, არ აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. გამცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდა კომპანიის დამფუძნებელს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით, განცხადება განჩინების ბათილად ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და შპს „ე.მ–ის“ განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; დ) სასამართლო უწყება ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა გამოუცხადებელი მოპასუხე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას ბრალის გარეშე არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მოპასუხე თავის განცხადებაში წარმოადგენს პირველად პოზიციას საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი (სსსკ-ის LII თავი) არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ შესაძლებლობას, არამედ იგი საგამონაკლისო წარმოების სახეა, როდესაც მართლმსაჯულების განხორციელებისას შესაძლო დაშვებული ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას.
პრეცედენტული სამართლის თანახმად, „კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას.
კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999 VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52).
საბოლოოდ გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია, თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმისწარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით“ (იხ. ECHR: „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინების ბათილად ცნობას ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განჩინება 2024 წლის 30 იანვარს ჩაბარდა კომპანიის დამფუძნებელს - პ.ლ–ას, რომელიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არ წარმოადგენს კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. ასეთი პირი კი, დავის დავის უზენაეს სასამართლოში განხილვის პერიოდში და მას შემდგომ, 2024 წლის 20 თებერვლამდე, კომპანიას არ ჰყავდა, რამეთუ კომპანიის ერთი დირექტორი 2023 წლის 15 ნოემბერს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მეორე კი, - 2023 წლის 04 დეკემბერს.
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად ვერ გაიზიარებს განმცხადებლის ზემოაღნიშნულ მითითებას და ამ მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ უდავო გარემოებაზე, რომ შპს „ე.მ–ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის შესახებ უწყება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, 2024 წლის 24 იანვარს გაეგზავნა შპს „ე.მ–ს“ მისსავე შესაგებელსა და საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ........ დასახელებული უწყება 2024 წლის 25 იანვარს ჩაბარდა შპს „ე.მ–ის“ დამფუძნებელს და პარტნიორს - პ.ლ–ას, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე მის მიერ შესრულებული ხელწერილით და აღნიშნულ გარემოებას, არც განმცხადებელი ხდის სადავოდ.
ზემოაღნიშნული უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლითაც მოწესრიგებულია ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების წესი და განსაზღვრულია, რომ ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
დასახელებული ნორმის ანალიზით ჩანს, რომ კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობის ზოგად დასახელებას, რომელთაც უფლება აქვთ შეტყობინება ჩაიბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, უფლებამოსილ პირად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან (ანალოგიურ განმარტებებს შეიცავს საკასაციო პალატის არაერთი განჩინება/გადაწყვეტილება, მათ შორის, სუსგ.-ები საქმეებზე: №ას-330-2019, 19 ნოემბერი, 2019 წელი; №ას-1289-1309-2011, 14 ნოემბერი, 2011 წელი;).
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არარელევანტურად მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, განმცხადებლის მითითებას მასზედ, რომ უწყების ჩამბარებელი - კომპანიის დამფუძნებელი (პ.ლ–ა) არ წარმოადგენს კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, რამეთუ სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ბარათზე პირის მიერ ხელის მოწერა (გზავნილის ჩაბარების დადასტურება), მისი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის სუბიექტად მიჩნევის წინაპირობაა და სასამართლოს აძლევს სრულ შესაძლებლობას, მხარე ჩათვალოს ინფორმირებულად და განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატას უმყარებს თვით ის ფაქტიც, რომ სასამართლო შეტყობინების ჩაბარებისას, პ.ლ–ას, როგორც კომპანიის დამფუძნებელსა და პარტნიორს, ამ შეტყობინების ჩაბარებაზე უარი არ განუცხადებია.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პ.ლ–ას, როგორც დამფუძნებელს და პარტნიორს, რომელსაც გააჩნია ინტერესი იმისა, რომ კომპანია, რომელიც მის მიერ არის დაფუძნებული, სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში იყოს ქმედუნარიანი და მას, როგორც სუბიექტს, ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს სამოქალაქო საპროცესო მოქმედებები, რომელიც მნიშვნელოვანია საქმის განხილვისათვის, ჰქონდა უწყების ჩაბარების უფლებამოსილება და აღნიშნული მოსაზრების საფუძველს წარმოადგენს სწორედ ის გარემოება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი სხვა პირის მიერ შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობისათვის ადგენს, რომ შეტყობინების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი და არაა დაკონკრეტებული თუ რა სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფება შეტყობინების მიმღები ადრესატთან.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა განმცხადებელს განუმარტავს, რომ რეგისტრირებული იურიდიული პირი შიდა ორგანიზაციულ მოწყობაზე თავად არის პასუხისმგებელი და კომპანიის შიდა ორგანიზაციული მოუწესრიგებლობა, მათ შორის, ხელმძღვანელობასა და უფლებამოსილებაზე პასუხისმგებელი პირის არ ყოლა, ვერ გახდება შესაბამისი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საფუძველი.
ამასთან, განმცხადებლის მითითება ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირის არყოლის საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების ბათილობაზე არარელევანტურია იმდენად, რამდენადაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 146-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორს მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის შესახებ და მისცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება) სწორედ ხელმძღვანელ ორგანოს ხდის ანგარიშვალდებულს საწარმოს პარტნიორის წინაშე და არა პირიქით.
აქვე, აღსანიშნავია, რომ მითითებული საქმე საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იყო 2023 წლის 11 აპრილიდან, რის შესახებაც ინფორმირებული იყო კასატორი მხარე; იმავდროულად, 2024 წლის 25 იანვარს, ზეპირი მოსმენის გარეშე დანიშნული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის თაობაზე ცნობილი იყო კომპანიის დამფუძნებლისა და პარტნიორისათვის, თუმცა, მას საკასაციო პალატისათვის რაიმე განცხადებით არ მოუმართავს. ნიშანდობლივია ისიც, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაზე საკასაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის განჩინების ასლი ასევე ჩაჰბარდა პ.ლ–ას, როგორც კომპანიის დამფუძნებელს და ჩაბარების შემდგომ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელმა საკასაციო პალატას ხარვეზის შევსების მიზნით მომართა, რაც ასევე ადასტურებს იმას, რომ 2024 წლის 25 იანვრის ზეპირი მოსმენის გარეშე დანიშნული საქმის განხილვის შესახებ დამფუძნებლისათვის შეტყობინებით, კომპანიას არ შეზღუდვია მისი უფლების დაცვის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელი ვერც გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე წარმოდგენილ 2024 წლის 20 თებერვლის განცხადებაში განმარტავს, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას, თუ რა საპროცესო მოქმედებებს შეასრულებდა ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ყოლის შემთხვევაში და რა უარყოფითი გავლენა მოახდინა ასეთი პირის არყოლამ საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, მით უფრო მაშინ, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განხილულ იქნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, სწორედ შპს „ე.მ–ის“ უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ე.მ–ის“ მიერ განცხადებაში მითითებული მოტივი გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის წინაპირობად ვერ ჩაითვლება, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 422-ე, 430-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე.მ–ის“ განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე