№ას-110-2023
02 ნოემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – ე.პ–დი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.დ–ძე, ე.დ–ძე, შ.დ–ძე, რ.გ–ძე, ნ.კ–ძე (მოპასუხეები)
მეორე კასატორი – ნ.დ–ძე, ე.დ–ძე, შ.დ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.პ–დი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა.ა–ძემ და ლ.პ–მა (შემდეგში მოსარჩელეები) სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნ.დ–ძის, ე.დ–ძის, შ.დ–ძის, რ.გ–ძისა და ნ.კ–ძის (შემდეგში მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. ბათუმი, .........., ბ. N1, გამოთხოვა და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ე.პ–ისათვის გადაცემა; შ.დ–ძის, ნ.დ–ძისა და ე.დ–ძისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ სარჩელის აღძვრამდე - 2014 წლის 01 ივნისიდან 2015 წლის 01 მარტის ჩათვლით პერიოდზე განცდილი ზიანის 2700 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება; შ.დ–ძის, ნ.დ–ძის, ე.დ–ძის, რ.გ–ძისა და ნ.კ–ძისათვის 2015 წლის 01 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის, სოლიდარულად დაკისრება. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს გადაწყვეტილების მიქცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 1-14, დაზუსტებული მოთხოვნა, ტ.2, ს.ფ. 52).
1.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მათ სადავო უძრავი ნივთი მოსარჩელეების თანხმობითა და მითითებით დაიკავეს, მოსარჩელეთა მიერ 2013 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ხელშეკრულებით ა.ა–ძემ იპოთეკარებისთვის - პირველი და მეოთხე მოპასუხეებისათვის 35000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება იკისრა. მოპასუხეები ბინას გამოათავისუფლებენ აღნიშნული თანხის დაბრუნების შემდეგ.
1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 12 ნოემბრის საოქმო განჩინებით ე.პ–დი ცნობილ იქნა ა.ა–ძისა და ლ:.პ–ის უფლებამონაცვლედ.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით ე.პ–დის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეების - ნ.დ–ძის, ე.დ–ძის, შ.დ–ძის, რ.გ–ძის და ნ.კ–ძის უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით, გამოთხოვილ იქნა ე.პ–დის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბათუმი, .........., ს/კ N......., - და დადგინდა უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა. გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. მოპასუხეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 12 ნოემბრის, 2018 წლის 16 ნოემბრის, 2018 წლის 17 ნოემბრის, 2018 წლის 27 დეკემბრისა და 2019 წლის 02 აპრილის საოქმო განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და გასაჩივრებული საოქმო განჩინებები.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ე.პ–დის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე.პ–დის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე.დ–ძეს, ნ.დ–ძეს და შ.დ–ძეს, ე.პ–დის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ, საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის თანხის - 18201.56 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. რ.გ–ძეს და ნ.კ–ძეს, ე.პ–დის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ, საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის თანხის -3665.76 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
8.1. ე.პ–დმა, 2013 წლის 18 სექტემბრის აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, .........., ს/კ ...... (87.44 კვ.მ.) და ს/კ ........ (94.75 კვ.მ.). 2013 წლის 27 სექტემბერს, საჯარო რეესტრში ე.პ–დი დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ, ხოლო რ.გ–ძე და ნ.დ–ძე დარეგისტრირდნენ უძრავი ქონების იპოთეკარებად.
8.2. 2013 წლის 31 ოქტომბერს, გადახდის გადავადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა.ა–ძემ ე.პ–დისგან შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ბათუმი, ......... 94.75 კვ.მ., ს/კ ......... აღნიშნული უძრავი ქონება იმავე დღეს აღირიცხა ა.ა–ძის საკუთრებაში, თუმცა, ამავდროულად, დაიტვირთა ე.პ–დის (გამყიდველი) ვალდებულებით, 2013 წლის 30 ოქტობრის უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ნასყიდობის თანხის გადახდის ვადა იყო 2014 წლის 14 აპრილამდე. აღნიშნული ბინა ა.ა–ძის მიერ შეძენის დროისთვის იპოთეკით იყო დატვირთული. იპოთეკარებს წარმოადგენდნენ რ.გ–ძე და ნ.დ–ძე. ა.ა–ძემ აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინა 40 000 აშშ დოლარად. მყიდველმა, ა.ა–ძემ აიღო ვალდებულება, რომ იპოთეკარებს, ნ.დ–ძეს და რ.გ–ძეს თავად გადაუხდიდა იპოთეკის თანხას 35 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მას არ შეუსრულებია.
8.3. გადახდის განვადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის 2013 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებისა და ამავე ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის 21 მარტის შეთანხმების საფუძველზე, 87.44 კვ.მ. ფართის ს/კ ....... სადავო უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ........, 2016 წლის 24 მარტს, აღირიცხა ლ:.პ–ის საკუთრებაში. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ნ.დ–ძისა და რ.გ–ძის იპოთეკის უფლება. ამავდროულად, უძრავი ქონება დაიტვირთა ე.პ–დის (გამყიდველი) ვალდებულებით, 2013 წლის 30 ოქტომბრის უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2016 წლის 21 მარტს, ამავე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შეთანხმების საფუძველზე.
8.4. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა დაადასტურა ის გარემოება, რომ 2014 წლის მარტში, ნ.დ–ძემ, შ.დ–ძემ და ე.დ–ძემ, იმ დროინდელ მესაკუთრესთან, ე.პ–დთან შეთანხმებით, ცხოვრება დაიწყეს 87.44 კვ.მ. ფართის ს/კ ........ ბინაში და, რომ მოხმარებული დენის საფასურსაც ერთობლივად იხდიდნენ, ხოლო 2015 წლის მაისიდან - რ.გ–ძე და ნ.კ–ძე დაეუფლნენ 87.44 კვ.მ ფართიდან ნაწილს, თუმცა მათთვის მესაკუთრეს იქ ცხოვრების უფლება არ მიუცია. ბინაში უნებართვოდ ცხოვრების დაწყების დღიდან, რ.გ–ძეს ნ.კ–ძეს და აპელანტს შორის წარმოიშვა დავა, რაც დღემდე გრძელდება.
8.5. ა.ა–ძე და ე.პ–დი 2018 წლის 01 ნოემბერს შეთანხმდნენ, შემდეგზე: მოთხოვნის მფლობელმა ა.ა–ძემ, მოთხოვნის მიმღებს - ე.პ–დს გადასცა მოთხოვნის მფლობელის, კერძოდ, მოპასუხეების სადავო უძრავი ქონებიდან გამოსახლებისა და მათგან თანხის მოთხოვნის უფლება. ასეთივე უფლება გადასცა ე.პ–დს ლ:.პ–იმ.
8.6. შპს „ე-ა–ის“ 2016 წლის 04 ივნისის №68 დასკვნის თანახმად, ქ. ბათუმი, ...... მდებარე, 87.44 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინის იჯარით/ქირით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრება 300 აშშ დოლარით.
8.7. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ 87.44 კვ.მ. ფართის ს/კ ......... ბინაში (მდებარე: ქ. ბათუმი, ..........) ნ.დ–ძე, შ.დ–ძე და ე.დ–ძე ფლობენ. 74.72 კვ.მ.-ს, ხოლო დარჩენილ 12.72 კვ.მ.-ს - რ.გ–ძე და ნ.კ–ძე. ამასთან, რ.გ–ძე და ნ.კ–ძე ამ ფართს დაეუფლნენნ ბინის დანარჩენი ნაწილის მფლობელის, მოცემულ დავაზე მოპასუხის - ე.დ–ძის თანხმობით.
8.8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ე.პ–დის სარჩელი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის ნაწილში დაკმაყოფილდა, შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
8.9. პალატამ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის შეაფასა სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ ფაქტობრივ წინაპირობებთან მიმართებით და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო მოსარჩელის უფლება სადავო უძრავი ნივთის ვინდიცირებაზე, ისევე, როგორც დადგენილი იყო, სარჩელის აღძვრის მომენტში მოპასუხეთა მფლობელობის არამართლზომიერება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 982.1 და 408.1 მუხლების შესაბამისად, არსებობდა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით
მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.
8.10. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „ე-ა–ის“ დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ქონების იჯარით/ქირით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი ყოველთვიური საფასურის ოდენობა განსაზღვრული იყო 300 აშშ დოლარით, ხოლო, რაიმე სახის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც სააპელაციო პალატა ზიანის გაანგარიშებისას დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნას. პალატამ მიიჩნია, რომ ნ.დ–ძეს, შ.დ–ძესა და ე.დ–ძეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაკისრებოდათ მესაკუთრის პრეტენზიის წარდგენის მომენტიდან, ანუ სარჩელის აღძვრის შემდგომი პერიოდიდან, სააპელაციო საჩივრით დაზუსტებულ პერიოდამდე - 2022 წლის 16 მაისამდე, რაც შეადგენდა 71 თვეს, ვინაიდან, სარჩელის აღძვრამდე პერიოდში მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ მათი ცხოვრება პალატამ არ მიიჩნია დადასტურებულად. რ.გ–ძისა და ნ.კ–ძის მიმართ არსებული მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დასაბუთებულად მიიჩნია 2015 წლის 01 მარტიდან (როდესაც მათ სადავო ბინაში დაიწყეს ცხოვრება და მესაკუთრესთან წარმოეშვათ დავა) აპელანტის მიერ მთხოვნილ პერიოდამდე - 2022 წლის 16 მაისამდე, რმაც შეადგინა 84 თვე. შესაბამისად,სააპელაციო სასამარლომ ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოპასუხეთა მიერ დაკავებული ფართების პროპორციის გათვალისწინებით დააკმაყოფილა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.პ–დმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი ასევე შეიტანეს ნ.დ–ძემ, ე.დ–ძემ და შ.დ–ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
ე.პ–დის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა ზიანის ანაზღაურების პერიოდი და არ დააკმაყოფილა სარჩელის აღძვრამდე მიყენებული ზიანი.
9.2. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხეების სადავო ფართში მოსარჩელის თანხმობით ცხოვრება არ დასტურდება. სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე იყო დასაბუთებული, ხოლო სასამართლომ არასწორად დააკისრა მოპასუხეებს თანხა, პროპორციულობის გათვალისწინებით.
ე.დ–ძის, ნ.დ–ძისა და შ.დ–ძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეების სადავო ფართში ცხოვრებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. სასამართლომ არ იმსჯელა სადავო ფართის ტექნიკური და ჰიგიენურ მდგომარეობაზე, მაში არსებული რემონტის ხარისხზე, არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ მოპასუხეები არიან იპოთეკარები და ფართის რეალიზაციით უნდა დაეკმაყოფილებინათ მოთხოვნა, რისი საშუალებაც მოსარჩელემ არ მისცათ.
9.4. სასამართლომ რეალურად არ გამოიკვლია და შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხეები არ იყვნენ სადავო ფართში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მცხოვრები პირები და მოსარჩელის მიერ მოპასუხეების კანონიერი უფლების დროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას ზიანი არ მიადგებოდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლისა და 17 მარტის განჩინებებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ე.პ–დის სარჩელი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის ნაწილში დაკმაყოფილდა და შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების პერიოდი და ოდენობაა, ხოლო მოპასუხეების საკასაციო საჩივრის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არარსებობა.
13. მოპასუხეთა მიერ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სადავო უძრავი ნივთის ფლობის გამო, საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982.1 მუხლი (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ.; №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).
14. სსკ-ის 982-ე მუხლის მიზანთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ. სუსგ-ები: №ას-472-448-2013, 05.12.2013წ.; №ას-1204-2018, 25.01.2019წ.). თუკი მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.
15. ამრიგად, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას უნდა შეფასდეს სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიიღწევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციურად არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხეები ნივთს უნდა ფლობდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხეთა გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე. მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, არსებობს თუ არა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების საფუძველი.
16. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მესაკუთრედ ყოფნა არ წარმოადგენდა სადავო საკითხს, ხოლო მოპასუხეთა არამართლზომიერი მფლობელობის გათვალისწინებით უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, გამოიკვეთა მოპასუხეთა მიერ მიღებული სარგებლის უკან დაბრუნების შესახებ მოთხოვნის საფუძვლის არსებობა. ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით ხელმყოფს (მოპასუხეს) ეკისრება, რომ მის მიერ დაზოგილი სიკეთე - მოცემულ შემთხვევაში დაზოგილი ქირა (რომელსაც იგი გადაიხდიდა, თუკი მესაკუთრესთან ან სხვასთან, სამართალურთიერთობაში იქნებოდა) აუნაზღაუროს მესაკუთრეს, რომელმაც ვერ მიიღო შესაბამისი სარგებელი და განიცადა ქონებრივი დანაკლისი (იხ. სუსგ - ები: Nას-308-293-2013, 30.05.2017წ; Nას-197-186-2017 -30.05.2017წ; Nას-472-448-2013, 5.12.2013წ).
17. განცდილი ზიანის ანუ დაზოგილი სიმდიდრის (გამდიდრების) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა და არა პირუკუ შედეგი - დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ №ას-504-2019, 13.03.2020წ).
18. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია შპს „ე-ა–ის“ 2016 წლის 04 ივნისის №68 დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. ბათუმი, ........ მდებარე, 87.44 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინის იჯარით/ქირით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 300 აშშ დოლარით. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების გამაქარწყლებელი მტკიცებულება წარმოადგინეს, რომლითაც მოსარჩელის მიერ ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის სხვაგვარ გაანგარიშებაზე მსჯელობას შესთავაზებდნენ სასამართლოს. მეტიც, მოპასუხეები მოსარჩელის აღნიშნულ მტკიცებას არც კი შედავებიან და არც მათი საკასაციო საჩივარი შეიცავს ამ საკითხზე რაიმე პრეტენზიას.
19. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელით სასამართლოს მიმართა 2016 წლის 21 ივნისს. ასევე დადგენილია, რომ ნ.დ–ძემ, შ.დ–ძემ და ე.დ–ძემ სადავო ბინაში ცხოვრება დაიწყეს 2014 წლის 10 ივნისს, თუმცა ის გარემოება, რომ მოპასუხეები 2014 წლის 10 ივნისიდან 2016 წლის 21 ივნისამდე მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე ფლობდნენ უძრავ ნივთს, საქმის მასალებით არ დასტურდება. სააპელაციო პალატამ თავად მოსარჩელის განმარტების შედეგად დაადგინა, რომ ე.დ–ძის ოჯახს სადავო უძრავი ქონების მფლობელობა მესაკუთრის ნებართვით გადაეცა და მხარეები გადასახადებსაც ერთად იხდიდნენ. აღნიშნული კი უსაფუძვლოს ხდის ე.პ–დის საკასაციო მოთხოვნას, ნ.დ–ძის, შ.დ–ძისა და ე.დ–ძისათვის სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრებაზე.
20. რაც შეეხება ე.დ–ძის, ნ.დ–ძისა და შ.დ–ძის საკასაციო პრეტენზიას მასზედ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მოპასუხეების სადავო ფართში ცხოვრებით ზიანის მიყენების შესახებ და არ გაითვალისწინა სადავო ფართის ტექნიკური, ჰიგიენური მდგომარეობა და მასში არსებული რემონტის ხარისხი, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, ამ ტიპის დავებში, მოსარჩელეს, დამატებით რაიმე მტკიცებულებების წარმოდგენა ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად არ სჭირდება. როგორც უკვე აღინიშნა, კვლევის საგანია, მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ მისი საკუთრების მოპასუხის მიერ დაკავება, რითაც მოსარჩელეს ადგება ზიანი. ზიანის მიყენება გამოიხატება, მისი საკუთრების გამოყენების ხელშეშლის გამო, მიუღებელ შემოსავალში. ამასთან, მოპასუხეს, რომელიც მესაკუთრის ნებართვის გარეშე აგრძელებდა ნივთით სარგებლობას, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელე ვერ ისარგებლებდა მის საკუთრებაში არსებული ფართით და მისი გაქირავებით (იჯარით გაცემით) შემოსავალს ვერ მიიღებდა, ასევე, ზიანი, რაც გამოიხატება, ქონების გამოუყენებლობის გამო მიუღებელ შემოსავალში, ზიანის მიმყენებლისათვის წინასწარ იყო სავარაუდო
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მოპასუხეებისათვის მათ მიერ დაკავებული ფართის პროპორციულად დაკისრების შესახებ. ვინაიდან, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონებიდან (ჯამში 87.44 კვ.მ.), 74.72 კვ.მ-ს ფლობდნენ ნ.დ–ძე, შ.დ–ძე და ე.დ–ძე, ხოლო დარჩენილ 12.72 კვ.მ.-ს - რ.გ–ძე და ნ.კ–ძე. შესაბამისად, პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მხარეებს ზიანის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდათ სადავო უძრავი ქონების მათ მიერ დაკავებული ფართების პროპორციულად, რაც პირველ შემთხვევაში შეადგენდა ყოველთვიურ 256.36 აშშ დოლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 43.64 აშშ დოლარს (ჯამში 300 აშშ დოლარს).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საკასაციო პალატის მითითებების საფუძველზე მართებულად გამოიკვლია და დაადგინა საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივ გარემოება და მიიჩნია, რომ არსებობდა ყველა ფაქტობრივი წინაპირობა მოპასუხეებისათვის ზემოაღნიშნული ოდენობით ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრებაზე. კასატორებს კი, დასაბუთებული პრეტენზიები საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენიათ.
23. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ე.პ–დს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 879.80 ლარის 70% – 615.86 ლარი. ნ.დ–ძეს, ე.დ–ძესა და შ.დ–ძეს კი უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ე.დ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2366.82 ლარის 70% – 1656.77 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.პ–დის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ნ.დ–ძის, ე.დ–ძისა და შ.დ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
3. ე.პ–დს (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 879.80 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 25.01.2023) 70% – 615.86 ლარი;
4. ნ.დ–ძეს (.......), ე.დ–ძესა (.......) და შ.დ–ძეს (........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ე.დ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2366.82 ლარის (საგადახდო დავალება N16305961267, გადახდის თარიღი 07.03.2023) 70% – 1656.77 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
.
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
ლევან მიქაბერიძე