ას-821-2022
20 აპრილი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ა.მ. და გ.კ–ია“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – პ.ა–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ა.მ. და გ.კ–იამ“ (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში პ.ა–ძის მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. პ.ა–ძეს შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო დავალიანების გადახდა, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს - 7230.58 ლარს;
1.2. პ.ა–ძეს შპს „ა. და გ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის - 12 744.79 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე პ.ა–ძემ ძირითად სარჩელთან დაკავშირებით წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი ცნო ქირის თანხის დავალიანების დაკისრების ნაწილში, ხოლო არამართლზომიერად ქონების ფლობასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ არასდროს უსარგებლია არამართლზომიერად მესაკუთრის ქონებით, შესაბამისად მას არანაირი თანხის გადახდა არ უნდა დაეკისროს;
2.1. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მოპასუხის მხარეს მესამე პირმა - შპს „მ.ა.ც.გ–მა“ დაადასტურა, რომ 2019 წლის იანვრიდან ფაქტობრივად იგი ფლობს იჯარის საგანს და მას ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
3. პ.ა–ძემ შპს „ა.მ. და გ.კ–იისა“ და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ წინააღმდეგ შეგებებული სარჩელი წარადგინა შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით:
3.1. შპს „ა.მ. და გ.კ–იას“ და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, მოსარჩელე პ.ა–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 481 821.21 ლარის გადახდა, რაც გამოიანგარიშება საიჯარო ქონების გაუმჯობესების შედეგად მის გაზრდილ ღირებულებას - 489 051.79 ლარს (რომლითაც გამდიდრდნენ მოპასუხეები) გამოკლებული - 7230.50 ლარი, ე.ი. ის თანხა, რომელიც პირვანდელი მოსარჩელის მიერ იქნა მოთხოვნილი პ.ა–ძის მიმართ და რომლის ვალდებულებაც აღიარა პ.ა–ძემ.
4. შეგებებული სარჩელით მოპასუხეებმა - შპს „ა.მ. და გ.კ–იამ“ და სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პ.ა–ძის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე პ.ა–ძეს მოსარჩელე შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ სასარგებლოდ დაეკისრა ქირის - 7230.58 ლარისა და ზიანის - 2000 ლარის გადახდა; მოპასუხე პ.ა–ძეს მოსარჩელე შპს „ა.მ. და გ.კ–იას“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 276.91 ლარის გადახდა; პ.ა–ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა.მ. და გ.კ–იამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით, შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.1.1. ელექტრონული აუქციონის შედეგების გათვალისწინებით, 2012 წლის 06 მარტს, შპს „ს.მ.ბ–ოს“ და ო.ა–ძეს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს დროებით სარგებლობაში, იჯარის წესით გადაეცა კომპანიის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .......... ქ. N5-ში მდებარე 2630 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული N1 შენობა საერთო ფართით 3044.82 კვ.მ. და N2 შენობა საერთო ფართით 238.95 კვ.მ. (სულ 3283.77 კვ.მ.) საკადასტრო კოდი ..........
- ხელშეკრულების 3.1. პუნქტის შესაბამისად საიჯარო ქონებით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 3 წელი. ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 2712.39 ლარის ოდენობით. საიჯარო ქირა არ მოიცავს კომუნალურ გადასახადებს, რომელსაც მოიჯარე იხდის ცალკე.
- იჯარის ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მოიჯარე იჯარის საგანზე საკუთარი სახსრებით განახორციელებს მიმდინარე აუცილებელ სარემონტო სამუშაოებს და მისი საქმიანობისათვის აუცილებელ სხვა ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებს (ტელეფონი, ინტერნეტი, დენისა და წყალგაყვანილობა) რომლის ღირებულებაც არ იქნება მოთხოვნილი საიჯარო ურთიერთობების დასრულების შემდგომ.
- იჯარის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, იჯარის საგანი წარმოადგენს და რჩება მეიჯარის საკუთრებაში.
- ხელშეკრულების 4.4. პუნქტის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდგომ მოიჯარის საკუთრებაში რჩება ყველა ის გაუმჯობესება, რაც მოიჯარემ მოახდინა საკუთარი და მასთან გათანაბრებული სხვა სახსრებით და რომელთა გამოყოფაც შეიძლება იჯარით აღებული ქონების დაუზიანებლად.
8.1.2. შპს „ს.მ.ბ–ოს“, ო.ა–ძესა და პ.ა–ძეს შორის უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2013 წლის 25 ივნისის შეთანხმებით, მოიჯარედ ნაცვლად ო.ა–ძისა განისაზღვრა პ.ა–ძე და იჯარის ხელშეკრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 დეკემბერი. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელად.
8.1.3. 2013 წლის 09 სექტემბერს, შპს „ა.მ. და გ.კ–იასა“ (უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე) და პ.ა–ძეს შორის დაიდო შეთანხმება უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რის საფუძველზეც მეიჯარედ შპს „ს.მ.ბ–ოს“ ნაცვლად განისაზღვრა შპს „ა.მ. და გ.კ–ია“. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
8.1.4. მოიჯარის განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 15 მაისს, დაიდო შეთანხმება უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რის საფუძველზეც შემცირდა საიჯარო ფართი (ნაცვლად 3287.77 კვ.მ. გახდა 1492.99 კვ.მ.). შესაბამისად, შეიცვალა საიჯარო ქირაც და ნაცვლად 2712 ლარისა განისაზღვრა 1232 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
8.1.5. მოიჯარის განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 20 ოქტომბერს დაიდო შეთანხმება უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რის საფუძველზეც შემცირდა საიჯარო ქირა და ნაცვლად 1232 ლარისა განისაზღვრა 1000 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
8.1.6. მოიჯარე მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში არარეგულარულად იხდიდა საიჯარო ქირას და წარმოეშვა დავალიანება. მოიჯარის მიერ აღიარებულ იქნა დავალიანება, თუმცა სრულად არ იქნა დაფარული.
8.1.7. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საიჯარო ხელშეკრულების დასრულების დღისთვის, მოიჯარის საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენდა - 7230.58 ლარს.
8.1.8. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს „ა.მ. და გ.კ–იამ“ ერთმანეთში აწარმოეს მიმოწერა, სადავოდ გამხდარი უძრავი ნივთის, კომპანიის საწესდებო კაპიტალიდან ამოღების, სახელმწიფოსთვის გადაცემისა და გაყიდვის შესახებ.
8.1.9. 2019 წლის 12 სექტემბერს, შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ საწესდებო კაპიტალში და შესაბამისად საკუთრებაში არსებული სადაოდ გამხდარი უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა), მდებარე: ქ. თბილისში, .......... ქ. N5-ში, საწესდებო კაპიტალიდან ამოიღო მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებაში. სადავო ნივთზე მესაკუთრის ცვლილება უსასყიდლოდ განხორციელდა. სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის მომენტისთვის პ.ა–ძის სახელზე იჯარის უფლება რეგისტრირებული აღარ იყო.
8.1.10. 2019 წლის 01 აპრილს, შპს „ა.მ. და გ.კ–იამ“ იმ დროისათვის ჯერ კიდევ შპს „...“-ის სახელწოდების მქონე კომპანიას წერილობით აცნობა, რომ „მიმდინარე წლის 13 მარტის ფ/პ გ.ღ–ის და შპს „.....“-ის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით, მათი კომპანია გამოთქვამდა მზადყოფნას დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა საიჯარო ხელშეკრულებაში ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.
- 11.04.2019 წელს, შპს „....“-მა შპს „ა.მ. და გ.კ–იას“ გადასცა შემდეგი შინაარსის წერილი: „მიმდინარე წლის პირველი აპრილის N02/182 თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ შპს „....“ როგორც 04.01.2019 წელს ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული ფ/პ გ.ღ–ის გარდა, ერთადერთი მონაწილე პირი მზადაა ჩაენაცვლოს გამარჯვებულს, რაზეც წერილობითი თანხმობა თავად გ. ღუდუშაურმაც განაცხადა.
8.1.11. პ.ა–ძემ მესაკუთრის ყოველგვარი თანხმობის გარეშე, მისთვის იჯარით გადაცემული უძრავი ქონება გადასცა სხვა პირს, კერძოდ, ამჟამად ქონებას ფლობს შპს „მ.ა.ც.გ–ი“, რითაც ქონების მესაკუთრეს წაერთვა შესაძლებლობა აუქციონში გამარჯვებული პირისათვის გადაეცა ქონება. 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა ვადა პ.ა–ძესა შპს „ა.მ. და გ.კ–იას“ შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას და უკვე ყოფილი მოიჯარე ვალდებული იყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მესაკუთრისათვის დაებრუნებინა ქონება.
8.1.12. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა გ.ღ–მა განცხადებით მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების მოშლა, რადგან ქონება არ იყო გამოთავისუფლებული, ვერ მოხდა მოიჯარეზე უძრავი ნივთის გადაცემა და ამ უკანასკნელმა დაკარგა ინტერესი ხელშეკრულებისადმი. 2019 წლის 09 ივლისს, მხარეთა შეთანხმებით მოიშალა 2019 წლის 08 იანვრის ხელშეკრულება და მოხდა მისი რეგისტრაციის გაუქმება საჯარო რეესტრში.
8.2.განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ქონებრივ უფლებებში, კერძოდ, საკუთრების უფლებაში ჩარევის ფაქტი დადგენილად მიიჩნია, რაც გამოიხატა მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით კანონიერი საფუძვლის გარეშე სარგებლობაში. სააპელაციო პალატის შეფასებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მართალია, საქმის განხილვის დროს და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ ამჟამად საიჯარო ქონებას ფლობდა მესამე პირი, თუმცა აღნიშნული არ ცვლიდა მოპასუხე პ.ა–ძის ვალდებულებას, რომ საიჯარო ხელშეკრულების დასრულების დროისათვის მოეხდინა გადაცემული ქონების მესაკუთრისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარება.
8.3.სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა იჯარის ხელშეკრულების ვადა, თუმცა იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართს. უდავო ფაქტს წარმოადგენდა, რომ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა გ.ღ–მა განცხადებით მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების მოშლა, რადგან ქონება არ იყო გამოთავისუფლებული, შესაბამისად, ვერ მოხდა მოიჯარეზე უძრავი ნივთის გადაცემა და ამ უკანასკნელმა დაკარგა ინტერესი ხელშეკრულებისადმი. 2019 წლის 09 ივლისს, მხარეთა შეთანხმებით მოიშალა 2019 წლის 08 იანვრის ხელშეკრულება და მოხდა მისი რეგისტრაციის გაუქმება საჯარო რეესტრში. სწორედ აღნიშნულის გამო მოითხოვა მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურება. აქედან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და მიიჩნია, რომ ზიანის (ქონების არამართლზომიერი ფლობის გამო) სახით მოპასუხე პ.ა–ძეს მართებულად დაეკისრა 2000 ლარის გადახდა.
8.4.პალატამ აქვე მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, განცდილი ზიანის ანუ დაზოგილი სიმდიდრის (გამდიდრების) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა და არა პირუკუ შედეგი - დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ Nას-504-2019, 13.03.2020 წ.) და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ წინამდებარე საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად მართებულად შეაფასა ისინი, სწორად გამოიყენა მატერიალური (სსკ-ის 979-ე, 982-ე) ნორმები და მართებულად შეასრულა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის.
8.5. სააპელაციო პალატის მითითებით, კონკრეტული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აუცილებელი იყო მხარეებს სასამართლოსთვის წარმოედგინათ დასაბუთებული და არა ზოგადი პოზიციები; ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი, მხოლოდ ზოგადი მითითებების საფუძველზე, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარი.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა.მ. და გ.კ–იამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში ერთი მხრივ, დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ქონებრივ უფლებებში ჩარევის ფაქტს და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, თუმცა, მეორე მხრივ, არ ასაბუთებს თუ რატომ აკისრებს მოპასუხეს მხოლოდ 2000 ლარს, ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 12744.79 ლარისა. კასატორის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ საქმის განხილვის დროს საიჯარო ქონებით მესამე პირი სარგებლობდა, არ ცვლის მოპასუხე პ.ა–ძის ვალდებულებას - საიჯარო ხელშეკრულების დასრულების დროისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაებარებინა უძრავი ქონება მესაკუთრისთვის.
9.1.2. ასევე, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლო მსჯელობას მასზედ, რომ მათი მხრიდან არ იყო წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიციები. აღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორი მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა იყო დასაბუთებული და გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულყოფილად არ გამოუკვლევია წარდგენილი მტკიცებულებები.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის განჩინებით, შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით, შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის გამო მიყენებული ზიანის - 12744.79 ლარის დაკისრების წინაპირობების შემოწმება. აღნიშნული მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით, მხოლოდ 2000 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმეზე Nას-251-2018, 08.02.2022 წ.).
15. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: Nას-1163-2018, 08.02.2019წ.; Nას-495-2020, 23.10.2020წ.).
16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მისი კუთვნილი უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზაურების შესახებ მოთხოვნას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე აფუძნებდა, რომ მოპასუხე პ.ა–ძეს 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა იჯარის ხელშეკრულების ვადა და იგი ვალდებული იყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მესაკუთრისათვის დაებრუნებინა ქონება, თუმცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართს. იმავდროულად, პ.ა–ძემ მესაკუთრის ყოველგვარი თანხმობის გარეშე, მისთვის იჯარით გადაცემული ქონება გადასცა სხვა პირს, რითაც ქონების მესაკუთრეს წაერთვა შესაძლებლობა, რომ ქონება გადაეცა აუქციონში გამარჯვებული პირისათვის, რის გამოც, ამ უკანასკნელმა დაკარგა ინტერესი ხელშეკრულებისადმი და განცხადებით მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების მოშლა.
17. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982.1 (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) მუხლიდან გამომდინარეობს (შდრ. სუსგ-ები საქმეებზე: №ას-197-186-2017, 30.05.2017წ.; №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.)
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როდესაც მოსარჩელე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო კარგავს გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობას, მას უფლება აქვს ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან და სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა (შდრ: სუსგ №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ „ვინაიდან განსახილველ საქმეში სწორედ მიღებული სარგებლის უკან დაბრუნების ობიექტური შეუძლებლობა იკვეთება, ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით ხელმყოფს (მოპასუხეს) ეკისრება, რომ მის მიერ დაზოგილი სიკეთე - მოცემულ შემთხვევაში დაზოგილი ქირა (რომელსაც იგი გადაიხდიდა, თუკი მესაკუთრესთან ან სხვასთან, სამართალურთიერთობაში იქნებოდა) აუნაზღაუროს მესაკუთრეს, რომელმაც ვერ მიიღო შესაბამისი სარგებელი და განიცადა ქონებრივი დანაკლისი“ (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: Nას-1399-2020, 08.04.2021წ.; Nას-519-2020, 17.03.2021წ.; Nას-1100-2020, 23.12.2020წ.; Nას-852-796-2017, 22.09.2017წ.; Nას-308-293-2013, 30.05.2017წ.; Nას-197-186-2017, 30.05.2017წ.; Nას-472-448-2013, 05.12.2013წ).
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიიღწევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციურად არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე ნივთს უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხის გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ., პ.17). მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა - არსებობს თუ არა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-479-2020, 14.12.2021წ.).
21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება/სამართლებრივი წინაპირობა და დადგენილად მიიჩნიეს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ქონებრივ უფლებებში, კერძოდ, საკუთრების უფლებაში ჩარევის ფაქტი, რაც გამოიხატა მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით კანონიერი საფუძვლის გარეშე სარგებლობაში. ამ მიმართებით, სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ მოპასუხეს 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა იჯარის ხელშეკრულების ვადა, თუმცა იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართს; უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა, რომ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა - გ.ღ–მა განცხადებით მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების მოშლა, რადგან ქონება არ იყო გამოთავისუფლებული, შესაბამისად, ვერ მოხდა მოიჯარეზე უძრავი ნივთის გადაცემა და ამ უკანასკნელმა დაკარგა ინტერესი ხელშეკრულებისადმი; 2019 წლის 09 ივლისს, მხარეთა შეთანხმებით მოიშალა 2019 წლის 08 იანვრის ხელშეკრულება და მოხდა მისი რეგისტრაციის გაუქმება საჯარო რეესტრში.
22. აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი წინაპირობები საკასაციო პალატის შეფასების საგანს არ წარმოადგენს, რამეთუ მათ საწინააღმდეგოდ, მოპასუხე პ.ა–ძის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც აპელანტს კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების იურიდიული პასუხისმგებლობის წინაპირობებს დადასტურებულად მიიჩნევს და მხოლოდ მოსარჩელე შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მარტოოდენ დაკისრებული თანხის ოდენობის მართლზომიერებას შეაფასებს.
23. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ქონებრივ უფლებებში, კერძოდ, საკუთრების უფლებაში ჩარევის გამო (რაც გამოიხატა მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით კანონიერი საფუძვლის გარეშე სარგებლობაში), აუქციონში გამარჯვებულმა პირმა - გ.ღ–მა განცხადებით მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების მოშლა ხელშეკრულებისადმი ინტერესის დაკარგვის გამო და მხარეთა შეთანხმებით, მოიშალა 2019 წლის 08 იანვრის ხელშეკრულება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი უნდა დაანგარიშდეს 08.01.2019 წ.-დან (აუქციონში გამარჯვებულ პირთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან) სარჩელის წარდგენამდე პერიოდისათვის, ყოველთვიური საიჯარო ქირის - 3785 ლარის გათვალისწინებით (შესაბამისი დღეების რაოდენობაზე დაანგარიშებით), რამეთუ საქმის მასალებით ირკვევა, რომ ელექტრონული აუქციონის შედეგების გათვალისწინებით, გ.ღ–თან 2019 წლის 08 იანვარს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 3785 ლარით დღგ-ს ჩათვლით. საქმეში წარმოდგენილია თანხის ბრუნვის ისტორია (ტ.1, ს.ფ.67), რომლის მიხედვით, იანვრის თვეში (08.01.2019 წ.დან) ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 2930.32 ლარი, თებერვლის თვეში - 3785 ლარი, მარტის თვეში - 3785 ლარი და აპრილის თვეში (სარჩელის წარდგენამდე) - 2018. 67 ლარი, სულ ჯამში 12518.99 ლარი, რაც წარმოადგენს მოსარჩელისათვის აუქციონში გამარჯვებულ პირთან - გ.ღ–თან გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის გამო მიყენებულ ზიანს, რისი ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე პ.ა–ძეს.
24. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამაქარწყლებელი რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რაც საკასაციო პალატას ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის სხვაგვარი დაანგარიშებისა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული ოდენობის გაზიარების შესაძლებლობას მისცემდა.
25. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის გამო, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობასთან მიმართებით, წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია (სსკ-ის 393-ე მუხლი), რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამავე ნაწილში, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება პ.ა–ძისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 2000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით - 12518.99 ლარის დაკისრების თაობაზე.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც ნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. შესაბამისად, შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხე პ.ა–ძეს მოსარჩელე შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1539.17 (592.48+420.75+525.94) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება პ.ა–ძისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 2000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ (.........) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. პ.ა–ძეს (.......) შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ (.........) სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების სახით - 12518.99 ლარის გადახდა;
5. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი პ.ა–ძისათვის ქირის სახით 7230.58 ლარის დაკისრების შესახებ;
6. პ.ა–ძეს (......) შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ (........) სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1539.17 (592.48+420.75+525.94) ლარის გადახდა;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე