№ას-1562-2023
29 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ.ს–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასატმეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ვ.ს–ის“ (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 5220 ლარის დაკისრება (იხ. სარჩელი: ს.ფ. 3-17).
1.2. მოპასუხემ სარჩელი ცნო 600 ლარის ნაწილში. მიუთითა, რომ ხელშეკრულების დარღვევა გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით - პანდემიით და მოითხოვა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება 600 ლარამდე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ვ.ს–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 696 ლარის ოდენობით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 1200 ლარის გადახდა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2020 წლის 23 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ვ.ს–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №407 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ვ.ს–მა“ აიღო ვალდებულება, შემსყიდველისათვის მიეწოდებინა მაისურები, ხელშეკრულების დანართი №1 და დანართი №2-ში განსაზღვრული ვადების შესაბამისად, კერძოდ: მაისური (მულტიკამი) 1 ეტაპი: არანაკლებ 500 ცალი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში - არაუგვიანეს 2020 წლის 7 აგვისტოსი; 2 ეტაპი: არანაკლებ 500 ცალი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 55 კალენდარული დღის განმავლობაში - არაუგვიანეს 2020 წლის 17 აგვისტოსი; მაისური (შავი) 1 ეტაპი: არანაკლებ 4 000 ცალი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში - არაუგვიანეს 2020 წლის 17 აგვისტოსი; 2 ეტაპი: არანაკლებ 5000 ცალი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 55 კალენდარული დღის განმავლობაში - არაუგვიანეს 2020 წლის 17 აგვისტოსი; 3 ეტაპი: არანაკლებ 5000 ცალი, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 65 კალენდარული დღის განმავლობაში - არაუგვიანეს 2020 წლის 27 აგვისტოსი. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 120 000 ლარით;
5.2. მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა მაისურების მიწოდების ვადა, კერძოდ, პირველ ეტაპზე მიწოდებული 500 ცალი მაისური (მულტიკამი) ნაცვლად 2020 წლის 07 აგვისტოსი, მიწოდებულ იქნა 2020 წლის 17 აგვისტოს - 10 დღის დაგვიანებით; მეორე ეტაპზე მისაწოდებელი 5000 ცალი (შავი) მაისურის მიწოდება, ნაცვლად 2020 წლის 17 აგვისტოსი, დასრულდა 2020 წლის 24 აგვისტოს - 7 დღის დაგვიანებით; მესამე ეტაპზე მისაწოდებელი 5000 ცალი (შავი) მაისურის მიწოდება ნაცვლად 2020 წლის 27 აგვისტოსი, დასრულდა 2020 წლის 08 სექტემბერს - 12 დღის დაგვიანებით.
5.3. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
5.5. პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვებოდა ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.
5.6. პალატამ მიუთითა, საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მომხდარიყო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან, რაც მოცემულ შემთხვევაში პირველ ეტაპზე მიწოდებული 500 ცალი მაისურის (მულტიკამის) შემთხვევაში, რომელიც 10 დღის დაგვიანებით იქნა მიწოდებული (4 000 ლარის 0.15%x10) 60 ლარს, მეორე ეტაპზე მისაწოდებელი 5000 ცალი (შავი) მაისურის შემთხვევაში, რომელიც 7 დღის დაგვიანებით იქნა მიწოდებული (40 000 ლარის 0.15%x7) 420 ლარს, ხოლო, მესამე ეტაპზე მიწოდებული 5000 ცალი (შავი) მაისურის შემთხვევაში, რომელიც 12 დღის დაგვიანებით, იქნა მიწოდებული, (40 000 ლარის 0.15%x12) 720 ლარს შეადგენდა, რაც ჯამში (60+420+720) 1200 ლარია.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოპასუხე არის მეწარმე სუბიექტი, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეთანხმა პირგასამტეხლოს შესახებ მხარეთა შეთანხმებას. სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო არაპროპორციულია და არ აკმაყოფილებს სსკ-ის 420-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად, შემცირებულ უნდა იქნეს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, გონივრულ ოდენობამდე.
6.2. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ობიექტი პირდაპირ კავშირშია სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან და ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. შესაბამისად, მოსარჩელეს შესრულების მიმართ აქვს მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური ინტერესი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო: 9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
13. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 5.1.-5.3. პუნქტებში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ.
14. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; არც ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილის ვადაში შეუსრულებლობაა სადავოდ გამხდარი. მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ასევე ვადადარღვეული დღეებისა და ვადის დარღვევით მიწოდებული პროდუქციის რაოდენობა. მოსარჩელე საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლის არსებობას და მიაჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის თანაზომიერი და სამართლიანი. კასატორის პრეტენზია აგრეთვე შეეხება უშუალოდ იმ გარემოება, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტია და იგი წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გადახდას.
15. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).
16. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო, თუნდაც დაადგინოს პირგასამტეხლოს გამოთვლის უსამართლო წესი. ასეთ შემთხვევაში, მართალია კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა (მისი გამოანგარიშების მეთოდის მიუხედავად) და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე, თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში, უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი და ამ მხრივ საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება.
18. ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).
19. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და კასატორის არ ხდის სადავოდ, რომ მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა მაისურების მიწოდების ვადა, კერძოდ, პირველ ეტაპზე მიწოდებული 500 ცალი მაისური (მულტიკამი) ნაცვლად 2020 წლის 07 აგვისტოსი, მიწოდებულ იქნა 2020 წლის 17 აგვისტოს - 10 დღის დაგვიანებით; მეორე ეტაპზე მისაწოდებელი 5000 ცალი (შავი) მაისურის მიწოდება, ნაცვლად 2020 წლის 17 აგვისტოსი, დასრულდა 2020 წლის 24 აგვისტოს - 7 დღის დაგვიანებით; მესამე ეტაპზე მისაწოდებელი 5000 ცალი (შავი) მაისურის მიწოდება ნაცვლად 2020 წლის 27 აგვისტოსი, დასრულდა 2020 წლის 08 სექტემბერს - 12 დღის დაგვიანებით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება ეწინააღმდეგება კრედიტორისა და მოვალის ინტერესების სამართლიანად დაბალანსების სახელშეკრულებო მიზანს და დარღვეული წონასწორობის აღდგენისათვის, წარმოშობს მხარეთა ნების თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის საფუძველს. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მომხდარიყო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან, რაც მოცემულ შემთხვევაში პირველ ეტაპზე მიწოდებული 500 ცალი მაისურის (მულტიკამის) შემთხვევაში, რომელიც 10 დღის დაგვიანებით იქნა მიწოდებული (4 000 ლარის 0.15%x10) 60 ლარს, მეორე ეტაპზე მისაწოდებელი 5000 ცალი (შავი) მაისურის შემთხვევაში, რომელიც 7 დღის დაგვიანებით იქნა მიწოდებული (40 000 ლარის 0.15%x7) 420 ლარს, ხოლო, მესამე ეტაპზე მიწოდებული 5000 ცალი (შავი) მაისურის შემთხვევაში, რომელიც 12 დღის დაგვიანებით, იქნა მიწოდებული, (40 000 ლარის 0.15%x12) 720 ლარს შეადგენდა, რაც ჯამში (60+420+720) 1200 ლარია.
21. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, რა დროსაც, სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორედ ვადის დარღვევის პერიოდისა და მისაწოდებელი პროდუქციის ოდენობის გათვალისწინებით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის (0.15%) შესაბამისად, დააკისრა პირგასამტეხლო - 1200 ლარი მოპასუხეს. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიების გაზიარების საფუძველი. სააპელაციო პალატის მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. 23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე