საქმე №ას-173-2024 15 მაისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.უ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ა(ა)იპ „ჩ.ა–ი“, ა(ა)იპ „ჩ.ა–ი“-ის დირექტორი მ.ბ–ძე, ა(ა)იპ „ჩ.ა–ი“- ადვოკატი თ.გ–ი, ა(ა)იპ „ჩ.ა–ი“-ის დირექტორის მოადგილე- დ.ჭ–ი (მოპასუხეები)
თავდაპირველი მოსარჩელე - დ.უ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალდებულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ე.უ–ძემ და დ.უ–ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა(ა)იპ „ჩ.ა–ის“, ა(ა)იპ „ჩ.ა–ის“ დირექტორი მ.ბ–ძე, ა(ა)იპ „ჩ.ა–ის“- ადვოკატით.გ–ი, ა(ა)იპ „ჩ.ა–ის“ დირექტორის მოადგილე - დ.ჭ–ის მიმართ ქმედების განხორციელების დავალდებულება, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარცელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით ე.უ–ძესა და დ.უ–ძეს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ ან მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - ე.უ–ძის მოთხოვნის ნაწილში 300 ლარი, ხოლო დ.უ–ძის მოთხოვნის ნაწილში 462,35 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ 2024 წლის 29 თებერვალს.
2024 წლის 1 მარტს ე.უ–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება, შემცირება ან გადავადება, რამდენადაც მას არ აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება. ხოლო რაც შეეხება კასატორ დ.უ–ძეს, ის უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით დ.უ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ამავე განჩინებით ე.უ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორებს გაეგზავნათ 2024 წლის 15 მარტს. კასატორ დ.უ–ძის სახელზე გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა მამას - ე.უ–ძეს 2024 წლის 19 მარტს, ხოლო კასატორ ე.უ–ძეს პირადად ჩაბარდა 2024 წლის 19 მარტს.
2024 წლის 21 მარტს ე.უ–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება ან შემცირება. კასატორი მიუთითებს, რომ არის გადახდისუუნარო, ვინაიდან აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ჰყავს ავადმყოფი შვილი, მეუღლე გარდაცვლილი, ასევე აქვს ბანკის წინაშე ფინანსური ვალდებულება. კასატორმა წარმოადგინა მისი და ლ.უ–ძის (შვილის) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციები (ფორმა 100/ცნობა, დანიშნულებები) 2017-2023 წლის მდგომარეობით, ასევე კასატორის სახელზე გაცემული ცნობა სასესხო ვალდებულებების არსებობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინებით ე.უ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ე.უ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2024 წლის 02 აპრილს, თუმცა სასამართლო გზავნილი დაბრუნდა ჩაუბარებელი სახით. საფოსტო უკუგზავნილის თანახმად ადრესატს სასამართლო გზავნილი ვერ ჩაბარდა მისამართზე არ ყოფნის გამო. კასატორს დამატებით გაეგზავნა 26.03.2024 წლის განჩინება ამავე წლის 15 აპრილს და ჩაბარდა პირადად 2024 წლის 17 აპრილს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა 5 დღის ვადაში წარმოედგინა: ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2024 წლის 02 აპრილს, თუმცა სასამართლო გზავნილი დაბრუნდა ჩაუბარებელი სახით. საფოსტო უკუგზავნილის თანახმად ადრესატს სასამართლო გზავნილი ვერ ჩაბარდა მისამართზე არ ყოფნის გამო. კასატორს დამატებით გაეგზავნა 26.03.2024 წლის განჩინება ამავე წლის 15 აპრილს და ჩაბარდა პირადად 2024 წლის 17 აპრილს.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 18 აპრილს და ამოიწურა 22 აპრილს (იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე.უ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.უ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე