საქმე ას-1289-2022
15 ნოემბერი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი - ზ.ბ–ი (მოპასუხე)
კასატორის წარმომადგენელი - გ.ლ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - იურიდიული მომსახურების საფასურის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ჯ.მ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი), სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ბ–ის (შემდეგში: კასატორი) წინააღმდეგ, მოითხოვა, იურიდიული მომსახურების საფასურის 300 აშშ დოლარისა და წარმატების ჰონორარის 5 000 აშშ დოლარის დაკისრება;
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ამასთან მომსახურების საფასურის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, წარმატების ჰონორარის სახით, 5000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, საქმის მომზადების ეტაპიდან, დანარჩენ ნაწილში (300 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები
4.2.1. მხარეთა შორის 2013 წლის 20 ივლისს გაფორმდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. 2014 წლის 19 თებერვალს გაიცა მინდობილობა.
4.2.2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევა - მოსარჩელეს, მოპასუხე უნდა წარმოედგინა საერთო სასამართლოებში არსებულ დავაში. მოპასუხე იღებდა ვალდებულებას აენაზღაურებინა მომსახურების საფასური. კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, კლიენტს ადვოკატისთვის უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე 500 აშშ დოლარი, ხოლო საქმის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, ჰონორარის სახით - სადავო საქმის ღირებულების 5%.
4.2.3. მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაუხადა მხოლოდ 200 აშშ დოლარი. 300 დოლარის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია.
4.2.4. კლიენტმა, 2015 წლის 25 ივნისს შეწყვიტა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, აგრეთვე გააუქმა მინდობილობა.
4.3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასკვნა იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნა იურიდიული მომსახურების საფასურის დარჩენილი ნაწილის - 300 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმული იყო.
4.4. სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია წარმატების ჰონორართან დაკავშირებით გაიზიარა და მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენდა არა მეორეულ სასარჩელო მოთხოვნას, არამედ დამოუკიდებელ მოთხოვნას და მის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო საქმის წარმატებით დასრულების (სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის) მომენტიდან, რადგანაც მხარეთა შეთანხმებით, წარმატების ჰონორარის გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობას, სწორედ, საქმის წარმატებით დასრულება წარმოადგენდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დავა დასრულდა 2021 წელს. შესაბამისად, წარმატების ჰონორარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ იყო ხანდაზმული.
4.5. სააპელაციო სასამართლომ, წარმატების ჰონორარის მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნაზე მიუთითა, და განმარტა, რომ აღნიშნული არსებითად ეყრდნობოდა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს, რომლის მიხედვითაც არ დასტურდებოდა რომ საქმის წარმატებით დასრულება განპირობებული იყო მოსარჩელის მიერ შედგენილი სააპელაციო საჩივრით, რასაც აპელანტი ხდიდა სადავოდ. აპელანტის განმარტებით, დასახელებული გარემოების დადასტურების შესაძლებლობა თავად სასამართლომ მოუსპო, ადმინისტრაციული პალატიდან მოპასუხის საქმის მასალების გამოთხოვაზე უარის თქმით, რითიც მოსარჩელეს არასწორად შეეზღუდა სამართლებრივი საშუალება წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაედასტურებინა სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოებები.
4.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული იყო როგორც საბოლოო გადაწყვეტილება, აგრეთვე, შუალედური განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიიდან 2013 წლიდან 2021 წლამდე მიმდინარე საქმის №3/2259-13 სრული მასალების გამოთხოვის შესახებ.
4.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული შუალედური განჩინების მიღებამდე, მოსარჩელე საქმის მასალების გამოთხოვის საფუძვლად უთითებდა, რომ წარმატების ჰონორარის შესახებ სარჩელის საფუძვლიანობა სწორედ მის მიერ შედგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლებისა და დასაბუთების შესწავლით დადგინდებოდა.
4.8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოსათხოვ დოკუმენტებს დავის საგანთან კავშირი არა ჰქონდა. გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავდა სამართლებრივ მსჯელობას იმის შესახებ, თუ რას ემყარებოდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული დასკვნა, რაც შეუძლებელს ხდიდა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებას.
4.9. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინების მიმართ სახეზეა, სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი.
4.10. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ შეუძლებლად მიაჩნდა სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე აპელანტის მიერ პირველ ინსტანციაში მოთხოვნილი მტკიცებულებების გამოთხოვა, ვინაიდან ამ ეტაპზე მათი გამოკვლევა გამოიწვევდა იმას, რომ ფაქტიურად, მხარეებს მოესპობოდათ პირველი ინსტანციით საქმის არსებითად განხილვის შესაძლებლობა, ვინაიდან არსებით ფაქტობრივ გარემოებებთან და მტკიცებულებებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები მათ შეეძლებოდათ მხოლოდ საკასაციო ინსტანციისათვის წარედგინათ. ამასთან, ეს უკანასკნელი საქართველოს კანონმდებლობით ფაქტობრივ გარემოებებს არ ადგენს. მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების განხილვის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებთან დაკავშირებით მხარეებს თავიანთი პრეტენზიები და მოსაზრებები ფაქტების დამდგენ სასამართლოში – სააპელაციო სასამართლოშიც შეუძლიათ წარადგინონ.
4.11. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმის ხელახალი განხილვისას სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი უნდა განეხილა არსებითად, რა დროსაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება უნდა დაადგინოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან 2013 წლიდან 2021 წლამდე მიმდინარე საქმის N 3/2259-13 სრული მასალების გამოთხოვისა და მათი ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის შედეგად და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ადეკვატური სამართლებრივი შეფასების საფუძველზე გადაწყვიტოს დავა.
5. კასატორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მოთხოვნით.
5.2. კასატორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინებით, მოსამზადებელ სხდომაზე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სხვა ადმინისტრაციული საქმის მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით და ამავე განჩინებით მოსარჩელეს განემარტა გასაჩივრების წესსა და ვადაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადაში, სადაც მის მოთხოვნას შეადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. აპელანტს არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 06 დეკემბრის საოქმო განჩინება, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული საოქმო განჩინება.
5.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და აპელანტის სასარგებლოდ გამოიჩინა მიკერძოება, რაც გამოიხატა იმაში, რომ სააპელაციო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო დაეხმარა მოსარჩელეს იმ საოქმო განჩინების გასაჩივრების ფორმულირებაში, რომელიც არ გაუსაჩივრებია მხარეს. აღნიშნულს ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 06 ივნისის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი.
5.4. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, საქმეში არსებული მასალებით. სასამართლოს მხრიდან საოქმო განჩინების გასაჩივრების მინიშნებაზე აქცენტის გაკეთება, რასაც მოსარჩელის დათანხმებაც მოჰყვა, არის მოპასუხე (მოწინააღმდეგე) მხარის მიმართ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა და მისი არათანაბარ პირობებში ჩაყენება.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის, 24 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, 2023 წლის, 21 ივნისის განჩინებით, დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს კასატორის ძირითად საკასაციო პრეტენზიებზე და მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე, რომლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ამასთან, მიაჩნია, რომ არ ვლინდება სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები (სსსკ-ის 412-ე მუხლი).
10. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე მიუთითებს:
10.1. მხარეთა შორის 2013 წლის 20 ივლისს გაფორმდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. 2014 წლის 19 თებერვალს გაიცა მინდობილობა.
10.2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევა - მოსარჩელეს, მოპასუხე უნდა წარმოედგინა საერთო სასამართლოებში არსებულ დავაში. მოპასუხე იღებდა ვალდებულებას აენაზღაურებინა მომსახურების საფასური. კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, კლიენტს ადვოკატისთვის უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე 500 აშშ დოლარი, ხოლო საქმის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, ჰონორარის სახით - სადავო საქმის ღირებულების 5%.
10.3. მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაუხადა მხოლოდ 200 აშშ დოლარი. 300 დოლარის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია.
10.4. კლიენტმა, 2015 წლის 25 ივნისს შეწყვიტა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, აგრეთვე გააუქმა მინდობილობა.
11. საკასაციო სასამართლო წარდგენილი სარჩელის ფარგლებში არსებულ სასარჩელო მოთხოვნებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც მოპასუხისთვის იურიდიული მომსახურების საფასურის 300 დოლარის დაკისრება და წარმატების ჰონორარის 5 000 აშშ დოლარის დაკისრებაა მოთხოვნილი.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პრეტენზიის საგანს არ წარმოადგენს იურიდიული მომსახურების 300 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მოპასუხის შესაგებლის გათვალისწინებით უარი ეთქვა ხანდაზმულობის მოტივით.
13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც, სარჩელის მოთხოვნა წარმატების ჰონორარის სახით მოპასუხისთვის 5 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. საკასაციო პრეტენზიების ფარგლებში, შემოწმების საგანს წარმოადგენს, ასევე, იყო თუა არა გასაჩივრებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად (სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლი, ერთი მხრივ, უთითებს პირველ ინსტანციაში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველ ინსტანციაში დაბრუნება.
15. ზემოაღნიშნული განპირობებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და თავის თავში მოიცავს ადამიანის უფლებას მისი საქმე გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს სასამართლომ (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალებების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC] §183, Surmeli v. Germany [GC], § 129).
16. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს რა, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ხაზს უსვამს, რომ ამით არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Maltzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია.
17. სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი სტანდარტის ჭრილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების განხილვა თვალსაჩინოს ხდის, რომ უმეტესი მათგანი, კერძოდ: ა) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ; ბ) სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული; გ) გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც უწყებრივად სასამართლოს არ ექვემდებარება; დ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები; ვ) გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი; ზ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ; თ) საქმეში არ არის სასამართლოს სხდომის ოქმი - პირდაპირ გამომდინარეობს მართლმსაჯულების სწორად განხორციელების პრინციპიდან, მათ შორის, საქმის განხილვაში მხარის მონაწილეობის და სამართლიანი და საჯარო განხილვის ფუნდამენტური უფლებიდან და ქმნის ისეთ შემთხვევას, როდესაც ცალსახაა, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმ სასამართლოს, სადაც მოხდა აღნიშნული დარღვევა.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული კიდევ ერთი საფუძველი, კერძოდ: ე1) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია - წარმოადგენს ასევე ისეთ საფუძველს, რომლიც, საკასაციო სასამართლოს აზრით, იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად და სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში, საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების მართებულობა-არამართებულობის შეფასების საშუალებას.
19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს ის შუალედური განჩინება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-14-მე-15 პუნქტები), რომელიც წინ უსწრებდა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას და რომლის კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილულიყო მომზადების ეტაპიდან.
20. საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მოსარჩელე, წარმატების ჰონორარის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების განმსაზღვრელ საფუძვლად, მის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ ადმინისტრაციულ დავაში განხორციელებულ საპროცესო მოქმედებების შესრულებაზე უთითებდა, რომლის გათვალისწინებითაც მოპასუხემ ადმინისტრაციული დავა წარმატებით დაასრულა. ამდენად, მოსარჩელე ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2013 წლიდან 2021 წლამდე მიმდინარე საქმის N 3/2259-13 სრული მასალების გამოთხოვასა და მათი ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების შედეგად მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებას (იხ. სარჩელი. ტომი1. ს.ფ. 7). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინებით კი, მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილია იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც უნდა გამოირკვეს არსებობს თუ არა მომსახურების საფასურის დაკისრების საფუძველი. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობის ავტორის მითითება ხელშეკრულების არაკეთილსინდისიერად შეწყვეტის თაობაზე არ იყო არსებითი განსახილველ საქმესთან მიმართებით.
21. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე მიუთითა, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელი იყო, რის გამოც, სახეზე იყო სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და დასკვნას, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინებით საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ნაწარმოები ადმინისტრაციული დავის საქმის მასალების გამოკვლევა გავლენას ვერ იქონიებდა მოცემული დავის ფარგლებში არსებული სარჩელის მოთხოვნაზე წარმატების ჰონორართან დაკავშირებით, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე თავის მოთხოვნის საფუძვლიანობასა და პერსპექტიულობას, ადმინისტრაციული საქმის მასალების გამოთხოვისა და მათი ყოველმხრივი და ობიექტურ შეფასებაზე ამყარებდა.
23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სხვა საქმის მასალების გამოთხოვაზე, რომელზეც სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა, დაუსაბუთებელია.
24. საკასაციო სასამართლო, ასევე გაამახვილებს ყურადღებას კასატორის იმ პრეტენზიაზე, რომლის მიხედვითაც სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და აპელანტის სასარგებლოდ გამოიჩინა მიკერძოება, რაც გამოიხატა იმაში, რომ სააპელაციო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო დაეხმარა მოსარჩელეს იმ საოქმო განჩინების გასაჩივრების ფორმულირებაში, რომელიც არ გაუსაჩივრებია მხარეს. აღნიშნულის დასადასტურებლად კი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივნისის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერზე. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოთ აღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობებთან ერთად, აპელანტი უთითებდა, რომ უშედეგოდ ითხოვდა საქალაქო სასამართლოსგან, გამოეთხოვათ მოსარჩელის სასარგებლოდ ნაწარმოები ადმინისტრაციული დავის მასალები. ამავე სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებში აპელანტი განმარტავს, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნის წარმატებულობა დადასტურდებოდა იმ ადმინისტრაციული საქმის მასალების გამოთხოვისა და თუნდაც ზედაპირული შესწავლით, რომელშიც მოსარჩელე წარმოადგენდა მოპასუხეს ადმინისტრაციულ დავაში (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ.1,ს.ფ. 88). აღნიშნული კი, წარმოადგენს მხარის პრეტენზიას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102); ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (სსსკ-ის 102.2). თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი (სსსკ-ის 103.2). სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ (სსსკ-ის 104.1). პალატა განმარტავს, რომ მსგავსი სახის შუამდგომლობების განხილვისას, არსებითია საკითხი იმის შესახებ, რამდენად არის საქმისთვის მნიშვნელოვანი ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომელთა შესახებაც მხარე მოწმეთა დაკითხვის ანდა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობს. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული საოქმო განჩინებით არამართლზომიერად დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ, მოპასუხის სასარგებლოდ ადმინისტრაციული დავის წარმოების ფარგლებში არსებულ საქმის მასალებს უშუალო კავშირი არ ჰქონდათ წინამდებარე დავის საგანთან, ამასთან, საქალაქო სასამართლოს ფაქტობრივად საერთოდ არ უმსჯელია, რატომ არ იყო საქმესთან შემხებლობაში იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში არსებული საქმის მასალები.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულება სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანით ხორციელდება. სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება დაკავშირებულია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. სამართლებრივი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია პირის რომელიმე უფლების შეზღუდვისკენ, საჭიროებს დასაბუთებას. თუ სასამართლო არ ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას ან ასაბუთებს არასაკმარისად, მაშინ შეუძლებელია მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმება. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც დასაბუთებული უნდა იყოს. უპირველეს ყოვლისა კი, წაგებულმა მხარემ უნდა იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ მის წინააღმდეგ და რა საფუძვლით, რა კონკრეტულ ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით, სხვაგვარად მის მიმართ არ იქნება განხორციელებული ეფექტიანი მართლმსაჯულება (იხ. სუსგ №ას-730-698-2016, 07.04.2017 წელი).
27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია, მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, §30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80) (იხ. სუსგ №ას-930-2019, 3 ოქტომბერი, 2019 წელი).
28. ყოველივე ზემოაღნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტების საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება წარმატების ჰონორარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, დასაბუთებულია.
29. ამდენად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მოცემულ საქმეზე, გადაწყვეტილების მისაღებად დასადგენ მნიშვნელოვან გარემოებათა წრეს, ასევე, მტკიცების საგნის სრულყოფილად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ შესაბამისი სამართლებრივი მითითებებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მიზანშეწონილია, რაც იმავდროულად, უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების კანონის წინაშე თანასწორობის საწყისებზე განხორციელებას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ შუამდგომლობაში მითითებული მტკიცებულებების გამოთხოვის საკითხის სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე გამოკვლევა მხარეებს მოუსპობს პირველი ინსტანციით საქმის არსებითად განხილვის შესაძლებლობას, ვინაიდან არსებით ფაქტობრივ გარემოებებთან და მტკიცებულებებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები მათ შეეძლებოდათ მხოლოდ საკასაციო ინსტანციას წარუდგინონ. ამასთან, ეს უკანასკნელი საქართველოს კანონმდებლობით ფაქტობრივ გარემოებებს არ ადგენს. მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების განხილვის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებთან დაკავშირებით მხარეებს თავიანთი პრეტენზიები და მოსაზრებები ფაქტების დამდგენ სასამართლოში – სააპელაციო სასამართლოშიც შეუძლიათ წარადგინონ (ანალოგიური მსჯელობა გაზიარებულია საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებითაც, საქმეზე №ას-475-2020).
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: (1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; (2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება და (3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ საქმეზე Nას-1118-1145-2011, 10.01.2012 წ.; ასევე სუსგ.ას-132-2022 28 ოქტომბერი, 2022 წელი თბილისი).
31. აღნიშნულს მოითხოვს აგრეთვე, რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპები, რომლებიც გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება (იხ. სუსგ-ები: Nას-402-764-05 23.06.2005 წ.; Nას-657-618-2012, 10.12.2012 წ.; Nას-1308-1234-2012, 4.02.2013 წ.).
32. ზემოთ განვითარებული მსჯელობის შედეგად, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, საკითხის არსებითად განხილვის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან 2013 წლიდან 2021 წლამდე მიმდინარე საქმის #3/2259-13 სრული მასალების გამოთხოვისა და მათი ყოველმხრივი და ობიექტური გამოთხოვის შედეგად დავის გადაწყვეტის შესახებ მითითებით საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე. სსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
33. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.ბ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე