Facebook Twitter

საქმე №ას-467-2024 13 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ.ს–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 მარტის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - კ.ს–ძისა და შპს „გ.. მ-ის“ მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კ.ს–ძეს სს „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 114 137,40 ლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა 2018 წლის 21 სექტემბრის №670.01.670.1047862.001/01 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული, ქ.ბათუმში, ......., მე-5 სართულზე მდებარე ბინა 506, ს.კ. ……..

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ.ს–ძემ, შპს „გ.. მ-მა“ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 მარტის განჩინებით კ. ს–ისა და შპს „გ.. მ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ.ს–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ გ.გ–ძეს ჩაბარდა 2024 წლის 18 აპრილს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ.ს–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ გ.გ–ძეს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2024 წლის 18 აპრილს (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.180) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 19 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 22 აპრილს, ვინაიდან 2024 წლის 21 აპრილი იყო დასვენების დღე - კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.ს–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი