Facebook Twitter

28 მარტი 2024 წელი

№ას-304-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ჭ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ს.ბ–ი“

მოპასუხეები - ბ.ბ–ძე, ლ.ჭ–ი, ი.ჭ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ს.ს. „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.

ბ.ბ–ძეს, ნ.ჭ–ს და ლ.ჭ–ს, ს.ს. „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ: 2021 წლის 12 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #7688326) გამომდინარე 23638.77 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 19843.10 ლარი, პროცენტი 2695.40 ლარი, პირგასამტეხლო 929.42 ლარი, საკომისიო 170.85 ლარი;

ბ.ბ–ძეს, ნ.ჭ–ს და ლ.ჭ–ს, ს.ს. „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ: 2021 წლის 12 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #7688358) გამომდინარე 68894.43 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 55588.84 ლარი, პროცენტი 8059.32 ლარი, პირგასამტეხლო 4767.57 ლარი, საკომისიო 478.70 ლარი;

ბ.ბ–ძეს, ს.ს. „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 2021 წლის 12 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (AMEX CREDIT CARD) გამომდინარე 12283.14 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10956.77 ლარი, პროცენტი 1263.17 ლარი, საკომისიო 63.20 ლარი;

ბ.ბ–ძეს, ნ.ჭ–ს და ლ.ჭ–ს, ს.ს. „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ ყოველდღიურად სარჩელის აღძვრიდან (13/01/2023 წლიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე: 2021 წლის 12 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #7688326) გამომდინარე - 6.95 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა წარმოადგენს სესხის ძირ თანხაზე (ძირი - 7,610.25 ლარი) დასარიცხ სარგებელს წლიურ 12.8%-ს;

ბ.ბ–ძეს, ნ.ჭ–ს და ლ.ჭ–ს, ს.ს. „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ ყოველდღიურად სარჩელის აღძვრიდან (13/01/2023 წლიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე: 2021 წლის 12 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #7688358) გამომდინარე - 21.16 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა წარმოადგენს სესხის ძირ თანხაზე (ძირი - 55588.84 ლარი) დასარიცხ სარგებელს წლიურ 13.9%-ს.

2021 წლის 12 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #7688326) და (სესხის #7688358) გამომდინარე დავალიანებების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა, ს.ს. ,,ს.ბ–ის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მერია ს/კ ......; ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავდა უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, აღსრულება გაგრძელდებოდა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

2. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ბ.ბ–ძემ და ნ.ჭ–მა საჩივრით მიმართეს სასამართლოს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 ნოემბრის განჩინებით ბ.ბ–ძისა და ნ.ჭ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 06 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ.ჭ–მა და ბ.ბ–ძემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 იანვრის განჩინებით, აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნითაც, აპელანტებს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სახელმწიფო ბაჟის - 4603.06 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.

6. აღნიშნული განჩინება აპელანტებს ცალ-ცალკე გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. სასამართლო გზავნილის ჩაბარების დასტურებით ირკვევა, რომ 2024 წლის 16 იანვარს ორივე გზავნილი ჩაბარდა ი.ჭ–ს (ნ.ჭ–ის და; ბ.ჭ–ის ცოლის და) (იხ. გზავნილები და ჩაბარების დასტურები, ტ.1, ს.ფ. 326-329).

7. დადგენილია, რომ აპელანტებს სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსთვის.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 06 ნოემბრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის მოტივით, დატოვებულ იქნა განუხილველად.

9. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ აპელანტებს ცალ-ცალკე გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. სასამართლო გზავნილის ჩაბარების დასტურებით ირკვევა, რომ 2024 წლის 22 თებერვალს ორივე გზავნილი ჩაბარდა ი.ჭ–ს (ნ.ჭ–ის და; ბ.ჭ–ის ცოლის და).

10. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ჭ–მა. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლებს. ის მიუთითებს, რომ სარჩელის შეტანის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდა და შეუძლებელი იყო მასთან დაკავშირება. შესაბამისად, არ ჰქონდა ინფორმაცია მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის შესახებ და სწორედ ამიტომ არ წარადგინა შესაგებელი კანონით დადგენილ ვადაში. მისი აზრით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და განახლდეს საქმის წარმოება, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის გამო. ნიშანდობლივია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებაში, მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების თარიღებსა და ვადებს. ამასთან, არ უთითებს რა მიზეზით არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი.

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების შესაგებლის წარმოდგენის ეტაპიდან განახლებას.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 მარტის განჩინებით, ნ.ჭ–ის კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

14. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი საამისოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

16. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ საქმის მასალებში (სააპელაციო საჩივარში) მათ მიერ მითითებულ მისამართზე: ოზურგეთი, სოფელი .... და გზავნილები 2024 წლის 16 იანვარს ჩაბარდა ოჯახის წევრ ი.ჭ–ს.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

21. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

22. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2024 წლის 17 იანვრიდან (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე) დაიწყო და მიმდინარეობდა 2024 წლის 26 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც შეუვსებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

24. პალატა ყურადღებას მიაპყრობს გზავნილების ჩაბარების დასტურებს, რომლითაც ირკვევა, რომ გზავნილები ჩაიბარა ოჯახის წევრმა - ი.ჭ–მა, გზავნილებზე მითითებულია ნათესაური კავშირის თაობაზე. ამრიგად, სასამართლო გზავნილი ჩაბარებულია უფლებამოსილი პირისათვის. აღნიშნულს კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადაოდ.

25. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება, კერძოდ ჰქონდა თუ არა სასამართლოს უფლება ხარვეზის საამისოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის მოტივით განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი. ამასთან, წარმოდგენილი კერძო საჩივრის შინაარსით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლებს. მისი პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელი იყო.

26. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, დადგენილი ხარვეზი მხარეს არ აღმოუფხვრია. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან მტკიცებულება, მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობის არ ქონის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების, მისი ოდენობის შემცირების ან გათავისუფლების შესახებ. მას არ მოუთხოვია ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. აღნიშნულის ნაცვლად, აპელანტმა აირჩია საპროცესო პასიურობის სტრატეგია, რაც მართებულად გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან სასამართლო, შებოჭილია რა მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით, საკუთარი ინციატივით ვერ შეასრულებს იმ საპროცესო მოქმედებას, რომლისთვისაც კანონმდებელი ადგენს მხარის აქტიურობის ვალდებულებას მტკიცებულებისა თუ შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენის სახით. მხარის პასიურობამ საპროცესო უფლებათა ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით შექმნა გონივრული ვარაუდი, რომ აპელანტმა დავის გაგრძელების ინტერესი დაკარგა.

27. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილთან მიმართებით და კანონიერად დატოვა იგი განუხილველად მითითებული საფუძვლით.

28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. (სუსგ #ას-1566-2023, 30.01.2024)

29. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში შეავსო, ან მიუთითა და დაადასტურა ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო გარემოებების არსებობა.

30. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას დავის მატერიალურ-სამართლებრივ მხარეზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს კერძო საჩივრის ფარგლებში განსახილველ საკითხებს. და შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოცემული განჩინების ფარგლებში მათზე ვერ იმსჯელებს.

31. საკასაციო სასამართლო განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.

32. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა გონივრული (10-დღიანი) ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის. თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ჭ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი