28 მარტი 2024 წელი
№ას-1465-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ თ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს.ი.პ. აწარმოე საქართველოში
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა აწარმოე საქართველოში სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თ.გ–ძის მიმართ, მოპასუხისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა შემდეგი:
5.1. 2016 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო №5253051 ხელშეკრულება - „აწარმოე საქათველოში” სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში პროგრამის ახალი ბენეფიციარის თანადაფინანსების თაობაზე, რომლის თანახმად, ბენეფიციარს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ უნდა გაეხსნა პურის საცხობი და ეწარმოებინა სხვადასხვა სახეობის პური.
5.2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, კონტრაქტორის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, საბოლოო პროექტის ფარგლებში შემფასებელი კომისიის მიერ დამტკიცებული ბიზნეს-გეგმის განხორციელებისათვის სააგენტოს მიერ ბენეფიციარის თანადაფინანსება 5 000 ლარის ოდენობით.
5.3. 2016 წლის 14 ნოემბერს ბენეფიციარმა თანადაფინანსების თანხა - 5 000 ლარი სრულად მიიღო. აღნიშნული თანხით მოპასუხეს 1) უნდა დაეფარა ბუნებრივი გაზის შესაყვანად საჭირო ხარჯები, 2) შეეძინა დანადგარი ე. წ. „ფარსუნკა“. ბიზნეს-გეგმის თანახმად, პირველი პუნქტით გათვალისწინებული იყო 1 600 ლარი, მე-2 პუნქტით -3 400 ლარი.
5.4. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ბენეფიციარმა გამოთქვა თანხმობა რომ: - განახორციელებდა პროექტს თანდართული შემფასებელი კომისიის მიერ დამტკიცებული ბიზნეს-გეგმის შესაბამისად (4.1.1. პუნქტი); - დოკუმენტურად დაადასტურებდა, რომ პროგრამის ფარგლებში მიღებული თანადაფინანსებით შესრულებული ყველა შესყიდვა განხორციელდა მისაღებ ფასად და სანდო მომწოდებლისგან (4.1.3. პუნქტი); - უზრუნველყოფდა გამჭვირვალობას საბოლოო პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, რაც მოიცავს სააგენტოსთვის კონტრაქტორის მეშვეობით ინფორმაციის და თანხების მოძრაობის (ბიუჯეტის განხორციელების დეტალები და ა.შ.) ხელმისაწვდომობას მონიტორინგის საფუძველზე. სააგენტოს მხრიდან მოთხოვნის შესაბამისად, თანადაფინანსების მიმღები კონტრაქტორის მეშვეობით დაუყოვნებლივ წარუდგენდა სააგენტოს შესრულებული სამუშაოსა და დახარჯული თანხის ანგარიშებს, გაცემული თანხის დანიშნულებისამებრ გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტებს და განმარტებებს (4.1.4. პუნქტი); - აწარმოებდა და შეინახავდა ყველა შემოსავლისა და ხარჯის დამადასტურებელ ჩანაწერებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მოთხოვნისთანავე მიაწოდებდა ამ ჩანაწერებს სააგენტოს წარმომადგენლებს ნებისმიერ დროს (4.1.6. პუქნტი); - საბოლოო პროექტის განსახორციელებლად მიღებული თანადაფინანსების თანხებს გამოიყენებდა მხოლოდ საბოლოო პროექტში მითითებული ხარჯების გასაწევად. დაუშვებელი იყო თანხის გამოყენება პოლიტიკური საქმიანობის ან/და ლობირებისათვის, ჯარიმების დასაფარად, სხვა ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირისთვის სუბსიდიების ან/და ქვეგრანტების გასაცემად, უკანონო ან/და უნებართვო საქმიანობისათვის, რაც სააგენტოს მიერ არ იქნებოდა განსაზღვრული (4.1.7. პუნქტი); - შეასრულებდა ამ ხელშეკრულებითა და საბოლოო პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებებს (4.1.12. პუნქტი); - მისი ბრალეულობით (მათ შორის დაუდევრობა, გულგრილობა და ა.შ.) საბოლოო პროექტის ნაწილის, ან სრულად შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულებისათვის სააგენტოს მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ვალდებული იყო დაუბრუნებინა სააგენტოსთვის ამ უკანასკნელის მიერ გაცემული თანადაფინანსების თანხა სრულად (4.1.16 პუნქტი).
5.5. ხელშეკრულების მე-7.4 მუხლის თანახმად, იმ შეთხვევაში თუ თანადაფინანსების მიმღები ნაწილობრივ ან სრულად არ შეასრულებდა წინამდებარე ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას/მოვალეობებს, სააგენტოს უფლება ჰქონდა გაეუქმებინა წინამდებარე ხელშეკრულება და მოეთხოვა თანადაფინანსების მიმღებისათვის მიღებული თანხის ოდენობის სრული მოცულობით უკან დაბრუნება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში, თანადაფინანსების მიმღების მიერ საბოლოო პროექტის ფარგლებში შეძენილი ან/და მატერიალური ფასეულობები წარმოადგენენ ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას.
5.6. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მიზნობრივ ხარჯვად ჩაითვლებოდა - თანადაფინანსების მიმღების მიერ თანამონაწილეობის ფარგლებში გაღებული და სააგენტოს მიერ ამ პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მიმღებისათვის გაცემული თანხის საბოლოო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ათვისება-ხარჯვა.
5.7. ზემოაღნიშნული პროგრამის იმპლემენტაციას ახორციელებდა კონკრეტული რეგიონისათვის სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების დაცვით შერჩეული კონტრაქტორი ორგანიზაცია. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ კონტრაქტორს წარმოადგენდა ა.ა.ი.პ. „რეგიონული განვითარების ასოციაცია“, რომელსაც მოსარჩელესთან 2016 წლის 27 ივნისიდან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება და ეკისრებოდა ვალდებულება, სააგენტოსათვის წარედგინა პროგრამის შესრულების პერიოდული და დასკვნითი პროგრამული და ფინანსური ანგარიშები.
5.8. მონიტორინგის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხემ 2016 წლის 03 ნოემბერს შ.პ.ს. „ს.ჯ.გ–ს“ ავანსის 1003 ლარი გადაურიცხა.
5.9. ადიგენის სერვისცენტრის 2016 წლის 04 ნოემბრის წერილის თანახმად, 2016 წლის 02 ნოემბერს ადიგენის სერვის ცენტრში ბუნებრივი გაზის არასაყოფაცხოვრებო მოხმარების მიზნით გაზიფიცირებაზე განაცხადი გააკეთა მოპასუხემ და მიენიჭა აბონენტის ნომერი. მომსახურების საფასური შეადგენდა 2800 ლარს. მოპასუხეს ავნასად გადახდილი აქვს მომსახურების საფასური ნაწილი - 1003 ლარი (იხ: ტ.1, ს.ფ. 86).
5.10. 2019 წლის 04 აპრილის მონიტორინგის შედეგების თანახმად, ბენეფიციართან ვერ მოხდა სატელეფონო კავშირის დამყარება. არც მითითებულ მისამართზე იყო მოქმედი ბიზნესი. ბენეფიციარის იდენტიფიცირება ვერ მოხდა ვერც ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ (იხ: ტ.1, ს.ფ. 91).
5.11. 2019 წლის 15 აპრილს სააგენტომ წერილით მიმართა ბენეფიციარს, რომლითაც აცნობა, რომ მონიტორინგის შედეგების თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მის მიერ არ იყო შესრულებული ჯეროვნად, ამასთან მიუთითა, რომ ხელშეკრულების 7.4. პუნქტის თანახმად, წინამდებარე წერილის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ან წარმოედგინა შესყიდვის დოკუმენტაცია, ან მითითებულ ანგარიშზე დაებრუნებინა გრანტის სახით მიღებული 5000 ლარი.
5.12. 2019 წლის 21 ნოემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ და მოითხოვა თანხის სრულად დაბრუნება.
5.13. შესაგებელზე თანდართული სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, მოპასუხეს ს.ს. „ს.ჯ.გ–ისთვის“ გადახდილი აქვს 284.20 ლარი.
5.14. პალატამ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის #365 დადგენილება (სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დამტკიცების შესახებ), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 528.1 (მხარეებს შეუძლიათ, დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა)) და 528.3 (თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე) მუხლები და მხარეთა შორის 2016 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულების 4.1.16 და 7.4 პუნქტები.
5.15. სააპელაციო პალატამ, ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობების არსებობის კვლევის ფარგლებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხე არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას თანადაფინანსების თანხის მიზნობრივად გახარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულებების დროულად და სრულად წარდგენის თაობაზე. ამასთან, მოპასუხემ შესაგებელში დაადასტურა ის გარემოება, რომ იგი გააფრთხილებული იყო თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებზე (იხ: შესაგებლის მე-6 ფაქტობრივი გარემოება). პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ გაზის შეყვანის ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება მხოლოდ სარჩელის აღძვრის შემდეგ წარმოადგინა (იხ: ტ. 1, ს.ფ. 126). ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ შესაძენი აქვს ე.წ. „ფარსუნკა“, რომელიც 3400 ლარი ღირს. ხელშეკრულებით შეთანხმებული საწარმო (პურის საცხობი) დღესაც არ ფუნქციონირებს.
5.16. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შეჯიბრებითობის პრინციპზე ამავე კოდექსის 102-ე და მე-3 მუხლებთან კავშირში და დაადგინა, რომ მოპასუხემ ვერ იკისრა მისი მტკიცების ტვირთი და დროულად ვერ წარადგინა სასამართლოში შესრულებული სამუშაოსა და დახარჯული თანხის ანგარიშები, გაცემული თანხის დანიშნულებისამებრ გამოყენების დამადასტურებებელი დოკუმენტები და განმარტებები.
5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიუთითა, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდა მოპასუხისათვის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული თანხის უკან დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, და 405-ე მუხლებით გათვალისწინებულ ყველა წინაპირობას. ვინაიდან, აპელანტმა ვერ წარმოადგინა კვალიფიციური სააპელაციო შედავება, არ ვლინდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის საფუძველი.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. 2016 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ბიზნეს გეგმა, რომელსაც ასრულებს მოპასუხე. მან შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილის გაჭიანურება კი მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა. გაწეული ხარჯების დასადასტურებლად კასატორმა მიუთითა, რომ შეიძინა სარეკლამო აბრა და სასწორი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმის შესასრულებლად დარჩენილია კოსმეტიკური რემონტი და პურის საჭრელი დანადგარის შეძენა, რასაც გაზიფიცირების შემდეგ უზრუნველყოფს. კოსმეტიკური რემონტის გაკეთების შემთხვევაში რისკია, რომ გაზიფიცირების დროს შეიძლება ის დაზიანდეს, რაც შეეხება პურის საჭრელ დანადგარს, მისი თანხა მოპასუხეს გადანახული აქვს და განზრახ არ იძენს, იმ მიზეზით, რომ ვინაიდან შეუძლებელია მუშა პროცესის დაწყების თარიღის განსაზღვრა, დანადგარის წინასწარ შეძენის შემთხვევაში მას გაუვიდოდა საგარანტიო პერიოდი და შემდგომ წუნის გამოვლენის შემთხვევაში, მოპასუხე ვეღარ ისარგებლებდა საგარანტიო პირობებით.
6.2. კასატორის მიერ გაწეული ხარჯები, კერძოდ განცხადება ბუნებრივი გაზის მონტაჟზე, რისთვისაც გადახდილ იქნა შესაბამისი თანხები, სარეკლამო აბრისა და სასწორის შეძენა მეტყველებს, რომ ის დაინტერესებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებით. მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაიბრუნოს თანხა და გავიდეს ხელშეკრულებიდან, არ არის მართებული, რადგან ამ შემთხვევაში კასატორი აღმოჩნდება დაზარალებული, ვინაიდან დამოუკიდებელი ფინანსებით ვეღარ უზუნველყოფს პურის საცხობის დასრულებას და უკვე გაწეული ხარჯები მისთვის მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. ხელშეკრულებიდან გასვლისა და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვს თანადაფინანსების ფარგლებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 528.1 (მხარეებს შეუძლიათ, დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა)), 528.3 (თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე) 352.1 მუხლიდან (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმების ფარგლებში, სავალდებულოა, დადგინდეს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მოპასუხის მიერ დარღვევა და მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანადაფინანსების ფარგლებში გადაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა.
11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება დამტკიცებული ბიზნეს-გეგმის განხორციელებისთვის თანადაფინანსების თაობაზე. უდავოა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს მოსარჩელისაგან გადაეცა თანადაფინანსების თანხა - 5000 ლარი, რომლის უკან დაბრუნებასაც მოითხოვს მოსარჩელე. აღნიშნული კი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულების დარღვევისას 352-ე-405-ე მუხლების წინაპირობების არსებობისას ხორციელდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352.1 მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) სამართლებრივ შედეგს. იგი გამოიხატება მხარეებისათვის მიღებული შესრულებისა და სარგებლის დაბრუნებაში. ამავე კოდექსის 405-ე მუხლი კი, ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის წესსა და სავალდებულო წინაპირობებს, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლები მხოლოდ ერთობლივად გამოიყენება. მოპასუხისათვის გადაცემული თანხის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობის გასარკვევად უნდა შემოწმდეს, შესრულებულია თუ არა მითითებული ნორმის წინაპირობები, კერძოდ, არსებობს თუ არა ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი და ხომ არ იკვეთება ხელშეკრულებიდან გასვლის გამომრიცხველი გარემოებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადების მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმის შესაბამისად, ხელშეკრულებაზე უარი ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაჰენტი არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას და დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც არ ასრულებს მას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება. (შდრ. სუსგ. ას-625-625-2018, 31 ოქტომბერი 2018 წელი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადების მიხედვით, ხელშეკრულებაზე უარი ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაჰენტი არღვევს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას და დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც არ ასრულებს მას.
12. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, მან ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანადაფინანსების თანხა არ გამოიყენა მიზნობრივად და 2016 წლის ხელშეკრულებით შეთანხმებული პურის საცხობი საწარმო დღესაც არ ფუნქციონირებს. გაზის შეყვანის ხარჯის (არასრული ოდენობით) დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხემ მხოლოდ სარჩელის აღძვრის შემდეგ წარადგინა, შესაძენი აქვს 3400 ლარად ღირებული დანადგარი. მოსარჩელემ მოპასუხეს ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით განუსაზღვრა ვადა - 30 კალენდარული დღე, რაც უშედეგოდ გავიდა. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო მოსარჩელე გავიდა ხელშეკრულებიდან, რის თაობაზეც წერილობით აცნობა მოპასუხეს. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია, მეტიც შესაგებელში დაადასტურა, ის გარემოება, რომ გაფრთხილებული იყო თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, ამასთან, მოპასუხე არც დამატებითი ვადის განსაზღვრას ხდის სადაოდ და არც ხელშეკრულებიდან გასვლის გამომრიცხველ გარემოებებზე მიუთითებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგის ფარგლებში მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს დაუბრუნოს თანადაფინანსების ფარგლებში მიღებული თანხა.
13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ვალდებულების შესრულების გაჭიანურება მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა და რომ მას თანხის ნაწილი გადანახული აქვს და განზრახ არ შეიძინა დანადგარი ამ დრომდე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, კასატორის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მან ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანადაფინანსების თანხა გამოიყენა მიზნობრივად, აამუშავა საწარმო, ან მინიმუმ, შეიძინა საწარმოსათვის საჭირო ინვენტარი. თუმცა, ასეთი მტკიცებულებები მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა. კასატორმა ასევე ვერ დაასტურა, რომ მისგან დამოუკიდებელი და ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულების შესრულება. უდავოა, რომ იგი გაფრთხილებული იყო თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის თაობაზე, მიეცა დამატებითი ვადა, ხოლო მოგვიანებით, მას ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
14. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის 5000 ლარის დაბრუნება მართლზომიერია, ვინაიდან ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგი რესტიტუციაა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ პრეტენზიას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კასატორი დარჩება დაზარალებული. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლისას თავდაპირველი ვალდებულებითი ურთიერთობის ადგილს იკავებს უკუქცევის შედეგად წარმოშობილ შესრულებათა უკან დაბრუნების ურთიერთობა, რაც ხელშეკრულების დადების შემდეგ შესრულებათა გაცვლამდე არსებული ვითარების აღდგენას გულისხმობს, ანუ ხელშეკრულებიდან გასვლით წარმოიშობა ახალი ვალდებულება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება). ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში რესტიტუციის მოვალეა მოპასუხე (კასატორი), მან ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული თანხა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს.
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
16. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. თ.გ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს ე.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება №19741943106, გადახდის თარიღი: 11.12.2023წ, ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი