Facebook Twitter

05 დეკემბერი 2023 წელი

№ას-1326-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „მ–სი“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხე - შ.პ.ს. „მ–სი“-ს მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულების გამო, პირგასამტეხლოს - 82 620 ლარისა და 168 300 ლარის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, “TOYOTA LAND CRUISER PRADO”-სთან (სახელმწიფო ნომერი .......) დაკავშირებულ შესრულებაზე - 500 ლარის ოდენობით ცნო. რაც შეეხება “TOYOTA HILUX”-სთან (სახელმწიფო ნომერი ......) დაკავშირებულ შემთხვევას, ამ ნაწილში მოპასუხემ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო და მოთხოვნა ამ ნაწილში არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 896.5 ლარის და 500 ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. 2020 წლის 04 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შ.პ.ს. „მ–სს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №69 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, მოსარჩელისათვის გაეწია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული, NAT190021327 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული “TOYOTA”-ს და “LEXUS”-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება), აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1 020 000 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

5.2. ხელშეკრულების 3.2 და 3.3 პუნქტებით მომსახურების გაწევის ვადები აგრეგატებისთვის არაუმეტეს 8 კალენდარული დღით განისაზღვრა. მე-6 პუნქტის შესაბამისად, სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში - არაუმეტეს 25 კალენდარული დღით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა, რომ მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინა შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.3. ხელშეკრულების 3.1 და 3.4 პუნქტების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ტექნიკური მომსახურება უნდა გაწეულიყო ამ ხელშეკრულების პირობებით, ხელშეკრულების დადების შემდგომ, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მიმწოდებელს, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა, უნდა დაეთვალიერებინა ავტომობილი და შემსყიდველისათვის ხელმოსაწერად წარედგინა დეფექტური აქტი, რომელშიც აღიწერებოდა გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალა დეტალურად, თარიღი და მომსახურების გაწევის ვადა.

მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელს შემსყიდველისათვის უნდა წარედგინა ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისთვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების ტექმომსახურება უნდა განხორციელებულიყო დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნებოდა შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური.

ხელშეკრულების 9.3 პუნქტით მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

5.4. სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ სახელმწიფო ნომერი ....., 2020 წლის 10 აპრილს, შემოწმება/შეკეთების მიზნით შევიდა მოპასუხის სერვისცენტრში, სადაც დაუდგინდა ტურბოს (დიზელის) დაზიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 10 აპრილს შედგა დეფექტური აქტი, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მან აცნობა მოსარჩელეს, ავტონაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის საჭიროებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პალატამ დაადგინა, რომ მიმწოდებელი ვალდებული იყო დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია 8 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2020 წლის 18 აპრილისა. ორგანიზაციამ დაარღვია მომსახურების გაწევის ვადა და ნაცვლად 2020 წლის 18 აპრილისა, მომსახურება გაწია 2020 წლის 11 ივნისს - 54 კალენდარული დღის დაგვიანებით.

5.5. სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX“ სახელმწიფო ნომერი ,,....", ძრავაზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით 2020 წლის 02 ივლისს, შევიდა მოპასუხის სერვისცენტრში, იმავე დღეს შედგა დეფექტური აქტი. მიმწოდებელი ვალდებული იყო დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია 25 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2020 წლის 27 ივლისისა. ორგანიზაციამ დაარღვია მომსახურების გაწევის ვადა და ნაცვლად 2020 წლის 27 ივლისისა, მომსახურება გაწია 2020 წლის 14 ნოემბერს - 110 კალენდარული დღის დაგვიანებით. მოპასუხე მიუთითებდა ხელმოწერილ შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებულ ჩანაწერზე, რომლის მიხედვით შეკეთებაზე თანხმობა მივიდა 2020 წლის 31 ოქტომბერს და ამდენად, აღნიშნავდა, რომ არ დარღვეულა მომსახურების ვადა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის აღნიშნული არგუმენტაცია ზემოაღნიშნულ სახელშეკრულებო დათქმათა შინაარსის გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი მითითებული გარემოების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება. ამის საპირისპიროდ, პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მოპასუხე კომპანიის 2020 წლის 24 ნოემბრის წერილზე, რომლის მიხედვითაც, მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ სერვის ცენტრში იმყოფებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX“ (სახელმწიფო ნომერი ,,...."). ავტომანქანას ესაჭიროებოდა ძრავის დგუში, რათა განხორციელებულიყო სრული სარემონტო სამუშაოები, აღნიშნული დეტალი დეფიციტური აღმოჩნდა და გართულდა მისი მოძიება საქართველოს ბაზარზე. შესაბამისად მისი მოძიება უნდა მომხდარიყო საზღვარგარეთ, რასაც აფერხებდა კოვიდ პანდემია. მოპასუხე კომპანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უხდიდა ბოდიშს შეფერხებულად შესრულებული სამუშაოსთვის. პალატის მითითებით, აღნიშნული წერილი ადასტურებს სამუშაოების დაგვიანებით შესრულების ფაქტს, რაც აბათილებს შესრულებული სამუშაოს აქტზე აღნიშნული თანხმობის სისწორეს. ამას ასევე ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული ნიკო გოგიძე, რომელმაც განაცხადა, რომ თარიღის მითითებაში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის უსწორობა და არ შეესაბამება რეალობას. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომანქანა ,,TOYOTA HILUX“-ის (სახელმწიფო ნომერი ,,....") შემთხვევაში სამუშაო შესრულდა 110 კალენდარული დღის დაგვიანებით.

5.6. 2020 წლის 04 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა მოპასუხე კომპანიას და აცნობა, რომ ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISER PRADO“-ის (სახელმწიფო ნომერი ,,.....") ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 18 აპრილისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 11 ივნისს, 54 კალენდარული დღის დაგვიანებით, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენდა 82 620 ლარს. 2021 წლის 06 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა მოპასუხე კომპანიას და აცნობა, რომ ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX“-ის (სახელმწიფო ნომერი ....) ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 27 ივლისისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 14 ნოემბერს, 110 კალენდარული დღის დაგვიანებით, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენდა 168 300 ლარს.

5.7. დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოს აქტების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISER PRADO“-ის (სახელმწიფო ნომერი ....) შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 2098.02 ლარი; ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX“-ის (სახელმწიფო ნომერი ....) შეკეთების ღირებულებამ - 5432.67 ლარი.

5.8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კანონიერება, რაც გულისხმობდა იმას, რომ პალატა დაკისრებული პირგასამტეხლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლიანობას აღარ გამოიკვლევდა.

5.9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISER PRADO“-ის (სახელმწიფო ნომერი ....), რომლის შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 2098.02 ლარი, შესრულდა არა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი 8-დღიანი ვადის დაცვით, არამედ - 54 დღის ვადაგადაცილებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატის დასკვნით, ამ ნაწილში, 54 დღის ვადაგადილების გამო, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX“-ის (სახელმწიფო ნომერი ....), რომლის შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 5432.67 ლარი, შესრულდა არა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი 25-დღიანი ვადის დაცვით, არამედ - 110 დღის ვადაგადაცილებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატის დასკვნით, ამ ნაწილში, 110 დღის ვადაგადილების გამო, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა არსებობდა.

5.10. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

5.11. აპელანტის პრეტენზია, რომ პირგასამტეხლო შეთანხმებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მოპასუხეს როგორც მეწარმე სუბიექტს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეთქვა პრეტენზია აღნიშნულის თაობაზე, სააპელაციო პლატამ ვერ მიიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობად და მიუთითა, რომ, როგორც დადგენილია, მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სახელშეკრულებო პირობათა შემთავაზებელია ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წინასწარ დადგენილი პირობებით ატარებს ტენდერს. ამასთან, მეწარმე სუბიექტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ტენდერში, ან არ მიიღონ. სახელშეკრულებო პირობათა შეცვლისა და მათზე ზემოქმედების შესაძლებლობა ტენდერში მონაწილე სუბიექტებს შეზღუდული აქვთ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლოს არ უნდა მოეხდინა ჩარევა სახელშეკრულებო ურთიერთობაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე დაყრდნობით.

5.12. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, პირგასამტეხლო მოსარჩელის მიერ დარიცხულ იქნა არა ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს მიზანსა და ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ სამართლებრივი ურთიერთობების კეთილსინდისიერების პრინციპზე და მიიჩნია, რომ მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება იმ თანხიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც მიმწოდებელს ვალდებულება არ დაურღვევია, ეწინააღმდეგება ყველა კერძოსამართლებრივ პრინციპს, კანონის დანაწესს და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად მოვალეს პირგასამტეხლო ვერ დაეკისრება იმ ვალდებულებიდან გამომდინარე, რაც მან ჯეროვნად შეასრულა, ან საერთოდ არ შეუსრულებია. ამავე მუხლიდან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რომ მოვალეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს იმ ვალდებულების ფარგლებში, რომლის არაჯეროვან შესრულებასაც ჰქონდა ადგილი.

5.13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISER PRADO“-ის (სახელმწიფო ნომერი ....) შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 2098.02 ლარი და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა იყო 54 დღე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX“-ის (სახელმწიფო ნომერი ....) შეკეთების ღირებულება იყო 5432.67 ლარი და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა -110 დღე, მოასარჩელე კი პირგასამტხელოს სახით პირველ შემთხვევაში 82 620 ლარის ხოლო მეორე შემთხვევაში - 168 300 ლარის დაკისრებას ითხოვს, აღნიშნული იმთავითვე შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა, რადგან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულების ორმოცჯერ და ოცდაათჯერ მეტი ოდენობაა, რაც დაუშვებელი იყო.

5.14. პალატამ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მართალია, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვადა დაირღვა, თუმცა აპელანტს არ მიუთითებია ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით გამოწვეული კონკრეტული ზიანის არსებობის თაობაზე, შესაბამისად დგინდება, რომ მომსახურება შესრულებულ იქნა შეთანხმებული ხარისხით და ვადაგადაცილების შედეგად შემსყიდველს რაიმე ზიანი არ წარმოშობია.

5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული იყო და არ არსებობდა მისი გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გამოთვლის წესი, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დათქმული პირობაა და სასამართლოს მიერ არამართლზომიერად შემცირდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების მხარე მეწარმე სუბიექტი იყო, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატებოდა ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს ითვალისწინებს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის დანიშნულებით და ამდენად, აღნიშნულით უზრუნველყოფს ვალდებულების ჯეროვან შესრულებას. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან პირგასამტეხლო არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომლითაც მხარე იქმნის გარანტიას, რომ მეორე მხარე არ დაარღვევს ხელშეკრულების არსებით პირობებს და კეთილსინდისიერად შეასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს გონივრულობის ფარგლებში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი დავობს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან არამართლზომიერად მოხდა მისი შემცირება.

12. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

14. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

15. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).

16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მოპასუხემ მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადის დარღვევით შეასრულა. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო არ არის (მოპასუხეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია), სადავოა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISER PRADO“-ს (სახელმწიფო ნომერი ....) შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 2098.02 ლარი ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX“-ის (სახელმწიფო ნომერი ....) შემთხვევაში - 5432.67 ლარი, თუმცა, მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ დარღვევისა, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა უშუალოდ ვადის დარღვევით გაწეული მომსახურების საფასური.

საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას არ დაურღვევია (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016). ხსენებული პრინციპით პირგასამტეხლოს გამოთვლის ვალდებულებაზე საკასაციო პალატის მიერ არაერთ დავაზე განემარტა კასატორს მისი მონაწილეობით სასამართლოში წარმართულ იმ საქმეებზე, სადაც დავის საგანს პირგასამტეხლოს დაკისრება/შემცირება წარმოადგენს (მრავალთა შორის იხ. ს.უ.ს.გ. № ას-732-2022, 24.11.2022წ; №ას-1274-2022, 22.11.2022წ; №ას-1007-2021, 13.04.2022წ).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი