05 დეკემბერი 2023 წელი
№ას-1254-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე _ თ.ა–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.ა–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მოპასუხე ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №2246/კ ბრძანება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 14400 ლარის ოდენობით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტი მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის ოდენობად 14400 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 22000 (ოცდაორი ათასი) ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ოდენობით. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატამ შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მიუთითა:
5.1. 2013 წლის 01 მარტიდან 2020 წლის 27 თებერვლამდე, მოსარჩელე დასაქმებული იყო ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარ სპეციალისტად. მისი სამსახურებრივი სარგო შეადგენდა თვეში 1000 ლარს. მისი თანამდებობის მიზანი იყო შემოსული განცხადებების შესწავლა, დასკანერება და პროგრამაში ატვირთვა, სამსახურის გამართული ფუნქციონირების მხარდაჭერა. ხოლო ფუნქციები (მოვალეობები) - პრიორიტეტულობა, მოქალაქეთა განცხადებების ანალიზი, დასკანერება და გადაგზავნა შესაბამისი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ერთეულებისთვის, მოქალაქეთა განცხადებების განხილვა დოკუმენტების აპოსტილით ლეგალიზაცია დამოწმების შესახებ. იგი ანგარიშვალდებული იყო სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე შესრულებული სამუშაოსა და დატვირთულობის შესახებ.
5.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N12682/კ ბრძანებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეორგანიზაცია დაიწყო 2019 წლის 29 ნოემბერს, რომლის დასრულების თარიღად მითითებულია არაუგვიანეს 2020 წლის 01 თებერვალი.
5.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N12682/კ ბრძანებით სააგენტოში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს დადგენილი წესით ეცნობა: რეორგანიზაციის, მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების, ადამიანური რესურსების შემცირებისა და ჩასატარებელი კონკურსის (ტესტირებები/გასაუბრება) შესახებ. აღნიშნულის თაობაზე გაფრთხილებული იყო მოსარჩელეც, რაც დადასტურებულია ხელმოწერით.
5.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 17 დეკემბრის №13703/კ ბრძანებით, განისაზღვრა კონკრეტული სამსახურები, რომელთა კვალიფიკაციის შეფასება სხვადასხვა კომპონენტს მოიცავდა. აღნიშნული ბრძანებით, ტერიტორიული სამსახურების დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვრა პროფესიული წერა, ქართული ენა, უნარ-ჩვევები და გასაუბრება.
5.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 10 იანვრის N401/კ ბრძანებით დამტკიცდა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე მისი ტერიტორიული სამსახურებისა და ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებთან გასაუბრების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისია.
5.6. მოსარჩელის მიერ ტესტირებაში მიღებული შეფასება ზოგადი უნარებში იყო - 56 ქულა (მაქსიმალური 80 ქულიდან), ქართული ენის მართლწერა - 49 ქულა (მაქსიმალური 80 ქულიდან), პროფესიული განათლება - 45 ქულა (მაქსიმალური 50 ქულიდან). აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, მას ევალებოდა განცხადებების სამართლებრივი ანალიზის მომზადება. სამართლებრივ თემატიკაში ის მაქსიმალური 50 ქულიდან 45 ქულით შეფასდა. ხაზგასასმელია ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის ფუნქციურად იდენტურ საქმიანობას დამატებით 14 თანამშრომელი ახორციელებდა რომელთაგან მოსარჩელის ქულაზე დაბალი შეფასება ოთხმა თანამშრომელმა მიიღო, ასევე სამართლებრივ თემატიკაში 45 ქულით შეფასებულია სამი თანამშრომელი. ამ პირობებში კი მოსარჩელის შეფასება სამართლებრივ თემატიკაში 14 თანამშრომლიდან მხოლოდ ნახევარს ჩამორჩებოდა. ზემოაღნიშნული კი მოსარჩლის კვალიფიციურობაზე მიუთითებდა. ნიშანდობლივია, რომ ს.ს.ი.პ. სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბერს განხორციელებული თანამშრომელთა შეფასების შედეგების მიხედვით მოსარჩელის საქმიანობა შეფასებულია კარგად.
5.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 თებერვლის N2246/კ ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - მოსარჩელე 2020 წლის 27 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია: 2020 წლის 29 იანვრის ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე მისი ტერიტორიული სამსახურების და ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებთან ჩატარებული გასაუბრების კომისიის ოქმი N19.
5.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 თებერვლის N2246/კ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს გამართულად/ეფექტურად ფუნქციონირების და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა ადამიანური რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია. გაერთიანდა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფები/სტრუქტურული ერთეულები, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. ორგანიზაციის ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ორ-სამ საშტატო ერთეულიანი სამსახურების და ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა. შედეგად 6 სტრუქტურული ქვედანაყოფის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირება განაგრძო სამმა დეპარტამენტმა (რომლებიც დარჩენილ ფუნქციებს შეითავსებენ). რაც შეეხება სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს, ამჟამად არსებული 29 სტრუქტურული ერთეულის ნაცვლად, ოპტიმიზაციის შედეგად, ფუნქციონირება განაგრძო 21-მა სტრუქტურულმა ერთეულმა (სამსახური). ცვლილებები შევიდა აგრეთვე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მოწყობის ნაწილშიც. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, ნაცვლად მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიისა, შეიქმნა რეგიონული პრინციპით და 59 ტერიტორიული სამსახურის ნაცვლად, ფუნქციონირება განაგრძო 22 ტერიტორიულმა სამსახურმა. მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებში მენეჯერული პოზიციები, მათ შორის, შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა. ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ერთეულებში და ტერიტორიულ სამსახურებში თანამშრომლების შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასება, თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად, განხორციელდა ტესტირების (სახელმწიფო ენის მართლწერის, ზოგადი უნარების ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრების შედეგად - პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5.9. დადგენილია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის მომწესრიგებელ ნორმებზე - საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მათ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“ აქვთ, რაც ემსახურება შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთას. იქვე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომელიც წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს და დაასკვნა, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელი იყო ყურადღება გამახვილებულიყო მტკიცების ტვირთზე. მანვე მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი დადის დამსაქმებელზე, რომელმაც უნდა შეძლოს რეორგანიზაციაში არსებული ცვლილებებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გაშვებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა და საკუთარი გადაწყვეტილების ლეგიტიმურობის დასაბუთება.
5.10. პალატამ მიუთითა, რომ დამსაქმებელს ევალებოდა ამომწურავად მიეთითებინა იმ კრიტერიუმებზე რითაც იხელმძღვანელა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისას. როგორც უკვე აღინიშნა, თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად გარდა ტესტირებისა, ბრძანებით ასევე განსაზღვრული იყო გასაუბრება. თუმცა ბრძანება არ შეიცავდა ინფორმაციას გასაუბრების ფორმაზე, საკითხებსა, შინაარსზე და სხვა. ამ კუთხით პალატამ ხაზი გაუსვა გასაუბრების #19 ოქმიდან ამონაწერს, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელეს გასაუბრების ეტაპზე, კომისიის მხრიდან დაესვა კითხვა სამსახურებრივ დატვირთვასთან დაკავშირებით, რაზეც აღნიშნა, რომ მუშაობს სამოქალაქო აქტების მიმართულებით და დღეში განიხილავს 30-35 განცხადებას, რაც მისთვის საკმაოდ ბევრია და ძალიან უჭირს თავის გართმევა. რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ტესტირების ქართული ენის ნაწილში, სხვა თანამშრომლებთან შედარებით მიღებულ დაბალ შეფასებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თავადაც არ არის კმაყოფილი შედეგით და იმის გამო, რომ დასკვნების/გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება უწევს, მეტი მოეთხოვებოდა. თუმცა, მოსარჩელემ სადავოდ გახადა ოქმში შეტანილი ინფორმაციის ნამდვილობა, მისივე მითითებით, ოქმზე მოსარჩელის ხელმოწერა არ ფიქსირდება, რომელიც დაადასტურებდა ოქმში შეტანილი ინფორმაციის ნამდვილობას. უდავოა, რომ მოსარჩელის გასაუბრება ელექტრონული ფორმით არ ჩაწერილა. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ოქმში შეტანილი ინფორმაციის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელზე იყო, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე არ ან ვერ ასრულებდა დაკისრებულ სამუშაოს საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. მოსარჩელის დატვირთულობა კი არ მიუთითებდა მოსარჩელის არაკვალიფიციურობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებულია 2012 წლიდან, გავლილი აქვს კარიერული განვითარების ყველაზე დაბალი ეტაპი, იყო სააგენტოს სტაჟიორი, ხოლო შემდგომ დაინიშნა მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, ამასთან, საქმის მასალებით, თ.ა–ს 2019 წლის თებერვლიდან - 2020 წლის თებერვლის ჩათვლით დაეწერა 6480 საქმე, საიდანაც დაასრულა 5809 საქმე, ბუნდოვანი იყო რას ეფუძნებოდა კომისიის მოსაზრება მასზედ, რომ მოსარჩელე ტესტირებაში მიღებული ქულისა და გასაუბრებაზე ჩამოყალიბებული შთაბეჭდილების გათვალისწინებით, ვერ გაართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს და მისი შემდგომი დასაქმება სააგენტოში არ იყო მიზანშეწონილი.
5.11. ამდენად, პალატამ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ იყო დასაბუთებული, რომელ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა მოსარჩელე. სახეზე არ იყო ფუნქციურ ცვლილებასთან დაკავშირებული დასაქმებულის არასაკმარისი კვალიფიკაცია - ფუნქციების განახლების ან საწარმოს მოთხოვნილებების გაზრდის ფაქტი, რის გამოც მოსარჩელე ვერ დააკმაყოფილებდა დაწესებულ მოთხოვნებს (არაკომპეტენტურობა).
5.12. პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №2246/კ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, როგორც კანონსაწინააღმდეგო ნების გამოვლენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) საფუძველზე.
5.13. სამსახურში აღდგენის სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებადობასთან მიმართებით, პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 38.8, მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1, 408.1, 409-ე, 411-ე, მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე/აპელანტი ითხოვდა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე აღდგენას. მოპასუხე ადასტურებდა, რომ შესაბამის პოზიცია თავისუფალი (ვაკანტური) არ იყო, მისი მითითებით, 94 საშტატო ერთეული შემცირებული იქნა მთავარი სპეციალისტის 3 საშტატო ერთეულით და აღნიშნული საშტატო ერთეული გაუქმებულია. პალატამ მიუთითა, რომ ვაკანტური პოზიციის არსებობის მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელის მხარეზე იყო. მოპასუხე უთითებდა და ადასტურებდა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობა ისე, რომ არ შელახულიყო სხვა პირის უფლებები. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სამსახურში აღდგენაზე. შესაბამისად, ვინაიდან სამსახურში აღდგენა შეუძლებელი იყო, სასამართლოს უნდა ემსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრებაზე.
5.14. პალატამ განმარტა შრომითი ურთიერთობების არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში კომპენსაციის დანიშნულება და მიუთითა, რომ ნორმატიული აქტებით არ არის განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა ან მისი გამოანგარიშების წესი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის დასაბუთებას. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ კომპენსაციის ოდენობას - 14400 ლარს და აღნიშნა, რომ მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენას ვერ უზრუნველყოფდა. ზემოხსნებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 22000 ლარი (ხელზე მისაღები თანხა) უნდა დაკისრებოდა.
5.15. იძულებით განაცდურთან დაკავშირებით აპელანტის პრეტენზია, რომ მოქმედი შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტი უნდა გავრცელებულიყო მის შემთხვევაზე, პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსი არ ითვალისწინებდა კომპენსაციასთან ერთად იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსის 2020 წლის 29 სექტემბრის რედაქციით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. რაც შეეხება შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 86-ე მუხლს (ეს კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა), აღნიშნული მუხლი გულისხმობს, რომ თუ შრომითი ურთიერთობა მხარეთა შორის არსებობს, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა, მხარეთა უფლება-მოვალეობების დარეგულირება ხორციელდება ახალი შრომის კოდექსით. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2020 წლის 27 თებერვლის ბრძანებით, ამიტომ საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილებას უკუქცევითი ძალა ვერ ექნებოდა.
5.16. დასკვნის სახით პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და კომპენსაციის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 22000 ლარით (ხელზე მისაღები ოდენობა).
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. სასამართლო ერთი მხრივ დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა რეორგანიზაციის საფუძვლით კერძოდ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ხოლო მეორე მხრივ უთითებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სხვა საფუძველზე, რომელიც გულისხმობს დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან (საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). ამდენად, გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა, რეორგანიზაციის საფუძვლით მიმდინარე პროცესში რატომ უნდა ყოფილიყო გამოყენებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სხვა საფუძვლის წინაპირობები. რეორგანიზაციის პროცესი მოიაზრებდა ყველა თანამშრომლის შედეგის მათ შორის გასაუბრებაზე დაფიქსირებული პოზიციის ურთიერთშეჯერებას, რაც არ გამოიხატებოდა რომელიმე კანდიდატის არაკვალიფიციურად ცნობაში. თანამშრომელთა გათავისუფლება მოხდა რეორგანიზაციის ფარგლებში, რაც არ გულისხმობდა დასაქმებულების კვალიფიკაციის შემოწმებას. მოსარჩელის ფუნქციურად იდენტურ საქმიანობას სააგენტოში ახორციელებდა დამატებით 14 თანამშრომელი. იმ პირობებში, როცა ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის ოპტიმიზაციის შედეგად წარმოიშვა შტატების შემცირების აუცილებლობა (თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში შტატები 10 ერთულით შემცირდა), შემცირებულ საშტატო დასაქმებულებზე გადანაწილდა შესასრულებელი სამუშაო. იდენტური ფუნქცია-მოვალეობების შემსრულებელი 15 თანამშრომლიდან გასათავისუფლებელი პირების განსაზღვრა მოხდა რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით. კერძოდ, ტესტირების ეტაპზე, როგორც ზოგად უნარებში ასევე პროფესიული თემატიკის ტესტირებაში მოსარჩელეზე დაბალი შეფასება მიიღო ოთხმა თანამშრომელმა. იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებული უთითებდა, რომ იყო საკმაოდ დატვირთული და უჭირდა თავის გართმევა, ხოლო რეორგანიზაციის მიზანი სამუშაო ძალების შემცირება იყო, რის შემდეგაც თითოეულ თანამშრომელზე შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა გაიზრდებოდა, მოსარჩელის პასუხი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება აღმოჩნდა მის შემდგომ დასაქმებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მისაღებად. სააგენტომ მაქსიმალურად გამჭირვალედ და მრავალი კომპონენტისაგან შემდგარი შეფასების სისტემის საფუძველზე შეარჩია გასათავისუფლებლებელი თანამშრომელი.
6.2. რაც შეეხება მტკიცებულების სახით წარმოდგენილ გასაუბრების ოქმში ასახულ მოსარჩელის მიერ გასაუბრების დროს დაფიქსირებულ პოზიციას, თუ მოსარჩელე ოქმში მითითებულ ინფორმაციას თვლიდა არასწორად, უნდა მოეთხოვა ამავე ოქმის ბათილად ცნობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელეს გასაუბრების შემდგომ არ გამოუთხოვია ოქმი და არც რაიმე შენიშვნა გამოუთქვამს მის შინაარსზე. სააგენტოს მიერ წარდგენილ მტკიცებულებას მოსარჩელე უპირისპირებს მხოლოდ ზეპირ განმარტებას, რაც არ გამოდგება წერილობითი მტკიცებულების საპირწონედ. შესაბამისად, სასამართლოს მითითება აღნიშნულ გარემოებებზე ვერ გახდება გასაუბრების ოქმის მართებულობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი.
6.3. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ არ იმსჯელა თუ რატომ დააკისრა სააგენტოს კომპენსაციის სახით 22000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა), მაშინ როცა სასამართლო თვადვე უთითებდა, რომ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის დასაბუთებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, კი საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა მოსარჩელის ფულად ვალდებულებებს, სოციალურ და ოჯახურ მდგომარეობას, ამასთან, მნიშვნელოვანია მისი ასაკიც, სასახურიდან გათავისუფლების პერიოდში 38-39 წელი არ არის ის მოცემულობა, როცა ადამიანი ვერ შეძლებს მუშაობის დაწყებას. კასატორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზეც და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როცა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები მოსარჩელის სოციალური მდგომარეობის შესახებ, ამასთან გადაწყვეტილება არ შეიცავს კონკრეტულ დასაბუთებას, სააგენტოსათვის კომპენსაციის აღნიშნული ოდენობით დაკისრება არ არის გონივრული და ქმნის მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
10.1. მოსარჩელე 2013 წლის 01 მარტიდან 2020 წლის 27 თებერვლამდე დასაქმებული იყო ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთვარი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1000 ლარს.
10.2. 2019 წლის 29 ნოემბერს დაიწყო ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეორგანიზაცია. სააგენტოს თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ რეორგანიზაციის, მოსალოდნელი სტრუქტრურული ცვლილებების, ადამიანური რესურსების შემცირებისა და ჩასატარებელი კონკურსის (ტესტირება/გასაუბრება) შესახებ. აღნიშნულის თაობაზე გაფრთხილებული იყო მოსარჩელეც.
10.3. რეორგანიზაციის ფარგლებში, განისაზღვრა კონკრეტული სამსახურები, რომელთა კვალიფიკაციის შეფასება სხვადასხვა კომპონენტს მოიცავდა. ტერიტორიული სამსახურების დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვრა პროფესიული წერა, ქართული ენა, უნარ-ჩვევები და გასაუბრება. ამასთან, დამტკიცდა გასაუბრების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისია.
10.4. მოსარჩელის მიერ მიღებული შეფასება ზოგადი უნარების ტესტირებაში შეადგენდა - 56 ქულას (მაქსიმალური 80 ქულიდან), ქართული ენის მართლწერაში - 49 ქულას (მაქსიმალური 80 ქულიდან), პროფესიულ განათლებაში - 45 ქულას (მაქსიმალური 50 ქულიდან).
10.5. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის ფუნქციურად იდენტურ საქმიანობას დამატებით 14 თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთაგან მოსარჩელის ქულაზე დაბალი შეფასება ოთხმა თანამშრომელმა მიიღო, ასევე სამართლებრივ თემატიკაში 45 ქულით შეფასებულია სამი თანამშრომელი. ამასთან, ს.ს.ი.პ. სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბერს განხორციელებული თანამშრომელთა შეფასების შედეგების მიხედვით მოსარჩელის საქმიანობა შეფასებულია კარგად.
10.6. 2020 წლის 27 თებერვლის სახელმწფო სერვისების განვითარების სააგენტოს №2246/კ ბრძანების საფუძველზე, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - მოსარჩელე, 2020 წლის 27 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
10.7. მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას დამსაქმებელმა სამართლებრივ საფუძვლად დაუდო საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის პირველი ნაწილი (გათავისუფლების დროს მოქმედი რედაქცია), ხოლო ფაქტობრივ საფუძვლად - თანამშრომლებთან გასაუბრების ოქმი.
11. საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება, კერძოდ, არსებობდა თუ არა დამსაქმებლის მიერ რეორგანიზაციის საფუძვლით ხელშეკრულების მოშლის წინაპირობა და დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის გონივრულობა.
12. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს მოპასუხე საწარმოში რეორგანიზაციის ჩატარებისა და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება. კერძოდ, რეორგანიზაციის (შტატების შემცირების) მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია საქართველოს შრომის კოდექსის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ.სუსგ №ას-115-111-2016, 08.04.2016წ.).
13. დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების შემოწმება კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; სუსგ №ას-416-399-2016, 29.06.2016წ). სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (სუსგ №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.). შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლის განმაპირობებელი გარემოებები, რომლებიც არ ყოფილა სადავო ბრძანებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი.
14. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას).
15. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია დამსაქმებელ ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობის გამო მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რაც შეეხება დასაქმებულის კვალიფიკაციისა ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან, ეს უკანასკნელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამოუკიდებელი საფუძველია (საქართველოს შრომის კოდექსის 37.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი), რომლის წინაპირობების გამოკვლევა ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატას არარელევანტურად მიაჩნია (შდრ. სუსგ №ას-952-2020, 05.03.2021წ; N ას-190-2021, 15.10.2021წ.).
16. სადავო ბრძანებაში მითითებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებელმა კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: 1) საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; 2) შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1440-2020, 28.04.2021წ.). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.
17. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს და, ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.
18. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელი დგას კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (სუსგ. Nას-224-224-2018, 18.05.2018წ.).
19. პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და დასკვნებს იმის თაობაზე, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების მართლზომიერება. დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად ცვლილება განიცადა მოპასუხე ორგანიზაციამ. წარმოდგენილია კონკრეტულ მტკიცებულებებზე დამყარებული არგუმენტაცია, რომ განხორციელებული რეორგანიზაცია ნაკარნახევი იყო ფინანსებისა და შტატების ოპტიმიზაციით. კერძოდ, დასტურდება როგორც საშტატო ნუსხის, ასევე ყოველთვიური და წლიური ფონდების შემცირება. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხე ორგანიზაციის მიერ არ არის დასაბუთებული, რომელ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა მოსარჩელე. სახეზე არ არის ფუნქციურ ცვლილებასთან დაკავშირებული დასაქმებულის არასაკმარისი კვალიფიკაცია, ფუნქციების განახლების ან ორგანიზაციის მოთხოვნილებების ზრდის ფაქტი, რის გამოც მოსარჩელე ვერ დააკმაყოფილებდა დაწესებულ მოთხოვნებს (არაკომპეტენტურობა). დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა კონკრეტულად მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ისეთი გარემოების არსებობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელესთან შედარებით სხვა დასაქმებულებს მიენიჭათ სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა. არ დასტურდება, რომ მოსარჩელე დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებდა, დატვირთულობა კი, არ მიუთითებს მის არაკვალიფიციურობაზე. იმ პირობებში, როცა მან კარიერა აღნიშნულ ორგანიზაციაში ყველაზე დაბალი ეტაპიდან დაიწყო და 2012 წლიდან მუშაობდა, ამასთან, 2019 წლის თებერვლიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით დაეწერა 6480 საქმე, საიდანაც დაასრულა 5809 საქმე, ბუნდოვანია რას ეფუძნება კომისიის მოსაზრება მასზედ, რომ დასაქმებული ტესტირებაში მიღებული ქულისა და გასაუბრებაზე ჩამოყალიბებული შთაბეჭილების გათვალისწინებით ვერ გაართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს და მისი დასაქმება სააგენტოში არ იყო მიზანშეწონილი.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საკმარის საფუძველს მოპასუხის პრეტენზიის (კანონიერად ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლიანობა) გაზიარებისთვის, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, რეორგანიზაცია არ წარმოშობს დასაქმებული პირის უპირობოდ გათავისუფლების საფუძველს, დამსაქმებელს ევალებოდა დაესაბუთებინა, თუ რა გარდაუვალი აუცილებლობა არსებობდა კონკრეტულად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება მართებულად ცნეს ბათილად.
21. კასატორის პრეტენზია შეეხება ასევე კომპენსაციის ოდენობას. საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი შკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1135-2018, 31.05.2019წ.; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).
საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც უნდა გათვალისწინდეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (მრავალ გადაწყვეტილებათა შორის სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 18.12.2021წ., №ას-536-2021, 21.09.2021წ.). ამავდროულად, გასათვალისწინებელია, უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური ვითარება, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. ,,საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები", გვ. 272, სუსგ: №ას-1623-2018, 29.01.2019 წ; N ას- 1772-2020, 12.03.2021წ.; N ას-808-2021, 10.06.2022წ; N ას-931-20222, 6.10.2022წ; N ას-862-2023, 29.09.2023წ.).
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია შეესატყვისება კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტს. ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-1079-2022, 24.02.2023წ., ას-230-2022, 08.04.2022წ. №ას-931-2022 6.10.2022წ.). ვინაიდან, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა არამართლზომიერად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად და გონივრული ოდენობით დააკისრა მოპასუხეს კომპენსაცია და მისი ოდენობის შეცვლის წინაპირობები არ არსებობს.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1100 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1100 ლარის 70% – 770 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ ....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1100 ლარის (საგადახდო მოთხოვნა № 21594, თარიღი: 16.10.2023) 70% – 770 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი