Facebook Twitter

საქმე №ას-106-2024 26 აპრილი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.ს–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.რ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – საალიმენტო ვალდებულების შესრულებულად აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.რ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, ალიმენტვალდებული) სარჩელი ნ.ს–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნაა მოსარჩელის საალიმენტო ვალდებულებიდან, მოპასუხის ანგარიშზე დარიცხული 6043 ლარის გადახდილად აღიარება. სარჩელი ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოსარჩელე სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტს იხდიდა, მეუღლის მ.ბ–ის მეშვეობით, რომელიც თანხებს რიცხავდა მოპასუხის დის - ნ.ს–ის ანგარიშზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, საალიმენტო ვალდებულებების შესრულებულად აღიარების სამართლებრივი წინაპირობების არსებობა.

5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ საქმეზე დგინდება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი და ის სამართლებრივი სიკეთე, რისი მიღწევაც მხარეს აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით სურს. კერძოდ, მოსარჩელის მიზანია მისი საალიმენტო ვალდებულების შესრულებულად აღიარება 6043 ლარის ფარგლებში.

6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით, დამტკიცდა მორიგება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, მოსარჩელის მიერ შვილების, ნ.რ–ძისა (დაბ. 29.08.2007წ, პ.ნ .....) და ნ.რ–ძის (28.01.2018 წ, პ.ნ. .....) სასარგებლოდ 2020 წლის პირველი იანვრიდან თითოეულისთვის თვეში 150 ლარის, ჯამში - 300 ლარის, გადახდის თაობაზე. სწორედ აღნიშნული საალიმენტო ვალდებულების ნაწილის შესრულებულად აღიარებაა წინამდებარე საქმეზე დავის საგანი. ალიმენტვალდებული თავისი საალიმენტო ვალდებულების შესრულებად მიიჩნევს მეუღლის - მ.ბ–ის მიერ (მ.ბ–ისვე ანგარიშიდან) საალიმენტო ვალდებულებაზე კრედიტორის, მოპასუხის დის - ნ.ს–ის ანგარიშზე გარკვეული თანხების ჩარიცხვას.

7. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტა, რომ როგორც საქმეზე უდავოდ დადგენილია, საალიმენტო ვალდებულების კრედიტორია მოპასუხე, ხოლო მოვალე, ალიმენტვალდებული - მოსარჩელე. მ.ბ–ი და ნ.ს–ი მოცემული საქმის ფარგლებში პროცესუალურ სტატუსს არ ფლობენ და ისინი, შეიძლება ითქვას, საალიმენტო ვალდებულების ჭრილში, გარეშე - მესამე პირებს წარმოადგენენ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მართებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის საქმეზე უნდა დადგინდეს მ.ბ–ის მიერ ნ.ს–ისთვის თანხის ჩარიცხვა, არის თუ არა მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ არსებული საალიმენტო ვალდებულების შესრულება.

8. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა სააპელაციო საჩივარსა და აპელანტის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებები, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს არ განუცხადებია თანხმობა, რომ ნ.ს–ის ანგარიშზე ჩარიცხვით მიეღო მოსარჩელისგან საალიმენტო ვალდებულების შესრულება. ასევე, მოსარჩელეს მის მიმართ გააჩნდა სხვა სასესხო ვალდებულებებიც, რის გამოც მოპასუხეს ნ.ს–ის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები საალიმენტო მიზნებისთვის არ გამოუყენებია. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და არც მხარეთა შორის იყო სადავო, რომ წინამდებარე საქმეში მოპასუხე და ნ.ს–ი არიან დები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ. ასევე უდავოა, რომ ნ.ს–ის საბანკო ანგარიშზე მოსარჩელის მეუღლე - მ.ბ–ი თავისივე საბანკო ანგარიშიდან რიცხავდა გარკვეულ თანხებს, რომელთა საალიმენტო ვალდებულების შესრულებად აღიარებასაც მოითხოვს მოსარჩელე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ასევე უდავოდ დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით, დამტკიცდა მორიგება მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის შემდეგი პირობებით: მოსარჩელე თანახმაა გადაუხადოს ალიმენტი შვილებს ნ.რ–ძესა (დაბ. 29.08.2007წ, პ.ნ ........) და ნ.რ–ძეს (28.01.2018 წ, პ.ნ. ........) თითოეულს თვეში 150 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 300 ლარს თვეში; 1.1 გადახდა დაიწყება 2020 წლის პირველი იანვრიდან; 1.2 გადახდის თარიღია ყოველი თვის 28 რიცხვი; 1.3 პირველი ჩარიცხვა განხორციელდება 2020 წლის 28 იანვარს, უნაღდო ანგარიშსწორებით ნ.ს–ის ანგარიშზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე 2020 წლის 20 იანვრიდან სს „ს.ბ–ში“ ფლობს შემდეგ ანარიშ(ებ)ს GE23BG0000000...., სტატუსი „აქტიური“. ასევე უდავოდ დადგინდა, რომ მოპასუხე შპს მისო „რ.ე–ში“ სარგებლობს სალომბარდე მომსახურებით, მისი დავალიანება შეადგენს 1410,28 ლარს. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 2021 წლის 28 თებერვლიდან 2022 წლის 28 აგვისტოს პერიოდში, შესრულებულად/გადახდილად აღიარებულ იქნა 5590 ლარი, როგორც მოსარჩელის საალიმენტო ვალდებულების შესრულება.

9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელეს ეკისრებოდა მისი მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული საალიმენტო ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი. თუმცა, არ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ დაადასტურა წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით, რომლის თანახმადაც მ.ბ–ი ნ.ს–ის ანგარიშზე 2020 წლის თებერვლიდან 2022 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით რიცხავდა თანხებს.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მორიგების თანახმად, პირველი ჩარიცხვა უნდა განხორციელებულიყო 2020 წლის 28 იანვარს, უნაღდო ანგარიშსწორებით მოპასუხის ანგარიშზე. დადგენილია, რომ მ.ბ–ის ანგარიშიდან პირველი გადახდა ნ.ს–ის ანგარიშზე განხორციელდა 28.02.2020 წელს. მოცემულ საქმეზე, მორიგების განჩინებაზე, სააღსრულებო ფურცელი მოპასუხის მოთხოვნით გაიცა 2021 წლის 24 მარტს. დაკისრებული ალიმენტის აღსრულების მიზნით, აპელანტის 2021 წლის 01 აპრილის განცხადების საფუძველზე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო №21038217 სააღსრულებო წარმოება, მაშინ, როცა ჩარიცხვები მ.ბ–ის მიერ კიდევ გრძელდებოდა ნ.ს–ის საბანკო ანგარიშზე. ამავდროულად დადგენილია, რომ მოპასუხე 2020 წლის 20 იანვრიდან სს „ს.ბ–ში“ ფლობს შემდეგ ანარიშ(ებ)ს GE23BG0000000162407205, სტატუსი „აქტიური“, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას და დასაბუთებას სათანადო ფაქტობრივი გარემოებების კვლევის საფუძველზე, თუ რატომ არ ხდებოდა ალიმენტის ჩარიცხვა სწორედ მოპასუხის, უშუალო კრედიტორის საბანკო ანგარიშზე, როგორც ეს მითითებული იყო მხარეთა მორიგების აქტში. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ იკვეთება, სათანადოდ იყო თუ არა გამოკვლეული, კრედიტორის მიერ მიეწოდა თუ არა საკუთარი ანგარიშის ნომერი მოვალეს.

11. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ საქმის მხარეებს წარმოადგენენ მოსარჩელე და მოპასუხე, ხოლო მოსარჩელე მესამე პირის მიერ სხვა მესამე პირისათვის ჩარიცხული თანხების საკუთარი ვალდებულების შესრულებად აღიარებას ითხოვს. მოცემულ საქმეზე, ნ.ს–ის და მ.ბ–ის ჩვენება/განმარტება წარმოდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საოჯახო დავების განხილვის სპეციალურ ნორმაზე - სსსკ-ის 354-ე მუხლი (1. სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნაგანმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. 2. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეები არ შეიძლება განიხილებოდეს სხვა ხასიათის მოთხოვნების შესახებ აღძრულ საქმეებთან ერთად). ასეთ დროს, სულ მცირე, მიზანშეწონილია, სრულყოფილად გაირკვეს იყო თუ არა სახეზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 373-ე მუხლის (ვალდებულების შესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ) ანდა 434-ე მუხლის წინაპირობები. მართალია სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში მსჯელობს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის (ველდებულების შესრულება მესამე პირის მიერ) ჭრილში, თუმცა ეს საკითხის მხოლოდ ნაწილობრივი გამოკვლევაა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა მ.ბ–ის მიერ ნ.ს–ის საბანკო ანგარიშზე პერიოდულად პერიოდულად თანხების ჩარიცხვა. თუმცა მხარეებს შორის სადავოა აღნიშნული თანხის ჩარიცხვის მიზნობრიობა, ერთ შემთხვევაში, ალიმენტვალდებული პირი მიუთითებს მისი ოჯახის წევრების მიერ მისი საალიმენტო ვალდებულების შესრულებაზე, ხოლო თანხის მიმღები მიუთითებს, რომ ჩარიცხული თანხები არ იყო ალიმენტის თანხა. მოცემულ შემთხვევაში თანხის უშუალო მიმღები იყო ნ.ს–ი, რომელიც საქმეზე მოწმედ დაკითხული არ ყოფილა, შესაბამისად, გადაწყვეტილებაში მითითებული დასკვნა, რომ თანხის მიმღები მიუთითებს, რომ ჩარიცხული თანხები არ იყო ალიმენტის თანხა, არ არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა ასევე დაადასტურა, რომ ნ.ს–ი მას გადასცემდა მის ანგარიშზე მ.ბ–ის მიერ ჩარიცხულ თანხებს, რაც მის მიერ სესხების დაფარვას ხმარდებოდა.

12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეში პრობლემური არ არის, რომ მ.ბ–მა მოსარჩელის ნაცვლად შეასრულა გარკვეული ვალდებულება, სადავოა, კონკრეტულად რა ვალდებულების შესრულებას ჰქონდა ადგილი და არსებობდა თუ არა სწორედ საალიმენტო ვალდებულების თაობაზე მესამე პირის მიერ შესრულების მიღებაზე კრედიტორის თანხმობა ან ამ შესრულებისგან სარგებლის მიღება, რაც სასამართლოს შეფასების საკითხია სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის კონტექსტში. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას სხვა დანიშნულების მითითებით გადარიცხული თანხების შესახებ მაშინ, როდესაც ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, დადგენილია, რომ მ.ბ–ს ნ.ს–ის და მოპასუხის მიმართ ვალდებულება არ გააჩნდა. შესაბამისად, თუკი ალიმენტის გარდა მ.ბ–ი სხვა დანიშნულების მითითებითაც რიცხავდა გარკვეულ თანხებს, აღნიშნული წარმოშობს ვარაუდს, რომ თუ არა მ.ბ–ს, მოსარჩელეს შესაძლოა ჰქონოდა ნ.ს–ის ან აპელანტის მიმართ კიდევ სხვა ვალდებულებაც, გარდა საალიმენტოსი.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი გაუქმება მოითხოვა.

13.2. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ნ.ს–ის ანგარიშზე თანხები ჩარიცხული იყო მოსარჩელის მიერ არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისთვის დაკისრებული საალიმენტო ვალდებულების შესრულების მიზნით. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა დაკისრებული საალიმენტო ვალდებულების შესრულება.

13.3. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე. მოპასუხის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც შეჩერებულია ალიმენტის საქმის წარმოება და ბავშვები ვერ იღებენ საარსებოდ აუცილებელ ალიმენტის თანხას.

13.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა, რომ საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო იყო მ.ბ–ს და ნ.ს–ის ჰქონოდათ პროცესუალური სტატუსი და საქმეში ჩართულიყვნენ მესამე პირებად, ვინაიდან დავის საგნის კონტექსტში გადამწყვეტი იყო მოსარჩელის სათანადო მტკიცება სადავო გადარიცხვებზე მოპასუხის, როგორც კრედიტორის, თანხმობის არსებობაზე, რაც არასწორად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ. კასატორი მიიჩნევს, რომ მ.ბ–ის მიერ ნ.ს–ისთვის თანხის ჩარიცხვის საალიმენტო ვალდებულების შესრულებად შეფასება მხოლოდ ახალი სარჩელის პირობებში შეიძლებოდა.

13.5. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოებები, რის გამოც საქმე პირველ ინსტანციაში დააბრუნა. არ გამოიკვლია სსკ-ის 373-ე და 434-ე მუხლის წინაპირობები, რა დროსაც არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებით. სააპელაციო სასამართლოს, მაღალი გულმოდგინების და ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სსკ-ის 354-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თავადვე უნდა გამოერკვია საქმისთვის მნიშვნელოვანი ის გარემოებები, რომელთა დადგენაზეც მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს, ვინაიდან საქმის გარემოებები და კასტორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

13.6. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარის მიერ მტკიცების ტვირთის შეუსრულებლობა. მხოლოდ გადარიცხვის დანიშნულებაში გადამხდელის მიერ „ალიმენტის“ მითითება არ არის საკმარისი ალიმენტის გადახდის დასადასტურებლად, მით უმეტეს, რომ მოწმის ჩვენების და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა მოსარჩელის მიერ მოპასუხის და მისი დისთვის ვალდებულების დატოვება. ამასთან, კასატორმა განმარტა, რომ მოპასუხის დისთვის თანხის გადარიცხვა პრეზუმფციულად გულისხმობს მოსარჩელის ვალდებულების არსებობას ნ.ს–ის წინაშე.

13.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია სწორად დაუბრუნა თუ არა სააპელაციო სასამართლომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, აღნიშნული მუხლი, ერთი მხრივ, უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (იხ. სუსგ-ები: N ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ.; N ას-1167-2019, 22.07.2020წ; N ას-942-2021, 11.03.2022წ; N ას-1147-2021, 31.03.2023წ; N ას-785-2022, 6.04.2023წ; N ას-824-2022, 25.05.2023წ; N ას-1136-2023, 16.112023წ; N ას-1303-2023, 26.01.2024წ.).

19. ზემოაღნიშნული განპირობებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და თავის თავში მოიცავს ადამიანის უფლებას მისი საქმე გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს სასამართლომ (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალებების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC] §183, Surmeli v. Germany [GC], § 129). თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს რა, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ხაზს უსვამს, რომ ამით არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Maltzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია (იხ. სუსგ №ას-1167-2019, 22.07.2020წ.).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: 1. რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; 2. ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება და 3. ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ N ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ; N ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ; N ას-209-196-2015, 30.07.2015წ; №ას-825-791-2016, 12.06.2017წ; №ას-8-2023, 25.05.2023წ; N ას-1303-2023, 26.01.2024წ).

21. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საპროცესო კანონის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს საქმე უკან, როდესაც არ არსებობს მისი იურისდიქციიდან გამომდინარე შეზღუდვები და მხარეთა პროცესუალური უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობა (იხ. სუსგ-ები: N ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ.; Nას-173-2021, 31.01.2021წ; N ას-1303-2023, 26.01.2024წ). აღნიშნულს მოითხოვს, აგრეთვე, რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპები, რომლებიც გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი, ფაქტობრივი გარემოებების დამდეგნი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც თვითონ მას რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება მხარეთა შეჯიბრების პრინციპის დასაცავად (იხ. სუსგ N ას-657-618-2012, 10.12.2012წ.; N ას-1308-1234-2012, 4.02.2013წ.; N ას-1136-2023, 16.11.2023წ; N ას-1303-2023, 26.01.2024წ).

22. სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას, კერძოდ, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ხოლო მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 371-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულებას მესამე პირის მიერ, კერძოდ, 1. თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. 2. კრედიტორს შეუძლია არ მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, თუ მოვალე ამის წინააღმდეგია. 373-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღებას არაუფლებამოსილი პირის მიერ: 1. მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. 2. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს შესრულებული ვალდებულების მიღებაზე უფლებამოსილ პირთა წრეს. ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგი ვალდებულების შეწყვეტაა, თუმცა, ვალდებულების ყოველი შესრულება არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, არამედ მხოლოდ კრედიტორის სასარგებლო შესრულება. შესაბამისად, არაუფლებამოსილი პირის მიმართ შესრულება ვალდებულების შეწყვეტას არ იწვევს. ასეთი შესრულება ნამდვილია, ანუ სამართლებრივი შედეგის წარმომშობია მხოლოდ მაშინ, თუ უფლებამოსილი პირი თანახმაა არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღებაზე. წინასწარ თანხმობას უთანაბრდება შემდგომი მოწონება. პროცესუალურ სამართლებრივი კუთხით, თუ სამართალწარმოების მხარეები არიან მოვალე და უფლებამოსილი კრედიტორი, ასეთ შემთხვევაში მოვალეს ეკისრება ვალდებულება დაადასტუროს, რომ არაუფლებამოსილი პირის მიმართ შესრულება უფლებამოსილი კრედიტორის თანხმობით ან შემდგომი მოწონებით განახორციელა ან უფლებამოსილმა სუბექტმა აღნიშნული შესრულებისგან სარგებელი მიიღო (სუსგ №ას-1409-2018, 30.03. 2020 წ.). ამავე კოდექსის 434-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია, შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან. სსკ-ი ითვალისწინებს ვალდებულების შეწყვეტის რამდენიმე საშუალებას, მათ შორისაა 434-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დეპონირების წესი და ამავე ნორმის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, მოვალე პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება (იხ. სუსგ №ას-1013-974-2016, 13.01.2017წ.). აღნიშნული მუხლი წარმოადგენს დეპონირების გზით ვალდებულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს და მოვალეს აღჭურავს უფლებით, ვალდებულების შესრულების მარეგულირებელი სხვა წესის გამოყენების შეუძლებლობისას (სამოქალაქო კოდექსის კარი VI) დეპონირებით აირიდოს თავიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგები. იმისათვის, რომ სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულება ჩაითვალოს შეწყვეტილად, სახეზე უნდა იყოს ნორმით გათვალისწინებული შემდეგი წინაპირობები: ა) მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულების ნება; ბ) კრედიტორის მიერ შესრულების მიღების დაყოვნება; გ) მოვალის მიერ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დადება (იხ. სუსგ საქმე №ას-167-155-2015, 14.05.2015 წ.).

23. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას საფუძვლად დაუდო შემდეგი დასაბუთება:

23.1. საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ საალიმენტო ვალდებულების კრედიტორია მოპასუხე, ხოლო მოვალე მოსარჩელე. მ.ბ–ი და ნ.ს–ი განსახილველ საქმეში პროცესუალურ სტატუსს არ ფლობენ და ისინი, შეიძლება ითქვას, საალიმენტო ვალდებულების ჭრილში, გარეშე - მესამე პირებს წარმოადგენენ. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მართებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის, უნდა გამოირკვეს მ.ბ–ის მიერ ნ.ს–ისთვის თანხის ჩარიცხვა მიიჩნევა თუ არა მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ არსებული საალიმენტო ვალდებულების შესრულებად, რაც სათანადო სამართლებრივი ნორმების წინაპირობების დაკმაყოფილების შემოწმების გზით უნდა დადგინდეს, აღნიშნული კი სასამართლოს ვალდებულებაა.

23.2. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებების თანახმად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მას არ განუცხადებია თანხმობა, ნ.ს–ის ანგარიშზე ჩარიცხვით მიეღო მოსარჩელისგან საალიმენტო ვალდებულების შესრულება. ამასთან, მოსარჩელეს მის მიმართ გააჩნდა სხვა სასესხო ვალდებულებებიც, რის გამოც მოპასუხეს ნ.ს–ის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები საალიმენტო მიზნებისთვის არ გამოუყენებია.

23.3. დადგენილია, რომ მოპასუხე და ნ.ს–ი არიან დები და ცხოვრობენ ერთად. ასევე, ნ.ს–ის საბანკო ანგარიშზე მოსარჩელის მეუღლე მ.ბ–ი თავისივე საბანკო ანგარიშიდან რიცხავდა გარკვეულ თანხებს, რომლის საალიმენტო ვალდებულების შესრულებად ჩათვლას ითხოვს მოსარჩელე. უდავოდ დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით, დამტკიცდა მორიგება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის.

23.4. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით 2021 წლის 28 თებერვლიდან 2022 წლის 28 აგვისტოს პერიოდში, შესრულებულად/გადახდილად აღიარებულ იქნა 5590 ლარი, როგორც მოსარჩელის საალიმენტო ვალდებულების შესრულება.

23.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს ეკისრებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული საალიმენტო ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ დაადსატურა წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით, რომლის თანახმადაც მ.ბ–ის მიერ ნ.ს–ის ანგარიშზე 2020 წლის თებერვლიდან 2022 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა ჩარიცხვები.

23.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მორიგების თანახმად პირველი ჩარიცხვა უნდა განხორციელებულიყო 2020 წლის 28 იანვარს, უნაღდო ანგარიშსწორებით მოპასუხის ანგარიშზე. დადგენილია, რომ მ.ბ–ის ანგარიშიდან ნ.ს–ის ანგარიშზე პირველი გადახდა განხორციელდა 2020 წლის 28 თებერვალს. მოცემულ საქმეზე მორიგების განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი, მოპასუხის მოთხოვნით, გაიცა 2021 წლის 24 მარტს. დაკისრებული ალიმენტის აღსრულების მიზნით, მოპასუხის აპრილის განცხადების საფუძველზე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო N21038217 სააღსრულებო წარმოება, მაშინ როცა ჩარიცხვები მ.ბ–ის მიერ კიდევ გრძელდებოდა ნ.ს–ის საბანკო ანგარიშზე. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე 2020 წლის 20 იანვრიდან სს „ს.ბ–ში“ ფლობს ანგარიშს GE23BG000000016…სტატუსი “აქტიური”.

23.7. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას და დასაბუთებას სათანადო ფაქტობრივი გარემოებების კვლევის საფუველზე, თუ რატომ არ ხდებოდა ალიმენტის ჩარიცხვა მოპასუხის, უშუალოდ კრედიტორის საბანკო ანგარიშზე, როგორც ეს მითითებული იყო მხარეთა მორიგების აქტში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სათანადოდ არ არის გამოკვლეული, მიაწოდა თუ არა კრედიტორმა საკუთარი ანგარიშის ნომერი მოვალეს.

23.8.განსახილველ საქმეში მხარეები არიან მოსარჩელე და მოპასუხე, ხოლო მოსარჩელე მესამე პირის მიერ სხვა მესამე პირისათვის ჩარიცხული თანხების საკუთარი ვალდებულების შესრულებად აღიარებას ითხოვს მოპასუხის მიმართ. განსახილველ საქმეში არ არის წარმოდგენილი ნ.ს–ის და მ.ბ–ის განმარტებები.

23.9.საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული და სსსკ 354-ე მუხლით კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც (იხ. სუსგ-ები: N ას-1635-2022, 31.03.2023წ; N ას-1302-2023, 18.01.2024წ.). დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი საქმეები არ შეიძლება განიხილებოდეს სხვა ხასიათის მოთხოვნების შესახებ აღძრულ საქმეებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა, მის მიერ საქმის ხელახლა განსახილველად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საკანონმდებლო მოწესრიგება სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ დავა მხარეთა კანონის წინაშე თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით წარიმართოს, მხარეებს მიეცეთ საკუთარი პოზიციის დამტკიცების და მოწინააღმდეგის მტკიცების გაბათილების შესაძლებლობა იმ ეფექტური საპროცესოსამართლებრივი შესაძლებლობით, რაც კანონმდებლობითაა დადგენილი და, სულ მცირე, ორი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან საქმის არსებითად განხილვას გულისხმობს, რადგან საკასაციო სამართალწარმოება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფატქობრივი გარემოებების მხოლოდ სამართლებრივი დასაბუთებულობის კვლევისა და შემოწმების საპროცესო ეტაპია.

23.10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას რომ მიზანშეწონილია სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული სსკ-ის 373-ე, 434-ე მუხლის წინაპირობები იმ ფაქტობივ გარემოებათა და მტკიცებულებების საფუძველზე, რაც მხარეებს აქვთ წარდგენილი სასამართლოსთვის.

23.11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმადაც, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა მ.ბ–ის მიერ ნ.ს–ის საბანკო ანგარიშზე პერიოდულად თანხის ჩარიცხვა, თუმცა მხარეებს შორის სადავოა აღნიშნული თანხის ჩარიცხვის მიზნობრიობა, ერთ შემთხვევაში, ალიმენტვალდებული პირი მიუთითებს მისი ოჯახის წევრების მიერ მისი საალიმენტო ვალდებულების შესრულებაზე, ხოლო თანხის მიმღები მიუთითებს, რომ ჩარიცხული თანხები არ იყო ალიმენტის თანხა. მოცემულ შემთხვევაში თანხის უშუალო მიმღები იყო ნ.ს–ი, რომელიც საქმეზე მოწმედ დაკითხული არ ყოფილა, შესაბამისად, გადაწყვეტილებაში მითითებული დასკვნა, რომ თანხის მიმღები მიუთითებს, რომ ჩარიცხული თანხები არ იყო ალიმენტის თანხა, არ არის დასაბუთებული.

23.12. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ ასევე დაადასტურა, რომ ნ.ს–ი მას გადასცემდა მის ანგარიშზე მ.ბ–ის მიერ ჩარიცხულ თანხებს, რომლითაც ის მოსარჩელის ნაცვლად ფარავდა სესხებს. სადავო არ არის, რომ მ.ბ–მა შეასრულა გარკვეული ვალდებულება მოსარჩელის ნაცვლად, არამედ სადავოა კონკრეტულად რა ვალდებულება შესრულდა და არსებობდა თუ არა სწორედ საალიმენტო ვალდებულების თაობაზე მესამე პირის მიერ შესრულების მიღებაზე კრედიტორის თანხმობა ან ამ შესრულებისგან სარგებლის მიღება, რაც სასამართლოს შეფასების საკითხია სსკ-ის 373-ე მუხლის კონტექსტში.

23.13. ამასთან, პირველი ინსტანციის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას სხვა დანიშნულების მითითებით გადარიცხული თანხების შესახებ მაშინ, როდესაც ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მ.ბ–ს ნ.ს–ის და მოპასუხის მიმართ ვალდებულება არ გააჩნდა. შესაბამისად, თუკი, ალიმენტის გარდა, მ.ბ–ი სხვა დანიშნულების მითითებითაც რიცხავდა გარკვეულ თანხებს, აღნიშნული წარმოშობს ვარაუდს, მოსარჩელეს შესაძლოა ჰქონოდა მოპასუხის ან ნ.ს–ის მიმართ კიდევ სხვა ვალდებულებაც, გარდა საალიმენტო ვალდებულებისა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული დაშვება გაქარწყლებული არ არის პირველი ინსტანციის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და დამატებით კვლევას საჭიროებს.

24. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ას-1529-1443-2012, 9.12.2013წ.; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 .03.2017 წ., §187; ).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ დამამტკიცებელ ან გამაქარწყლებელ მტკიცებულებებზე მითითებას სწორედ მხარეთა მიერ. სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგინონ მოწინააღმდეგის პოზიციის გამაბათილებელი მტკიცებულებები და გაამყარონ საკუთარი მტკიცება. შესაბამისად, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა, რომ დავის საგნიდან გამომდინარე, საქმეში მოთავსებული მტკიცებულებათა (იხ. წინამდებარე განჩინების 7-12 პუნქტები) ყოველმხრივი გამოკვლევის გარეშე, შეუძლებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. “სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება“...(იხ. სუსგ-ები N ას-471-450-2015, 30.10.2015წ; N ას-973-922-2015, 16.02.2016წ; N ას-151-147-2016, 19.04.2016წ; N ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ; N ას-942-2021, 11.03.2022წ.)

26. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

27. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

28. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა კანონის წინაშე თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მართებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, შეესაბამისად სსსკ-ის 385-ე მუხლი სწორად გამოიყენა სააპელაციო სასამართლომ, რადგან ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას, რომ პირველი ინსტანციის სამართალწარმოების ეტაპზე დამატებით არის გამოსაკვლევი საქმეში არსებული მტკიცებულებები და დასადგენია სხვა გარემოებებიც, რომელთა გარეშე შეუძლებელია საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

32. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ს–ს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.გ–ის (პ/ნ ..........) მიერ 15.02.2024 წელს გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური