გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-84-32-გ-03 23 ოქტომბერი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობითა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა სოფ.გურგალველის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარის ი. ქ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა და სამოქალაქო სამეწარმეო, გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 13 აპრილს სოფ.... მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარემ ი. ქ-ემ სარჩელი აღძრა დუშეთის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა დუშეთის რაიონის მიწის რეფორმის სამმართველოს მიერ ჩ. ვ-ზე, ა. მ-სა და გ. ც-ზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტების გაუქმება და მათ მიერ დაკავებული 4 ჰა მიწის ფართობის გურგალველის მიწის რეფორმის კომისიისათვის გადაცემა, სოფ..... მოსახლეობაზე განაწილების მიზნით. მოსარჩელის მიერ განმარტებული იქნა, რომ სოფ..... კუთვნილი 23 ჰა მიწის ფართობი, მიწის რეფორმის განხორციელების პერიოდში განაწილებულ იქნა .... მოსახლეობაზე. მოსარჩელის მითითებით, გურგალველის მოსახლეობა არ დავობდა აღნიშნულ ფართზე და ითხოვდა საცხავატლოს მოსახლეობის მიერ 23 ჰა მიწის ფართობის ზემოთ მიტაცებულ 4 ჰა მიწის გურგალველის მოსახლეობისათვის დაბრუნებას. დუშეთის რაიონული სასამართლოს 1998წ. 30 ივნისის განჩინებით სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად.
სოფ..... მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარე ი. ქ-ემ 1998წ. 3 ივლისს კვლავ აღძრა სარჩელი დუშეთის რაიონულ სასამართლოში საცხავატლოს მიწის რეფორმის კომისიის წევრების ჯ. ვ-ის, პ. ბ-ის, დუშეთის მიწის რეფორმის სამმართველოსა და სოფ..... საკრებულოს გამგებლის მიმართ და მოითხოვა მიწის მიღება-ჩაბარების აქტების გაუქმება, ასევე სადავო ფართობის კანონიერი განაწილება. მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ სოფლები .... და გურგალველი არის ზეგანის შემადგენლობაში და კანონის თანახმად, მათ ერთნაირი პირობებით ეკუთვნით მიწის ფართობები, რაც დარღვეული იქნა სარეფორმო კომისიის მიერ. აღნიშნული დარღვევა გამოიხატა 2 ჰა-დან 5 ჰა-მდე სხვაობაში. .... პირველი კატეგორიის მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 12 კომლს, საცხავატლოში 4 კომლს და მიუხედავად სოფლად მუდმივად მცხოვრებ კომლთა დიდი სხვაობისა, მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარემ .... გამოუყო 32 ჰა-ზე მეტი, ხოლო გურგალველს 27 ჰა მიწის ნაკვეთი.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 1998წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სოფ.საცხავატლოს მოსახლეობაზე 1996-97 წლებში გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, რაც გასაჩივრებული იქნა სოფ.... მიწის რეფორმის კომისიის წევრების ჯ. ვ-ის, პ. ბ-ისა და .... მცხოვრებლების მიერ. საქმე არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ.
ბოლოს, დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ქ-ემ და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მოითხოვა საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას იმ მოტივით, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მოპასუხეების – ფიზიკური პირების მიერ მიწის ნაკვეთების გამოთავისუფლებას. რაც შეეხება მიწის მიღება-ჩაბარების აქტების კანონიერების საკითხს, აღნიშნული აქტები გაუქმებული იქნა დუშეთის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 1999წ. 1 დეკემბრის ბრძანებით, რაც სადავო არ გამხდარა, რის გამოც დავა სამართლებრივი თვალსაზრისით არ წარმოადგენს ადმინისტაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დავას, აღნიშნული კი გამორიცხავს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმათა გამოყენებას საკითხის განხილვისას და ამდენად, იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გადაწყვეტას ექვემდებარება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო და უცვლელი დარჩა დუშეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ამავე პალატის 2003წ. 20 მაისის განჩინებით გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ განმარტა, რომ ი. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნაა სოფ.საცხავატლოს მოსახლეობაზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტების გაუქმება, მხარეებად დასახელებული იქნენ საცხავატლოს მიწის რეფორმის კომისია, დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო და გასაჩივრებული გადაწყვეტილებაც გამოტანილი იქნა აღნიშნული სარჩელის ფარგლებში. ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ შეამოწმა მიწის მართვის სამმართველოს ბრძანების კანონიერება, ამასთან მოპასუხეებად მიიჩნია ფიზიკური პირები, მაშინ როდესაც მოპასუხედ სარჩელში მითითებული იყო საცხავატლოს მიწის რეფორმის კომისია. სააპელაციო პალატას მოპასუხეები არ შეუცვლია სსკ-ს 85-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ სხდომაზე აპელანტს არ შეუცვლია მოთხოვნა და იგი მიმართულია მიწის მართვის სამმართველოსადმი, პალატამ მიიჩნია, რომ დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება და არ უნდა იქნეს განხილული სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატების განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმე განსახილველად განსჯადობით ამ ეტაპზე უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სააგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, რომელიც სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას იძლევა, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგ პირობეთა არსებობა:
ა) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა, ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;
ბ) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო (სამართალსუბიექტობის პრინციპი).
განსახილველი დავის შემთხვევაში მოსარჩელეა სოფ.გურგალველის მიწის სარეფორმო კომისიის თავმჯდომარე ი. ქ-ე, მოპასუხეა სოფ.საცხავატლოს მიწის რეფორმების კომისიის წევრები ვეშაგური, ბუჩუკური. მოპასუხეა ასევე სოფ. .... მკვიდრი მოსახლეობა _ ფიზიკური პირები გ. ც-ი, ა. მ-ი, პ. ბ-ი და სხვები. საქმეში მესამე პირად ჩაბმულია დუშეთის მიწის რეფორმის სამმართველო. ამდენად, დავაში პროცესუალურ სუბიექტებს წარმოადგენენ მიწის სარეფორმო კომისიები და სამმართველო, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოები არიან და ე.წ. სამართალსუბიექტობის პრინციპის მიხედვით, განსახილველი დავა ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. მაგრამ საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავაში მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ განსაზღვრავს საქმის განსჯადობას, არამედ უმთავრესი კრიტერიუმია დავის არსი და საგანი.
კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მარტის და ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მაისის სხდომაზე მხარეებმა განმარტეს, რომ განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს სოფ. .... მოსახლეობაზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტები, რომლებიც 1997 წლიდან ბათილად არის ცნობილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. დავის საგანს არ წარმოადგენს ასევე «რაიონის სასოფლო გამგეობაში სოფლების მიხედვით სარეფორმო, სარეზერვო, საქალაქო ფონდებში გამოყოფილი მიწის ფართობების დამტკიცების შესახებ» დუშეთის რაიონის გამგეობის 1997წ. 24 აპრილის ¹80 დადგენილება, არამედ მოსარჩელე სახელმწიფოსაგან, მიწის მართვის სამმართველოს სახით და სოფ. საცხავატლოს მოსახლეობისაგან, ითხოვს მიტაცებული მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებას. 2002წ. 27 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ მას მოთხოვნა აქვს არა ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ ფიზიკური პირების მიმართ, ხოლო 2003წ. 20 მაისს სხდომაზე ზოგადად მიუთითა, რომ სადავოა მიწა, რომელიც სახელმწიფომ გასცა. ამდენად, დაუზუსტებელია სასარჩელო მოთხოვნა და დავის საგანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროცესუალური სუბიექტების გათვალისწინებით განსახილველი დავა ამ ეტაპზე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა დააზუსტოს განსახილველი დავის არსი და საგანი, კონკრეტულად რომელი მოპასუხის მიმართ რა მოთხოვნა გააჩნია მოსარჩელეს და რა საფუძვლით. იქედან გამომდინარე სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს დავაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების სათანადო მოპასუხეობის საკითხზე და იმის შესაბამისად გადაწყვიტოს საქმის განსჯადობის საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სოფ.გურგალველის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარის ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
2. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.