საქმე №ას-265-2024 26 აპრილი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.ბ.გ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ე.ბ.გ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, მიმწოდებელი/მენარდე ან კომპანია) სარჩელი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემსყიდველი/შემკვეთი ან მერია) წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს შემცირებისა და თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2020 წლის 13 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N231 ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შემცირდა 0,02%-მდე და მისი ოდენობა განისაზღვრა 2 234,63 ლარით; მოპასუხე მერიას, მის მიერ დაკავებული თანხიდან - 11 173,20 ლარიდან, მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა - 8 938,57 ლარის გადახდა; 2020 წლის 21 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N208 ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შემცირდა 0,02%-მდე და მისი ოდენობა განისაზღვრა 22 101,74 ლარით; მერიას, მის მიერ დაკავებული თანხიდან - 110 508,86 ლარიდან მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა - 88 407,12 ლარის გადახდა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოპასუხე მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ, 2020 წლის 21 სექტემბერს, გამოცხადდა აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი თ200009919, რომლის ფარგლებშიც ყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ცაგერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი დანიშნულების ქ. ცაგერისა და სოფელ ........ დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
3.2. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელე კომპანიასთან, კერძოდ, 2020 წლის 21 სექტემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 208 ხელშეკრულება;
3.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N208 ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 1 435 178 ლარი, ხოლო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2021 წლის 7 დეკემბრის შეთანხმების აქტით, სამუშაოთა შესრულების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 21 სექტემბრიდან 2021 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდი;
3.4. ამავე ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%;
3.5. მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ N208 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოები სრულად შესრულდა, თუმცა სამუშაოებზე დაფიქსირდა გეგმა-გრაფიკის ვადაგადაცილება, რის გამოც მიმწოდებელ კომპანიას, ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 77 დღიანი ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,1% ანუ, დღეში 1 435,18 ლარი, სულ-110 508,86 ლარი (1435,18X77=110 508,86);
3.6. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2020 წლის 13 ოქტომბერს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N231 ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირველი პუნქტით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება განეხორციელებინა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ სოფლის ცენტრის, სკოლისა და ლეშკედის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხელშეკრულების დანართებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;
3.7. N231 ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების დასრულება და შესყიდვების ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების დადებიდან 2021 წლის 20 ივნისის ჩათვლით ხელშეკრულების 2.1 პუნქტით სამშენებლო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 372 439,63 ლარით, საიდანაც 2020 წელს ასათვისებელმა თანხამ თავდაპირველად შეადგინა 105 000 ლარი, ხოლო ცვლილებების მიხედვით - 70 000 ლარი. ასათვისებელი თანხის ცვლილების საფუძველზე დაკორექტირდა გეგმა-გრაფიკი;
3.8. მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ სამუშაოები სრული მოცულობით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულდა, თუმცა სოფელ ........ განხორციელებულ სამუშაოებზე დაფიქსირდა გეგმა-გრაფიკის გადაცილება, რის გამოც მიმწოდებელ კომპანიას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 30 დღიანი ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,1% სულ - 11 173,20 (372439.63X0.1%X30=11173,2) ლარი.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 21.09.2020 წ. N208 და 13.10.2020 წ. N231 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ნარდობის) ხელშეკრულებებიდან.
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
6. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
7. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
8. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული მუხლი ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება.
9. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ.
10. ამასთან, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი (სსკ-ის 115-ე მუხლი) ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, ხელშეკრულებით მხარეებმა შეათანხმეს პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც მენარდე კომპანიამ N208 და N231 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები შეთანხმებულ ვადაში სრულად შეასრულა, შესრულების ხარისხთან დაკავშირებით შემკვეთს პრეტენზია არ გააჩნია და არც რაიმე სახის ზიანი არ წარმოშობია, ცალკეული სამუშაოს გეგმა-გრაფიკის ვადაგადაცილებისათვის მენარდისათვის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,1%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ვერ იქნება ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა და გამოიწვევს კრედიტორის (შემკვეთის) გამდიდრებას.
12. ამ მსჯელობის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის, პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს (მენარდე კომპანიას) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, რითაც დაეთანხმა პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად ჩაითვალა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებების მთლიანი ღირებულების 0.02% დასაბუთებულია და არ არსებობს კომპანიისათვის მერიის სასარგებლოდ, ამ თანხაზე მეტი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შემსყიდველმა მერიამ და, ახალი გადაწყვეტილების, მიღებით მიმწოდებლის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
13.2. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების დადების მომენტიდან, ხელშეკრულების ყველა პირობა, მათ შორის პირგასამტეხლოს ოდენობა ცნობილი და შეთანხმებული იყო მხარეთა შორის. ამავე დროს, პირგასამტეხლოს ოდენობა სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით დასაშვებ ოდენობასთან და პრაქტიკულად სტანტარტულია მსგავსი შინაარსის ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ოდენობასთან, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ მოსარჩელისათვის კანონმდებლობის ნორმათა სრული დაცვით მოხდა პირგასამტეხლოს დარიცხვა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
13.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს.
17. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი (შემკვეთი) პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესის გამოყენების წინაპირობები.
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
19. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება, სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან გამომდინარეობს.
20. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება.
21. საკასაციო სასამართლო უპირველესად იმ გარემოებას უსვამს ხაზს, რომ მხარეთა შორის უდავოა სამუშაოების სრული მოცულობით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულების ფაქტი. გადაცდომა მხოლოდ გეგმა-გრაფიკს შეეხო, სწორედ ამიტომ მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასება, რომ ასეთ შემთხვევაში უსაფუძვლოა მენარდეს ხელშეკრულების მთლიანად დარღვევის შესაბამისი პირგასამტეხლო დაეკისროს. სასამართლო ახდენს დარღვევისა და მისი შესაბამისი პირგასამტეხლოს დიფერენციაციას, ხელმძღვანელობს სსკ-ის 420-ე მუხლით და ამცირებს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს.
22. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები:№ას-1245-2022, 09.03.2023 წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022 წ.; №ას-1451-1371-2017, 13.11.2018 წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016 წ.).
23. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
24. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, რადგან მოსარჩელე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, ასევე შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს:
24.1. სსკ-ის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. სსკ-ის 319.1-ე მუხლის თანახმად კი, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;
24.2. ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას, ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ-ას №ას-279-2023, 18.05.2023 წ.);
24.3. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს. (შდრ. ირ. რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604, 605.). იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1527-2018, 31.01.2019 წ.).
24.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ-ები: №ას-1274-2022, 22.11.2022, პ.74; №ას-626-2021, 14.07.2021 წ.; №ას-1819-2019 19.02.2020; №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016);
24.5. „როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“. (იხ. სუსგ №ას-889-2022, 23.03.2023 წ.). „მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს“ (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13.11.2018 წ.). სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (შდრ. სუსგ-ას №ას-1417-2018, 16.11.2020 წ.).
25. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენის გზით ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, ვალდებულების დარღვევის შედეგების სიმძიმე ან სხვა სახის გარემოების არსებობა, განაპირობებდა პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების მართებულობას (იხ. სუსგ-ები: №ას-279-2023, 18.05.2023 წ; N ას-243-2023, 28.09.2023წ; N ას-89-2024, 12.04.2024წ; N ას-65-2024, 15.04.2024წ; N ას-191-2024, 18.04.2024წ.).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური